9 თვის შემდეგ | რა ვისწავლეთ კორონავირუსზე

დიმიტრი ლიპარტელიანი

ზუსტად 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჩინეთში, ქალაქ ვუხანში, უცნობი წარმომავლობის პნევმონიის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. აქედან მოყოლებული დღემდე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები პანდემიის დასამარცხებლად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. კვლევების პარალელურად იზრდება ჩვენი, საზოგადოების განსწავლულობაც, რაც პანდემიის დასრულებასთან სულ უფრო მეტად გვაახლოებს.

ამ სტატიაში მიმოვიხილავ პანდემიის შესახებ დაგროვილ საკვანძო მიგნებებს:

  • კორონავირუსის ჰაეროვანი გზით გავრცელება შესაძლებელია

კორონავირუსის გამოჩენის დღიდან მეცნიერების წინაშე უმთავრესი კითხვა იდგა: რა გზით ვრცელდება იგი ადამიანებს შორის? პირველადი კვლევებით დადგინდა, რომ იგი წვეთოვან ინფექციათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი დახველების ან დაცემინების გზით გამოყოფილი დიდი ზომის წვეთებით ვრცელდება. ჯერ კიდევ მარტიდან მოყოლებული, მეცნიერთა ნაწილი ჰაეროვან გავრცელებაზე საუბრობდა. მათი აზრით, ვირუსს უფრო მცირე წვეთების სახითაც შეეძლო გავრცელება. ამ მოსაზრებას აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნულის აკადემიის წევრებიც აქტიურად იზიარებდნენ, თუმცა, ამას ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. ივლისში, 200-ზე მეტმა მეცნიერმა WHO-ს ღია წერილით მიმართა და მას კორონავირუსის ჰაეროვანი გზით გავრცელების აღიარება მოსთხოვა. მზარდი საჯარო ზეწოლის შემდგომ WHO-მ დაგროვილ სამეცნიერო მტკიცებულებას თვალი გაუსწორა და აღნიშნა, რომ ხალხმრავალ, დახურულ სივრცეებში, ცუდი ვენტილაციის პირობებში ვირუსის ჰაეროვანი გზით გადაცემაც არ უნდა გამოირიცხოს.

გაცილებით რთული აღმოჩნდა ეს გზა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისთვის (CDC). მათ თავიანთი გაიდლაინები სექტემბერში განაახლეს და აღნიშნეს, რომ კორონავირუსი ჰაეროვანი გზით ვრცელდებოდა. თუმცა, სამ დღეში თავიანთი განცხადება შეცდომად მონათლეს და გაიდლაინიდან ეს შენიშვნა უკან გაიწვიეს. საბოლოოდ, ორშაბათს CDC-მ ვირუსის შესაძლო ჰაეროვან გავრცელებაზე WHO-ის მსგავსი ჩანაწერი გააკეთა.

ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი ცალსახად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. უბრალოდ, კონკრეტულ პირობებში მას ჰაეროვანი გავრცელების პოტენციალი აქვს და ამას ზამთრის პერიოდში დიდი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ექნება – სიცივის გამო ადამიანების დიდი რაოდენობა სწორედ ისეთ დახურულ სივრცეებში აღმოჩნდება შეყუჟული, სადაც ჯეროვანი ვენტილაცია არცთუ ისე ხშირად ხერხდება.

  • ცნობილია კორონავირუსის სიმპტომების სრული სია და მათი გამოვლენის თანმიმდევრობა

CDC-მ COVID-19-ის სიმპტომების სია ბოლოს მაისში განაახლა და იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სიცხე და კანკალი;
  • ხველა;
  • გულისრევა ან პირღებინება;
  • სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება;
  • ზოგადი საერთო სისუსტე;
  • კუნთების ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა;
  • ყელის ტკივილი;
  • ცხვირის სისველე / გაჭედვა;
  • დიარეა;

უნდა ითქვას, რომ „სრული სია” რამდენადმე ხმამაღალი ნათქვამია, რადგანაც იშვიათი სიმპტომების შესახებ კვლევები ჯერ კიდევ ქვეყნდება. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ასეთ აკადემიურ სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მოხუც პაციენტებში დელირიუმის მსგავსი ნიშნები, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების ადრეული სიმპტომი აღმოჩნდეს..

უფრო რთული გამოდგა ამ ჩივილების გამოვლენის თანმიმდევრობის გამოკვეთა, რადგანაც ექიმთა უმეტესობა მათ დოკუმენტირებას განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობდა. რეალურად კი ეს მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო საშუალებაა, რადგანაც გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად მისი COVID-19-სგან განსხვავება იქნება საკვანძო საკითხი  – ამ ორ დაავადებას ერთმანეთის მსგავსი ბევრი სიმპტომი აქვს. როგორც ირკვევა, კორონავირუსით ინფიცირებულებს, უმეტესად, სიმპტომები შემდეგი თანმიმდევრობით გამოუვლინდებათ: ცხელება, ხველა, გულისრევა ან პირღებინება და ბოლოს – დიარეა. ჩივილების გამოვლენის შედარებით უფრო ნაკლებად მოსალოდნელი თანმიმდევრობაა: დიარეა, გულისრევა ან პირღებინება, ხველა და ბოლოს – ცხელება.

რა თქმა უნდა, ეს უნივერსალური მაჩვენებლები არ არის და იგი ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათი მიგნება ექიმებს დიდ პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს და მათ COVID-19-ის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას გაუმარტივებს.

