„არა რაჭა-ლეჩხუმის განადგურებას" - კანცელარიასთან ჰესების წინააღმდეგ აქცია გამართეს

პუბლიკა

„არა რაჭა-ლეჩხუმის განადგურებას! აიკრძალოს დიდი, საზიანო ჰესები” – მთავრობის ადმინისტრაციის წინ მოქალაქეებმა საქართველოში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ აქცია გამართეს.

აქცის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების გაუქმება და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვაა.

https://www.facebook.com/publika.ge/videos/2563468973964566/

„არ ვიცით იმ ზიანის ფონზე, რა ზიანიც მიადგება ეკოსისტემებს, ადამიანებს და ქვეყანას, არის თუ არა საპირწონე იმ სარგებლის რასაც ჩვენ ვიღებთ ამ ობიექტებისგან. იმისთვის რომ ამ სარგებელზე ვისაუბროთ აუცილებელი არის, მათ შორის საკანონმდებლო მოთხოვნითაც, რომ თითოეულ ობიექტზე წარმოდგენილი იყოს ეკონომიკური საჭიროების დასაბუთება, იგულისხმება დანახარჯებისა და სარგებლის ანაზილი არა კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ასეთი რამე არცერტ ობიექტზე პრაქტიკულად არ გაკეთებულა და შესაბამისად ამ ობიექტების არც ენერგეტიკული საჭიროება საბუთდება, არც ეკონომიკური საჭიროება საბუთდება, ზიანი ისედაც ცხადი არის , მაგრამ არც ამის შეფასება არ გაკეთებულა.

ზოგადად არა თუ შეფასებები, საერთოდ კვლევებიც კი, რომელიც არის საკვანძო საკითხი, როგორიც არის დეტალური გეოლოგიური შესწავლები, სეისმოლოგიური შესწავლები და ა.შ ეს კვლევებიც არ არის ჩატარებული და ამას მოწმობს ამ პროექტებზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური გადაწყვეტილებები, სადაც მთელი რიგი პირობები არის ჩამოწერილი, თუ რა უნდა გააკეთოს კომპანიამ დამატებით მშენებლობის დაწყებამდე“,- უთხრა „პუბლიკას“ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელმა დათო ჭიპაშვილმა.

 

ონის ჰესების კასკადის შესახებ:

2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა.

„ონის ჰესების კასკადის პროექტი“ მოიცავს ორ ჰესს: ონი 1 ჰესი და ონი 2 ჰესი. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 206.1 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავებაა 780 მლნ კვტ.სთ.

კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:
● სათავე წყალმიმღები ნაგებობა;
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა;
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური).

ნამახვანის ჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.

ამავე თემაზე;

► რატომ არაა რაჭაში მართებული ჰესების აშენება – WWF-ის 4 არგუმენტი;

► მდ. რიონის ნაწილი მიემართება მილებში, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა – მინისტრი ონის კასკადზე;

► ყველა კანონიერი გზით შევეცდებით, ონის ჰესების კასკადი არ აშენდეს – რაჭის სათემო ორგანიზაცია;

► ნამახვან ჰესის კასკადი და შეშფოთების მიზეზები – გახარიას ღია წერილით მიმართავენ;

► ნამახვანის ჰესების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ;