ქვეყანა
ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო კატარის სახელმწიფოში (ოფიციალურად ასე ჰქვია, თუმცა შეიძლება, ზოგჯერ ყატარი დავწერო, რადგან ასე მესმის) და, შესაბამისად, შევძელი უფრო კარგად დავკვირვებოდი რაღაცებს.
კატარი პატარა არაბული ქვეყანაა სპარსეთის ყურეში (თვითონ, თურმე, არაბეთის ყურეს უწოდებენ, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი), ემირით სათავეში. ეს პატარა ქვეყანა უმდიდრესია, რადგან ბუნებრივი გაზის მარაგით მესამეა მსოფლიოში და მხოლოდ ირანი და რუსეთი უსწრებენ თავიანთი მრავალმილიონიანი მოსახლეობით. კატარში კი მხოლოდ სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამ სამი მილიონის დაახლოებით 15%-ია კატარელი. ყველა კატარელი მილიონერია. დანარჩენი 85% არის მსოფლიოს ყველა კუთხიდან სამუშაოდ ჩასული ადამიანი.
ამიტომ კატარის მოსახლეობა ძალიან მულტიკულტურულია, თუმცა ისლამური ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტები ჭარბობს. სხვათა შორის, არაბულ სამყაროში საქართველოს შესახებ ყველამ იცის, ძალიან ბევრი მათგანი ნამყოფია ჩვენ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, კარგი მოგონებებიც აქვს.
ორგანიზება
ბევრი საყვედური გვესმის ტურნირის ორგანიზების შესახებ, თუმცა მე უკმაყოფილო არ ვარ.
ქვეყანაში შესასვლელად ვიზა არ გვჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასასწრებად გვჭირდებოდა Hayya Card, რომლის მიღება ვიზის მიღებაზე იოლი არ არის. ჯერ ყიდულობ თამაშის ბილეთებს, მერე აგვარებ აკომოდაციის საკითხებს (რაც ურთულესი მოსაგვარებელია. მე, უბრალოდ, გამიმართლა, რადგან მყავდა მასპინძელი, ვისთანაც დავრჩებოდი). შეგყავს ეს მონაცემები აპლიკაციაში და გაძლევენ ჰაია ქარდს, რომელიც ქვეყანაში შესასვლელი საშვიცაა და იქაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გჭირდება.
კატარში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის სუპერთანამედროვე და ჰაია ქარდის მფლობელებისთვის იყო სრულიად უფასო. რეალურად, ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდად არ სჭირდება, მანქანა და მით უმეტეს ბენზინი ძალიან იაფია, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეტრო, მაგალითად, სულ სამიოდე წლის წინ გაიხსნა. მეტრო ყველა სტადიონთან ვერ მიდის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა სხვა ტიპის ტრანსპორტით ან სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით სარგებლობა.
მეტროში, სტადიონებთან, ქუჩაში ყველგან შეხვდებით უამრავ მოხალისეს, რომლებიც მოძრაობას არეგულირებენ და მიგითითებენ, საით უნდა წახვიდე. სხვადასხვა ეროვნების, სქესის, კანის ფერის ადამიანები გეხმარებიან გზის გაგნებაში Metro – this way! Stadium – this way! Tram – this way! Souq Waqif – this way… ყველაგან ისმის სხვადასხვანაირი აქცენტითა და ინტონაციით ნათქვამი ეს მოწოდებები; ზოგი ძალიან როლშია შესული და სიმღერას და ცეკვასაც აყოლებს, ზოგი ცოტა უფრო ზარმაცია და ჩაწერილ ხმას გასმენინებს, თუმცა საერთო ჯამში ყველა ხალისიანი და კეთილგანწყობილია და ამ ადამიანებს ნამდვილად შეიძლება, უწოდო ამ ტურნირის სავიზიტო ბარათი.
ალკოჰოლი
კი, ყატარში ალკოჰოლი შეზღუდულად იყიდება. არის სასტუმროები, ბარები და ლაუნჯები, სადაც ალკოჰოლს მიიღებთ. ასევე, იქაურ რეზიდენტებსაც შეუძლიათ იყიდონ სპეციალური ბარათით, მაგრამ სტადიონზე ნამდვილად აკრძალული იყო.
ლუდი მაინც დავლიე სტადიონზე, ოღონდ, ეს ლუდი უალკოჰოლო იყო. ლუდის დალევა შეიძლებოდა ფანზონაში, დაახლოებით 38 ლარად. ჩვენთვის ძვირია, მაგრამ, დავუშვათ, ლონდონის ფასებთან შედარებით მაინცდამაინც ძვირი არ არის, თუმცა პრობლემა ისაა, რომ არ იყო არჩევანი, უალკოჰოლოც და ალკოჰოლიანიც ლუდი იყო მხოლოდ „ბუდვაიზერი“.
მე პირველად ვიყავი სტადიონზე, სადაც ლუდის სმა აკრძალული იყო და, შეიძლება ითქვას, მომეწონა კიდეც. თუმცა ვიცი, რომ, მაგალითად, ბრიტანელები და არამხოლოდ ისინი არ დამეთანხმებიან.
კულტურა
მე, ზოგადად, მუზეუმების კაცი არ ვარ. უცხო ქვეყანაში როცა ჩავდივარ, ჯერ ადგილობრივ სამზარეულოს ვეცნობი, თუმცა, რაკი ამ ქვეყანაში უკვე მეორედ ვიყავი, გადავწყვიტე, მეგობრების რჩევა გამეთვალისწინებინა და წავსულიყავი ისლამური ხელოვნების მუზეუმში. ასეთი კარგი მუზეუმი იშვიათად მინახავს. ძალიან შთამბეჭდავი იყო მთელი მსოფლიოდან შეგროვებული ისლამური ხელოვნების ნიმუშები და მათ შორის ქართველი გოგოსა და ბიჭის პორტრეტები მე-17 საუკუნის ისფაჰანიდან.
ასევე, ვიყავი ყატარის ეროვნულ მუზეუმში, სადაც არტეფაქტებით, ფოტოებითა და ვიდეოებით კარგად იყო გადმოცემული ამ ქვეყნის ისტორია. ეს ღარიბი ქვეყანა, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს მარგალიტების საშინელ პირობებში მოპოვება წარმოადგენდა, უცებ გახდა უმდიდრესი. ამიტომ მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი ჭაბურღილების დეტალებს უკავია.
ვეწვიე სპორტის მუზეუმსაც, სადაც ნახავთ ინფორმაციას ძალიან ბევრი სპორტის სახეობისა და სპორტსმენის შესახებ. ცოტა მიკერძოებულობა შეინიშნება მუსლიმი სპორტსმენების მიმართ, თუმცა მნიშვნელოვანი არავინ იყო გამოტოვებული. საპატიო ადგილზე იყო პირველი კატარელი ოლიმპიელი, რომელმაც ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო 1992 წელს. ეს ადამიანი იქ ეროვნული გმირია, თუმცა კატარული სპორტის ოლიმპიური მიღწევები ქართულისას ვერაფრით შეედრება.
ქორწილი
მომეცა შესაძლებლობა, დავსწრებოდი ტრადიციულ არაბულ ქორწილს. ჩემი კოლეგისა და მეგობრის ყოფილი სტუდენტი ქორწინდებოდა და მიგვიწვიეს. უზარმაზარი ქორწილი იყო, ორიათასკაციანი. კაცში იგულისხმება კაცი, მამრობითი სქესის ადამიანი. ხო, არც ერთი ქალი არ ყოფილა, არც პატარძალი. ქალების ქორწილი ცალკეაო, სხვა სასახლეში, ასე ამიხსნეს.