  • სტეროიდულ მედიკამენტებს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ

ორგანიზმში შეჭრის შემდგომ კორონავირუსი უჯრედებში გამრავლებას და მათ განადგურებას იწყებს, რაც იმუნიტეტისთვის შეუმჩნეველი არ რჩება, რის გამოც სხეულში ანთებითი რეაქცია ვითარდება. თუმცა, ზოგჯერ ისე ხდება, რომ თავის პასუხში იმუნიტეტი ზედმეტად აგრესიული ხდება. ეს საბოლოოდ ისევ დაინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობას ვნებს. ამგვარ ზე-რეაქციას სტეროიდული მედიკამენტები ახშობენ.

დექსამეტაზონი პირველი ფარმაკოლოგიური საშუალება გახლდათ, რომელსაც დამტკიცებულად სიცოცხლის გადამრჩენის სტატუსი ერგო. მოგვიანებით მას ასევე შეუერთდა ჰიდროკორტიზონი, რომელიც მსგავს ეფექტიანობას ავლენს. ისინი განსაკუთრებით გამოსადეგნი ისეთ პაციენტებთან არიან, რომელთაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ან ჟანგბადის მიწოდება ესაჭიროებათ. მსუბუქ ავადმყოფებთან პრეპარატებს მსგავსი ეფექტი არ აქვთ, რის გამოც მათი პრევენციული მიზნებით თვითნებური გამოყენება მკაცრად აკრძალულია.

ორივე მედიკამენტი ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი გახლავთ, რაც ექსპერტებს იმედს აძლევს, რომ ეკონომიკურად ღარიბ ქვეყნებში ინფიცირებულები შესაბამისი მკურნალობის გარეშე არ დარჩებიან.

  • პოპულაციურ (ჯოგურ”) იმუნიტეტამდე ჯერ კიდევ შორია

COVID-19-ის მოხდის შემდეგ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები რჩება. თეორიულად, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი გახდება ვირუსის მიმართ იმუნური და ამგვარად პოპულაციური იმუნიტეტი ჩამოყალიბდება, რაც კორონავირუსს გავრცელების საშუალებას შეუზღუდავს. თუმცა, ეს უდანაკარგო გზა ნამდვილად არ იქნება.

ყველაზე იდეალურ შემთხვევაში, პოპულაციურ იმუნიტეტს ვაქცინაცია ჩამოაყალიბებს, მაგრამ ვაქცინისთვის შესაქმნელი რბოლა ფინიშის ხაზს უახლოვდება. თუმცა, ექსპერტთა აზრით, პლანეტის მოსახლეობის უმეტესობისთვის სამყოფი ვაქცინების დამზადებას წლები დასჭირდება. პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევის შემთხვევაში, შესაძლოა, რომ კორონავირუსი სეზონური გახდეს და მან თავი გრიპის მსგავსად წლის ცივ პერიოდში შეგვახსენოს.

სამწუხაროდ, ამ მხრივ ოპტიმისტური პროგნოზები არ კეთდება. როგორც კვლევები აჩვენებს, COVID-19-ის გადატანის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა მალევე იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის კონკრეტული შტამის მიმართ იმუნიტეტი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ნარჩუნდება. არსებობს ჰიპოთეზა, რომ მიუხედავად ამისა, ორგანიზმს SARS-CoV-2 ვირუსის წინააღმდეგ რაღაც დაცვა მაინც გააჩნია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ბოლომდე დამტკიცებული არ არის.

შვედეთში, აშშ-სა და ესპანეთში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ პოპულაციურ იმუნიტეტამდე ჯერ კიდევ შორია. ამას ისიც ემატება, რომ უკვე რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევაც არის აღწერილი, რაც ექსპერტთა აზრით პოპულაციური იმუნიტეტის უვაქცინოდ მიღწევის იდეას საბოლოოდ ასამარებს.

  • ინფიცირების ზრდის მიუხედავად COVID-19-ის გართულებებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები დაბალ ნიშნულზე რჩება

აღნიშნულის თქმის საშუალებას ევროპისა და აშშ-ს გარკვეულ რეგიონების სტატისტიკური ანალიზი იძლევა. მიზეზები ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა, მეცნიერებს რამდენიმე ჰიპოთეზა აქვთ. ერთი მოსაზრებით, COVID-19-ის საშუალო და მძიმე შემთხვევების მართვა დაიხვეწა, რაშიც ლომის წვლილი დექსამეტაზონსა და ჰიდროკორტიზონს მიუძღვით. მეცნიერთა წრეში ასევე მუსირებს აზრი, რომ SARS-Cov-2 უფრო ნაკლებ მომაკვდინებელი გახდა, რადგანაც მასპინძელი ორგანიზმის განადგურებით იგი სარგებელს ვეღარ ნახულობს. ამ ჰიპოთეზის ოპონენტთა შეხედულებით, ამგვარი ეფექტის გამოსავლენად ჯერ ზედმეტად ცოტა დრო არის გასული.

მთლიანი სურათის დახატვაში მნიშვნელოვან როლს პრევენციული ღონისძიებების (პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და ხელების საპნით ხშირი დაბანა) ეფექტიანობა თამაშობს. ამის შედეგად გარემოში კორონავირუსის სულ უფრო მცირე რაოდენობა ხვდება, რასაც ადამიანთა ორგანიზმი წარმატებით უმკლავდება.


გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოება ახალი გამოწვევებისთვის იწყებს მზადებას. ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია, თუ რას გვიმზადებს უახლოესი თვეები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: პრევენციული ღონისძიებები როგორც კორონავირუსის, ასევე სეზონური გრიპის წინააღმდეგაც ეფექტიანად მუშაობს და  წელს გრიპზე აცრა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.