არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას - ცისკარიშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ არ აპირებს, თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა წამოაყენოს.

„TV პირველთან“ ინტერვიუში ცისკარიშვილმა უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 9 ნოემბერს განაცხადა, რომ კეზერაშვილის გეგმაა, ენმ-ის თავმჯდომარე ცისკარიშვილი გახდეს.

„მე არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას. ვნახოთ, ვინ გამოიკვეთებიან კანდიდატები, როგორი კამპანია იქნება. მთავარია, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. წევრები, მხარდამჭერები იქნებიან დელეგატები, ხმას მისცემენ თავმჯდომარის არჩევას.

კობახიძისნაირი სუბიექტები როცა ერევიან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ვის მხარესაც ჩაერევიან, იმას დააზიანებენ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა, რომელმაც არ უპასუხა შეკითხვას, ვის დაუჭერს თავად მხარს.

დღეს ლევან ხაბეიშვილმაც განაცხადა, რომ კანდიდატურის დაყენებას არც ის აპირებს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას დაუპირისპირდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც თავისი ფავორიტი პოლიტიკოსების დაწინაურება უნდა. მათ შორის, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილი ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი გახდეს.