9 აპრილი 

პუბლიკა

Ავტორები: ივა ფეზუაშვილი, მიხეილ ჩარკვიანი

უკვე 35 წელია 9 აპრილი საქართველოს ისტორიის  ერთერთი ყველაზე კონტროვერსიული დღეაროდესაც ჩვენ  ვგლოვობთ, მაგრამ თან დიდი სიხარულით ვივსებით. პატივს მივაგებთ მათ, ვისაც რუსეთი ებრძოდა, მაგრამ ვერ შეაშინა;  ვისაც სცემდა, მაგრამ ვერ გააქცია; ვისი მოკვლით  გაჩუმებაც სცადა, მაგრამ უფრო ხმამაღლა აალაპარაკა. Საქართველოში ყველამ იცის, რომ  1989 წლის 9 აპრილს რუსმა ჯარისკაცებმა 21 ადამიანი მოკლეს, ათობით დემონსტრანტი კი დააშავეს და ასე რუსეთი კიდევ ერთხელ და სამუდამოდ იქცა საქართველოს მტრად. 

ამ დღემ და მისმა გმირებმა საკუთარი, ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის –  ფასად ქვეყნიდან სახელმწიფოს დაბადების ათვლის წერტილი გააჩინეს, რომელმაც საქართველოს  ჯერ  საუკუნეში მეორედ მოუტანა დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, ხოლო შემდეგ ყოველ მომდევნო თაობას ტრავმასთან ერთად დაუტოვა მეხსიერება, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიური პროცესია და რომ ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალდებულებაა.  

Მწერალი ივა ფეზუაშვილი და რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი 2024 წლის 9 აპრილს თავიანთ ტექსტებში ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ შეიქმნა XXI საუკუნის ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი რომანი და სპექტაკლი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ დღეზე ლაპარაკობს არა მხოლოდ წარსულის, არამედ აწმყოს და მეტიც, მომავლის კონტექსტში და რომელიც ადასტურებს, რომ მათაც კი, ვისაც თვალით არასდროს უნახავს 1989 წლის მოვლენები, ამ დღის მთელი სისავსით განცდა შეუძლია. 

მაშო სამადაშვილი

ივა ფეზუაშვილი

9 აპრილი ჩემთვის კითხვებია, პასუხგაუცემელი კითხვები და როდესაც პასუხები არ მაქვს, მაშინ ვიწყებ კვლევას და მაშინ ვიწყებ ძიებას და როდესაც ნაპოვნი პასუხები არ მომწონს, ზუსტად მაშინ ვიწყებ წერას — ახალი კითხვების დასმას.

ახალი კითხვები კი ყოველთვის მტკივნეულია, ახლიდან გთხოვს მოშუშებული ჭრილობების გახსნას და თითქოს სისხლიც თავიდან უნდა დაღვარო.

დრო გადის, კითხვები იცვლება და პასუხებიც უნდა შეიცვალოს.

9 აპრილმა რა მოგვცა ვიცით, მაგრამ რა ვისწავლეთ და თუ ვისწავლეთ ან თუ ვერ ვისწავლეთ, ეგ ჯერ კიდევ გასააზრებელია.

და თუ ვისწავლეთ ერთი და იგივე გაკვეთილს რატომ ვაბარებთ უკვე მეასედ?

და თუ ვერ ვისწავლეთ, როდის ვისწავლით და ვისწავლით თუ არა საერთოდ?

შეიძლება წარსული ისე დაგავიწყდეს, რომ მტერიც დაგავიწყდეს?

ფეხზე მყარად დგომა რომ გვასწავლეს, „მამაო ჩვენო“ და ჰიმნები და ფიზიკა და ქიმიაც რომ დაგვაზეპირებინეს, მთელი ეგ დრო ერთხელ მაინც როგორ არავის არ დასცდა რომ რაც არ უნდა პროფესია აგვერჩია, მთავარ საქმიანობად მაინც ქართველობა გვექნებოდა და რატომ არავინ გაგვაფრთხილა რომ ქართველობა ის კი არ არის, რაც შეიძლება დაკარგო ან წაგართვან, ქართველობა ისაა რაც პირველ რიგში უნდა იპოვო, მოიხელთო… თორემ, ცრუ წარმოდგენები თუ შეგექმნება, შენს ქვეყანაზე შეგექმნება და შენს თავზე შეგექმნება და შენს გვერდზე მდგომზე და არასწორად რომ დაეჭვდები, მოხდება რომ მტერი მოყვარეში აგერევა და მოყვარე – მტერში. 

