58 წლის გოჩა შუკვანი 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში დაწყებულ ბრძოლას დღეს უკრაინაში აგრძელებს. „პუბლიკის“ მკითხველმა მისი სახელი პედაგოგ ნანა მგალობლიშვილის ნაამბობიდან გაიგო:
როგორც მასწავლებელი იხსენებდა, 9 აპრილის ღამეს რუსი ჯარისკაცი ხელკეტით სცემდა, როდესაც მისთვის სრულიად უცნობი ბიჭი, გოჩა შუკვანი გადაეფარა და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანა. ვიდეოჩანაწერი გოჩა შუკვანს ძმამ გაუგზავნა, რის შემდეგაც მან ნანა მგალობლიშვილს მისწერა:
„ცრემლი წამომივიდა, თქვენს რეპორტაჟს რომ მოვუსმინე, ჩემმა ძმამ გადმომიგზავნა, თორემ აქ, უკრაინაში ნაღდად ვერ ვნახავდი. 33 წელი გავიდა და თქვენი არაფერი მსმენია. თქვენს რეპორტაჟს რომ ვუყურე მივხვდი, რომ ღირდა თურმე თავგანწირვა თქვენნაირი ადამიანისთვის, რომელსაც ბევრი ბავშვი ეყოლება გაზრდილი და სწორ გზაზე დაყენებული“, – სწერს გოჩა შუკვანი ნანა მგალობლიშვილს.
„პუბლიკა“ გოჩა შუკვანს დაუკავშირდა. ის თითქმის ერთი თვეა, უკრაინაში იმყოფება. ამჟამად კიევშია, გადამზადება გაიარა და რეზერვში ირიცხება.
„დაიწყო თუ არა ომი, უკრაინაში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ პასპორტი არ მქონდა; აქამდე არ დამჭირვებია. გავაკეთე პასპორტი; მერე აქ წამოსვლა ცოტა გამიჭირდა – არ მქონდა არხები, საიდან, როგორ, რანაირად წამოვსულიყავი. მარტო ხომ არ წამოვიდოდი. ამან ცოტა შემაფერხა და როგორც კი საშუალება მომეცა, წამოვედი მაშინვე. ახლა რეზერვში ვდგავართ. ჩვენ, „ცოტა მოხუცებს“, გვიფრთხილდებიან. თქვენ გაგიჭირდებათო; თქვენთვის მძიმეა და ახალგაზრდებისთვის ადვილიო, გვეუბნებიან. სანამ არ გაუჭირდებათ, იქამდე გვიფრთხილდებიან. მოვა ჩვენი დროც, ალბათ. ახლა ისეთი ბრძოლები არ მიმდინარეობს, რომ დავჭირდეთ… ახალგაზრდებიც და ჩემი წლოვანების ხალხიც ჯერჯერობით ასე ვართ, მოლოდინში. ბომბავენ, ბომბავენ და ბომბავენ… პირდაპირ გადმოსვლას ვერ ბედავენ იმიტომ, რომ მშიშარები არიან, ალბათ“, – გვეუბნება გოჩა შუკვანი.
თქვენ აფხაზეთშიც იბრძოდით, ხედავთ მსგავსებას უკრაინის ომთან?
მსგავსებას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენ მოუმზადებლები, პირდაპირ ტყვიაზე მივდიოდით და ასე ბევრი დაგვეხოცა გვერდით. გამოუცდელები ვიყავით; ომი არ ვიცოდით, აქ კი უფრო მომზადებული ხალხია; ომობს ჯარი, აზოვის ბატალიონი. თან ეს 40-მილიონიანი ქვეყანაა, ჩვენ კი 3 მილიონი ვართ; მგონი, მაგდენიც არა ვართ. აფხაზეთის ომის დროს უკრაინელებთანაც მქონია შეხება, რუსებთანაც – ჩვენს მხარეს იყვნენ. თბილისში ათასი ეროვნების ხალხი ცხოვრობს – ქურთები იყვნენ ჩვენთან, რამდენიმე სომეხიც მახსოვს…
ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
ოჯახში როცა ვთქვი, რომ ომში უნდა წავსულიყავი, ჩემი მეუღლე მიუტრიალდა შვილებს და უთხრა: „აი, ხომ გეუბნებოდით, რომ წამსვლელი არისო“. ესე იგი, ეს თემა უკვე განხილული ჰქონდათ. წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
ჩვენ მოვისმინეთ ნანა მგალობლიშვილის ისტორია, თქვენ როგორ გახსენდებათ 9 აპრილის ღამე?
მე მოშიმშილე ვიყავი; პირველი დღიდან ვშიმშილობდი. რუსები რომ ტანკებითა და ხელკეტებით წამოვიდნენ, მოშიმშილეების მხარეს გასასვლელი გვქონდა, მაგრამ მე პირდაპირ რუსი ჯარისკაცებისკენ წამოვედი, რატომღაც. ალბათ, რაღაცამ მიბიძგა, რომ იქითკენ წავსულიყავი და დავინახე, ნანას როგორ ურტყამდნენ. ინსტინქტურად მივედი და გადავეფარე. დაუფიქრებლად. მერე გასასვლელი არსად აღარ იყო, ჯარისკაცები უნდა გამერღვია და გავარღვიე. სანამ კინოთეატრ „რუსთაველამდე“ მივაღწევდი, იქ მწყობრში მოდიოდნენ, რამდენი იყვნენ არ ვიცი… ერთს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს – მესამე, მეოთხე… ვინც მომაწვდინა ხელი, ყველამ მირტყა და მირტყა, მაგრამ, რა ვიცი, გავუძელი; არ დავვარდი. ისეთ ცემას ახლა ვერ ავიტანდი. რაღაცა ძალამ გამაძლებინა და მივაღწიე იქამდე. კინოთეატრ „რუსთაველის“ შესასვლელში ხალხი თავს აფარებდა და როგორც კი მივაღწიე, გამოცვივდნენ, გვტაცეს ხელი და ჩაგვსვეს სასწრაფოს მანქანაში. აღარ მახსოვს, მერე იქ როგორ მივედით, მაგრამ იქ რომ მივედით, პირველ საავადმყოფოში, ნანა უკვე გათიშული იყო; ავიყვანე ხელით, შევიყვანე საავადმყოფოში. ნანა ცალკე დააწვინეს, მე – ცალკე. ნანა მას შემდეგ აღარ მინახავს.
