9 ხშირად დასმული კითხვა კორონავირუსის ვაქცინის შესახებ

ინფიცირების საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ვაქცინაციის პროცესი მაინც დუნედ მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში არსებული სკეპტიციზმია, რასაც ზოგჯერ აცრასთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაცია უწყობს ხელს. ამ სტატიაში შევეცდები, ხშირად დასმულ შეკითხვებს მოკლედ და მკაფიოდ ვუპასუხო.

საჭიროა თუ არა ანალიზები ვაქცინაციამდე ან მის შემდეგ?

ვაქცინაციამდე ან მის შემდეგ რაიმე სახის ანალიზების თვითნებურად ჩატარება რეკომენდებული არ არის. ამ გადაწყვეტილებას ექიმი იღებს და ანალიზის პასუხებსაც ის უკეთებს ინტერპრეტაციას. ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციისგან თავს იკავებენ, თავიანთი გადაწყვეტილების გასამართლებლად ხშირად იმ არგუმენტს იშველიებენ, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდგომ სისხლში ანტისხეულების მაღალი ტიტრი უნარჩუნდებათ. რეალურად, ასეთ დროს ვაქცინაციას ყველაზე ეფექტიანი დაცვის შექმნა შეუძლია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ დროს თუნდაც ვაქცინით ერთჯერადი აცრა სრულ იმუნიზაციას გაუტოლდება. ამასთანავე, ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა არც აცრამდე და არც აცრის შემდეგ რუტინულად არ ხდება, რადგანაც საკმაოდ დიდია მიღებული შედეგების არასწორად ინტერპრეტაციის ალბათობა.

ალერგიული სტატუსის ფონზე აცრა საშიშია?

ალერგიული სტატუსი ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენებას მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში წარმოადგენს. მაგალითად: როდესაც ადამიანს დიაგნოსტირებული აქვს ვაქცინის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე ალერგიული რეაქცია ან წარსულში აცრისას მწვავე ალერგიული რეაქცია აღენიშნა. ვაქცინაციის წინა სავალდებულო კითხვარის შევსებისას ექიმები ალერგიულ ანამნეზს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და ალერგიული დაავადების მწვავე ფაზაში მყოფ პაციენტებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან. საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესი შეიძლება შეყოვნდეს ექიმის შესაბამისი შეფასების დასრულებამდე. მეორე აცრა არ კეთდება, თუ ვაქცინაციის პირველ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქცია (მაგ. ანაფილაქსია) გამოვლინდა. მეორე დოზისგან თავს იკავებენ დაუყოვნებელი, ალერგიული არამწვავე რეაქციის შემთხვევაშიც, როცა აცრილს ჭინჭრის ციება, შესივება ან რესპირატორული დისტრესი (სუნთქვის გაძნელება) გამოუვლინდება. თუმცა, როგორც ჩატარებული კვლევა იუწყება, ასეთი სიმპტომატიკის მიუხედავადაც კი, პაციენტები მეორე დოზას ადვილად გადაიტანენ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ პირველი აცრის შემდეგ სიწითლის, მტკივნეული გამონაყარის ან ლოკალური შესივებისა და ნანემსარი ადგილის ქავილის გამოვლენის შემთხვევაში, ადამიანი მეორე დოზით მაინც უნდა აიცრას.

სასურველია თუ არა ვაქცინაცია ქრონიკული დაავადებებისას?

ქრონიკული დაავადებების დროს ვაქცინაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური გამოსავლის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია. აღნიშნული მოსაზრება ფაქტობრივი მტკიცებულებით გამყარდა ისრაელში წარმოებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევით, რომელშიც მეცნიერებმა 1.3 მილიონი ადამიანის აცრის შემდგომი მდგომარეობა გააანალიზეს. როგორც აღმოჩნდა, ფაიზერის ვაქცინამ თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ 80%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში – 86%, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში ამ მაჩვენებელმა 75% შეადგინა. იმ ადამიანებს, რომელთაც 3 და მეტი ქრონიკული დაავადება აწუხებდათ ან COVID-19-ის მწვავე მიმდინარეობის რისკჯგუფებში გადიოდნენ, სრულად აცრის შემდეგ 88%-იანი ეფექტიანობით აირიდეს თავიდან სიმპტომური ინფექცია. ასევე აღსანიშნავია, რომ II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები აცრის შემდეგ 90%-ით არიან დაცულები COVID-19-ის მწვავე მიმდინარეობისგან.