სიძე იჯდა მამამისის გვერდზე და იღებდა მილოცვებს. ეს ყველაფერი გრძელდებოდა შუადღის 2-იდან საღამოს ცხრა საათამდე. გარეთ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა ტრადიციული არაბული ცეკვა ხმლებით, რომლის მსგავსიც ყველამ იხილეთ მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნაზე. რაღაც პერიოდულობით ყველაფერი ჩერდებოდა ლოცვისთვის, ამ დროს მე და ორი ბრიტანელი პროფესორი გამოვდიოდით გარეთ და ველოდებოდით ლოცვის დამთავრებას.
საღამოს ცხრაზე დაიწყო ტრადიციული არაბული ნადიმი. ერთ მაგიდას უსხდა რამდენიმე ადამიანი, მაგიდის ცენტრში დიდ სინზე იყო ბრინჯში მოთავსებული მთლიანი ცხვარი და ყველა აქედან ჭამდა ხელით, ყოველგვარი ინდივიდუალური თეფშისა და დანა-ჩანგლის გარეშე. რაღაც მომენტში დგები ხელის დასაბანად და როცა დგები, ამ დროს შენს ადგილს იკავებს სხვა, ესაა მომსახურე პერსონალი და ა.შ. და აგრძელებს ჭამას.
ხო, შეიძლება ჩვენი ჰიგიენური სტანდარტებისთვის ცოტა უცნაურია, მაგრამ სასურსათო უსაფრთხოებისა და მწვანე ეკონომიკის მიზნებისთვის კარგი ტრადიციაა. ხელის დაბანის შემდეგ იღებ დესერტს, ალკოჰოლი არ არის.
ადამიანის უფლებები
ყატარი ისლამური ქვეყანაა. შესაბამისად, დიდი მოლოდინი არც მქონია. აშკარაა, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ ლიბერალური და თავისუფალია და ძნელად, მაგრამ მაინც ცდილობს გაიხსნას. მსოფლიოს ჩემპიონატიც ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ქუჩაში შეხვდებით ჰიჯაბიან და ბურკიან ქალებს, თუმცა მოკლე კაბითაც ბევრს ნახავთ.
ქალები ისტრესებიან იმდენად, რამდენადაც საკუთარი კულტურა სტრესავს. სახელმწიფო აღარ ამატებს. ქალებს აქვთ მანქანის მართვის უფლებაც და დოჰას ქუჩებში ქალი მძღოლი ძალიან ჩვეულებრივი ამბავია.
ცალკე მინდა მოვყვე უელსი-ირანის თამაშზე – პირველ თამაშზე არნამღერი ჰიმნის მერე ფეხბურთელებმა იმღერეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰიმნი. როგორც ჩანს, მათზე ზეწოლა და მუქარა სერიოზული იყო. ფეხბურთელები ჰიმნს ნაძალადევად მღეროდნენ და სტადიონი (რომელზეც 90% ირანელი იყო) არათუ აჰყვა, არამედ უყვირეს კიდეც. ასეთი მართლა არაფერი მინახავს, გულშემატკივარი საყვედურობდა ფეხბურთელებს იმის გამო, რომ მათ იმღერეს საკუთარი ქვეყნის ჰიმნი, ქვეყნისა, რომელიც ძალიან უყვართ და ეს ყველაფერში იგრძნობოდა. ასევე, სპეციალურად ვაკვირდებოდი ირანელ ქალებს და მათგან არც ერთს (!) არ ეხურა თავსაბურავი.
მატჩები
თამაშების ბილეთები მარტში ვიყიდე ბრმად, ანუ არ ვიცოდი, რა თამაშები შემხვდებოდა. შემოთავაზება იყო ჯგუფის 4 თამაში 4 სხვადასხვა სტადიონზე და შემხვდა: უელსი-ირანი, საუდის არაბეთი-პოლონეთი, ესპანეთი-გერმანია და ბრაზილია-შვეიცარია. აფიშის მიხედვით ჩანდა, რომ ბოლო ორ თამაშში გამიმართლა.
