„არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება და სასამართლო არ ელოდება არჩევნებს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. თალაკვაძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„არც ერთ დასავლურ დემოკრატიაში პარტიას და პოლიტიკოსებს, რომელთაც უმძიმეს სისტემურ დანაშაულებში მიუძღვით ბრალი და აქვთ მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია – პოლიტიკაში დარჩენის ან მით უმეტეს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ ექნებოდათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, ამის მცდელობა არის საქართველოში.
„ამის მცდელობა არის საქართველოში იმის ხარჯზე, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ძალადობს საზოგადოებაზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.