სომხეთში პოლიტიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია. ამის მიუხედავად საქართველოში ნაკლებია ინფორმაცია ამ კრიზისის დეტალების შესახებ. სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ მეზობლად განვითარებულ მოვლენებს.
25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა და მწვავე უკმაყოფილებას გამოხატა გენერალური შტაბის პირველი მოადგილის გათავისუფლების გამო. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერდნენ გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და 30-ზე მეტი სამხედრო მეთაური, ასევე ნათქვამი იყო, რომ სომხეთის მთავრობა უნდა გადამდგარიყო. განცხადებას მოჰყვა პრემიერ ფაშინიანის Facebook-ლაივი. მან გენერალური შტაბის ეს განცხადება გადატრიალების მცდელობად შეაფასა და ლაივშივე თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური შტაბის უფროსი, თავის მომხრეებს კი ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ვრცელი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ სომხურ ტელეარხს და უამრავ თემასთან ერთად ყარაბაღის ომის შესახებაც ისაუბრა. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარქსიანს, კრიტიკის ნაცვლად ჯობდა განემარტათ, თუ რატომ არ იმუშავა რუსეთის მიერ მიწოდებულმა ერთ-ერთმა მთავარმა იარაღმა, ე.წ. „ისკანდერმა”, რითაც ასე ამაყობდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები; სომხეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რუსეთის შემდეგ, ვისაც ჰქონდა ეს ბალისტიკური რაკეტები.
პროფესიულ წრეებში ფაშინიანის ამ განცხადებას არათუ კრიტიკით, არამედ ირონიით უპასუხეს. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნულ განცხადებას არანაირი საფუძველი არ აქვს; მეტიც, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის გათავისუფლების მიზეზიც, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცინიკური დამოკიდებულება იყო ფაშინიანის ზემოთ მოყვანილ განცხადებაზე, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება და მათ უბრალოდ საბაბი სჭირდებოდათ.
2020 წლის ომის შემდეგ სომხეთის საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად და მკვეთრად პოლარიზებულია. ერთი ნაწილისთვის ფაშინიანი არის მოღალატე, ხოლო მეორე ნაწილს, მათ შორის ფაშინიანის გულშემატკივრებს, ეშინიათ, რომ პრემიერის გადადგომით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან ერთად კორუფცია და ძალადობა დაბრუნდება. უმეტეს შემთხვევაში, მმართველი ძალა ზუსტად ას ეპოზიციონირებს: – ბევრს ნუ გვაკრიტიკებთ, თორემ ყოფილი ხელისუფლება დაბრუნდება.
ვინ არიან ოპოზიციონერები სომხეთში
9 ნოემბრის შემდეგ, როდესაც მოსკოვში ალიევმა და ფაშინიანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, სომხეთში გამოსვლები დაიწყო. ადამიანების გარკვეული ჯგუფი შეიჭრა მთავრობის კანცელარიის შენობაში, სამთავრობო აგარაკსა და სხვა სახელმწიფო შენობებში. 10 ნოემბერს, გამთენიისას, მომიტინგეებმა სცემეს პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს, რასაც სომხეთში მოჰყვა „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა”, რომელიც აერთიანებდა 17 პოლიტიკურ პარტიას. მოძრაობამ გააერთიანა, ძირითადად, ის პარტიები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ სომხეთის ყოფილ ხელისუფლებასთან.
აღსანიშნავია, რომ „ყოფილ ხელისუფლებაში“ არ იგულისხმება მხოლოდ წინა პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, არამედ – მისი წინამორბედი რობერტ ქოჩარიანიც და წინა წლებში სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი პარტიებიც, მაგალითად, ნაციონალ-სოციალისტური „დაშნაკცუთიუნი“ და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი ართურ ვანეციანი.
2018 წლის რევოლუციის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებამ დააკავა ამ ჯგუფის, ანუ ე.წ. ოპოზიციის არაერთი წევრი, ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნები. მათ შორის იყო სომხეთში, ალბათ, ყველაზე ცნობილი გენერალი მანველ გრიოგორიანი, რომელიც გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით; ასევე, დააკავეს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მოქმედი გენერალური მდივანი იური ხაჩატუროვი, რასაც, ექსპერტების განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა, ვინაიდან ხაჩატუროვის დაკავება რუსეთთან შეუთანხმებლად მოხდა.
