14 ამბავი „არნახულ არაბულ ინვესტიციაზე“

ბასტი მგალობლიშვილი

არაბული კომპანია „იგლ ჰილსი“ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეთანხმებით თბილისსა და გონიოში ორი გიგანტური პროექტის განხორციელებას გეგმავს. თუმცა მისი მასშტაბისა და საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არაერთი შეკითხვა უპასუხოდ არის დარჩენილი.

სინამდვილეში რა ტიპის ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს სახელმწიფო ასეთი პარტნიორობით? როგორ აისახება პროექტი საცხოვრისის ხელმისაწვდომობაზე, რომელიც შესაძლოა მეტწილად უცხოელ მყიდველზე იყოს გათვლილი? რა გავლენა ექნება ამ პროექტებს ქალაქების ურბანულ სტრუქტურასა და ეკოლოგიურ ბალანსზე? რამდენად მნიშვნელოვანია კრწანისის ტყე-პარკის ეკოსისტემა დედაქალაქისთვის და რა ზეგავლენა ექნება მასზე მასშტაბურ მშენებლობას? გონიოს პროექტის შემთხვევაში, რა ეკოლოგიური საფრთხეებია მოსალოდნელი სანაპირო ზოლსა და ფრინველთა მიგრაციის ზონაში? რამდენად დასაშვებია, რომ სახელმწიფოს მიერ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გამოცხადდეს კომერციულ საიდუმლოდ? რა რისკებს უკავშირდება ასეთი გადაწყვეტილება? – ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ პერიოდულად სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა კვალიფიციურ შეფასებებს შემოგთავაზებთ.

მანამდე კი მოკლედ გაეცანით 14 ამბავს – რა ვიცით საქართველოში დაგეგმილი პროექტების შესახებ:

1. ირაკლი კობახიძემ „საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ“ საზოგადოებას პირველად იანვარში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ამცნო. მემორანდუმს ხელი საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში მოეწერა.

2. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი 19 სექტემბერს ერთდღიანი ვიზიტით საქართველოს ესტუმრა და შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. პარტიის პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა დაგეგმილი ინვესტიციის საკითხი განიხილეს.

3. საქართველოში ამ ინვესტიციას განახორციელებს კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“, რომლის დირექტორიც ეგვიპტისა და საამიროების ორმაგი მოქალაქე, ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანია. კომპანიას ფლობს საამიროებში რეგისტრირებული შპს „იგლ ჰილსდეველოპმენტ ჰოლდინგსლიმიტედი“. ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობს მოჰამედ ალაბარი, „Emaar Properties“ დამფუძნებელი. შეთანხმებას საქართველოში ხელი 22 ოქტომბერს მოეწერა.

4. მაღალჩინოსნების ნაწილი ამბობს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია, მეორე ნაწილი 6.5 მილიარდ დოლარს ასახელებს, ნაწილი კი – 6.6 მილიარდ დოლარს. დეტალური ფინანსური გეგმა ამ ეტაპზე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. მათივე თქმით, პროექტებზე საქართველოს ათასობით მოქალაქე დასაქმდება. კობახიძის განცხადებით, პროექტი 16 ათასი საცხოვრებელი ბინისა და სახლის, 1400-ზე მეტი სასტუმროს ნომრის მშენებლობას ითვალისწინებს.

5. ერთი პროექტი გულისხმობს თბილისში, კრწანისის ტყე-პარკსა და მის მიმდებარედ 600 ჰექტარზე „ახალი მწვანე ქალაქის“ აშენებას. კომპანიის საიტის მიხედვით, იგეგმება პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლების, რესტორნებისა და ბარების, გასართობი სივრცეების მშენებლობა.

6. როგორც გარემოს დამცველი ორგანიზაცია CENN აღწერს, კრწანისის ტყე-პარკი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ბიომრავალფეროვნებით ყველაზე მდიდარი ადგილია. პარკში 5 ტბა და ბუნებრივი ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ეკოსისტემაა წარმოდგენილი, მათ შორის ხე-მცენარეთა ისეთი სახეობები, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. კრწანისის ტყე-პარკის ფრინველებს გაეცანით ამ გზამკვლევში გაეცნობით.

„თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე კრწანისის ტყეპარკი 1958 წელს დაარსდა. 200 ჰექტარი ფართობის მქონე რეკრეაციული ტერიტორია მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას წარმოადგენს და ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთელი წლის განმავლობაში კრწანისის ტყეპარკში 100-ზეტი სახეობის მობინადრე თუ გადამფრენი ფრინველი იყრის თავს, მათ შორისაა წითელი ნუსხაში შესული კოლხური ხოხობიც. შესაბამისად, კრწანისის ტყეპარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის. ულამაზესი ხეივნებით გაფორმებული ბილიკები იდეალურია ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისთვის, პიკნიკების, და საგანმანათლებლო ტურებისთვის“, – ვკითხულობთ გარემოს დაცვის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს პორტალზე.

