ჟურნალ Current Biology-ში ხუთშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ აზიაში 20 000 წლის წინ კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებდა, რომელმაც დღევანდელი ცოცხალი ადამიანების დნმ-ზე თავისი კვალი დატოვა. ეს ძველისძველი კორონავირუსი რეგიონში მრავალი თაობის განმავლობაში არსებობდა და შედეგად აღმოსავლეთ აზიელთა წინაპრები მის მიმართ ადაპტირდნენ.
ამ დრომდე მეცნიერებს არ შეეძლოთ პათოგენების ამ ოჯახის ღრმა ისტორიულ წარსულში ჩახედვა. გასული ოცი წლის განმავლობაში ადამიანების ინფიცირებაზე და მძიმე რესპირატორული დაავადების გამოწვევაზე კორონავირუსების ოჯახის სამი წარმომადგენელი ადაპტირდა: Covid-19, SARS და MERS. თითოეულ ამ კორონავირუსზე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ისინი ჩვენს სახეობაში უახლოეს წარსულში ღამურებიდან ან სხვა ძუძუმწოვრებიდან უნდა გადმომხტარიყვნენ. არსებობს კიდევ ოთხი კორონავირუსი, რომელსაც ადამიანის ინფიცირება შეუძლია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ მსუბუქ გაციებას იწვევს.
კორონავირუსები ახალ მუტაციებს გარკვეული რეგულარული სიხშირით იძენენ და მათი გენეტიკური ანალიზი გვაძლევს საშუალებას, დავადგინოთ, როდის გამოეყვნენ ისინი საერთო წინაპარს. ამ მსუბუქი კორონავირუსების უმეტესობამ, სახელწოდებით HCoV-HKU1, სახეობრივი ბარიერი 1950 წელს გადალახეს. ყველაზე ძველი, სახელად HCoV-HKU1, შესაძლოა 830 წლის იყოს. თუმცა, ამ თარიღზე უფრო ადრე კორონავირუსის კვალი ცივდებოდა, ვიდრე დოქტორ ენარდმა თავის კოლეგებთან ერთად კვლევის ახალი მეთოდი არ გამოიყენა კორონავირუსების ისტორიაში ჩასახედად. იმის ნაცვლად, რომ კორონავირუსების გენები შეესწავლათ, მათ ადამიანების დნმ-ზე კორონავირუსის ზეგავლენა შეისწავლეს.
თაობათა განმავლობაში, ვირუსები იწვევენ ცვლილებებს ადამიანის გენომში. Მუტაცია, რომელიც ვირუსული ინფექციისგან გვიცავს (მაგალითად, მუტაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დავშალოთ ვირუსის ცილები) სასიცოცხლოდაა აუცილებელი და ამრიგად, უფრო ხშირად გადაეცება მომდევნო თაობას, ვიდრე ამავე გენის ალტერნატიული ალელი (ვარიანტი), რომელიც ამ უპირატესობას არ გვაძლევს. საპასუხოდ ვირუსებიც განიცდიან ევოლუციას. მათი ცილები იცვლიან ფორმას, რათა გადალახონ მასპინძლის თავდაცვის მექანიზმები და ეს ცვლილებები თავის მხრივ მასპინძელში კონტრთავდაცვას წაახალისებს.
როდესაც ხდება შემთხვევით მუტაცია, რომელიც ვირუსისადმი რეზისტენტულს გვხდის, ამ მუტაციის სიხშირე პოპულაციაში იმატებს. ამრიგად, თუ გენის ერთი ვერსია დომინირებს სხვებზე ადამიანთა დიდ ჯგუფში, მეცნიერებმა იციან, რომ ეს დიდი ალბათობით წარსულში სწრაფი ევოლუციის შედეგია.
გასული წლების განმავლობაში, კვლევის ავტორები ეძებდნენ ადამიანის გენომში გენეტიკური ვარიაციების პატერნებს სხვადასხვა ვირუსის ისტორიის აღსადგენად. როდესაც პანდემია დაიწყო, ისინი დაინტერესდნენ, დატოვეს თუ არა ძველმა კორონავირუსებმა მსგავსი პატერნი.
