არჩევნების წინ დავით გარეჯის თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება - საპატრიარქო

პუბლიკა

„დღეს, არჩევნების წინ, ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მივიღეთ”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება შეკითხვას – თუ რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ:

„2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და მღვდელმთავრებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად.

თავდაცვის მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქს გააცნო ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც ბატონმა დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და შესაბამის უწყებებში მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა. ასევე შესაბამისი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.

მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დავით გარეჯთან მიმართებაში გამწვავებული ურთიერთობის გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ-კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.

ამიტომც, ბუნებრივია, ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ არ ვიჭრებით სამართლებრივ სფეროში. ეს ჩვენი თემა არ არის. თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯა არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე”, – წერია განცხადებაში.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა. კომისიის ყოფილი წევრები ცდილობენ ახსნან, რატომ თქვეს უარი წლების წინ იმ რუკის გამოყენებაზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით, საქართველოს თითქოსდა 3 500 ჰექტარი მიწით მეტი ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების შეთანხმებისას.