მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2004 წელს აირჩიეს და ორი ვადის შემდეგ თანამდებობა 2013 წლის მიწურულს დატოვა. მალევე ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი უკრაინაში გაემგზავრა.
როდის დაიწყო სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება და რა საქმეები აქვს პროკურატურას?
პროკურატურამ სააკაშვილი პირველად 2014 წლის 27 მარტს დაიბარა მოწმის სახით უწყებაში, 2014 წლის 28 ივლისს კი – მეორედ. ექსპრეზიდენტი უწყებაში არ მივიდა, იმავე დღეს კი პროკურატურამ მას პირველი ბრალი წაუყენა. 2014 წელსვე წაუყენეს სააკაშვილს სხვა ბრალდებებიც.
რაც შეეხება თავად საქმეებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ვალერი გელაშვილის ცემის, საბიუჯეტო ქონების გაფლანგვისა და გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეები.
თუმცა სააკაშვილის ადვოკატები და მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტის დევნა პოლიტიკური მოტივით დაიწყო, რასაც მოწმობს, მათი თქმით, სხვადასხვა დროს მმართველი გუნდის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები.
სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში ხარვეზებსა და პოლიტიკურ სარჩულს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაც“, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე ანგარიში 2015 წელს გამოაქვეყნა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი კი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მას შემდეგ სააკაშვილის საქმეებზე ვითარება არსებითად არ შეცვლილა.
მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).
ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).
სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიცია გაუფრთხილებლად დაესხა თავს მოშიმშილე მომიტინგეებს და დაარბია, ამის გასაპროტესტებლად გამოსული ხალხის წინააღმდეგ კი გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველს, პოლიტიკური პარტიის წევრებსა და ჟურნალისტებს.
ასევე სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პროტესტი რომ არ განახლებულიყო, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით, რუსთაველზე გამოიყვანეს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, სპეცდანიშნულების რაზმები შეიჭრნენ „იმედსა“ და პატარკაციშვილის სხვა საკუთრებებში. ხელისუფლებამ კანონდარღვევით შეუჩერა „იმედს“ მაუწყებლობის ლიცენზია, შემდეგ კი ის და პატარკაციშვილის ქონების ნაწილი მის ოჯახს კანონდარღვევით ჩამოართვეს და შენიღბულად თავიანთ მფლობელობაში მოაქციეს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია კი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 7 ნოემბრის საქმეში სააკაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ არის.
„არ არსებობს არც ერთი პირის ჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანება ვინმეს მიმართ ძალადობაზე, აქციის დაშლაზე ან რაიმე მსგავსზე.
ერთადერთი ჩვენებაა გენშტაბის უფროსის, რომ მიშამ მითხრა, საჯარისო ნაწილები გადაიყვანე „საფრთხე 2-ის“ რეჟიმზეო. რაც არ ნიშნავს არანაირად არც მიტინგის დაშლას და არც ტელევიზიაში შესვლას. მიშას წინააღმდეგ არანაირი ჩვენება არ არსებობს ამ საქმეში“, – ამბობს ბასილაია.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასება:
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით წერს, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალდებისთვის პროკურატურა, ძირითადად, ნინო ბურჯანაძეს ეყრდნობა.
GDI წერს, რომ ძირითადი მოწმე, ვინც 7 ნოემბრის მომიტინგეების დაშლაზე, „ტელეიმედში“ სამართალდამცავების შესვლასა და მის ჩამორთმევაზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის აკისრებს, სწორედ ნინო ბურჯანაძეა.
თანაც, ოქმის მიხედვით, ბურჯანაძე სააკაშვილის მიმართ ბრალდების წაყენების შემდეგ დაიკითხა. ამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურამ ბრალის წაყენების შემდეგ დაიწყო მისთვის საჭირო მტკიცებულებების ძებნა და არ არსებობდა სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენების დასაბუთებული სტანდარტი.
GDI აღნიშნავს, რომ არ არსებობს იმისი პირდაპირი მტკიცებულებები, გასცა თუ არა, მაგალითად, ჯარის გამოყვანის ბრძანება სააკაშვილმა.
„არანაკლებ საინტერესოა ტელეკომპანია „იმედისა“ და მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდების შეფასებაც. ბრალდების შესახებ დადგენილების საფუძველზე, ჩნდება განცდა, რომ მასში გადმოცემულია ზოგადად დანაშაულებრივი ქმედება და არა კონკრეტულად სააკაშვილის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
ამავე დროს, რთულია, საქმეში მოიძებნოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილისთვის ქონების წართმევის მუქარის მცდელობას მაინც“, – წერს GDI.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ მართალია, მიხეილ სააკაშვილი იმ დროს სახელმწიფოს პირველი პირი იყო და შესაძლოა, დაისვას კითხვა მისი პასუხისმგებლობის შესახებ 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების გამო, მაგრამ მათ მიერ შესწავლილი საქმის მასალების მიხედვით არათუ განაჩენის გამოტანისთვის, არამედ გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა.