კვლევაში ერთმანეთს 26 განსხვავებული პოპულაციიდან ათასობით ადამიანის დნმ შეადარეს. მეცნიერები ეძებდნენ გენებს, რომლებიც ცნობილია, რომ მნიშვნელოვანია კორონავირუსების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არა სხვა ტიპის პათოგენებთან საბრძოლველად. აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობაში მეცნიერებმა 42 ასეთი გენი აღმოაჩინეს, რომლებიც დომინანტური ვერსია იყო. ეს იყო იმის ცალსახა ნიშანი, რომ აღმოსავლეთ აზიაში მყოფი ადამიანები ადაპტირებული იყვნენ ძველისძველ კორონავირუსთან.
„ეს საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩენაა. როგორც ჩანს, რაც ახლა ხდება, თაობათა განმავლობაში ხდებოდა წარსულში. ჩვენი კვლევის მთავარი მიგნების თანახმად, თუ არ მივაღწევთ ვაქცინაციის მაღალ პროცენტს, პანდემია მრავალი თაობის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. მეორე მნიშვნელოვანი დასკვნაა, რომ გენები, რომლებიც წარსულში ძველი კოროანვირუსის საპასუხოდ ადაპტირდნენ, შესაძლოა წარმოადგენდნენ კარგ სამიზნეს წამლებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სახელური, რომელსაც წარსულში ევოლუცია იყენებდა“, – გვითხრა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, არიზონას უნივერსიტეტის ევოლუციურმა ბიოლოგმა, დევიდ ენარდმა.
რაც აღმოსავლეთ აზიაში მოხდა, როგორც ჩანს, ამ რეგიონით იყო შემოფარგლული. „როდესაც ისინი მსოფლიოს გარშემო სხვა პოპულაციებს შევადარეთ, იგივე სიგნალი ვერ ვიპოვეთ”, – ამბობს იესინე სოულმი, კვლევის თანაავტორი და ადელაიდეს უნივერსიტეტის ევოლუციური გენეტიკოსი.
შემდეგ, მეცნიერებმა სცადეს იმის განსაზღვრა, როდის ადაპტირდნენ აღმოსავლეთ აზიელები კორონავირუსთან. მათ ისარგებლეს იმ ფაქტით, რომ როდესაც გენის დომინანტური ვერსია გადაეცემა თაობიდან თაობას, ის უვნებელ შემთხვევით მუტაციებს იძენს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი მსგავსი მუტაცია გროვდება.
მათ აღმოაჩინეს, რომ ამ 42 გენს მუტაციათა თითქმის ერთნაირი რაოდენობა ჰქონდა.
„ეს არის სიგნალი, რომელსაც შემთხვევითობას ვერ მივაწერთ“, – ამბობს ენარდი. მათი გამოთვლებით, ამ გენების ანტივირუსული მუტაციები დაახლოებით 20 000 – 25 000 წლის წინ წარმოიშვა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ეს საოცარი აღმოჩენაა, ვინაიდან აღმოსავლეთ აზიელები მაშინ მჭიდრო დასახლებებში კი არ ცხოვრობდნენ, არამედ ცხოვრობდნენ როგორც მონადირე-შემგროვებლების მცირე ჯგუფები.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკოსი აიდა ანდრესი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ კვლევამ მაღალი ხარისხის მტკიცებულებები მოიპოვა. იგი ასევე ეთანხმება, რომ ეს 42 გენი, რომელიც ძველი კორონავირუსის წინააღმდეგ გაჩნდა, მნიშვნელოვანი მიგნებაა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ წამლების შემსამუშავებლად და მათ სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს. თუმცა პროფესორი ანდრესი ასევე დასძენს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, როდის დაიწყო ეს ეპიდემია. „დროის განსაზღვრა რთული საქმეა – რამდენიმე ათასი წლით უფრო ადრე თუ გვიან, ამაში დარწმუნებული არ ვართ”.