ამ ქვეყანას ბევრი გმირი ჰყავს, გმირი კი მტრის გარეშე არ არსებობს და როგორ მოხდა რომ პატრიოტობა გადაღეჭილ და ბანალურ სიტყვად გვიქციეს, გმირობას კი  ნიჰილიზმი მოუძებნეს სინონიმად?

როგორ დაგვღალეს ისე, რომ ფეხზე ვეღარ ვდგავართ?

სხვა თუ არაფერი ხანდახან ადამიანს ხომ მხოლოდ ისიც განსაზღვრავს სად იდგა და სად დგას. დგომა მხოლოდ ფიზიკური აქტი არაა, დგომა — მდგომარეობაა და არჩევანი და ყველაზე რთულ კითხვაც ისაა, სად იდექიო რომ გკითხავენ.

9 აპრილს სად იდექი?

7 ნოემბერს?

26 მაისს?

20 ივნისს?

9 მარტს?

ახლა სად დგახარ? 

დაიღალე საქართველოს სიყვარულში? დაიღალე და სასთუმალზე დაიძინე? აღარ ეცა არა, ძველ ხანჯალს ელდა და აღარც სისხლი აღარ გვიდუღს არა ძარღვში? მეათე ლახვარს მტრის ჯინაზე რატომ ვეღარ ვუცინით მწარედ?

რა შეიცვალა? მტერი? არა.

მტერი მტერია თან დიდი ხანია მტერია და ერთადერთი რაც გვევალება ისაა, რომ არ უნდა დაივიწყოთ და თუ გვემახსოვრება, დავინახავთ კიდეც და თუ დავინახავთ თვალი არ უნდა მოვუხუჭოთ, თორემ თუ მართლა არსებობს ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ეს მეხსიერების დაკარგვის საფრთხეა, ეს წარსულის გაყალბების საფრთხეა, ისტორიის მითოლოგიზირების და მითოლოგიის ისტორიად შემოჩეჩების საფრთხე და ცრუ წარმოდგენებიც ხომ მხოლოდ მაშინ იქმნება, როდესაც ტყუილში ცხოვრობ თუ გაცხოვრებენ და მტერსაც ხომ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ვერ ხედავ, როდესაც დახუჭული თვალებით არსებობ თუ არსებობას გაიძულებენ.

9 აპრილი პატრიოტებმა შექმნეს, პატრიოტების სისხლითაა დამოუკიდებლობა მოპოვებული და არ არსებობს თავისუფლებისთვის ბრძოლაზე დიდი გმირული აქტი.

„არა“

„ვერა“

„არც ერთი ნაბიჯი უკან“

„ფიცი გვაქვს ნათქვამი“

ეს 9 აპრილის სიტყვებია. სიტყვები კი ერთადერთია, რაც მაქვს. სიტყვებია რითაც ვინმე მიცნობს და სიტყვებია, რაც ჩემს მერე დარჩება. სიტყვებია, რაზეც ქართველობა დგას. ნათქვამ სიტყვას რომ წყალი არ უნდა გაუვიდეს ეგაა ქართველობა, თუ ამბობ რომ იდგები — უნდა იდგე და თუ დგახარ უნდა გწამდეს რომ სწორ ადგილას დგახარ.

სიტყვებია რასაც მერამდენე სისტემაა ცდილობს რომ ფასი დაუკარგოს. ისე ცვლიან ნათქვამს და ნათქვამის კონტექსტს როგორც გაუხარდებათ და როდესაც ცვლი სიტყვებს, მის აზრს, ცვლი წარსულს და როგორც ორუელთანაა — ის ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს და არა, ამ მატყუარებს, არაკაცებს, სიტყვის არშემსრულებლებს და ქართველობის გამყალბებლებს, არ უნდა ჰქონდეთ ჩვენი მომავლის განსაზღვრის უფლება და მითუმეტეს არ უნდა გადაწერონ წარსული ისე და იმდენჯერ, როგორ და რამდენჯერაც აწყობთ.

ჩვენ ფიცი გვაქვს ნათქვამი და არა, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოს სიყვარულში არ დავიღლებით.