„ვარაუდებს ვერ დაეყრდნობი. შეიძლება, ჯარი გამოვიდა, მაგალითად, რუსთაველზე, მაგრამ პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს რა იყო ზუსტად ბრძანების შინაარსი.
უნდა არსებობდეს უშუალოდ ვინმე ისეთი მოწმე, ვისაც დაავალეს, ან ვიდეოჩანაწერი, ან რაიმე ისეთი ორი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ერთობლიობაში დაადასტურებდა, რომ დანაშაული მართლაც ჩადენილია. ეს არის მინიმალური სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენისთვის“, – დასძენს მარიკაშვილი.
ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით არის ცნობილი დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით) და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება).
ამ საქმეზე, საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილს 2018 წლის 28 ივნისს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის მტკიცებით, 2005 წლის 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, სოდ-ის სპეცრაზმის თანამშრომლები თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი.
თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირისა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.
დაცვის მხარე კი ამ საქმეშიც მტკიცებულებების ნაკლებობაზე საუბრობს. ბექა ბასილაიას თქმით, დასაგმობია, ვალერი გელაშვილის ცემა და ნებისმიერი მოქალაქისთვის მიუღებელია ძალადობა, მაგრამ, მისივე თქმით, მიუღებელია ამ ფაქტის პოლიტიკური მოტივაციით გამოყენებაც და ძველი ხელისუფლების დევნა „შეკერილი ჩვენებებით“.
„პოლიტიკურად დაინტერესებულ პირთა ირიბი ჩვენებებია წარმოდგენილი. არავითარი მყარი და პირდაპირი მტკიცებულება არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი რაიმე ფორმით იყო დაკავშირებული ამ ამბავთან“, – ამბობს ბასილაია.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასება:
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, სააკაშვილის მიერ ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანების გაცემაზე ბრალდებისთვის პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებას იშველიებს. ოქრუაშვილიც, ბურჯანაძის მსგავსად, ჩვენების მიცემისას სააკაშვილთან პოლიტიკურად იყო დაპირისპირებული.
ის თავდაპირველ ჩვენებაში ამბობდა, რომ სააკაშვილი შეხვდა და გელაშვილის ცემის ორგანიზება სთხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო, თუმცა ოქრუაშვილთან შეხვედრის სხვა მტკიცებულებები არ არსებობს.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც მერაბიშვილის მიერ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის, ერეკლე კოდუასთვის რაიმე დანაშაულებრივი სახის მითითებას დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, ბრალდება ამტკიცებს, რომ მერაბიშვილმა გელაშვილის ცემის ორგანიზება სწორედ ერეკლე კოდუას დაავალა.
GDI წერს, რომ საქმეში გამოსაყოფია ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული დაზიანებებიც.
თავდაპირველად 2014 წლის 15 აპრილის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მთავარი პროკურატურის მოთხოვნით დაინიშნა, ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული დაზიანებები შეფასებულია, როგორც „ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით“.
სამი თვის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილი ხელახლა დაიკითხა. ის 2014 წლის 17 ივლისს დამატებითი დაკითხვისას აზუსტებს, რომ სააკაშვილმა გელაშვილის არა მხოლოდ ცემა, არამედ მის მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზება სთხოვა.
ამის შემდეგ კი ვალერი გელაშვილმა მიმართა ლიეტუვის ექსპერტიზის ბიუროს, სადაც დაზიანებები შეფასდა მძიმედ, ხოლო 2014 წლის 10 სექტემბერს პროკურატურამ სამხარაულის ბიუროს კიდევ ერთხელ მიმართა ექსპერტიზისთვის.
ამჯერად ბიუროსა და ლიეტუველი ექსპერტის ერთობლივი დასკვნით შეფასდა, რომ „დაზიანებები ერთად აღებული, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს…“.
ამ ყველაფერს მოჰყვა სააკაშვილისთვის ბრალდების დამძიმება – ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებად.
„ჩნდება განცდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების დაზუსტება მიმართული იყო სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებისკენ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება არის დანაშაული, რომლის ჩადენაც შეიძლება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. განზრახვასთან ერთად აუცილებელია სახეზე იყოს შედეგი, როგორიც არის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, სახეზეა შედეგი, თუმცა ქმედების შემადგენლობას აკლდა სუბიექტური მხარის ნიშანი – პირდაპირი განზრახვა.
ოქრუაშვილის დაზუსტებული ჩვენების შემდეგ შესაძლებელი გახდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობაზე მსჯელობა, რათა სააკაშვილისთვის მომხდარიყო ბრალდების ამ სახით დამძიმება“, – წერს GDI.