ვაქცინაციის დროებითი გადავადების ჩვენებაა ქრონიკული დაავადების გამწვავების პერიოდი. AstraZeneca-ს ვაქცინით აცრისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგომარეობებს, როცა ასაცრელი ადამიანის იმუნური სისტემა შესუსტებულია (იმუნოდეფიციტი) ან იღებს ისეთ  მედიკამენტებს, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებს (მაგ: მაღალდოზიანი კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები ან კიბოს სამკურნალო საშუალებები). ასევე, საყურადღებოა ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებლების) გამოყენებაც. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მდგომარეობები ვაქცინაციისგან თავშეკავების აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს! აღნიშნულ გადაწყვეტილებას უშუალოდ ექიმი იღებს და ასეთ შემთხვევაში მან წერილობით უნდა დაადასტუროს თავისი გადაწყვეტილება.

სინოფარმის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ აცრა უკუნაჩვენებია უკონტროლო ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პირებისა და სხვა პროგრესული ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამ ვაქცინით ასევე არ ცრიან ანამნეზში გიენ-ბარეს სინდრომის მქონე ადამიანებს.

ვაქცინაციას რაიმე გავლენის მოხდენა ხომ არ შეუძლია რეპროდუქციულ სისტემაზე?

მეცნიერები სრული პასუხისმგებლობით, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია რეპროდუქციულ სისტემაზე გავლენას არ ახდენს. დეზინფორმაციის საწყისი ვაქცინაციის თავდაპირველ პერიოდში გაჩენილი ანეკდოტური ფაქტობრივი გარემოება გახდა, რომლის მიხედვითაც, აცრილი ქალები მენსტრუალური ციკლის ცვლილებას აღწერდნენ. იელის უნივერსიტეტის მეცნიერი, ალის ლი-კალიგანი აღნიშნავს, რომ იმუნური უჯრედები მენსტრუალური ციკლის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და თეორიულად შესაძლებელია ამ პროცესზე ვაქცინაციისგან გამოწვეული დროებითი ეფექტი, თუმცა პირდაპირი კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მენსტრუალური ციკლის ბუნებრივი ვარიაბელურობა და კვლევის ეტაპზე შესაბამისი მიმართულებით ყურადღების ნაკლებად გამახვილება. ამ ყოველივემ ანტივაქსერული მოძრაობისათვის მსუყე ნიადაგი შექმნა და რეალური ფაქტობრივი მტკიცებულება მათ იდეოლოგიურ პრიზმაში დეზინფორმაციად ტრანსფორმირდა. სოციალურ ქსელში აგორებულმა კამპანიამ მალე მასმედიის ყურამდეც მიაღწია და საბოლოოდ ეს მითი მთელ მსოფლიოს დიდი სისწრაფით მოედო. რა თქმა უნდა, ამ მცდარ მოსაზრებას ზურგს რაიმე სახის სამეცნიერო მტკიცებულება არ უმაგრებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ – მენსტრუაცია ვაქცინაციის გადავადების მიზეზი არ არის!

ამ მითს წინ სხვა დეზინფორმაცია უსწრებდა, რომლის მიხედვითაც, იმუნურმა სისტემამ შეიძლება პლაცენტაში არსებულ ცილას, სინციტინ-1-ს შეუტიოს, რადგანაც ამ უკანასკნელსა და კორონავირუსის სპაიკ-ცილას გენეტიკურ კოდში მცირე მსგავსება აქვთ.