და ეს იქნება ახალ კითხვაზე ახალი  პასუხი.

მიხეილ ჩარკვიანი

როგორც გენა ამბობს „სამყაროს რაღაც ლოგიკა აქვს“ – ალბათ, სწორედ ამ ლოგიკით, ივა ფეზუაშვილის „ბუნკერის“ დადგმიდან ორი წლის შემდეგ, 9 აპრილს მილას და გენას მშობლიურ ერევანში ვხვდები.

ახლა რესპუბლიკის მოედანზე ვზივარ, ეროვნული მუზეუმის კიბეზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში, აქ წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ სომეხ რეზიდენტებთან, ანაჰიტთან და ნადიასთან შესახვედრად. ნადია რეჟისორია, ანაჰიტი – დრამატურგი. სამხრეთ კავკასიის დოკუმენტური თეატრის ქსელის ფარგლებში სპექტაკლებს დგამენ და მათ კურატორად ვმუშაობ. ორივე ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია – სწრაფად სწავლობენ, სწრაფად ითვისებენ, ცდილობენ შანსი ხელიდან არ გაუშვან, ამით ერთმანეთს ვგავართ. ზოგადად, ქართველები და სომხები ერთმანეთს  ძალიან ვგავართ.

ანაჰიტმა ჩვენი მეგობრობის დასაწყისში მითხრა, სხვა ქართველებს არ ჰგავხარო, გამიკვირდა და ამიხსნა: ქართველებს სომხები არ უყვართ, საერთაშორისო პროექტებზე ქართველები სულ ევროპელ მონაწილეებთან მეგობრობენ, ჩვენ ზემოდან გვიყურებენო. მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა და გავჩუმდი.

ჩემი ბავშვობიდან ცხადად მახსოვს სრულიად უღიმღამო და არასაინტერესო საბჭოთა წიგნებით გამოტენილი თაროები. წიგნები ფერების მიხედვით იყო დალაგებული: ნაცრისფერი წიგნები ერთად; მწვანე ყდების მწკრივს აგრძელებდა ყავისფერი, ჭაობისფერი და შინდისფერი წიგნები. ამ სრულიად უინტერესო და უფერული ყდებიდან, რომლებიც ყველა საბჭოთა ოჯახში იწონებდნენ თავს, თვალს მჭრიდა და ლამის ყვიროდა ერთი წიგნი შავი, პრიალა ყდით, რომელზეც წითელი ტიტა და ცხრიანი ელავდა. ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც ჩემი ინიციატივით, ჩემივე უღიმღამო საოჯახო თაროებიდან გადმოვიღე. გადმოვიღე, გადავშალე და ვნახე დახოცილი ადამიანები, ნაწამები ადამიანები და ტროტუარზე გაშლილი ყვავილები. მაშინ კითხვა არ ვიცოდი, ფოტოებს ვათვალიერებდი, მწკრივში ჩაწყობილი ფოტოებიდან ადამიანები თვალებში მიყურებდნენ და არ იღიმოდნენ, ამიტომ მეგონა, რომ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური ფოტოები მათი სიკვდილის შემდეგ იყო გადაღებული, თუმცა წიგნს არც მკვდრების ფოტოები აკლდა. ეს წიგნი არავის დაუმალავს, არავის უთქვამს „ეს წიგნი არაა ბავშვებისთვის, ზღაპრები წაიკითხე“ ან როგორ უნდა დაემალათ, ჯიუტად ელავდა თაროებიდან და ზღაპრებზე ხშირად თუ არა, იშვიათად ნამდვილად არ ხვდებოდა ჩემს ხელში.

ბავშვობაში დედაჩემს ხშირად ვეკითხებოდი 9 აპრილზე. წიგნი მიმქონდა და ვთხოვდი წაეკითხა. უარი არასდროს უთქვამს, მიკითხავდა და მიყვებოდა 9 აპრილზე, რომ ქართველებს თავიდანვე დამოუკიდებლობა გვინდოდა, რუსები იმიტომ ავირჩიეთ რომ სარწმუნოება შეგვენარჩუნებინა, თუმცა მერე ჩვენი სარწმუნოებიდან აღარაფერი დატოვეს და ეკლესიის ფრესკები თეთრი კირით გადაღებეს, რომლის მოშორებაც შეუძლებელია, რადგან კირი მის ქვეშ მოყოლილ საღებავს ჭამს და ანადგურებს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ქართველები გამოვფხიზლდით და საკუთარი მამულის, ენის და სარწმუნოების დასაბრუნებლად თავი გავწირეთ რუსთაველის გამზირზე სადაც უმეტესად ქალები და პატარა გოგო-ბიჭები ნიჩბებით დახოცეს და ახლა ამ გოგო-ბიჭების სახელები ქუჩებს ჰქვია.