„პუბლიკამ“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეებისა და მისი ჩვენების შესახებ კითხვით ირაკლი ოქრუაშვილსაც მიმართა. მაგრამ ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებულ საქმეებზე აუცილებლად ისაუბრებს სხვა დროს, მაგრამ ახლა კომენტარის გაკეთება არ სურს.
ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიხედვით, იმისთვის, რომ დაემალა საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, საიდუმლო ფორმით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული სდსს-თვის გამოყო თანხები.
ბრალდების მტკიცებით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.
ხარჯი სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩამოიწერა და დოკუმენტებს უკანონოდ მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“.
პროკურატურის მიხედვით, არამიზნობრივ ხარჯს შორის იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის, ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილი ფული, პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის, სერქიო ქალდერონ ლატასას ანაზღაურება და მისთვის გაწეული სხვა ხარჯი.
ასევე, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ ვიზიტებისას სხვადასხვა დროს დაქირავებული ავიალაინერის, ლიმუზინისა და მინივენის, ვერტმფრენის ხარჯი, მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასათვის ავსტრიაში დაქირავებული „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანებში დახარჯული თანხა, მაჯის საათებში გადახდილი ფული.
ასევე, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილი თანხა, რის გამოც ამ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეც შეერქვა.
ამ საქმეზე დაცვის პოზიცია ასეთია: ბექა ბასილაია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 2009 წლამდე პერიოდში ამ ტიპის ხარჯს გასცემდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვა არ აქვს, არც ბრალი არ წარუდგენია ვინმესთვის.
„2009 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გარკვეული ხარჯის დაფარვა გადავიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, მეტი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ხარჯის ბუნება არ შეცვლილა. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციის მიერ მსგავსი ხარჯის გაწევა დანაშაული არაა, როგორ შეიძლება ეს სდსს-დან დანაშაული იყოს?!
უფრო მეტიც, 2013 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი უკვე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო სდსს-ის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე, ამ დროსაც ზუსტად იმავე ტიპის ხარჯს ეწეოდნენ, მაგრამ ამ ნაწილთან დაკავშირებით არავის არ აქვს კითხვის ნიშანი.
ხოლო რომელი ხარჯი დაიფარებოდა სდსს-დან, ამაზე გადაწყვეტილებას იმ კონკრეტულ მომენტში იღებდნენ იმისთვის, თუ რა სჯობდა მეტი დაცულობისთვის. ახლა შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, ამაღლებდა თუ არა ეს პრეზიდენტის დაცვას, მაგრამ იმ პერიოდში ასე მიიჩნევდნენ და ეს ცალკე საკითხია“, – ამბობს ბასილაია.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასება:
GDI ყურადღებას ამახვილებს ხარჯის მიზნობრიობაზე. ორგანიზაცია წერს, რომ ბიუჯეტში გაწერილი არამიზნობრივი ხარჯის შესწავლა, როგორც მიზნობრივი ხარჯის, არამართებულია და პოლიტიკურ მოტივაციაზე ბადებს კითხვას.
„2011 წლის საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტში ხარჯები გაწერილია როგორც მიზნობრივი, ასევე არამიზნობრივი ფორმით.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი მიზნობრივი ხარჯების გარდა მოიცავს „სხვა ხარჯებსაც“.
არამიზნობრივი ხარჯების მიზნობრივად დახარჯვის კანონიერების საკითხის დაყენება სცილდება სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებს და აღიქმება, როგორც შერჩევითი სამართლის კონკრეტული მაგალითი“, – წერს GDI.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში, საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 2018 წლის5 იანვარს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის მტკიცებით, 2006 წლის 27 იანვარს კაფე „შარდენ ბარში“ თამარ სალაყაიას, დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანსა და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება.
შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე გაიტაცეს ქალაქგარეთ, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს.
კუდ-ის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები. მათ შორის – 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გირგვლიანს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა.
ამ საქმეზე 2006 წელს გაასამართლეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გ. ალანია, ა. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური, რომლებიც, პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ისინი სასჯელის მოხდის პერიოდში საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციისა და ნებართვის გარეშე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, პრეზიდენტმა 2008 წელს მათ სასჯელი გაუნახევრა, რის შემდეგაც საპატიმროს დატოვების საშუალება მიეცათ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შეწყალების ფაქტზე ბრალდება საერთოდ არ უნდა წარედგინათ.
„ამ უფლების განხორციელების გამო ადამიანის გასამართლება არის წარმოუდგენელი. სრული დისკრეცია აქვს, შეუზღუდავი პრეზიდენტს, მათ შორის, დღევანდელსაც, კომისიის გვერდის ავლით მაშინაც შეეძლო და ახლაც შეუძლია შეწყალება.