„ეს იგივეა, რომ ქუჩის კატა სპილოში აგერიოთ, რადგანაც ორივე ნაცრისფერია“, – აღნიშნავს ოჯახის ექიმი ლორა მორისი, რომელიც პაციენტებისგან მოსმენილმა დეზინფორმაციამ ისე დაღალა, რომ შეკითხვის გარეშე იწყებს მათთვის იმის ახსნას, რომ ვაქცინაცია ქალთა რეპროდუქციულ სისტემაზე გავლენას არ ახდენს.

ნაყოფიერებასთან დაკავშირებული შიში არ გამართლდა მამაკაცების შემთხვევაშიც. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა მამაკაცების სპერმის ნიმუშები mRNA ვაქცინით (Pfizer / Moderna) აცრამდე და აცრის შემდეგ გამოიკვლიეს. როგორც მოსალოდნელი იყო, რაიმე სახის ცვლილება, რასაც შეიძლებოდა რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოეხდინა გავლენა, არ დაფიქსირებულა. ამის საპირწონედ ამავე კვლევის ავტორებმა წარმოადგინეს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, მამაკაცებში კორონავირუსით ინფექციას (თუნდაც მსუბუქი მიმდინარეობის პირობებშიც კი) როგორც უშვილობის, ასევე ერექციული დისფუნქციის გამოწვევაც შეუძლია. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობასა და საჭიროებას.

ცვლის თუ არა mRNA ვაქცინა გენეტიკურ კოდს?

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ქართულ რეალობასაც მალევე მოედო. რთულ ბიოლოგიურ პროცესებში უფრო სიღრმისეულად გასარკვევად, დახმარება ჩემს მეგობარს, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის დოქტორანტს, შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადო ჯანდაცვის ინსტიტუტის მკვლევარს, ნინო მაღრაძეს ვთხოვე. იგი იმ ახალგაზრდა მეცნიერთაგან ერთ-ერთია, ვინც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სამეცნიერო დეზინფორმაციას დაუღალავად ებრძვის.

„შეკითხვაზე, ზემოქმედებს თუ არა ფაიზერის, ან საინფორმაციო რნმ-ზე (mRNA) დაფუძნებული სხვა ვაქცინა ადამიანის გენომზე, პასუხი ძალიან მარტივია და სუფთად ბიოლოგიური პროცესებიდან გამომდინარეობს: რა თქმა უნდა, არა!

უფრო ზუსტად ვერა, რადგან საინფორმაციო რნმ (mRNA) მხოლოდ შუამავალი პროდუქტია – ინსტრუქციაა, თუ როგორ უნდა ააწყოს ორგანიზმმა ის ანტიგენი, რომლის მიმართაც ჩვენმა იმუნურმა სისტემამ ანტისხეულები უნდა გამოიმუშაოს.

ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოლოგიური პროცესი ცენტრალურ დოგმას ემორჩილება: გენომში დნმ კოდირებული ინფორმაცია რნმ-ის საშუალებით ტრანსლირდება, როგორც ცილა. ეს პროცესი ცალმხრივი  (დნმ →რნმ→ცილა) და ზედმიწევნით ზუსტია. ჩვენი დნმ ორგანიზმში საიმედოდ არის დაცული იმ უამრავი მექანიზმით, რომელთა საშუალებითაც ადამიანმა, როგორც ორგანიზმმა, დღემდე მოაღწია. რა თქმა უნდა, მუტაცია ვირუსშიც და ადამიანის ორგანიზმშიც მუდმივად ხდება, მაგრამ ვირუსისგან განსხვავებით, ჩვენს ორგანიზმს ერთი ძალიან კარგი რამ ახასიათებს –  ე.წ.  proofreading /კორექტირების უნარი, რაც  ვირუსს არ გააჩნია და, შესაბამისად, მასში მუტაციის სიხშირე თუ მისგან გამოწვეული ცვლილებები საკმაოდ მაღალია.

