თმის ღერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ნიკა კაციას ორგანიზმში ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ ბალდადებულ ნიკა კაციას ადვოკატი, ნინო ლომინაძე ამბობს.
მისივე თქმით, დაცვის მხარემ ექსპერტიზა დანიშნა ასევე გადასაფუთ პაკეტზე, რაზეც ასევე არ ამოვიდა თითის ანაბეჭდის კვალი.
ადვოკატის განმარტებით, გადასაფუთ პაკეტზე პროკურატურას დანიშნული აქვს ბიოლოგიური ექსპერტიზა, რის პასუხიც ჯერ არაა მიღებული.
აღსანიშნავია, რომ კაციას თქმით, მას პირადი ჩხრეკის დროს სამედიცინო ხელთათმანით გასინჯვისას იღლიებსა და პირის ღრუში ხელი გამოუსვეს, რაზეც დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ ფორმით ეცადა პოლიცია გადასაფუთ პაკეტზე ბიოლოგიური მასალის დატანას.
„საქმის მასალებში მითითებულია, რომ კაცია აქტიური მომხმარებელია ნარკოტიკული საშუალებების და მას უკანონოდ ინახავდა, თუმცა, ამ მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ეს საშუალება მას არ ეკუთვნოდა, არაფერში სჭირდებოდა. როგორც კაცია აცხადებს, ეს ნარკოტიკული საშუალება მას „ჩაუდეს“. ჩვენ მიერ ჩატარებულ დასკვნაში მითითებულია, რომ საერთოდ თითის კვალი ამოსული არ არის“, – განაცხადა ლომინაძემ.
ნიკა კაციას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ფლობაში ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კაცია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.