საქართველო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია: მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროკომისიის სხდომაზე ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს, დეკემბერში კი ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაადასტურონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა.
გასცემს თუ არა ევროკომისია დადებით რეკომენდაციას და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის საქართველოს მხრიდან? როგორ სრულდება ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, როგორც ქართულ მედიაში მოიხსენიებენ, 12 ნაბიჯი, და რა გამოწვევები აქვს ქვეყანას დასაძლევი სტატუსის მისაღებად?
აპრილის ბოლოს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობის შესრულების შესახებ შეფასება – ე.წ „კანდიდატის სტატუსმეტრი“ გამოაქვეყნეს, რომელიც 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტი „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით მომზადდა და სამუშაო პროცესში 8 ორგანიზაცია იყო ჩართული.
ეს პუნქტებია:
N1: დეპოლარიზაცია
N2: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები
N3: დამოუკიდებელი სასამართლო
N4: ანტიკორუფციული ზომები
N5: დეოლიგარქიზაცია
N6: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
N7: მედია
N8: მოწყვლადი ჯგუფები
N9: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა
N10: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
N11: ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება
N12: დამოუკიდებელი სახალხო დამცველი
დასკვნის თანახმად, ამ ეტაპზე სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი პუნქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას გულისხმობს. დიდწილად შესრულებულია ორი პირობა: რეკომენდაციები გენდერული თანასწორობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით; ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი და შესასრულებელია ევროკავშირის კიდევ ხუთი პირობა. ანუ დღეის მონაცემებით გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა ან არ არის შესრულებული, ან მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა მათი გათვალისწინება.
რას ამბობენ ექსპერტები
„ფონდი ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელი პოზიცია და პერსპექტივები სულ რამდენიმე წლის წინაც კი რთული წარმოსადგენი იყო – ევროინტეგრაცია ასე ახლოს და ასე რეალური არასდროს ყოფილა, თუმცა სხვადასხვა ფაქტორებმა გასულ წელს ეს შანსი ხელიდან გაგვაშვებინა, რისი გამეორებაც ახლა აღარ უნდა დავუშვათ.
„ევროპული პერსპექტივა ეძლევა ევროპულ სახელმწიფოს. ვფიქრობ, მიზეზი, რის გამოც საქართველოს იმ ეტაპზე უარი ეთქვა, ორი რამით იყო განპირობებული: პირველ რიგში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება ევროპული არჩევანის და ევროპული გზის, მეორე კი ის, რომ იმ შესაძლებლობების ფანჯარას, საქართველო არცთუ ისე სასურველ ფორმაში შეხვდა და ნაბიჯები, რომლებიც იმ პერიოდში გადაიდგა, ხელს უშლიდა ჩვენს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით”.
ჩხიკვაძე ამბობს, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ რაღაც ეკონომიკურ კლუბთან შეერთება, ეს ასევე არის ევროპული ღირებულებების ერთგულება და ზუსტად ამ კუთხით იყო პრობლემები“.
ვანო ჩხიკვაძე საუბრობს ბოლო წლებში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით შექმნილ სერიოზულ პრობლემებზე. გამოყოფს 5 ივლისის მოვლენებს და დემონსტრანტებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და აგრესიის ფაქტებს. მისი თქმით, ამ ყველაფრის დამკვეთები დღემდე გარეთ არიან და ხელისუფლებას არავითარი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ კუთხით. პრობლემურია თანასწორობის და მართლმსაჯულების საკითხებიც:
„საერთაშორისო ანგარიშებში, იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში, თანასწორობის მხრივ მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული. პრობლემად რჩება მართლმსაჯულების რეფორმაც. ახლახან აშშ–ს მხრიდან სამ მოსამართლეს სანქციები დაუწესდა, ასე რომ, ჯამში ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ“.
