„არცერთს მისთვის არ გითქვამთ - მიშა ჭამე“ | რა თქვა პროცესზე ნინო ნადირაძემ

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე გამოიკითხა.

ნინო ნადირაძე პროკურატურის მოწმე იყო, რომელსაც შეკითხვები ბრალდებისა და დაცვის მხარემ დაუსვა. გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

პროცესი ხმაურიანად წარიმართა, იყო სიტყვიერი დაპირისპირებები მოწმესა და მხარეებს შორის, ასევე მოსამართლემ ნადირაძეს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ ნუ აძლევს მხარეებს შენიშვნებს, მოუსმინოს შეკითხვებს და კომპეტენტური პასუხები გასცეს მათ.

„ვივამედის“ დირექტორმა მისი პასუხებისთვის განკუთვნილი დროის ნაწილი ადვოკატების მისამართით პირადი ხასიათის განცხადებებს დაუთმო, მაგალითად, მან შალვა ხაჭაპურიძეს მიმართა:

„ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ, ასეთი აქტიური ჰომოფობიდან ასეთი „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით?“

ნადირაძემ ხაჭაპურიძე მათ პირად საუბარში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაეთიკური განცხადებების გაკეთებაც შეახსენა.

ნადირაძე ასევე შენიშვნებს და პროტესტს გამოთქვამდა ადვოკატების, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერი გელბახიანის შეკითხვების მიმართ.

ნინო ნადირაძემ დაცვის მხარის შეკითხვების უმრავლესობაზე, რომელიც სამედიცინო ისტორიას შეეხებოდა, განაცხადა, რომ მათზე პასუხის კომპეტენცია არ აქვს და ადვოკატებმა მოწმის სახით სააკაშვილის მკურნალი ექიმი უნდა გამოკითხონ, რომელიც პაციენტის სამედიცინო ფაილსა და მკურნალობაზე სრულ ინფორმაციას ფლობს.

ნადირაძისვე თქმით, არ იცნობს სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას, თუმცა მას პირადი საუბრები ჰქონდა კონსილიუმში შემავალ ექიმებთან.

„ვივამედის“ დირექტორს შენიშვნა ჰქონდა ასევე პენიტენციური სამსახურის მიმართ. ნადირაძემ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს, ნიკა აბრამიშვილს შეკითხვის დასმა შეაწყვეტინა და გადასახადის გადაუხდელობა შეახსენა.

„თქვენ, სხვათაშორის, მიგვიანებთ ჩამორიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო თურმე კლინიკამ. მთელი განყოფილება მიცდება, ერთი პაციენტი წევს იქ. ერთხელ ჩამირიცხეთ ივნისში და მეორეჯერ სექტემბერში, ახლა თებერვალია. საშუალედო კალკულაცია გამოგზავნილია“, – მიმართა აბრამიშვილს ნადირაძემ.

რა თქვა ნადირაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს კახექსიის (ორგანიზმის გამოფიტვა, იგივე დაუძლურება სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების გამო) დიაგნოზი აქვს, თუმცა არ აქვს ანორექსია, ბულემია ან მალაბსორბცია – საჭმლის შეწოვის დარღვევები.

ნადირაძის ინფორმაციით „ვივამედში“ ყოფნის დროს სააკაშვილის მდგომარეობა არასდროს შეფასებულა როგორც კრიტიკული ან სუბკრიტიკული.

ნადირაძის თქმით, სააკაშვილი იმ საკვებს ირგებს, რასაც ჭამს, თუმცა მას არ აწვდიან საკმარისი კალორაჟის საკვებს. კლინიკის დირექტორმა ამაში სააკაშვილის გარემოცვა დაადანაშაულა. მისი თქმით, ადამიანები, ვინც სააკაშვილს პალატაში სტუმრობენ, არ ცდილობენ, რომ ის საკვების მიღებაში დაარწმუნონ.

„მე პირადად, ვინც მე მგონია, რომ პაციენტის გულშემატკივრები არიან, არც მათთან ვიშურებ და ვიზარებ წერილობით თუ ზეპირი სახით, რომ დამეხმარონ, დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.

მეტნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი, არ დავასახელებ ამ პიროვნებებს, ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, რომ დამხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, თუმცა ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მაგალითად, ნივრიანი პურის და შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის რაღაც რაოდენობის მოტანა, მე არ ვიცი ეს რაში წერია. ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას, ეს რომელ გაიდლაინში წაიკითხეს.

ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალა კალორაჟით, რომელი პროდუქტებია საჭირო, რა რაოდენობით არის საჭირო, ეს ყველაფერი მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ ახსნილი“, – განაცხადა მან.

თავისი ჩვენების განმავლობაში ნადირაძემ სააკაშვილის გარემოცვა და ადვოკატები არაერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი არ მოუწოდებენ მას საკვების მიღებისკენ.

„მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა მას უთხრა, რომ უკეთ იკვებე ან ეს გააკეთე. პირიქით, სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ ცოტა 200 გრამი ნამატი გვაქვს წონაში.

