ფაშინიანმა იმედი გამთქვა, რომ 2028 წელს ევროპის სამიტზე ბაქოში ჩასვლის შესაძლებლობა მიეცემა 

პუბლიკა

სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-8 სამიტი მიმდინარეობს.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ 2028 წელს აზერბაიჯანში ჩასვლის შესაძლებლობა მიეცემა.

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი 2028 წელს სწორედ ბაქოშია დაგეგმილი.

მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა დისტანციურად.

ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტების მასპინძლობაზე ერთმანეთის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

ამასთან, სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ერევანში მიმდინარე სამიტში მონაწილეობს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და რომ ეს პირველი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვია.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მშვიდობის დერეფნის, ანუ TRIPP-ის და გასული წლის აგვისტოში აშშ-ში მოწერილ სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელობას.

„ახლა ჩვენ ვადგავართ გზას, რომელიც მიგვიყვანს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, TRIPP-ის განხორციელებამდე. ეს ხელს შეუწყობს მშვიდობას რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ახალი საერთაშორისო მარშრუტების შექმნის გზით, რაც უდიდეს წვლილს შეიტანს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობაში“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.​

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც სამიტს დისტანციურად ჩაერთო, ასევე განაცხადა, რომ მხარი დაუჭირა სამიტის სომხეთში ჩატარების იდეას და ამავე დროს, 2028 წლის მაისში სამიტის ბაქოში ჩატარება შესთავაზა, რასაც მხარი სომხეთმაც დაუჭირა.

„ეს ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა“, – თქვა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი 9 თვეა, რაც მშვიდობიანად ცხოვრობენ.

„ჩვენ მხოლოდ ცხრა თვეა, რაც მშვიდობიანად ვცხოვრობთ და ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას“, – აღნიშნა ალიევმა.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.

„მშვიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დაკავშირებადობაა. ტრამპის მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთაშორისო მარშრუტი აზერბაიჯანს მის ანკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს. ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილი გახდება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს“, – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.


ევროკავშირის, ასევე დიდი ბრიტანეთის და კანადის ლიდერები ერევანში გუშინ და დღეს ჩავიდნენ.

სომხეთში არიან: NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ასევე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

სომხეთში ჩავიდა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი კონფერენციას დისტანციურად ჩაერთო.

კანადამ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპულ სამიტში.