ღრმა ბავშვობის შემდეგ ეს წიგნი აღარ გადამიშლია, მაგრამ სულ ვამჩნევდი საკუთარ და სხვების თაროებზე მოელვარე შავ ყდას, წითელი ცხრიანით. სამი წლის წინ ქუთაისში ჩავედი, სახლში თაროზე ისევ მომჭრა თვალი ამ წიგნმა და სასწრაფოდ ხელი დავავლე. მახსოვს ხმამაღლა ვთქვი: ”ეს წიგნი ამ უსახურ თაროზე არ უნდა იდოს“, ჩანთაში ჩავიდე, თბილისში წამოვიღე და ამდენი წლის შემდეგ პირველად წავიკითხე. თვალწინ დამიდგა ბავშვობაში, იატაკზე გაწოლილი როგორ ვფურცლავდი ამ წიგნს და ძალიან მომინდა 9 აპრილისთვის, ჩემი პიროვნების და ქვეყნის განმსაზღვრელი დღისთვის, მემორიალი მიმეძღვნა. „ბუნკერის“ დადგმა ასე გადავწყვიტე.

პირველ რეპეტიციაზე ამ წიგნით მივედი და მსახიობებს ყველაფერზე ველაპარაკე: დაკარგულ ბავშვობაზე, 1990-იან წლებზე, ამ წიგნზე და მასთან პირველ შეხებაზე; ტკივილზე, დაღუპულ და ცხოვრებადაკარგულ მშობლებზე, ინტუიციით და გულისყურით შექმნილ საკუთარ თავზე და ამ თავის გადარჩენის უსასრულო მცდელობაზე, უამრავ იმედგაცრუებაზე და მუდმივ უიმედობაში იმედის ძიებაზე, სიყვარულზე, ქვეყნის უსასრულო, ანგარიშმიუცემელ, უანგარო სიყვარულზე, რომელიც საკუთარი თავის სიყვარულს გაუთანაბრდა და გაასწრო. ყურადღებით მისმენდნენ, ვერ ხვდებოდნენ ასეთი ინტენსიური ტექსტის დადგმას როგორ ვაპირებდი, მაგრამ ხვდებოდნენ რომ რაღაც ძალიან დიდ,  საერთო ტკივილზე მინდოდა მელაპარაკა და დაუფიქრებლად ამიბეს მხარი, რის გამოც მუდმივ მადლიერებას განვიცდი ბუბას, ბეშიტას, ტასოს, გივიკოს, ბეგალას, გიგას, დევის, ჯანიკოს და ანანოს მიმართ, მადლიერებას და დიდ სიყვარულს. გრძელი მონოლოგის შემდეგ მსახიობებს და კოსტიუმების მხატვარ ანანო მოსიძეს წიგნი ვაჩვენე და ვუთხარი, რომ ასე გამოიყურება ჩვენი მომავალი სპექტაკლი. და მართლა ასეა: შავი სცენა, ყდასავით პრიალა ნაგვის პარკები, წითელი ყვავილები, მკვდრების ფოტოებივით ჩამწკრივებული ტელევიზორები და ამ მკვდრებში და წითელ ყვავილებში მოძრავი ადამიანები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძოდნენ. 

ტექსტზე ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი არაფერი შემიცვლია, ავტორს ვუერთგულე, მხოლოდ სასცენო ადაპტაცია გავაკეთე და შევცვალე მილას ხაზი, რომელსაც პაემანზე მარტო დარჩენილს, საგანგებოდ გამოპრანჭულს, რესტორანში თავზე ლაზარე წამოადგება და შვილის დანახვით გულგახეთქილს ეტყვის: „დედა, რა ლამაზი ხარ!“ ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. ჩემმა უსაყვარლესმა მსახიობმა, ბუბა გოგორიშვილმა, მითხრა: ”ლაზარე ჩემია, ჩემი შვილია. ვაფასებ და მიხარია, რომ ამ უბედურებაში, ამ უიმედობაში მაინც დატოვე ადგილი იმისთვის, რომ შვილმა დედას დაბადების დღე მიულოცოს, თავი კი ქალად, ადამიანად აგრძნობინოს. მადლიერი ვარ.“

სპექტაკლზე მუშაობისას წიგნში წავაწყდი ფოტოებს სომხური პლაკატებით. მერე გავიგე, თურმე სომხეთიდან სამძიმარზე ბევრი ხალხი ჩამოსულა.

