27 წელი - დევნილები ღირსეული ცხოვრების მოლოდინში

მანონ ბოკუჩავა

აფხაზეთის კონფლიქტიდან 27 წელი გავიდა. მიუხედავად გასული თითქმის სამი ათეული წლისა, ქვეყანამ დღემდე ვერ შეძლო დევნილი ყველა ოჯახისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.  სხვადასხვა რეგიონში გაფანტული დევნილების ნაწილი ისევ იმ შენობებში ცხოვრობენ, რომლებიც საცხოვრებელი დანიშნულების სულაც არ არის. შესაბამისად, ადგილზე არცერთი საყოფაცხოვრებო კომუნიკაცია არ არის გაყვანილი. აქ ადამიანებს ერთი ოთახი აქვთ, რომელიც საძინებლის, მისაღებისა და აბაზანის ფუნქციას ითავსებს. თითქმის ყველა მსგავს ობიექტზე საპირფარეშო საერთო სარგებლობისაა. მოზარდები, პენსიონერები, შუა ხნის ადამიანები – სრულად არიან დამოკიდებული ბინების განაწილების სისტემის კეთილსინდისიერებაზე.

აქვთ უსამართლობის განცდა. გვიყვებიან, რომ საცხოვრებელი ფართები მათზე უკეთეს პირობებში მყოფმა ოჯახებმა უკვე დიდი ხნის წინ მიიღეს. ამბობენ, რომ სახელმწიფო ყველა დევნილს უნდა დაეხმაროს, მაგრამ გასათვალისწინებელია – „ვინ, სად და რა პირობებში ცხოვრობს“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი შამგონა

შამგონა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია. აქ დევნილების ორ კომპაქტურ დასახლებას ვსტუმრობთ. ორი შენობიდან არცერთი არ არის საცხოვრებელი დანიშნულების. ერთი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაა, ხოლო მეორე სოფლის ადმინისტრაციული კატეგორიის ობიექტი, რომელსაც „კანტორის“ შენობას უწოდებენ.

ე.წ კანტორის შენობა – აფხაზეთიდან დევნილების კომპაქტური დასახლება

ადგილობრივების თქმით, დღეს ე.წ კანტორის შენობაში 7 ოჯახი ცხოვრობს. მდგომარეობა ასეთია: არ აქვთ ბუნებრივი აირი, აბაზანა; შენობაში არ არის შეყვანილი სასმელი წყალი, სარგებლობენ ეზოში არსებული საერთო საპირფარეშოთი.

ოჯახები, რომელთაც ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ უკვე 25 წელზე მეტია, აქ ცხოვრობენ და „ბინის რიგში დგანან“.

ბინით დაკმაყოფილებას ითხოვს ადგილზე ჩაწერილი ჩვენი ყველა რესპონდენტი. განმარტავენ, რომ მათთვის უცნობი და გაუგებარი მიზეზით ხდება ოჯახებისთვის ქულების მინიჭება – ერთ წელს სხვა ქულას უწერენ, ხოლო მეორე წელს სხვას. ასევე დასძენენ, რომ „დევნილთა სამინისტრო“ მათ ბინებით დაკმაყოფილებას ყოველ საარჩევნო წელს ჰპირდება. ბოლო დაპირების თანახმად, „კანტორის“ შენობაში მცხოვრები ოჯახები 2020 წელს უნდა დააკმაყოფილონ. აფხაზეთიდან დევნილები ამ დაპირებას იმედიანად არ უყურებენ.

კლარა ჭაავა ამბობს, რომ ოჯახის ორ წევრთან ერთად 26 წელია ამ შენობაში ცხოვრობს. სასმელ წყალს ყოველდღე ეზოდან ეზიდება, ოთახში „იღებს აბაზანას“ და სარგებლობს საერთო საპირფარეშოთი, რომელიც „ანტისანიტარიის ბუდეა“. ოჯახი სახელმწიფოსგან ბინას ითხოვს. ჭაავა გვეუბნება, რომ სანამ „იმქვეყნად წავა“, ერთი დღე მაინც უნდა, ადამიანურად იცხოვროს – თავზე არ დააწვიმოს და ფანჯრიდან შემოსულმა ქარმა  არ გაყინოს.