ფოტო: ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

7. მეორე პროექტი კი იგეგმება გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე. კომპანიის საიტის მიხედვით, დაგეგმილია იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და ბარ-რესტორნების მშენებლობა.

8. ირაკლი კობახიძის 17 მარტის განკარგულებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა „უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას, საჭიროებიდან გამომდინარე, „ზურმუხტის ქსელის“ ფარგლებში დაცული საზღვრების კორექტირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“. 

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ჭოროხის დელტასთან, რომელიც ზურმუხტის ტერიტორიაა. მრავალფეროვანი ორნითოფაუნის გამო ჭოროხის დელტა აღიარებულია ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დაცულ ტერიტორიად (SPA- Special protected area) და ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიად (IBA – Important Bird Area). აქ ათობით სხვადასხვა სახეობის ფრინველს შეხვდებით. 

ზურმუხტის ქსელი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის (ბერნის კონვენცია) დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომელიც კონვენციით განსაზღვრული სახეობების დაცვას უზრუნველყოფს, მათი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნების გზით.

საქართველო, ბერნის კონვენციას, პარლამენტის 2008 წლის 30 დეკემბრის №940 დადგენილებით შეუერთდა. ამგვარად, სახელმწიფო ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ზურმუხტის ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებაში. 

ზურმუხტის ქსელზე პასუხისმგებლობა, საქართველოს მთავრობას, ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ფარგლებშიც აქვს აღებული, რაც 2014 წლის ასოცირების შესახებ შეთანხმებით რეგულირდება.

9. ირაკლი კობახიძის აგვისტოს განკარგულებით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ პოლიგონის განაღმვისათვის საჭირო ტექნიკის გამარტივებული შესყიდვა დაევალა. 

ტერიტორიის ფეთქებადსაშიში საგნებისგან გასაწმენდად „დელტამ“ საქართველოში რეგისტრირებული თურქული კომპანიისგან 1 184 720 აშშ დოლარის ტექნიკა შეიძინა.

10. ირაკლი კობახიძის განკარგულებით, კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადდა კომპანიასთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, აქციონერთა შეთანხმება და მათი თანმხლები დოკუმენტები. 

11. „ოცნების“ ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო გახდა პროექტის თანაპარტნიორი და საერთო საწარმოში 33% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება. 

12. კომპანიის გაყიდვების ოფისი გაიხსნა კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის აშენდა როგორც კინოთეატრი და მისი ფუნქცია აქამდე არ შეცვლილა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შენობა დაკეტილი იყო.

ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 8 აგვისტოს გასცა. სამუშაოების შედეგად შეიცვალა შენობის იერსახე. ოფისის გახსნას „ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის წევრები და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

13. კომპანია Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალაბარმა „იმედის“ ეთერში გააკეთა კომენტარი, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა: 

„რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ნახევარი, 60%-იც კი საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი, შესაბამისად, სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა. ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელთაც ეს ქვეყანა მოსწონთ და უყვართ, ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება, შესაძლოა აქ საცხოვრებლად გადმოსვლაც სურდეთ“, – განაცხადა ალაბარმა.

14. სერბეთში Eagle Hills-თან დაკავშირებულ „გაუმჭვირვალე პროექტს“ ათასობით ადამიანი აპროტესტებდა. მით უფრო 2016 წლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ნიღბიანები უნომრო ტექნიკით შეიჭრნენ საპროექტო ტერიტორიაზე და იქ მდებარე ნაგებობები დაანგრიეს, თვითმხილველები კი გაკოჭეს და ტელეფონები წაართვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ შემთხვევის ერთ-ერთი მოწმე მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.

კომპანიას ბუდაპეშტშიც ჰქონდა დაგეგმილი მასშტაბური პროექტი, რომელიც მკაცრად გააკრიტიკეს ქალაქის მერმა და ურბანისტებმა. მიწაზე პრიორიტეტული უფლებები ადგილობრივ კომუნალურ კომპანიებს ჰქონდათ, და საბოლოოდ, სამართლებრივი და პოლიტიკური წნეხის გამო პროექტი შეჩერდა. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ასეთი მეგაპროექტები ინფრასტრუქტურას გადატვირთავდა და ადგილობრივ მცირე ბიზნესს უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენებდა.

სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი პრესის მიხედვით, ალაბართან დაკავშირებული კომპანიები არაერთ სკანდალში გაეხვა. „პუბლიკა“ ამ საკითხებზეც პერიოდულად შემოგთავაზებთ მასალებს.