თავად ფაშინიანმა, რომელმაც თავის დროზე ოპოზიციონერის რანგში სომხეთის პარლამენტში კენჭისყრაზე გაიტანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხი, მოგვიანებით უკვე პრემიერის რანგში შეიცვალა პოზიცია და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების მომხრე გახდა (ყოველ შემთხვევაში, რიტორიკულ დონეზე მაინც); თუმცა, ამავდროულად, უნდა ითქვას ისიც, რომ თავისი არაერთი გამოსვლით პირდაპირ თუ ირიბად აყენებდა ზიანს რუსეთის ინტერესებს; ასეთივე იყო განცხადება, რითაც დაიწყო გენერალურ შტაბთან კონფლიქტი – რუსეთის სიამაყე, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ მ“ ან საერთოდ არ მუშაობს, ან მუშაობს მისი 10%.
„ზედმეტი ხავერდი“
2018 წელს მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ სომხეთის მოსახლეობა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სიმკაცრისკენ მოუწოდებდა. საუბარია წლების განმავლობაში კორუფციული გარიგებებითა და თანამდებობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებით გამდიდრებული ადამიანების მიმართ მკაცრ სანქციებსა და საზოგადოების მხრიდან პატიმრობის მოთხოვნაზე; თუმცა 2 წლის განმავლობაში არც ერთი ცნობილი საქმე ბოლომდე არ მისულა. მაგალითად, სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის სასამართლო დღემდე გრძელდება. ასევე, არ არის გამოძიებული სომხეთის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „1 მარტის საქმე“.
2008 წელს, როდესაც რობერტ ქოჩარიანი სერჟ სარქსიანმა ჩაანაცვლა, ოპოზიცია, პირველი პრეზიდენტის მეთაურობით, არ ეთანხმებოდა სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს. ოპოზიციის მხარდასაჭერად ასობით ათასი მოქალაქე გავიდა ქუჩაში; ამ მიტინგების ერთ-ერთი ლიდერი იყო თავად ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობის ზოგიერთი წევრიც. თებერვალში დაწყებულმა საპროტესტო მუხტმა პიკს 1 მარტს მიაღწია.
2008 წლის 1 მარტს ერევნის ქუჩებში გამოჩნდა სომხეთის შეიარაღებული ძალები სპეცტექნიკითა და იარაღით. დაიწყო სროლა, რის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი. „1 მარტის“ საქმეზე 2018 წლის ივლისში ბრალი წარუდგინეს ქოჩარიანს საკონსტიტუციო წესრიგის დამხობისთვის. ქოჩარიანი, რამდენჯერმე დააკავეს და გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოში ეს საქმე დღემდე გრძელდება. საყურადღებოა, რომ, როდესაც ქოჩარიანი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფებოდა, მას დაბადების დღე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ქოჩარიანის საქმესთან ერთად ათობით მსგავსი საქმეა. არ დაუკავებიათ ის ადამიანებიც, რომლებმაც არაერთხელ იძალადეს იმდროინდელი ოპოზიციის, მათ შორის, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ.
რამდენიმე დღის წინ სომხეთში ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა – ერთი მხრივ, ოპოზიციის და მეორე მხრივ, ხელისუფლების მხარდამჭერების. ფაშინიანმა მოუწოდა მოქმედ პრეზიდენტს, ხელი მოეწერა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე განცხადებით, პრეზიდენტი ჩაითვლებოდა გადატრიალების მომხრედ. თავის გამოსვლა კი, პრემიერმა დაასრულა შემდეგი სიტყვებით – „ხავერდი დამთავრდა“.
სომხეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. თუმცა, რეალური ოპოზიცია, ე.წ. მესამე ძალა არ ჩანს. თითქმის ყველა ყოფილი ოპოზიციონერი ახლა მმართველ გუნდშია, ხოლო დღევანდელი ოპოზიციის ბირთვი არის ყოფილი ხელისუფლება. სომხეთის ბოლო პოლიტიკური მოვლენები გარკვეულწილად ჰგავს საქართველოს მაგალითს: აბა სერჟი გვინდა?