თამაშები იყო სხვადასხვა დროს და კლიმატური პირობებიც განსხვავდებოდა. ზოგადად, ჰაერის ტემპერატურა, მაქსიმუმ, 31 გრადუსზე ადიოდა და ეს ეხებოდა მხოლოდ პირველ თამაშს. არ მგონია, რომ ფეხბურთელებისთვის გაუსაძლისი ყოფილიყო, მატჩის დასაწყისში ნახევარ სტადიონს ჩრდილი ფარავდა, დასასრულისკენ – უფრო მეტს, ხოლო ტრიბუნები სრულად კონდიცირებული იყო.
სტადიონები კარგადაა აგებული. მე ყველაზე იაფი ბილეთები მქონდა, თუმცა ჩემი ადგილებიდანაც კი ყველაფერი კარგად ჩანდა. ჩემთვის გამორჩეული იყო ორი სტადიონი – ალ ბაით სტადიონი (ყველა ქართველი მიხვდება, რასაც ნიშნავს), რომელსაც ტრადიციული არაბული საცხოვრისის, კარვის ფორმა აქვს გარედანაც და შიგნიდანაც და ძალიან ლამაზია და სტადიონი 974, რომელიც 974 ცალი კონტეინერისგან არის აშენებული, ჩემპიონატის დასრულების მერე კი დაშლიან და წაიღებენ ურუგვაიში, სადაც ააშენებენ ახალ სტადიონს (თუ ურუგვაი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს).
მატჩებიდან ყველაზე ემოციური მაინც პირველი თამაში იყო – უელსი-ირანი, ალბათ, მატჩამდე არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო. თუმცა, თამაშსაც ვერაფერს დაუწუნებდი – ვნახე გოლები, რომლებიც მე-8 და მე-11 დამატებულ წუთებზე გავიდა; ვნახე წითელი ბარათი – გააგდეს უელსის ალკოჰოლურგვარიანი მეკარე, ჰენესი და რაც მთავარია, ვნახე გამარჯვებული ირანელების ზეიმი. ვერ ვნახე უელსელთა სუპერვარსკვლავის, გარეთ ბეილის გაბრწყინება.
პოლონეთი-საუდის არაბეთი თითქმის არაფრით გამორჩეული თამაში იყო, თუმცა საუდელები დიდი მოლოდინებით იყვნენ. უკეთაც თამაშობდნენ, მაგრამ საბოლოოდ პოლონეთმა მოიგო. აქ უკვე ვიხილე პოლონელთა სუპერვარსკვლავის, ლევანდოვსკის პირველი გოლი. მატჩის მიწურული საუდელთათვისაც მოსაწყენი აღმოჩნდა და ბევრმა მათგანმა დასრულებამდე დატოვა სტადიონი.
ესპანეთი-გერმანია – ასეთი სახელიანი გუნდების დაპირისპირება ჯგუფურ ეტაპზე კი არა, მერვედფინალებშიც არ ყოფილა. დაძაბულობა დიდი იყო, ესპანეთს პირველი თამაში დიდი ანგარიშით ჰქონდა მოგებული, გერმანია კი დამარცხებული იყო და (როგორც მერე დადასტურდა) გამარჯვება სჭირდებოდა. მატჩი ფრედ დამთავრდა და ისეთი არ ყოფილა, როგორსაც ველოდით, თუმცა ცხადია, ბევრი კარგი ფეხბურთელი ვნახე, ძირითადად, ბაიერნიდან და ბარსელონიდან.
ამ თამაშზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო ესპანელი კაცი ვალენსიის ფორმით, რომელმაც საქართველოს დროშით როცა დამინახა, მკერდზე იბაგუნა მჯიღი და მამარდაშვილი, მამარდაშვილი, ჯორჯია, ჯორჯია იძახა. ეს კაცი მეორე დღესაც შემხვდა თამაშზე და სურათებიც გადავიღეთ. კარგია ფეხბურთი, აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებს.
