საქართველოს პარლამენტში II მოსმენით განიხილავენ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა სავალდებულო იქნება უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის.
„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.
ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებშია მომზადებული და ითვალისწინებს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადეს, რომ ამ კანონის შეცვლის შემთხვევაში ოპოზიციას შეეზღუდება საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრების ყოლა და ის მიზნად ისახავს 2024 წლის არჩევნებისთვის ერთპარტიული კომისიების შექმნას.
„თქვენ რის საფარქვეშაც უნდა გამოიტანოთ ეს კანონი, იმედია, გესმით ამ კანონის არსი, რომ ოპოზიციურ პარტიებს შეუზღუდოს საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნა. კარგად იცით, ვცხოვრობთ პოლიციურ სახელმწიფოში, სადაც არჩევნებს ატარებენ არა პოლიტიკური პარტიები, არამედ არჩევნებს ატარებს სუსი. იმ გეგმის მიხედვით, რომლის ნაწილიც არის ეს კანონპროექტი, არის ის, რომ სუსის მიერ წარგზავნილი ადამიანები წინა დღეს დააშინებენ ოპოზიციის წევრებს და პარტიებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ჩაანაცვლონ ისინი. იცით, არ არის მარტივი, განსაკუთრებით რეგიონებში, სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელის მოძებნა წინა ღამით. ენმ-ს აქვს სხვა პარტიებზე გაცილებით დიდი შესაძლებლობა ამგვარი კადრების შერჩევის, მაგრამ რას ეუბნებით მცირე პარტიებს? ეს არის მიზანმიმართული ქმედება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რომელიც კიდევ უფრო არასანდოს გახდის საარჩევნო პროცესს. იცით, ეს იქნება გადამწყვეტი არჩევნები, „რუსული ოცნებისთვის“ ხელისუფლების დათმობის არჩევნები და შედეგის წინასწარ გასაწერად იგონებთ ხრიკებს“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ.
„არ მინდა ჩემი გამოსვლა დაემსგავსოს იმას, თითქოს, კვალიფიკაციის წინააღმდეგ გამოვდივარ, მით უმეტეს, 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ საჭიროა კვალიფიკაცია, ოქმის შედგენისას განსაკუთრებით. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ტარდება არჩევნები… ბოლო, თვითმმართველობის არჩევნებზე არათუ საარჩევნო კომისიის წევრებმა, არამედ კანდიდატებმა, 700-მა კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ავადმყოფობის ან ოჯახური მიზეზების გამო და, როგორც წესი, ეს ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებია, რადგან ამ 700-დან არცერთი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. კომისიის წევრებზე ხდება ზეწოლა და ისეთ დროს ამბობენ წევრობაზე უარს, რომ პარტიებს შესაძლებლობა არ ეძლევათ, ჩაანაცვლონ კვალიფიციური წევრით და შესაძლოა, კომისიის წევრის გარეშე დარჩნენ პარტიები. თუ გაქვთ დამცავი მექანიზმები შემოთავაზებული? თუ გაქვთ გეგმა გაწერილი, 2024 წლამდე გადამზადდნენ ადამიანები?“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
კოლეგების საპასუხოდ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ამ ცვლილებებით ზრუნავენ კომისიის წევრების კომპეტენტურობასა და რეკომენდაციების შესრულებაზე.
მისი განმარტებით, იქმნება აპოლიტიკური ნიშნით სერტიფიცირებული წევრების სპეციალური ბაზები და თუ პარტია ვერ წარადგენს კვალიფიციურ წევრს, კანონი ცესკოს ავალდებულებს, ისინი ჩაანაცვლოს კონკრეტული სერტიფიცირებული პირებით.
მიქანაძე ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში 17 წევრია, მათგან „ოცნების“ წევრი ერთია, დანარჩენი კი ოპოზიციის და აპოლიტიკური ნიშნით შერჩეული, რაც გამორიცხავს წევრების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას.