ბაბალეს წინდა ამაზონზე

რეკლამა

რამდენიმე წლის წინ ლია ტაბატაძემ  გადაწყვიტა, შვილის და  დაუნის სინდრომის მქონე სხვა ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა, შედეგად კი  თანამოზრეებთან – დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლებთან ერთად სოციალური საწარმო დაარსა.

„ყველა მშობლის სურვილია, იზრუნოს შვილის მომავალზე, განათლებაზე, დასაქმებაზე… ჩვენს შემთხვევაში განსხვავებული პერსპექტივებია. მხოლოდ განათლების მიცემა და განვითარების ხელშეწყობა საკმარისი არ არის და ეს აღვიქვით არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობად.

ჩვენ შევისწავლეთ, მსოფლიოში რა ხდება. ვნახეთ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბევრი ადამიანი  დასაქმებულია და დღითი დღე მათი რაოდენობა იზრდება.

ქვეყნების უმეტესობაში მშობლების ინიციატივით დაიწყო სხვადასხვა საკითხის მოგვარება. ჩვენც გადავწყვიტეთ ამ საერთაშორისო გამოცდილებით გვესარგებლა“, – გვიყვება ლია ტაბატაძე.

იგი სხვა მშობლებთან ერთად  „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ დამფუძნებელია. თავის მხრივ, ასოციაციას ეკუთვნის სოციალური საწარმო „ბაბალე“.

ლია ტაბატაძის თქმით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ხელშეწყობის მხრივ, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ბევრი რამ გასაკეთებელი. „რამდენიმე მშობელმა გადავწყვიტეთ, გვეცადა სოცალური მეწარმეობის გზა, ჩვენი შვილების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით. მაგ პერიოდში ჩემი შვილი იყო პატარა. ახლა 11 წლისაა, თუმცა ამ ყველაფერს  მხოლოდ ჩემი შვილისთვის არ ვქმნიდი“. –  ამბობს ტაბატაძე.

როგორც ლია გვიყვება, საწარმომ თავდაპირველად მუშაობა ხელნაკეთი ნივთების დამზადებით დაიწყო: ზარდახშები, ჭიქები, ქოთნები და ა.შ. დღეს მათ საზოგადოება წინდების კამპანიით იცნობს,  რომელიც ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან კარგად გამოიყენეს.

„ესაა მსოფლიო სიმბოლო, წინდა, როგორც ქრომოსომა, და  რადგან ჩვენი წინდები ასეთი პოპულარული გახდა, ვიფიქრეთ, რატომაც არა, რატომ არ შეიძლება, წინდა იყოს  მთავარი პროდუქტი წლის განმავლობაში?

და 2019 წელს „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დავიწყეთ ბაბალეს წინდის, როგორც უკვე პროდუქტის წარმოება, და მომხმარებლისთვის შეთავაზება“. – გვეუბნება ტაბატაძე.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიზნესის, მათ შორის სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერაა.  ბანკი უკვე წლებია, აფინანსებს  სოციალურ საწარმოებს. „ბაბალეს წინდა“ კი ერთ-ერთია იმ სოციალურ საწარმოთა შორის, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

გარდა იმისა, რომ წინდა ქრომოსომასთან ასოცირდება და ასოციაცისთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, მათ სურდათ, ეჩვენებინათ, რომ შეიძლება, საინტერესო იყოს როგორც ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, ასევე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატები.

ბაბალეს წინდები შექმნილია ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა დეტალის გამოყენებით. „პირდაპირი კოპირება არ არის, ვიღებთ ინსპირაციას პირობითად, კაკაბაძის იმერეთის პეიზაჟიდან, ზდანევიჩის ტილოებიდან და ა.შ.

და მათ შორის თეოს ნახატები, ანას ბანანები, ალექსანდრეს კაცუნები და ა.შ. დავაყენეთ თანაბარ პირობებში, ასე თქვათ“. – ამბობს ლია.

ის ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში როდესაც ყველა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მათ შორის სოციალურ საწარმოებიც, წინდა აღმოჩნდა პროდუქტი, რომელმაც ბაბალე, როგორც საწარმო, გადაარჩინა.

სწორედ პანდემიის გამოც დაიწყეს ახალი გზების ძიება. შედეგად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერითა და კომპანია Beechwood Trading-ის ხელშეწყობით ბაბალეს წინდის შეძენა უკვე ამაზონზეც შეგიძლიათ.  

ცოტა ვნერვიულობთ – გვეუბნება ლია – ზუსტ პროგნოზს ვერ გააკეთებ. მოცულობა სრულიად განსხვავებულია, ვემზადებით, პირველი სოცსაწარმო ვართ, ვინც გაბედა და ამაზონზე გავიდა”.

ბაბალეს წინდები ბრიტანულ ამაზონზე უკვე იყიდება, ამერიკულზე საწყობშია და დღე დდღეზე ვებგვერდზეც გამოჩნდება.  ლია ტაბატაძის თქმით, თუ საჭირო გახდება, დღეში 1000 წინდის წარმოება შეგვიძლია. „იმასაც ვვარაუდობთ, რომ დამატებითი სახრესი დაგვჭირდება გასაფრთოებლად, რადგან ჩვენი ბრუნვა ამ მასშტაბს არ ეყოფა. იმედი გვაქვს, რომ გავალთ დიდ მასშტაბზე”.

კომპანიას 11 უნიკალური დიზიანის წინდა აქვს, ხოლო amazon-ისთვის დამატებით  წინდების 5 ახალი დიზაინი შეიმუშავა. თითოეულ წინდას აქვს თავისი უნიკალური ჩასადები ყუთი, სადაც განთავსებულია ილუსტრაციის რეპროდუქცია და ლამაზად მოთხრობილი ამბავი მის შესახებ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წინდების ეტიკეტები და შესაფუთი ყუთები დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდისგან, რომელსაც საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი კიდევ ერთი სოციალური საწარმო მწვანე საჩუქარი ამზადებს.

წინდების დიზაინს ავტორები, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ამაში ანაზღაურებას იღებენ. წინდების გაყიდვიდან შემოსული თანხა  სრულად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განმავითარებელი პროგრამების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას  ხმარდება.

„ბაბალეს წინდას“ მისი უნიკალური სოციალური მისია გამოარჩევს და მოხარული ვართ, რომ ამის გაზიარებას საწარმო უკვე საერთაშორისო დონეზე, amazon-ის მეშვეობით შეძლებს. გვინდა მივულოცოთ მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სოციალური მიზნებით გამორჩეული საწარმოების მხარდაჭერას, იმისათვის, რომ მეტ ადამიანს, სფეროს თუ ადგილს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა“, – ამბობს  საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.

„საქართველოს ბანკის“ სხვა CSR პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/3mxQeXI