ევროინტეგრაციის შემაფერხებელ კიდევ ერთ მთავარ ფაქტორად სამოქალაქო სექტორი მედიაში არსებულ გამოწვევებს მიიჩნევს. ევროკავშირის რეკომენდაციებში პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნა და ასევე ის, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. აქ აქცენტი, რა თქმა უნდა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტზე კეთდება, რომელიც უკვე 1 წელია, ციხეშია 220-ე მუხლის დარღვევის ბრალდებით, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს ვანო ჩხიკვაძე და ფიქრობს, რომ მისი პატიმრობა როგორც შარშან, ისე ახლა ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
დამოუკიდებელი ონლაინ მედია გამოცემის, „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და რედაქტორი, ნესტან ცეცხლაძე მედიის გამოწვევებზე საუბრისას ასევე განსაკუთრებით მწვავე თემად მიიჩნევს გვარამიას პატიმრობას და ამას როგორც მედიისთვის, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის სერიოზულ უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს:
„უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აფასებს ამ პატიმრობას, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, თუმცა, ის მაინც რჩება ციხეში. ეს არის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს ამ 12 რეკომენდაციის შესრულებისას. მგონი, ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ მუხლით არის გასამართლებული. მაშინ, როცა მედია აშუქებს უამრავ ფაქტს კორუფციაზე და ჩვენ ვხედავთ ჩინოვნიკებს, რომლებიც მუდმივად იყენებენ სამსახურებრივ ავტომანქანებს პირადი მიზნებისთვის, ამ ფონზე კრიტიკული, კერძო ტელევიზიის დირექტორის დაჭერა, რა თქმა უნდა, მრავლისმეტყველი ფაქტია და ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.
ცეცხლაძე ამბობს, რომ ვიღაცას შესაძლოა არ მოსწონდეს ნიკა გვარამია, არ მოსწონდეს ის ჟურნალისტური სტანდარტი, რასაც გვარამია ნერგავდა, „მაგრამ ჩვენ ამას უნდა შევხედოთ სამართლებრივად და სამართლებრივი ხედვით ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს დამოუკიდებელ მედიას არ ეხება, ამ ამბავს აქვს ძალიან მწვავე, მსუსხავი ეფექტი, რომ ყველა მედიის წარმომადგენელი შეიძლება აღმოჩნდეს, ციხეში“.
ნესტან ცეცხლაძე გვარამიას გათავისუფლების ერთადერთ სამართლებრივ ბერკეტს ამ მომენტისთვის პრეზიდენტის მიერ მის შეწყალებას მიიჩნევს. ამ მოთხოვნით ის მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 3 მაისს, პრესის თავისუფლების დღეს პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ აქციაზეც იყო გასული.
მედიის პრობლემები, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება. ბოლო წლებში დემონსტრაციებისას ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათი აპარატურის დაზიანებისა და საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა დიდი ნაწილიც სათანადოდ გამოძიებული არ არის. პრობლემად რჩება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საკითხიც. გამოწვევაა ასევე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიებისთვის რეკლამაც, რადგან ბიზნესი მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ერიდება ინვესტიციის ჩადებას მედიაში, სადაც ხშირად ისმის ხელისუფლების კრიტიკა.
ნესტან ცეცხლაძე ფიქრობს, რომ ამ 12 პუნქტში მედია გარემოსთან დაკავშირებული საკითხების შეტანა უკვე მიუთითებს, როგორი გამოწვევების წინაშეა საქართველო ამ მიმართულებით „იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება ფოკუსირებული ყოფილიყო იმაზე, რომ ეს პუნქტი დაეკმაყოფილებინა, პირიქით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მხარი დაუჭირა ისეთ კანონპროექტს, რომელიც არათუ გააუმჯობესებდა მედიაგარემოს, არამედ საერთოდ გააქრობდა დამოუკიდებელ მედიაგამოცემებს (საუბარია ე.წ. აგენტების შესახებ რუსული ყაიდის კანონზე). ამ ერთ–ერი პუნქტის ფაქტობრივად საბოტაჟი იყო ამ კანონპროექტის მხარდაჭერა. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მაგალითად, ჩვენი გამოცემები: „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, ისევე როგორც სხვა დამოუკიდებელი მედიები, რომელთა დაფინანსების მთავარი წყარო არის საერთაშორისო გრანტები, პრაქტიკულად დაიხურებოდა, ან მოხდებოდა მათი დისკრედიტაცია და ამ იარლიყის ქვეშ მოუწვდათ მუშაობა. თუმცა მეეჭვება, რომ რომელიმე მედიას ეს არჩევანი გაეკეთებინა და უმეტესობა დაიხურებოდა“.
საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გარდა, მედიის ახალი გამოწვევა ბოლო პერიოდში პარლამენტში განხორციელებული ცვლილებაა. თებერვალში გამოცემული ბრძანებულების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ, ანუ როგორც ცეცხლაძე ამბობს, თუ რომელიმე დეპუტატს ჟურნალისტის კითხვა არასასურველად მოეჩვენება და არ მოეწონება, მას შესაძლოა პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერონ.
„მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა, როცა რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს უკვე შეუჩერეს აკრედიტაცია. ეს არის წარმოუდგენელი რამ, პარლამენტი იყო ერთადერთი სივრცე საჯარო დაწესებულებებიდან, სადაც ჟურნალისტებს მეტ–ნაკლებად თავისუფლად შეეძლოთ დაესვათ შეკითხვები დეპუტატებისთვის. სწორედ ამის შესაზღუდად არის ეს ახალი რეგულაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს“, – ამბობს ნესტან ცეცხლაძე.
როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, იმის ილუზია, რომ საქართველო ოქტომბრამდე ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ბოლომდე შეასრულებს, არავის უნდა ჰქონდეს. თუმცა, მთავარია, ქვეყანამ სწორი მიმართულება აჩვენოს და დაარწმუნოს ევროპელი პარტნიორები, რომ სათანადო ნაბიჯებს დგამს სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, რომელიც საეჭვოა უახლოეს მომავალში გამოსწორდეს, პოლიტიკური პოლარიზაციაა. ეს თემა ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულიდან, შარლ მიშელის საქართველოში მომრიგებლური ვიზიტების დროიდან არის აქტუალური, როცა ევროსაბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ ძალებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, თუმცა, ამან შედეგი მაინც ვერ გამოიღო და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. კომპრომისზე წასვლა არც ოპოზიციას სურს და არც ხელისუფლებას, თუმცა, როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, ამ ამბავში ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის და ამის ნათელ მაგალითად მათ მიერ ინიციირებული აგენტების კანონს ასახელებს, რამაც დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდა.
რა შესრულდა
ამ ეტაპზე სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი რეკომენდაცია, რაც საქართველოს სასამართლოების მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინებას გულისხმობს.
მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული გენდერული თანასწორობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებითაც.
ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი, იურისტი და ქალთა უფლებების აქტივისტი, ბაია პატარაია მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავად იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი ამხელა წონას აძლევს გენდერული თანასწორობის საკითხს და 12 რეკომენდაციაში ცალკე გამოყოფს ამ თემას.
„ეს, ცხადია, დღის წესრიგში აჩენს ქალების საკითხს და პოლიტიკურ მნიშვნელობას სძენს ამას, რაც თავისთავად მისასალმებელია. მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ განიმარტება ეს რეკომენდაცია და რა ნაწილში გვაქვს პრობლემა“, – ამბობს ბაია პატარაია და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სხვა დოკუმენტებში, რომლებიც საქართველოს ეხება, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში სრულყოფილად უნდა მოხდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება (ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, რომელიც 2011 წლის მაისში სტამბოლში იქნა მიღებული).
„საქართველო რატიფიცირებული აქვს ეს კონვენცია, მაგრამ აქვს ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი და ჩამორჩენა. ეს არის სქესობრივი დანაშაულების განმარტება. ჩვენთან გაუპატიურება არ განიმარტება, როგორც თანხმობის ნაკლებობა, არამედ განიმარტება როგორც ძალადობრივი აქტი, რაც იმას გულისხმობს, რომ სხვა ტიპის ძალადობაც უნდა იყოს განხორციელებული ქალზე, რომ ჩვენ გაუპატიურების დანაშაული დავინახოთ. მაგალითად, ქალი უნდა იყოს ნაცემი. იმისთვის, რომ სრულყოფილად შესრულებულად ჩაითვალოს ეს მე-9 რეკომენდაცია, რომელიც ქალებს ეხება, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და თანხმობის ნაკლებობად ჩაითვალოს დანაშაულის მთავარ მაკვალიფიცირებელ ნიშნად“.
