არჩევნების შემსწავლელი კომისია ე.წ. მთვლელებს დაიქირავებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადათვლიან ზოგიერთ უბანს

პუბლიკა

2020 წლის საპარალემტნო არჩევნების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე კენჭი უყარეს საგამოძიებო კომისიის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებას.

კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამოქმედო გეგმა ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს ზოგიერთი უბნის გადათვლას.

მისივე თქმით, დაიქირავებენ გადათვლის პროცესისთვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და გარკვეული გამოცდილების მქონე მთვლელებს. ბიულეტენების გადათვლა კი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„იმისთვის, რომ ეს პროცესი პროფესიონალურ დონეზე წარიმართოს, ჩვენ ამ ბიუჯეტით მოვითხოვეთ, რომ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლის პროცესს, მაშინ, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით.

ეს ადამიანები უშუალოდ განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს პროცესი სწორად მიმდინარეობს.

იმისთვის, რომ საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პროცესი პირდაპირ ეთერში, ლაივსტრიმით პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული“, – განაცხადა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.

გივი მიქანაძემ კიდევ ერთი კომპონენტის შესახებ ისაუბრა, კერძოდ, კომისია აპირებს, დაიქირაოს თანამშრომლები, რომლებიც პასუხს აგებენ სხდომის ოქმების შედგენასა და საორგანიზაციო საკითხებზე.

კომისიის წევრმა ფრიდონ ინჯიამ დააყენა ინიციატივა, რომ არჩევნების შედეგების გადათვლისას უბნების ასარჩევად ლოტოს პრინციპი გამოიყენონ.

„10 რეგიონი გვაქვს თბილისის ჩათვლით, სადაც თითოში 12 საოლქო უბანია, ამ საოლქო უბნებში კიდევ არის უბნებიც, დაახლოებით, 40-45. როგორც ლოტოს თამაშობენ, ჩავყაროთ ყველა უბნის ნომერი ყუთში და დავატრიალოთ. მთვლელი ამოიღებს უბნების ნომრებს და დათვლის. თუ მოვილაპარაკებთ, რომ 50 უბანი უნდა გადავითვალოთ, იქნება 50, თუ არადა, 100.

100 უბანი განაწილდება 8 რეგიონზე და დასათვლელი იქნება 12-13 უბანი. ამით ჩვენ გარანტირებული ვიქნებით, რომ არ მოგვიძებნია რომელიმე უბანი, ან რაღაც მიკერძოებულად არ იყო. შემთხვევით შერჩევის პრინციპით ამოვარჩევთ ამ უბნებს“, – განაცხადა ინჯიამ.

ინჯიას თქმით, კომისიის ბიუჯეტში გათვალისწინებულ უნდა იქნას რეგიონებიდან თბილისში კომისიების თავმჯდომარეების, მდივნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ჩამოსაყვანი თანხაც.


13 მაისს პარლამენტმა არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა.

კომისია ჯერ-ჯერობით „ქართული ოცნების“ და „ევროპელი სოციალისტების“ 4 წევრისგან შედგება. მასში მუშაობას არ აპირებს პარლამენტში შესული ოპოზიცია.

მათ განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომისია გაყალბებული არჩევნების „გაპრავებისთვის“ შექმნილი ფიქციაა და რომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მათივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით გაყალბებულ არჩევნებზე საუბარი გვერდით გადადეს და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად გზა წინ გააგრძელეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ ამ გზით აქვთ  ოპონენტებს შანსი, დაამტკიცონ თავიანთი ბრალდების მართებულობა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.