სტატია გამოქვეყნდა გამოცემა VOX-ზე.
ავტორი: შონ ილინგი
„ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ჩინეთიდან ერთი ადამიანი ჩამოვიდა და ყველაფერი კოტროლქვეშაა. ყველაფერი კარგად მიდის“ – ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პასუხი 22 იანვარს, როცა მას CNBC-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა სანერვიულოდ საქმე. ახლა პრეზიდენტის ტონი მკვეთრად შეცვლილია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრესკონფერენციები კვლავ უზუსტო და შეუსაბამოა რეალობასთან. წერს გამოცემა VOX -ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი შონ ილინგი.
ვირუსის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ახლა არაკეთილსინდისიერი და საშიშია, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება. სიმართლის ართქმა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რაც საზოგადოებას უნდობლობის განცდას უჩენს ხელისუფლებისადმი. ეს კი დიდი პრობლემაა.
ისტორიკოსი ჯონ ბერი აცხადებს, რომ 1918 წლის გრიპის ეპიდემიის გაკვეთილი – ოფიციალური პირების მხრიდან სიმართლის დამალვა – მაშინ, 1918 წელს, შეცდომა იყო. სიმართლე უნდა ეთქვათ, რამდენადაც რთული მოსასმენი არ უნდა ყოფილიყო ეს.
„ხელისუფლებისადმი ნდობა ჩამოიშალა, ხოლო მისი საფუძველი კი ემყარება საზოგადოების ნდობას”, – წერდა ჯონ ბერი New York Times-ის ერთ-ერთ სვეტში. „ხალხმა არ იცოდა, ვისთვის უნდა დაეჯერებინათ და რა დაეჯერებინათ, და ამიტომაც მათ ერთმანეთის ნდობაც დაკარგეს. ისინი ერთმანეთისგან გაუცხოვდნენ, იზოლირებულნი გახდნენ“.
ისტორიკოსმა ჯონ ბერმა დაწერა წიგნი 1918 წლის გრიპის პანდემიაზე. სტატიის ავტორი შონ ილინგი ესაუბრა ბერის, თუ რად დაუჯდა საზოგადოებას 1918 წლის ტყუილი. მეორდება თუ არა 1918 წლის შეცდომები და როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმასა და პანიკის დათესვას შორის ბალანსის დაცვა?
შონ ილინგი: ჰგავს თუ არა ახალი კორონავირუსული ინფექცია 1918 წლის გრიპის ინფექციას?
ჯონ ბერი: სხვა არცერთი ინფექცია არ ყოფილა ასე ახლოს. 2009 წელს H1N1 ვირუსის გავრცელებისას დასაწყისში იყო რეალისტური შიშები, რომ ის იქნებოდა ძალიან მძიმე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინფექცია იყო მსუბუქი. ასე რომ, 1918 წლის გრიპის ვირუსთან ასე ახლოს ჯერ არაფერი გვინახავს. თუ ეს ვირუსი ამ თაობაში მხოლოდ ერთხელ გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გაგვიმართლა.
შონ ილინგი: განსხვავდება თუ არა დღევანდელი სიტუაცია 1918 წლის მდგომარეობისგან?
ჯონ ბერი: ყველაზე დიდი განსხვავება არის ასაკობრივ ჯგუფში. 1918 წელს დაღუპულთა უმრავლესობა 18 წლიდან 45 წლამდე იყო. დაინფიცირებულთა შორის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ასაკოვანი. 1918 წელს (ეპიდემიისას) გარდაცვლილთა 90% 65 წელს ქვემოთ იყო. როგორც ჩანს, 1918 წელს ასაკოვანმა ხალხმა ეს ან მსგავსი ვირუსი ახალგაზრდობაში გადაიტანეს მსუბუქი ფორმებით და შემდეგ ისინი, სავარაუდოდ, იმუნიტეტმა დაიცვა.
პოზიტიური განსხვავება ისაა, რომ მიუხედავად იმისა, კორონავირუსული ინფექცია სწრაფად გადამდებია, ფატალური შედეგი ახლა უფრო დაბალია, ვიდრე ეს 1918 წელს იყო.
1918 წელს ამ პამდემიამ 50-დან 100 მილიონ ადამიანი შეიწირა.
შონ ილინგი: რა იყო 1918 წელს მთავრობების, ადგილობრივი თემების თუ მოქალაქეების ყველაზე დიდი შეცდომა?
ჯონ ბერი: მთავრობა ცრუობდა. ისინი ყველაფერს იტყუებოდნენ. საზოგადოება მაშინ ომში იყო. ჯანდაცვის წარმომადგენლები ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გრიპი სხვა სახელით.
შონ ილინგი: რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ტყუილი?
