არჩევნების შემდეგ - ვინ დატოვა პარტიული თანამდებობები ენმ-ში

პუბლიკა

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნების შედეგად თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა შეცვალა.

არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა პარტიის წევრებისა და ამომრჩევლების პოზიცია, ძირითადად, ლევან ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის იყოფოდა.

ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ იმ ადამიანებმა, რომლებიც მელიას გუნდის წევრებად მიიჩნეოდნენ, ცენტრალური და რეგიონული პარტიული თანამდებობები დატოვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს არჩევნები მარტშია დაგეგმილი. როგორც პარტიის უკვე ყოფილი მმართველები აცხადებენ, ლოგიკურია, რომ ლევან ხაბეიშვილი თავის გუნდს შექმნის. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაიკავებს მმართველ პოზიციებს პარტიაში.

ვინ დატოვა პარტიული თანამდებობა „ნაციონალურ მოძრაობაში“

დღეს, 31 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ხატია დეკანოიძე პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

„იმიტომ, რომ ვინმეს არ ეგონოს, მე რაიმე აზრის მანიპულაციას ვახდენ, ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს და დავტოვო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე პარტიაში არჩევნების ჩატარებას და ლევან ხაბეიშვილს მხარს არ უჭერდა.

არჩევნების შემდეგ მან ნიკა მელიას მადლობა გადაუხადა და ლევან ხაბეიშვილს წარმატება უსურვა.

„ვუსურვებ, წარმატებით მართოს პარტია და მოახდინოს კონსოლიდაცია – ეს არის მიხეილ სააკაშვილის, გვარამიას გათავისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ყველას ვალია კონსოლიდაცია“, – თქვა მან 30 იანვარს.

კობა ნაყოფიამ 30 იანვარს განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტსა და პოლიტსაბჭოს ტოვებს, თუმცა მანამდე რჩება პარტიის რიგით წევრად, სანამ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაუწყვეტელია.

„პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და მომეცემა შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის“, – განაცხადა მან „მთავარი არხის“ ეთერში.

კობა ნაყოფია „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წელს შეუერთდა. ის პარლამენტის 4 მოწვევის წევრია. 2019 წლიდან ის პარტიის აღმასრულებელ მდივნად, 2022 წლიდან კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ იყო არჩეული. მან პოლიტიკაში ბიზნესიდან გადაინაცვლა. 2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნაყოფია დღემდე ფლობს წილს სხვადასხვა კომპანიაში და არაერთ მოძრავ თუ უძრავ ქონებას.

კობა ნაყოფიას არაერთხელ უთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელთან, მიხეილ სააკაშვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს. ის სააკაშვილს უკრაინაშიც სტუმრობდა და ახლაც, როცა ის ქართულ პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის პოსტი დატოვა აკაკი მინაშვილმა.

მისი განცხადებით, პარტიულ თანამდებობას ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება იმ ფონზე, როცა სააკაშვილის გადარჩენის საკითხი აქტუალურია.

„პარტიიდან არ მივდივარ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან აქტუალური, თუმცა აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები“, – განაცხადა მან.

აკაკი მინაშვილი 2008 წლიდან პარლამენტის სამი მოწვევის წევრია, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით.

2004-2006 წლებში ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, 2007-2008 წლებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი.

თანამდებობები დატოვეს ენმ-ის საორგანიზაციო და ანალიტიკურმა მდივნებმა: ბაჩო დოლიძემ და გიორგი თარგამაძემ.

„არ ვაპირებ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას და ფეხის დადებას. მიმაჩნია, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა“, – განაცხადა 30 იანვარს ენმ-ის უკვე ყოფილმა საორგანიზაციო მდივანმა, ბაჩო დოლიძემ.

პარტიას აღარ ჰყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანიც. გიორგი პატარაიამ განაცხადა, რომ რჩება გუნდში, რომელსაც 2001 წლიდან შეუერთდა, თუმცა ტოვებს პარტიულ თანამდებობას.