პატარაია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, შევიდა ცვლილებები კანონში და გატარდა გარკვეული რეფორმები. მაგალითად, ქალთა ორგანიზაციების მოთხოვნით მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა. რამდენიმე ინიციატივა თავად ხელისუფლებამაც გამოიჩინა და შეასრულა კიდეც, რომელთა შორისაც იყო მიმდინარე წლის მარტში მიღებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია. მოხდა პოლიციის და პროკურატურის გადამზადება ახალი გაიდლაინებით, რომლებიც თანხვედრაშია სტამბოლის კონვენციასთან.
„საერთოდ იმ ჯგუფების უფლებები უფრო არის ხოლმე დაცული, რომლებიც აქტიურად იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავად და ახერხებენ საზოგადოების მობილიზებას მათი მოთხოვნების გარშემო. ქალები მოწყვლადი ჯგუფია, მაგრამ უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია და მათი უფლებებისთვის ბრძოლაში ისინი ძალიან აქტიურობენ. ვფიქრობ, ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა პროგრესი ამ მიმართულებით“.
თუმცა, როგორც „ საფარის“ დირექტორი ამბობს, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, საქართველოში არც ისე აქტიურად იყენებენ ელექტრონულ სამაჯურს, რომელიც აქ სიახლეა და ზოგადი გამოცდილებით კარგად მუშაობს. ასევე, პოლიცია ყოველთვის სათანადოდ არ მუშაობს მსხვერპლთან და რისკების შეფასება სწორად არ ხდება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაინც გაუპატიურების კლასიფიკაცია რჩება.
„პარლამენტს ეს წინადადება ინიციირებული არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ „საფარსაც“ და სხვა ორგანიზაციებსაც მომზადებული აქვს პროექტი. ცოტა გაუგებარია, რატომ არ სურს და რატომ წელავს სახელმწიფო ამ საკანონმდებლო რეგულაციის მიღებას“, – ამბობს ბაია პატარაია.
რატომ ევროკავშირი
ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. თუმცა, სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რას მოიაზრებს ევროინტეგრაცია და რას მოგვცემს ის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შეიძლება ბევრს არ ჰქონდეს. გარდა ამისა, ქვეყანაში არიან ევროსკეპტიკურად განწყობილი ჯგუფებიც, სხვადასხვა შიშებითა და ეჭვებით ევროპული ცხოვრების წესის და სტანდარტების მიმართ. ამისთვის კი საჭიროა, კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოსახლეობასთან და მათთვის ევროინტეგრაციის სასარგებლო მხარეებისა და პერსპექტივების კარგად გაცნობა.
მაგალითად, დიდწილად სწორედ ევროკავშირის და ასოცირების ხელშეკრულების დამსახურებაა ის, რომ საქართველოში შეიქმნა შრომის ინსპექცია, რის შედეგადაც უკვე სახეზეა ბოლო წლებში სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობის კლება. თუმცა, შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროინტეგრაციის ნაწილი იყო ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონი. ევროკავშირის ინიციატივით ხორციელდება საქართველოში საგრანტო პროგრამები სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ მოხდა ვიზალიბერალიზაცია და ა.შ.
ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ აუცილებელია, მოსახლეობასთან სწორად მოხდეს ამ ინფორმაციის მიტანა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა აქამდე და როგორ დაეხმარა ეს მოქალაქეებს.
„საჭიროა მუდმივი კავშირი მოქალაქეებთან და კარგად ახსნა, რომ ეს ყველაფერი ევროინტეგრაციის შედეგია, და რომ არა ეს პროცესი, შეიძლება ბევრი რაღაც საერთოდ არ ყოფილიყო. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ გავაგრძელოთ რეკომენდაციების შესრულება, რადგან თუ საქართველო წავა ევროპული მიმართულებით, ის ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე შეუსრულებელია, წინ დაგვხვდება. ეს პირობითობის პრინციპი, რომელიც დღეს მოქმედებს, ჩვენ ბოლომდე გაგვყვება, სანამ საბოლოოდ არ გავხდებით ევროკავშირის წევრები და შეიძლება მერეც, საქართველოს ყოველთვის ექნება პირობები შესასრულებელი. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია ქვეყნისთვის, რადგან ზუსტად ეს პირობები და მათი შესრულება არის ბერკეტი სამოქალაქო საზოგადოების ხელში, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ქვეყანა“.