დაანებეთ ამ ადამიანის წამებას, მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი. არც ერთ თქვენგანს ერთი სიტყვა არ გითქვამთ – მიშა ჭამე! მას საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, ხაჭაპურიც უყვარს, გემრიელი საკვებიც უყვარს და როდესაც ყოველ დღე შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის სოკოს შილაფლავი, ცივი ნაცრისფერი მჭადი და 4 ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ…

სანამ ის ჩემს კლინიკაში იმყოფება არ დავიშურებთ არც ძალას, არც წამალს, არც მკურნალობას, ოღონდაც ბატონი მიშა იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ 9 თვის მანძილზე, მე მის მიმართ უზარმაზარი ემპათია გამიჩნდა.

მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია ასე არ არის, მაგრამ მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით ის გარეთ ვერ მოხვდება. შესაბამისად, ის საკუთარ თავს და არც ექიმებს არ უწყობს ხელს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მან.

ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შერჩევით იღებს პრეპარატებს და ხშირად აყენებს ეჭვქვეშ ექიმების გადაწყვეტილებებს და ამბობს, რომ სხვა ექიმების უფრო სჯერა. მისივე თქმით, ამ მიზეზით სააკაშვილი არ იღებს საკვებ დანამატებს და უარს ამბობს პარენტერალურ კვებაზე [საკვების მიწოდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით].

„ვივამედის“ დირექტორი ამბობს, რომ სააკაშვილს სთხოვეს, პარენტერალურ კვებაზე უარი ხელმოწერით დაედასტურებინა, რაზეც მან უარი განაცხადა.

ნადირაძემ მიმართა კოლეგებს, რომლებმაც სააკაშვილს ამის რეკომენდაცია არ მისცა, თავიანთი მოსაზრება დაასაბუთონ და ხელმოწერით გაამყარონ.

„ნეტა იყოს ეს მალაბსორბცია, ნეტა იყოს ეს ყველაფერი, ნეტა იყოს მოწამლული, დემენცია, ჩვენ პირველი გამოვიდოდით, გავწერდით ამ პაციენტს და დავისვენებდით იმიტომ, რომ 9 თვის მანძილზე ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში და ამ ჯოჯოხეთს ვიტანთ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური ემპათიით პაციენტის მიმართ,“ – აღნიშნა ნადირაძემ.

ნინო ნადირაძემ ჩვენების დროს სააკაშვილის გარემოცვის, მედიის და საზოგადოების მხრიდან კლინიკის სამედიცინო პერსონალზე ზეწოლის შესახებაც ისაუბრა.

ნადირაძემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც, მისი თქმით, სააკაშვილი დაჟინებით მოითხოვდა დიაზეპამის ინექციებს მაშინ, როდესაც ის სასამართლო პროცესზე უნდა გამოკითხულიყო. ექიმის განმარტებით, დიაზეპამის ზემოქმედების ქვეშ პაციენტის გამოკითხვა აღარ იქნებოდა რელევანტური. ნადირაძისვე ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ადვოკატები მიუთითებენ მედპერსონალს, რა უნდა ჩაიწეროს სამედიცინო დოკუმენტაციაში, ასევე მედპერსონალს ესმოდა მუქარა პაციენტისა და მისი გარემოცვის მხრიდანაც.

„მთავარია პაციენტის ჯანმრთელობა იყოს კარგად. რითაც უნდა დაგვემუქრონ, რაც უნდათ დაგვაბრალონ, ვიცი რომ დიაგნოზები აბსოლუტურად გამართულია, რომელსაც მხარს უმაგრებს კონკრეტული ლაბორატორიული მონაცემების ციფრები, კონკრეტული ინსტრუმენტული კვლევები. ჩვენ პასუხს ვაგებთ დიაგნოზებზე“,- განაცხადა ნადირაძემ.

ნინო ნადირაძემ ასევე განმარტა, რომ რეანიმაციაში მოთავსების სურვილი თავად მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა.

„რეანიმაციაზე საუბარი არის მუდმივად. აი, როდესაც სასამართლო პროცესი იყო, გადამიყვანეთ რეანიმაციაშიო. აუხსნეს, რომ კი, ბატონო, მას მართალია რეანიმაციული პარამეტრები არ აქვს, მაგრამ თუ ასე დაჟინებით ითხოვს, არის VIP პაციენტი და რომ ავიცდინოთ დარტყმები და ლანძღვები, ძირითადად უხმოდ მორჩილებაში ვართ, ანუ ფაქტობრივად, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როცა ავუხსენით, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, ვერ შევა დედა, ვერ შევა მნახველი და იქ მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა. როგორ გითხრათ არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად არის დამანგრეველი. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები, მე დღესაც ვაცხადებ და დღესაც მიმაჩნია, რომ მისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის – ის ვერ ეგუება იმ გარემოს, არ შეუძლია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.