არის ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკა უცხოელი ინვესტორის მიმართ – თურნავა

პუბლიკა

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ.

მინისტრები რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდიან.

ნათია თურნავამ ნამახვანჰესის კრიტიკის შესახებ ისაუბრა და გამოთქმული მოსაზრებები, პირობითად, 3 ბლოკად დაჰყო:

„პირველი ნაწილი ეს არის ზოგადად უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ, ე.წ. „არა ჰესებს“.

მეორე ნაწილი, ეს არის, მე ვიტყოდი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური უცხოური ინვესტორის მიმართ და წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა;

მესამე ნაწილი არის უფრო საქმიანი, კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც შეეხება კონკრეტულად პროექტის დეტალებს, კვლევებს, ხელშეკრულებას და ა.შ.“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავა დაინტერესდა, სხდომაზე დამსწრე მიწვეული კრიტიკოსები მის მიერ ჩამოთვლილი სამი ბლოკიდან იზიარებენ თუ არა პირველ ორს:

„ანუ იზიარებენ თუ არა ისინი, რომ საერთოდ „არა ჰესებს“ და იზიარებენ თუ არა ისინი, რომ აი, იმ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებს, რაც ჩვენ და ამის მაგალითები მოგვეპოვება, გვესმის ამ ინვესტორის მიმართ?“

ეკონომიკის მინისტრმა სთხოვა თითოეულ გამომსვლელს, ამ კითხვებს უპასუხონ და თუ ისინი ამ აზრს იზიარებენ, ამ ნაწილში ხელისუფლება რიტორიკაში ვერავის შეჰყვება.


ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი 4 მარტის facebook-ჩართვისას გამოეხმაურა ბრალდებებს ქსენოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მათი მხრიდან ამგვარად არავინ არ არის განწყობილი, რაც კომპანიის წარმომადგენელთან ურთიერთობის დროსაც გამოჩნდა.

„ის, რომ თვითონ სპეკულირებენ საკითხებით, თითქოს ჩვენ ვაღვივებთ ეთნიკურ შუღლს და რაღაც ქსენოფობიური განცხადებები ისმის, ეს არის ხელისუფლების პროვოცირებული, პირველ რიგში, თუ ვინმე აქ ცალკეული პიროვნება რაღაც შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს.

ჩვენ, ვინც რიონის ხეობაში ვართ უკვე 130 დღეა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენიანებსაც, სხვისიანებსაც და ზოგადად ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რათა არ მიეცეთ მათ ამ თემებით სპეკულირების საშუალება. ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრიც ჩვენზე ამბობს, თითქოს ეს აქცია იყო რაღაც ქსენოფობიური და ა.შ. გამოვირჩეოდით ქსენოფობიური ენით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის მათი ბრალდებები.

ვინც აქციაზე ვიყავით, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია და აქ არავინ განწყობილი არ არის, რომ რაღაც მსგავსი შეფასებებით გამოვიდეს თუნდაც მეზობელი სახელმწიფოს მიმართ და ჩვენ, პრინციპში, ჩვენი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ვაჩვენეთ ბ-ნ ზეკის მისამართით, მათ შორის, რომელიც ნამდვილად შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციებით და ასევე, სიტყვიერადაც გვაყენებდა შეურაცხყოფას. ნახა ეს მთელმა საქართველომ და ჩვენ სრულად შევიკავეთ თავი იმ მომენტში და მას არაფერი არ ვუთხარით, ვინაიდან  ვაცნობიერებთ სწორედ ამ რისკსა და საშიშროებას.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისი პროვოცირება ხდება თვითონ ხელისუფლების მხრიდან და ის არ ცდილობს, განმუხტოს ეს პროცესები“, – განაცხადა გოლეთიანმა.