სალომე ზურაბიშვილმა, მაგალითად, თქვა, ისეთ ხალხს ვიწყალებ, ვისი შეწყალებაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ვიღებ ამ გადაწყვეტილებასო. ამაზე პრეზიდენტის გასამართლება სრული სამართლებრივი აბსურდია“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ბექა ბასილაია.
შეწყალების გამო გასამართლების შესახებ უფრო ვრცლად საუბრობს იურისტი გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, თავად შეწყალების პრინციპი არ შეიძლება ექვემდებარებოდეს სასამართლო ზედამხედველობას, მაგრამ ცალკე საკითხია, შეიძლება თუ არა შეწყალების გამოიყენება სხვა დანაშაულის ნაწილად.
„მაგალითად, პრეზიდენტმა ქრთამი აიღო და შეიწყალა ვინმე, ან, მაგალითად, როგორც ამ ბრალდებაშია მოცემული, წინასწარ შეუთანხმდა ვიღაც სხვას, რომ ბრალდებულებს შეიწყალებდა, თუკი ისინი აღიარებდნენ დანაშაულს და ვთქვათ, ვიღაცებს ხელს არ დაადებდნენ.
მაგრამ, თუკი ასეთი რამ მოხდა, მაშინ უნდა ვისაუბროთ არა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, არამედ შეიძლება, გვქონდეს რაიმე სხვა დანაშაული.
მაგალითად, ქრთამი თუ აიღო ქრთამის მიცემა და ქრთამის აღებაა ან, თუ ვიღაცას უთხრა, რომ ვინმე არ დაასახელო დანაშაულში და მე ამის გამო შეგიწყალებ, ეს იქნება დანაშაულის დაფარვა, მონაწილეობა დანაშაულის დაფარვაში.
ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს და წარმოდგენილი კვალიფიკაცია – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება არის ყოვლად დაუშვებელი“, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე „პუბლიკასთან“.
მისივე თქმით, პროკურატურას შეეძლო ბრალდება სხვა მუხლით წარედგინა და არა უფლებამოსილების გადამეტებისთვის, რაც სამართლებრივად გაუმართლებელია, თუმცა, როგორც მშვენიერაძე ჰყვება, საქმის შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ პროკურატურას „გამოეპარა“ ხანდაზმულობის ვადა, რათა ბრალი წაეყენებინა, მაგალითად, დანაშაულის დაფარვაში თანამონაწილეობის გამო.
„იმის გამო, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო მათთვის, პოლიტიკურად, დაესაჯათ სააკაშვილი, ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სავარაუდოდ, გათავისუფლებული იყო უკვე პასუხისმგებლობისგან, მოუგონეს ახალი ტიპის ბრალი. ეს არის სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულება“, – ამბობს მშვენიერაძე.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასება:
GDI კი ანგარიშში წერს, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია სააკაშვილსა და დავით ახალაიას შორის რაიმე გარიგების დასადასტურებლადაც. შესაბამისად, სავარაუდოდ, რთული იქნებოდა წინასწარი შეთანხმების დამტკიცებაც სააკაშვილისთვის.
„სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით არ დასტურდება სააკაშვილისა და დავით ახალაიას შეხვედრის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დავით ახალაიასთვის რაიმე სახის დაპირების მიცემის ფაქტი.
ასევე, არ დასტურდება სააკაშვილის მიერ შეწყალების გამოყენების დროს ამ კონკრეტული მსჯავრდადებულების მიმართ რაიმე სახის ინტერესის არსებობა, ვინაიდან ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებულებთან ერთად პრეზიდენტმა 2008 წლის 24 ნოემბრის შეწყალების აქტით კიდევ 363 პატიმარი შეიწყალა.
პირის ბრალდებულად ცნობა მხოლოდ ერთი პირის ჩვენების საფუძველზე ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს და მხოლოდ ერთი პირის ჩვენება არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებად, რაც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენაში“, – წერს GDI.
რას განიხილავს სტრასბურგის სასამართლო
რამდენიმე თვის წინ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მიხეილ სააკაშვილის ორი საჩივარი. საუბარია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე, რომლებზეც მესამე პრეზიდენტის მიმართ საქართველოში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. იუსტიციის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მათ „კითხვებით მიმართა“.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი:
- მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება;
- მე-7 მუხლი – არავითარი სასჯელი კანონის გარეშე;
- მე-18 მუხლი – უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.
მიხეილ სააკაშვილის დამცველები მიიჩნევენ, რომ თუკი სტრასბურგის სასამართლო ამ მუხლების დარღვევა ეს იქნება იმისი კიდევ ერთი და აშკარა მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები დარღვევებით წარიმართა პოლიტიკური ინტერესის გამო.