აჭარის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ, რომელიც მელიას გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალურ მდივნად უნდა დაენიშნათ.

კირთაძე 2021 წლის არჩევნებში ბათუმის მერობის კანდიდატი იყო და არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, ის „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დამარცხდა.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში თანამდებობას დავტოვებდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას ვტოვებ და აქტიურად არ გავაგრძელებ ბრძოლას მიშას სიცოცხლის გადასარჩენად და ავტოკრატიული რეჟიმის შესაცვლელად. უბრალოდ, ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხალხმა, ვინც მხარს უჭერდა ლევან ვარშალომიძეს“, – განაცხადა მან.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა თელავის საკრებულოს დეპუტატმა, იმედა კევლიშვილმა.

„პარტიის წევრად და მხარდამჭერად დავრჩები, „ოცნებასთან“ ბრძოლას გავაგრძელებ, მაგრამ, სადაც მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან, მე იქ ვერ გავჩერდები“, – თქვა მან „ჰერეთის რადიოს“ ცნობით.

ნიკა მელიას აქტიურად უჭერდა მხარს პარლამენტის დეპუტატი ნუგზარ წიკლაური, რომელმაც ხაბეიშვილის არჩევას უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ „ფულმა და არაფორმალურმა მმართველობამ პოლიტიკურ იდეალებზე გაიმარჯვა“.

თანაგუნდელების მსგავსად, სააკაშვილის გათავისუფლებამდე ისიც პარტიაში რჩება, თუმცა ხაბეიშვილის გუნდს „ყველა შესაძლო დემოკრატიული წესით გაუწევს ოპონირებას“.

ასევე, ცნობილია, რომ ნიკა მელიას დაუჭირა მხარი ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა, ანა წითლიძემ.

მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ პროცესში დამარცხებულ მხარესაა და გამარჯვებულმა მათთვის ღირსეული პლატფორმის შექმნა უნდა შეძლოს.

მელიას მხარდამჭერებს შორის იყო პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე.

რომან გოცირიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტის 2004, 2016 და 2020 წლების მოწვევის წევრია, მიიჩნევს, რომ პროცესიდან პარტია დაზიანებული გამოვიდა.

გოცირიძის პოზიციით,  „პროცესი წამოწყებული იყო უდროო დროს და პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურებოდა“.

„უარყოფით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ ღრმა განხეთქილება პარტიის „ლიდერშიფში“, აქტივსა და მხარდამჭერებს შორის. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების მოშუშებას უნდა დრო, სურვილი და დიდი მონდომება, თუკი ეს საერთოდ არის შესაძლებელი.

იქნება თუ არა ეს პიროსის გამარჯვება, თუ მოხერხდება კრიზისის დაძლევა, რეპუტაციული ზიანის ჩამორეცხვა და საპარლამენტო არჩევნებამდე ჯანსაღი ვითარების აღდგება, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ამ საქმეში მეტწილი პასუხისმგებლობა გამარჯვებულ მხარეს ეკისრება“, – დაწერა მან.

ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც პარტიაში რჩება.

„ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან“, – განაცხადა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს არჩევნები მარტშია დაგეგმილი.

პარტიის ახალარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეორგანიზაციის კონკრეტულ გეგმას ახლო მომავალში წარადგენს.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ რა პოზიციას დაიკავებს. წინასწარ მხოლოდ პეტრე ცისკარიშვილის თანამდებობაა ცნობილი, ის პარტიის გენერალური მდივანი გახდება.

გარდა პეტრე ცისკარიშვილისა, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა რიგებში იყვნენ ლევან ბეჟაშვილი, დიმიტრი შაშკინი, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, ლევან ვარშალომიძე და აჭარის ორგანიზაციის ნაწილი, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ზუგდიდის და სხვა  რეგიონული ოფისების წევრთა დიდი ნაწილი.

ხაბეიშვილმა არჩევნებში 21 656 ხმით გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 52.6%-მა დაუჭირა მხარი.