„ძალიან ბევრი ადიქციური ქცევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიდან მომდინარეობს და თუ ჩვენ ახალგაზრდებისთვის კეთილდღეობა გვინდა, ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიზრუნოთ მათ ფსიქიკურ კეთილდღეობაზე“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ფსიქიატრი ნინო მახაშვილი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორც ადიქციების რისკფაქტორი – რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, როგორი უნდა იყოს ჩართულობა ბავშვის/მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რას ნიშნავს მოზარდის მოსმენა, რა გამოწვევების წინაშე დავდგებით, თუ სათანადო ყურადღებას არ დავუთმობთ ბავშვის განვითარების პროცესს – ეს არის იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რაზე პასუხებსაც მკითხველი ინტერვიუს გაცნობის შედეგად მიიღებს.
– თავდაპირველად მკითხველს რომ განვუმარტოთ, რა იგულისხმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაში? მოჭარბებული შფოთვა, სიმორცხვე, ჰიპერაქტიურობა შეიძლება თუ არა, რომ მოვიაზროთ საყურადღებო ფაქტორად?
– ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება სხვადასხვაგვარად დავაჯგუფოთ, თუმცა ძირითადად ეს არის ნეიროგანვითარების, ასევე ემოციური და ქცევითი პრობლემები.
ნეიროგანვითარების აშლილობებში იგულისხმება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აუტიზმი, დასწავლის სირთულეები და სხვა. ქცევით პრობლემებად მოიაზრება შემთხვევები, როდესაც მაგალითად, ბავშვი/მოზარდი ძალიან აგრესიულია, იმპულსურია, ოპოზიციური, აქვს პრობლემები თანატოლებთან ან უფროსებთან ურთიერთობებში და სხვ. ემოციური სპექტრის პრობლემებზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც ბავშვი მორცხვია, ღრმა შინაგანი შფოთვა აქვს, დაბალი გუნება-განწყობა.
შეიძლება აქ გამოვიყენოთ გავრცელებული კატეგორიზაციაც – ექსტერნალიზებული და ინტერნალიზებული პრობლემები. ექსტერნალიზებულია შესამჩნევი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგ: ქცევითი დარღვევები, აგრესიულობა, დელინქვენტობა; ხოლო ინტერნალიზებულია დაბალი თვით-შეფასება, სირცხვილისა ან ბრალეულობის განცდა, დაქვეითებული გუნება-განწყობა, შინაგანი დაძაბულობა და შფოთვა.
საქართველოში ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს, რომ მშობლები და ზოგადად, მომვლელები უფრო მეტად ამჩნევენ და რეაგირებენ ექსტერნალიზებულ პრობლემებზე, მაშინ, როცა ბავშვები და მოზარდები საკუთარ სევდაზე, სირცხვილზე, დაბნეულობასა თუ უხასიათობაზე, ანუ ინტერნალიზებულ მდგომარეობებზე თავად ამახვილებენ ყურადღებას. ცხადია, არსებობს ბევრად უფრო ღრმა, მძიმე ფსიქიკური აშლილობები, რომელიც ბავშვობის ასაკში იწყება, თუმცა ამ შემთხვევაში სჯობს, ვისაუბროთ მეტად გავრცელებულ პრობლემებზე, როგორიცაა ბავშვებსა და მოზარდებში დეპრესიული მდგომარეობები, შფოთვითი სიმპტომები და სხვა, რაც დიდ პრობლემებს უქმნის ოჯახს, სკოლას, მომვლელებსა და თავად ბავშვებს/მოზარდებს.
სწორედ ამგვარი პრობლემების გამო ბავშვი/მოზარდი ცდილობს განცდების გაუტკივარებას/ანესთეზირებას, სხვადასხვა ტიპის ადიქციური ქცევითა და ექსპერიმენტით ყურადღების გადატანას. სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც იწვევს, აღრმავებს ან კომორბიდულია, ანუ თან ახლავს პრობლემურ ადიქციურ ქცევებს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მოვლით ვამცირებთ ადიქციის რისკებს.
– თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ე.წ გამოვლინებებზე, რაც საყურადღებო უნდა იყოს მშობლისთვის, უფროსისთვის, რომ შემთხვევა საჭიროებს მეტ დაკვირვებასა და ყურადღებას.
– ასე ვთქვათ, ყველა ის ნიშანი, რომელიც მგრძნობიარე მზრუნველს შეაფიქრიანებს, უნდა მივიღოთ მხედველობაში. ეს იქნება ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება ან პირიქით, მომატება, ეს იქნება ყურადღების დაქვეითება, უხალისობა, ბავშვს რაც უყვარს, იმ საქმის გადაყვარება, რაღაც ადგილების თავიდან არიდება, შფოთვითი ეპიზოდები, ზედმეტი აქტიურობა თუ გაფანტულობა, აკადემიური ჩამორჩენა, სომატური ჩივილები და ა.შ. ძალიან ხშირად ბავშვი სწორედ სხეულით გამოხატავს თავის პრობლემებს, მათში თავის თუ მუცლის ტკივილს, ტემპერატურის აწევას შესაძლოა, სწორედ ინტერნალიზებული ემოციები იწვევდეს.
ყველა ეს სიმპტომი თუ გამოხატულება მიანიშნებს, რომ შესაძლოა, რაღაც ხდება ბავშვის ცხოვრებაში, რომ მას რაღაც პრობლემა აქვს, რომელსაც ვერ უვლის და დახმარება სჭირდება.
– როგორი უნდა იყოს საპასუხო ქცევა მშობლის, ან ბავშვზე პასუხისმგებელი პირის. რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?