ჯონ ბერი: დიდხანს არა, მოსახლეობამ სწრაფად შენიშნა ეს. მათ დაინახეს, რომ მათი მეზობლები პირველი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 24 საათის განმავლობაში კვდებოდნენ. ხალხი ქუჩაში დადიოდა. მათ ცხვირ-პირიდან სისხლდენა ჰქონდათ და ეს იყო საზარელი სანახავი. ისინი მალე მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გრიპი.
შონ ილინგი: რა შედეგი მოჰყვა ამ ტყუილს?
ჯონ ბარი: ეს იყო კატასტროფა. ხალხმა ყველაფრის მიმართ დაკარგა ნდობა და რწმენა, უპირველესად მთავრობის მიმართ. ისინი უფრო განცალკევებულნი და იზოლირებულნი გახდნენ ერთმანეთთან მიმართებაშიც. რაც ყველაზე ცუდი ინსტინქტია ამ მასშტაბის კრიზისში.
უმეტესად კატასტროფების დროს ადამიანები ერთიანდებიან. ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, დიდი სოციალური გაერთიანებები იშლებოდა, იყო კონფლიქტები. ჩემს წიგნში მე აღვწერე ნდობის თანდათანობითი ჩამოშლა საზოგადოების ყველა ნაწილში.
ამას ასევე მოჰყვა პრაქტიკული შედეგებიც. უნდობლობის შედეგი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სწრაფი ზომების მიღება.
საზოგადოებას აღარ სჯეროდა, რასაც მთავრობა ამბობდა. უკვე იმ დროისთვის, როცა მთავრობა იძულებული გახდა ბოლომდე გამჭვირვალე ყოფილიყო, ეს უკვე დაგვიანებული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან. იმ დროისთვის ვირუსი მოსახლეობაში ფართოდ იყო გავრცელებული.
ასე რომ, მათი ტყუილი ბევრი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდა.
ზოგიერთ ადგილას უკეთ უმკლავდებოდნენ გამოწვევებს, რა თქმა უნდა. წითელი ჯვრის ცნობით, ზოგიერთ სოფელში ადამიანები შიმშილით კვდებოდნენ, რადგან ხალხს ეშინოდა საჭმლის მიტანა მათთვის. პანიკა და შიში იყო ამის მიზეზი.
შონ ილინგი: 1918 წლის პანდემიის შესწავლის შემდეგ, რას ფიქრობთ, ამ რთულ პერიოდში ადამიანებს უნდა მოვუყვეთ სრული სიმართლე თუ უნდა დავიცვათ ისინი პანიკისგან?
ჯონ ბერი: ეს რთული შეკითხვაა. მე არ მაქვს სამეცნიერო კვლევები დასადასტურებლად, რომ მე ვარ მართალი. მაგრამ, ჩემი აზრით, ხალხი უკეთ უმკლავდება სიმართლესა და რეალობას, ვიდრე გაურკვევლობას. თუ თქვენ უყურებთ საშინელებათა ფილმს, თქვენი წარმოდგენა მონსტრს მის გამოჩენამდე უფრო საშინლად ხედავს, ხოლო მას შემდეგ, რაც ის გამოჩნდება ეკრანზე და ის კონკრეტული გახდება, ის ნაკლებად საშიში ხდება, ვიდრე ეს მანამდე იყო.
ჩემი აზრით, სიმართლე არ უნდა მართოთ, სიმართლე უნდა ითქვას.
შონ ილინგი: პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაპირველად ეპიდემია ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩინა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველას ტონი შეიცვალა. ფიქრობთ თუ არა, რომ თავდაპირველი ტონი ძვირად დაუჯდათ?
ჯონ ბერი: რა თქმა უნდა. უცნაური ისაა, რომ აქამდე ტრამპის ინტერესში იყო გულწრფელობა. ეჭვგარეშეა, რომ მას დახურულ კარს მიღმა უთხრეს მკაცრი სიმართლე არსებული ვითარების შესახებ, მაგრამ მან საჯაროდ მინიმალურად წარმოაჩინა ეს. ჯერ კიდევ არ ვიცით და ვერ გავზომავთ, რად დაგვიჯდება ეს.
შონ ილინგი: როგორია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შეგრძნება ახლა, თუ შევადარებთ მას 1918 წელს?
ჯონ ბერი: არ შემიძლია იმის თქმა, რომ 1918 წელს იყო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა და ის ძალიან განსხვავდებოდა ქალაქიდან ქალაქში.
ახლა ჩვენ „ჩავისვარეთ“ პირველად ტესტირების დროს. ასევე, არ ვიცით მოსახლეობა სერიოზულად ითვალისწინებს გაფრთხილებას დისტანციის შესახებ თუ არა. რამდენად შეესაბამება ყველაფერი ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციებს, განმსაზღვრელი იქნება ის, თუ რამდენად დამძიმდება სიტუაცია და რა სისწრაფით. სამხრეთ კორეამ საკმაოდ ეფექტურად მოახერხა გამკლავება. არ ვიცი, ჩვენც თუ გვექნება მსგავსი წარმატება.
ჯერ ძალიან ადრეა.