ჩვენი დნმ დაცულია სპეციფიკური ცილებით, ჰისტონებით და მისი გახლეჩა არც ისე მარტივია. დნმ-ის „დაჭრაში“ მონაწილე ფერმენტების – ენდონუკლეაზების მოქმედება მკაცრად არის რეგულირებული უამრავი ცილის მიერ. ბირთვში (სადაც დნმ-ა მოთავსებული) საინფორმაციო რნმ, უბრალოდ, არც კი გადადის, რომ მასზე თეორიულად მაინც მოახდინოს ზემოქმედება – ეს სრულიად გამორიცხულია.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ  (რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს  დეტალურად აქვს განხილული და ამ ინფორმაციის მოძიება თითოეულ ჩვენგანს თავისუფლად შეუძლია) და ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ:

  1. COVID -19 ის აცრა ხორციელდება ინტრამუსკულარულად ანუ ინიექცია კეთდება კუნთში (მხარზე). როდესაც ვაქცინა ხვდება კუნთოვან უჯრედში, იგი მას კორონავირუსის ერთ-ერთი დამახასიათებელი სტრუქტურის, სპაიკ-ცილის დასამზადებლად იყენებს. ამ ცილის დამზადების შემდეგ „ინსტრუქცია“ უჯრედის მიერ უბრალოდ ნადგურდება.
  2. ჩვენი კუნთოვანი უჯრედი დამზადებულ სპაიკ-ცილას მისივე ზედაპირზე გამოიტანს (ეს პროცესი ცნობილია, როგორც ანტიგენის წარდგენა), სადაც ჩვენი იმუნური უჯრედები მას, როგორც ორგანიზმისთვის უცხო ცილას, მაშინვე ამოიცნობს. სწორედ აქ იწყება იმუნური პასუხი: ორგანიზმი სპაიკ-ცილის მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ეს პროცესი  კორონავირუსით ინფიცირებისა და მასზე ჩვენი სხეულის იმუნური პასუხის ანალოგიურია.
  3. ამ პროცესების ბოლოს ჩვენს ორგანიზმში სპაიკ-ცილის მიმართ უკვე მზა ანტისხეულებია  და რაც მთავარია, ამ შედეგს დაავადების გადატანის გარეშე ვაღწევთ.  შემდგომში კორონავირუსთან კონტაქტისას, ჩვენმა ორგანიზმმა უკვე იცის, თუ როგორ უნდა ებრძოლოს მას. ფაქტობრივად, ჩვენი ანტისხეულების ბიბლიოთეკას დამატებით „შავი სიის“ წიგნი შეემატება“.

უსაფრთხოა თუ არა ვაქცინაცია ორსულებისთვის/მეძუძური დედებისთვის?

CDC-ს ცნობით, ორსულების ინფიცირების რისკი დაბალი კი არის, მაგრამ დასნებოვნების შემთხვევაში, ისინი დაავადების მწვავე მიმდინარეობის რისკ-ჯგუფში გადიან. ამის გამო, მათი ვაქცინაციით მიღწეული სარგებელი მნიშვნელოვნად გადაწონის კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხეებს. ეტაპობრივად დაგროვებულმა სამეცნიერო მტკიცებულებამ შესაბამის მარეგულირებლებს აღნიშნული რეკომენდაციის გაცემისკენ უბიძგა: აშშ-ის CDC-მ ყველა ორსულს აცრისკენ მოუწოდა. მოცემულ მომენტში ეს რეკომენდაცია mRNA ვაქცინებზე (ფაიზერის ვაქცინა) ვრცელდება და მას საქართველოშიც ითვალისწინებენ. ამჟამად ორსულებს ფაიზერის ვაქცინით ცრიან და მათ ვაქცინაციის პუნქტში 30 წთ-ის ნაცვლად 45 წთ-ით უწევთ დაყოვნება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ივლისის მიწურულს განაცხადა, ამ ეტაპზე ორსულებს სინოვაკით და სინოფარმით არ ცრიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ორსულები ამგვარ კლინიკურ კვლევებში იშვიათად ერთვებიან და გამონაკლისი არც კორონავირუსის ვაქცინა გამოდგა. ორსულებსა და დაფეხმძიმების მსურველებს აცრისკენ მოუწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. ვაქცინაცია უსაფრთხოა მეძუძური დედებისთვისაც.

