საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის ავტორიც რასა იუკნევიჩიანეა და რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი კენჭს ხვალ, 5 მაისს უყრის, დაემატა შესწორება, რომლითაც სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების: „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვენ.
შესწორებაში, რომლის ინიციატორებიც ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიანე და მირიამ ლექსმანი არიან, ვკითხულობთ:
„ევროპალამენტი აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას ამ მაუწყებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ასეთი მედიების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი ზომები“.
იუკნევიჩიანეს და ლექსმანის გარდა, კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარმა დაარეგისტრირა შესწორება, რომლითაც ასევე მოთხოვნილია „იმედს“, „პოსიტვის“ და „რუსთავი 2-ის“ სანქცირება.
კშიშტოფ ბრეიზას და მიხალ შჩერბას მიერ ინიციირებულ შესწორებაში „უმკაცრესად დაგმობილია სისტემატიური დეზინფორმაცია, ცილისმწამებლური კამპანიები და მტრული პროპაგანდა, რომელსაც „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ ავრცელებენ და რომლებიც მოქმედებენ, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ინსტრუმენტები და არა როგორც დამოუკიდებელი მედიები“;
მათ შესწორებაში ნათქვამია:
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ასეთი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და ძირს უთხრის პლურალიზმის, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორკესტრირებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თუ ასეთი მტრული საქმიანობა გაგრძელდება“.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარების: მარიუშ კამინსკის და მალგოჟატა გოშევსკას მიერ რეგისტრირებული შესწორებით, დაგმობილია ამ ტელევიზიების მხრიდან განმეორებითი თავდასხმები ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართ და მოთხოვილია სანქციების დაწესება.
მათ მიერ ინიციირებულ შესწორებაში ვკითხულობთ:
„ევროპარლამენტი გმობს განმეორებით თავდასხმებს ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ელჩ პაველ ჰერჩინსკის წინააღმდეგ, მათ შორის ცილისმწამებლურ ნარატივებს, მანიპულაციურ გაშუქებასა და კოორდინირებულ მცდელობებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვის მიზნით;
ხაზს უსვამს, რომ დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება, დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ წაქეზება და ანტიევროპული მტრობის ორკესტრირება არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად, რომელიც დაცულია მედიის თავისუფლებით, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს ავტორიტარული კონტროლის განმტკიცებასა და საქართველოს იზოლირებას მისი ევროპული გზიდან;
ხაზს უსვამს, რომ ასეთი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და ძირს უთხრის პლურალიზმის, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორკესტრირებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თუ ასეთი მტრული საქმიანობა გაგრძელდება“.
ანგარიშის ავტორია საქართველოს შესახებ მუდმივი მომხსენებელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე. დოკუმენტი 2025 წელს მიმოიხილავს.
ანგარიშში, მათ შორის, დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება; ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას.
ანგარიშში შეტანილია 350-ე მეტი შესწორება.