ბრაზილია-შვეიცარია – არ აძლევდა შვეიცარია უნეიმარო ბრაზილიას თამაშის საშუალებას, მაგრამ ბრაზილია მაინც ბრაზილიაა და რამდენიმე მომენტში მაინც იფრინეს. ამ თამაშზე გულშემატკივარი იყო საოცრება! შედარებაც კი არ შეიძლება, იმდენად განსხვავებული გამოცდილება იყო ბრაზილიელებთან ერთად ფეხბურთის ყურება! სხვანაირად გრძნობენ, სხვანაირად გულშემატკივრობენ, სხვანაირად მღერიან და ცეკვავენ! ფეხბურთი ნაღდად მათი თამაშია!
ფასები
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა და ფასები, რა თქმა უნდა, მაღალია, მაგრამ არა ყველგან და ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ, პრაქტიკულად, ყველაფერი იმპორტირებული აქვთ, მაღაზიებში წყალი და კვების პროდუქტები ღირს იაფი, ხშირად საქართველოზე იაფიც.
ამის მიზეზი ისაა, რომ, ჯერ ერთი, გადასახადები არ აქვთ და მეორე, სახელმწიფო ასუბსიდირებს. სახელმწიფოს გადასახადები არ სჭირდება ბიუჯეტის შესავსებად, შემოსავლის სხვა წყარო აქვთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც გითხარით, გულშემატკივრებისთვის უფასო იყო, ტაქსი თბილისზე ცოტა ძვირია, ბევრად არა. არის ძალიან ძვირიანი მსოფლიო კლასის რესტორნები, თუმცა შედარებით იაფიანი რესტორნებიც არის Souq Waqif-ზე. აქ ფასები რეგულირდება და თბილისზე ძვირი არ არის.
Souq Waqif
სუქ ვაკიფი დოჰას გულია. „სუქ“ ბაზარს, ბაზრობას ნიშნავს. ეს არის ტრადიციული არაბული ბაზარი, რომელიც აღდგენილი და განახლებულია. აქ შეხვდებით როგორც სუვენირების მაღაზიებს, ასევე, ჩვეულებრივ ბაზრობას, როგორადაც ის ჩვენ წარმოგვიდგენია. აქ ნახავთ ბუტიკ სასტუმროებს და ბევრ რესტორანს შიშა ტერასებით.
რესტორნები წარმოდგენილია მთელი მსოფლიოდან და მათ შორისაა ქართული რესტორანიც. ფასები აქ დარეგულირებულია, რადგან ემირის გადაწყვეტილება იყო, რომ ფასები ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი და ასეცაა.
სუქ ვაკიფის მთავარი ღირსშესანიშნაობა ხალხია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ხალხი, რომელიც ირევა ტრადიციულ არაბულ ბაზრობაზე. ამ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ხალხის რაოდენობა, რა თქმა უნდა, გაზრდილია, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
მომავლის იმედი
მე თამაშებზე საქართველოს დროშით დავდიოდი. ზოგს ინგლისის დროშა ეგონა, ზოგი ფიქრობდა, პოლონელი ვიყავი. ქართველები ძალიან ცოტანი არიან დოჰაში და ცოტანი იყვნენ თამაშებზეც. მე ერთ მათგანს შევხვდი და ფოტოებიც გადავიღეთ.
უცხოელებიდან ზოგს უკვირდა, რატომ დავდიოდი საქართველოს დროშით, ჩვენ ხომ არ ვმონაწილეობდით ამ ტურნირზე…
კი, მე მაინც ვაფრიალე ამაყად ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა, მაგრამ მინდა და მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე და იქ მეხიკოს, გვადალახარას, მაიამის, სან ფრანცისკოს ან ტორნოტოს სტადიონზე ირბენს კვარა, ჩაკვე, მამარდა ან სხვა, ვისი სახელიც ჯერ არ ვიცით და ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად ამაყები ვიქნებით ჩვენი დროშებით.