შეიძლება თუ არა აცრის შემდეგ ალკოჰოლის დალევა/მარიხუანის მოწევა?

კორონავირუსის ვაქცინის კვლევის პროტოკოლში ალკოჰოლის ზეგავლენა ცალკე პუნქტად არ გამოუტანიათ. ამას მარტივი ახსნა აქვს: მიმდინარე პანდემიის პირობებში ამის დრო ნამდვილად არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებას ვაქცინის ეფექტიანობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ზომიერ მოხმარებაში 1-2 ჭიქა ღვინის მიღება იგულისხმება. ამას გარდა, ისინი აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იმუნურ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს და ეს ზოგადადაც არ არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო. ვაქცინაციის პარალელურად ალკოჰოლის შეზღუდვაზე პირველად რუსი ჯანდაცვის სპეციალისტები ალაპარაკდნენ. მათი განცხადებით, რუსული ვაქცინით Sputnik – V აცრამდე 2 კვირა და აცრის შემდეგ 42 დღე ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება იყო აუცილებელი. უცხო არავისთვისაა, რომ ალკოჰოლის მოხმარების რეიტინგში რუსეთი მოწინავე პოზიციაზეა და, შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ ამ განცხადებამ მის მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამის საპირწონედ აშშ-ის ზოგიერთ შტატში ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად აცრილებს უფასო ლუდს სთავაზობდნენ.

აცრის შემდეგ უფასო მარიხუანით ცდილობდა ვაშინგტონის შტატი ვაქცინაციის კამპანიის წახალისებას. როგორც ირკვევა, ზომიერ დოზებში THC-ს (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) ვაქცინის ეფექტიანობაზე გავლენას არ ახდენს. ერთადერთ საყურადღებო ასპექტად მკვლევრები ნაბახუსევისა და ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების თანდართვას მიიჩნევენ, რა დროსაც ისინი შეიძლება უფრო მწვავედ გამოვლინდეს. როგორც ყველაფერში, ზომიერება აქაც გადამწყვეტ როლს თამაშობს.

რაც შეეხება უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებს (მაგ. კოკაინი, მდმა), ამის შესახებ რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, უბრალოდ, არ არსებობს.

იკრძალება თუ არა აცრის შემდეგ შხაპის/აბაზანის მიღება?

არა

რომელი ვაქცინაა უკეთესი?

ვაქცინები ერთმანეთს პირდაპირ ვერ ედრება, რადგანაც განსხვავებულია მათი კვლევის პერიოდები, პროტოკოლები და სამიზნე ჯგუფები. უმთავრესია, რომ ამჟამად ქვეყანაში შემოტანილი ყველა ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხოა. ამის თქმის საშუალებას თუნდაც ის ფაქტი იძლევა, რომ  ორჯერ აცრილთა შორის სიკვდილიანობა საერთოდ არ ფიქსირდება! ეს მარტივად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით აიცრებით – თქვენ COVID-19-ის დიაგნოზით სიკვდილისგან უპირობოდ დაცულნი იქნებით. საბოლოო არჩევანი იმ ვაქცინაზე უნდა შეაჩეროთ, რომელიც თავს უფრო დაცულად გაგრძნობინებთ. ვაქცინების ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებლები ადამიანთა გონებაში პირდაპირ არ გადმოითარგმნება ხოლმე. ვიღაცას ტრადიციული მეთოდოლოგიით შექმნილი ჩინური სინოფარმის 80% ურჩევნია სუპერ-თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული ფაიზერის 95%-ს. რაოდენ მაღალიც არ უნდა იყოს ვაქცინის ეფექტიანობა, ამას მნიშვნელობა არ ექნება, თუ მისით ადამიანები არ აიცრებიან. ამიტომაც პანდემიის დამარცხება არა ცალკე აღებულ ვაქცინას, არამედ ვაქცინაციის პროცესს და პრევენციული ღონისძიებების ჯეროვნად გატარებას შეუძლია.