„არა ნამახვანჰესს! სოლიდარობა რიონის ხეობის მოსახლეობას“ | პარლამენტთან აქცია იმართება

პუბლიკა

„არა ნამახვანჰესს! სოლიდარობა რიონის ხეობის მოსახლეობას“, – პარლამენტთან რიონის ხეობის მოსახლეობისადმი სოლიდარობისა და სამართლიანი ენერგოპოლიტიკის მოთხოვნით აქცია იმართება.

„მოგეხსენებათ, 30 იანვარს პოლიციის დახმარებით, კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში განაახლა ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები. პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო ბანაკი, სადაც 100 დღის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ ადგილობრივები და მოახდინა მათ მიერ აღმართული ჯვრის დემონტაჟი, იმ მიზეზით, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა. ამავე დღეს გასაჯაროვდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი დოკუმენტი, რომ რიონის ხეობის 350 000 კვ.მ-ზე დიდი ტერიტორია 99 წლით (!) გადაეცა სარგებლობასა და საკუთრებაში თურქულ კომპანია „ენკა რენიუებლზს“, რომელთან სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულებაც გასაიდუმლოებულია”, – აცხადებენ ორგანიზატორები – სამოქალაქო ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის”.

  • 144567329-285866699794303-8438224417063289445-n
  • 145288756-687131581962007-8154057933461979109-n
  • 145330453-240076264249782-1118901607931361964-n
  • 145551345-438079324204916-1770934026745971690-n
  • 145595163-1390809767917859-8732910381916218287-n
  • 01 /

„დროა ყველამ ამოვიღოთ ხმა ფინანსური ინტერესებით გამართლებული, დამანგრეველი პროექტების წინააღმდეგ და კატეგორიულად მოვითხოვოთ სამართლიანი, მართლაც ქვეყნის ინტერესებზე და არა რამდენიმე კერძო კომპანიის გამდიდრებაზე ორიენტირებული ენერგოპოლიტიკა!

ასევე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის გათელვა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და სამაგალითო პროტესტის ჩახშობა!”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანონსში.

ამასთან, სამოქალაქო ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის” საქართველოს პარლამენტს ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმართავს. მათ მოთხოვნებს შორის არის, რომ შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ონისა და  ნამახვანის ჰესების მშენებლობა და შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.