 „სტუმრის მისაღები, საძინებელი, სამზარეულო, აბაზანა – ყველაფერი ერთ ოთახში გვაქვს. ეს არი არის ცხოვრება. წლებია, ვითხოვთ ბინით დაკმაყოფილებას. მოვა კომისია, ნახავს, რაც გვჭირს და წავა, სხვა არაფერი. ჩვენ თუ არ გვეკუთვნის ბინით დაკმაყოფილება, ასეთ პირობებში მყოფ ადამიანებს, აბა ვის ეკუთვნის?!“ – გვეუბნება კლარა ჭაავა.

ამავე შენობაში და ასეთივე პირობებში ცხოვრობს კარლო ჯოლოგუაც. მას გასულ წელს სოციალური დახმარება 10 ლარით შეუმცირეს. ამბობს, რომ მის ერთსულიან ოჯახს არაფერი შემატებია და არ იცის, სოციალურის ქულები რის გამო ჩამოაკლდა. ჯოლოგუა საუბრობს, რომ წლებია, გაუსაძლის პირობებში ერთ ოთახში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან ბინას ელის. მან არ იცის როდის დააკმაყოფილებენ ბინით. ამ ზამთრის გადატანა, მას შეშის ღუმლითა და ფანჯრის კუთხეებში ჩატენილი ცელოფნებით მოუწევს.

ე.წ კანტორის შენობაში ცხოვრობს გულნარა აქუბარდიაც. აწუხებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, რთული საყოფაცხოვრებო პირობების გამო არაერთხელ მიმართა სახელმწიფოს ბინით დროულად დაკმაყოფილების თხოვნით.

გულნარა აქუბარდიას საცხოვრებელი

ნატა აკობია კი გვიხსნის, რომ ამ შენობაში 1993 წლიდან ცხოვრობს და უკვე 26 წელია, ელის ბინით დაკმაყოფილებას.

ოჯახები, რომელთაც დასახლებაში ვესაუბრეთ, სახელმწიფოსგან წლებია, ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ – აქვთ დაუცველობისა და უიმედობის განცდა.

ე.წ. კანტორის შენობაში მცხოვრებლები წყალს ამ ონკანიდან ეზიდებიან
დევნილების საერთო სარგებლობის საპირფარეშო; სოფელი შამგონა

მეორე დასახლება, რომელსაც ვსტუმრობთ, ასევე სოფელ შამგონაში მდებარეობს. ამ შემთხვევაში აფხაზეთიდან დევნილები სოფლის ყოფილ საბავშვო ბაღში ცხოვრობენ. მახარე გვარამიას ოჯახში ოთხი წევრია, აქედან ერთი არასრულწლოვანია. „ეს ლინოლეუმი რომ აწიოთ, ნახავთ, რა გვაქვს იატაკის ნაცვლად. ეს შენობა ძალიან ძველია, კედელს წყალი მოუყვება, დალპა ყველაფერი. გვაქვს საერთო გამოყენების საპირფარეშო და ვართ ასე, ვწვალობთ.

ბინას ვითხოვთ უკვე მერამდენე წელია. ხან ხუთი ქულა მოგვანიჭეს, ხან სამი და ხანაც ექვსი. არ ვიცი რის მიხედვით“, – საუბრობს სოფელ შამგონას ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრები მახარე გვარამია.

  • DSC01445

  • DSC01392

  • DSC01393








  • 01
    /




 

საბავშვო ბაღში მსგავს პირობებში ცხოვრობენ მოქალაქეები მზა შონია და ნინო ნანავა. ორივე ოჯახებთან ერთად წლებია, სახელმწიფოსგან ბინით დაკმაყოფილებას ელის.

ადგილ-ადგილ აყრილი იატაკი, სახურავიდან ჩამოსული წყალი, ნესტი ყველა ოთახში, ხის კარ-ფანჯრები, რომლებიც ქარს და სიცივეს ვერ უმკლავდება – ეს აქ მცხოვრები დევნილების ყოველდღიური, რთულად ასატანი რეალობაა.

 „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმააღნიშნული ორივე დასახლების შესახებ კითხვებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა. უწყებიდან გვწერენ, რომ შამგონას ყოფილ საბავშვო ბაღსა და ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრები დევნილების ფართით უზრუნველყოფის საკითხს მიმდინარე წელს განიხილავენ, მინისტრის #320 ბრძანებით „დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში“.


მასალა მომზადდადემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) მიერ პროექტის ფარგლებში: ადამიანის უფლებათა დაცვისხელშეწყობა  საზღვრის წინა ხაზზე”. პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ევროპული წვლილის” (EED) ფინანსური მხარდაჭერით