მერე, როგორც მახსოვს, ლეჩკომბინატში იწვა. რამდენიმე დღის შემდეგ მივაკითხე. უკვე აზრზე იყო მოსული და იწვა. მე ამ ტვინის შერყევასთან ერთად, მაგარი ნაცემი ვიყავი და ვერ მოვახერხე მერე მასთან გასვლა. თან ათასი მიტინგი იყო, იქეთ ვიყავი მაინც უფრო გადართული; მერე ისევ რომ მოვიკითხე, საერთოდ ვეღარ ვნახე, ვერსად ვერ მოვიძიე; თვითონაც ვერ მომიძია და ასე გავიდა 33 წელი. 33 წლის შემდეგ ვნახე ეს რეპორტაჟი და ძალიან გამიხარდა ჯერ ის, რომ ცოცხალი იყო, მერე ის, რომ მასწავლებელი ყოფილა და მერე ის, რომ კარგებს აღზრდიდა, დარწმუნებული ვარ.
რომ დაიწყო ლაპარაკი, შევატყვე, რომ კარგი მასწავლებელი იქნება, რადგან ის გზა აქვს არჩეული, რომელი გზაც დღეს ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს არჩეული. მე და მყავს პედაგოგი; დისშვილი მყავს პედაგოგი; ბიძაშვილი მყავს პედაგოგი. ყველა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ჩემი და ახლა უნივერსიტეტში ასწავლის ქართულს. ქართულის მასწავლებლები მაგრები არიან, რა… თუ მართლა ქართულს ასწავლიან და ქართულ სულისკვეთებას უდებენ ბავშვებს.
ომში წასვლამდე რას საქმიანობდით?
ორი შვილი და სამი შვილიშვილი მყავს. გადმომაბარეს შვილიშვილების აღზრდა და 6 წელი მათ მე ვზრდიდი. ერთი წლის იყო პატარა შვილიშვილი და 6 წლის იყო უფროსი. ჩემი გაზრდილები არიან – პამპერსით დაწყებული, კვება, ყურადღების მიქცევა… მათი მშობლები მუშაობდნენ; ჩემი მეუღლეც მუშაობს და მე ვზრდიდი ბავშვებს. ჩემი შვილიშვილების აღმზრდელი ვიყავი და მაგაზე კარგი საქმე არა მგონია, სხვა რამე მომენახა. ვზრდიდი იმათ, ვინც ყველაზე მაგრად მიყვარდა ცხოვრებაში და ყველაზე მეტად მიყვარს ახლაც. მესამე შვილიშვილის „ძიძაც“ გავხდი და მოკლედ, ეს იყო ჩემი დასაქმება, სანამ წამოვიდოდი აქ, უკრაინაში. როცა ოჯახში ნახეს, რომ ეს კარგად გამომდიოდა, არსად აღარ გამიშვეს და ამჯობინეს, ეს საქმე მეკეთებინა.
გოჩა შუკვანს სურს, მისმა შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ. როგორც ამბობს, სწორედ ამისთვის იბრძვის და ბედნიერია, რომ აქვს შესაძლებლობა, ამაში თავისი წვლილი შეიტანოს.
„მინდა, რომ დავამარცხოთ ეს გველეშაპი. მინდა, რომ წესიერ საქართველოს მოვესწრო, დავინახო, ვიცოდე, რომ ნორმალურ საქართველოში იცხოვრებენ ჩემი შვილიშვილები, შვილთაშვილები – ეს მინდა მე; სხვა არაფერი არ მინდა. უკვე თითქმის 60 წელს მივატანე… რაღა დამრჩა. შეიძლება, ხვალ, ზეგ და მაზეგ აღარ ვიყო, მაგრამ მინდა, რომ მეც ვნახო რა… 33 წელია, ვიბრძვი მაგის გულისთვის; არ გამოვკლებივარ არასოდეს არაფერს და მინდა, რომ ეს ჩემი მცირე წვლილის რაღაცა პატარა ნაფლეთი მაინც დავინახო ჩემი თვალით, რომ ვნახო და წესიერ საქართველოს მოვესწრო. ალალი შურით მშურდა იმ 200 კაცის, დიდგორის ომში რომ შევიდნენ მტრის განლაგებაში და იქიდან ატეხეს ბრძოლა. იმათი მშურდა და მეც მომიწია ასეთი ამბები. მოხარული ვარ, რომ მომიწია ასეთი ბრძოლები, მაგრამ გამარჯვება ვერ ვნახეთ. მინდა, რომ გავიმარჯვოთ. აი, ეს არის ჩემი ოცნება“, – ამბობს გოჩა შუკვანი.