„თავმჯდომარის პოსტი არ მაინტერესებს“ - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„არანაირი თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს, არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილი მიესალმება კოლეგების ინიციატივას პარტიაში არჩევნების ჩატარების შესახებ და ნიკა მელიას მზაობას, ჩატარდეს ეს არჩევნები.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად, რადგან არც პარტიას და არც ხალხს დასაკარგი დრო არ აქვს.

„ენმ არის პარტია, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს რუსი ოლიგარქის და მისი კრიმინალური ხელისუფლების  დასრულებაში. სწორედ ამიტომ, ამ პარტიას სჭირდება გადახალისება, ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება ის – ლეგიტიმაცია. და მეტიც, ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს თავის ამომრჩეველს.

არჩევნები უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ გასაძლიერებლად და უზრუნველვყოთ ისეთი პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს და დაამარცხებს რუს ოლიგარქს.

კიდევ ერთხელ ყველას, მათ შორის, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს [80% ემხრობა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს და ცვლილებებს, ჩვენი საკრებულოების უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს] მოვუწოდებ, დაივიწყეთ ყველანაირი წყენა, გაუგებრობა. კარები იხსნება, შესაძლებლობა იხსნება და ყველას მოგიწოდებთ, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში პარტიის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.


9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურნენ პარტიის ლიდერები და თქვეს, რომ ენმ და თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

პარტიაში მთელი დღის მსჯელობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საღამოს განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ვისაც, სადაც და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებისთვის – ნიკა მელია