სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-8 სამიტი იმართება

პუბლიკა

სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-8 სამიტი იმართება.

ევროკავშირის, ასევე დიდი ბრიტანეთის და კანადის ლიდერები ერევანში გუშინ და დღეს ჩავიდნენ.

სომხეთში არიან: NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ასევე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

სომხეთში ჩავიდა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი კონფერენციას დისტანციურად ჩაერთვება.

სომხური პრესის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თვითმფრინავი, რომელიც ერევანში მიფრინავდა, ანკარაში ავარიულად დაეშვა.

სომხეთშია ირაკლი კობახიძეც.

კანადა პირველად მონაწილეობს ევროპულ სამიტში.

სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან კომენტარისას ხაზი გაუსვა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობას ენერგეტიკის, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში.

„უნდა შევამციროთ ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში. პირველი არის ენერგეტიკა. ჩვენ ძალიან ზედმეტად ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და, შესაბამისად, ყოველთვის ვართ დამოკიდებული არასტაბილურ გლობალურ ბაზრებზე. უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში. ეს არის განახლებადი ენერგია და ბირთვული ენერგია, რადგან ისინი ადგილობრივი წარმოებისაა, უფრო იაფი და საიმედოა.

მეორე თემა, სადაც მეტი დამოუკიდებლობა გვჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები, რათა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა. არსებობს უზარმაზარი თანხა, რომელიც ხელმისაწვდომია ინვესტიციებისთვის. ახლა ჩვენ ნამდვილად უნდა გავააქტიუროთ და დავაჩქაროთ წარმოების პროცესი სამხედრო შესაძლებლობებისთვის. მესამე ელემენტი არის საიმედო მიწოდების ჯაჭვები. ამისათვის ჩვენ ვუკავშირდებით მსგავსი აზროვნების მქონე ქვეყნებს. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ახლახან გავაფორმეთ ლათინურ ამერიკასთან, ასევე ინდოეთთან, ავსტრალიასთან და მე წავალ მექსიკაშიც“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა:

„ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ეს არის ღირებულებები და პრინციპები, ამიტომ, მივესალმებით კანადის მონაწილეობას ამ საკითხების განხილვაში. ის, რომ სამიტი სომხეთში ტარდება, აჩვენებს, როგორი მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასია, განსაკუთრებით ახლა, როცა ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, მაგრამ ამავე დროს წინააღმდეგობაზე იმ საფრთხეებისადმი, რომელიც არსებობს“.

სამიტის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის იყო მრგვალი მაგიდის შეხვედრა, რომელშიც ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, ასევე კანადის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, NATO-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობდნენ.

ასევე, გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებსა და კანადის პრემიერ-მინისტრს შორის.

ხვალ,  5 მაისს ერევანში სომხეთ-ევროკავშირის სამიტია დაგეგმილი.