გუშინ ტაქსისტმა ვარუშმა, რომელსაც 9 აპრილზე გამოველაპარაკე, მითხრა ყველამ ვიცოდით რა მოხდა, ვტიროდით და საქართველოში მეგობრებს ვურეკავდითო. ჩვენ ხომ ადრე მეგობარი ერები ვიყავითო, რუსეთმა გაგვთიშა და დაგვაპირისპირაო. საბჭოთა კავშირში ანეკდოტების შესაქმნელად სპეციალური კომისია მუშაობდა, რომელიც იგონებდა, რომ სომეხი მატყუარა და ხარბია, ქართველი ზარმაცი და უპასუხისმგებლო, უკრაინელი ხიხო და აზერბაიჯანელი – გონებაჩლუნგი, რუსეთმა გადაგვკიდა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს, თორემ რა გვქონდა გასაყოფიო?

იმავე ტაქსიში, ცოტა ხანში, დანანებით ამოვიოხრე და ვთქვი: „უსამართლობაა, ხვალ აქციაა თბილისში და მე ერევანში ვარ.“ ანაჰიტმა მკითხა რა აქციააო? მოვუყევი რომ ის, რისკენაც მთელი ცხოვრება გაუჩერებლად, დაუღლელად, უკომპრომისოდ, ცოფიანი ცხენივით მივრბივარ და რასაც ახლა ისე მივუახლოვდით, როგორც არასდროს, ჩვენს გაყიდულ მთავრობას უნდა რომ წაგვართვას და ისევ რუსეთის კალაპოტში დაგვაბრუნოს. ცხადია, ეს არ მოხდება, მაგრამ მე რომ იქ არ ვარ, გული მტკივა-მეთქი. „მიშაჯან“ – მითხრა –  „არ გინდა ჩვენ გავიდეთ რესპუბლიკის მოედანზე? მე შენ და ნადია, გავიდეთ და პოსტერი გავშალოთ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?“. თავი მილასავით ფანჯრისკენ შევატრიალე ჩემი ცრემლები რომ არ დაენახათ და გვარიანად ვიქვითინე. 

დღეს ჩემს სომეხ მეგობრებთან ერთად, პლაკატით ხელში,  რესპუბლიკის მოედანზე ერევანში მივდივარ. Პლაკატს ქართულად, სომხურად და ინგლისურად აწერია: „არა რუსულ კანონს!“. მივდივარ ამაყი და წელგამართიული, საკუთარი ხალხის, საკუთარი საზოგადოების და მეგობრების იმედით, რწმენით და დიდი შემართებით. არ მეშინია. მჯერა სამართლიანობის, მჯერა ბოროტებაზე გამარჯვების, მჯერა კეთილი დასასრულის, მჯერა საქართველოს და მისი მეგობარი ერების გაერთიანების, მჯერა გაძლიერების, საერთო მტრისძირგამომპალი ბოროტების, პირსისხლიანი და ხელში ნიჩბიანი რუსეთის დამარცხების; მჯერა,  არასდროს, აღარასდროს დავბრუნდებით იმ ტყვეობაში, რომელსაც ამდენი ფიზიკურად თუ მორალურად დაღუპული ადამიანის, დაკარგული ბავშვობის და გამწარებული ახალგაზრდობის ფასად დავაღწიეთ თავი. მჯერა ჩემი თაობის, მჯერა დედაჩემის თაობის, მჯერა და იმედი მაქვს ჩემზე უმცროსი და ჩემზე გონიერი, ჭკვიანი და ბრწყინვალე ახალგაზრდების.

მჯერა, რუსულ თეთრ კირს გადარჩენილი ქართული ფრესკების ფრაგმენტები, ბნელში ვარსკვლავებივით გამოანათებს.