– ვფიქრობ, რომ უფროსი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია ფსიქიკური ჯანმრთელობის როლის გაცნობიერება, ამ სფეროში გათვითცნობიერება. ბავშვისა და მოზარდის მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკმარისი არაა, მინიმუმ უნდა გვქონდეს ცოდნა იმისა, რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და რა უნდა გაკეთდეს მის შესანარჩუნებლად.
უფროსებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბავშვზე ზრუნვა მუცლადყოფნიდან უნდა დაიწყოს (ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით) და რომ შემდეგ მის განვითარებაზე გავლენას ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები ახდენენ. ბავშვზე ზემოქმედებს არამხოლოდ გენეტიკური ფაქტორები ან თანდაყოლილი ფსიქიკური წყობა, არამედ ყველაფერი ის, რაც მის ირგვლივ ხდება, ანუ ოჯახის სისტემა, სკოლის ატმოსფერო, უბანი და ა.შ. ისიც კი ვიცით, რომ სახელმწიფო წყობა და აღქმული სამართლიანობა-უსამართლობის ფაქტორები ზემოქმედებს მოზარდთა სუიციდის სტატისტიკაზე. ასე რომ, ჩვენ, უფროსმა ადამიანებმა პასუხისმგებლობა ჯეროვნად უნდა გავაცნობიეროთ.
აქ მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციის ხაზგასმა შეგვიძლია. კვლევებმაც გვაჩვენა და პრაქტიკული გამოცდილებაც ეს არის, რომ მხარდაჭერის განცდა არის „გადამრჩენელი“ განცდა – ის, რომ მე მოსმენილი ვარ, მიღებული ვარ და მხარდაჭერილი. ბავშვისთვის/მოზარდისთვის ხანდახან ერთი სიტყვა, გამხნევება და იმის გაცნობიერებაც საკმარისია, რომ ვიღაც ჰყავს გვერდით. ცოტა მეტი დაკვირვება, ცოტა მეტი მოსმენა, ემპათია… ასე რომ, მივცეთ ეს მხარდაჭერის განცდა ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღმზრდელებმა უნდა მისცენ ბავშვს/მოზარდს თვითგამოხატვის, მათ შორის ემოციური გამოხატვის საშუალება სხვადასხვა მეთოდით – ხატვით, ცეკვით, საუბრით, დრამით, სპორტით და ა.შ. მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს ხარისხობრივი დრო დავუთმოთ, მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვილაპარაკოთ, მათაც უნდა მოვუსმინოთ – რას ამბობენ, რა არის მათი სატკივარი. ძალიან ხშირად, ბავშვი ვერც კი ამბობს, რა უჭირს, რას გრძნობს და ამას სხეულით შეიძლება გამოხატავდეს – ავად ხდება. როდესაც მშობელს/აღმზრდელს ეცოდინება, რომ პრობლემის გამოხატვა ასეც შეიძლება, უფრო დაკვირვებული ხდება და შეეცდება გაიგოს, რა უჭირს ბავშვს/მოზარდს.
ასე რომ, უმნიშვნელოვანესია ემოციური კომპეტენციების განვითარება, რომ ბავშვმა/მოზარდმა ისწავლოს საკუთარი განცდების პოვნა და სახელდება. ამგვარი მიდგომების შედეგად კი, არ გვეყოლება მოზარდი ან მოზრდილი, რომელიც ვერ ხვდება, რა ემართება და რომელიც ვერ მართავს თავს.
მნიშვნელოვანია, ასევე, დისციპლინირება. აღმზრდელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვისა და მოზარდებისთვის ლიმიტების დაწესება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა დასჯისა და მუქარის სახით.
ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ჩვევა, რაც, ერთი შეხედვით, ფსიქიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული შეიძლება არ გვეგონოს, არის პრობლემის მართვის, პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება ბავშვსა და მოზარდში. აქტუალური პრობლემის პოვნა, მის გადასაჭრელად სხვადასხვა გზის მოძებნა, თითოეულის გადაჭრის გზის სიკეთისა და სისუსტის დანახვა და ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა – ესაა ის საკითხები, რაც ოჯახსა და სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.
ფსიქიკური პრობლემების დროს ამგვარი ადრეული ჩარევა სწორედაც რომ პრევენციულია, პროფილაქტიკურია. ამ ზრუნვაში თუ დროულად ჩავერთეთ, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდა ადამიანის მედეგობის გაძლიერებასა და პრობლემებთან ადეკვატური გამკლავების სტრატეგიების ჩამოყალიბებას. მიზანიც ხომ სწორედ ესაა.
ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც ჩვენი სერვისის მაგალითზე ვაჩვენეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს პრევენციულ ჩარევებს მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – როგორ ამცირებს სიმპტომებსა და პრობლემებს, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხსა და კმაყოფილებას იწვევს მოზარდში. ეს არ არის დაძალებული დავალებები. ეს არის პატივისცემით გაჟღენთილი ურთიერთობა, სადაც როგორც თანასწორები, ისე ვარჩევთ პრობლემებს და პასუხისმგებლობას ვიზიარებთ ახალგაზრდა ადამიანთან მის ცხოვრებაზე, მის გადაწყვეტილებებზე.
– ნინო, რომ აგვიხსნათ, იმ შემთხვევაში თუ მშობელი, სკოლა, ის გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, მას ვერ აწვდის ასეთ ჩართულობას, ასეთ მხარდაჭერას, ვერ ასწავლის პრობლემებთან გამკლავებასა და საკუთარი თავის შეცნობაში ვერ ეხმარება, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამან და რატომ?~
– სქემატურად რომ აღვწეროთ, ხშირად, სწორედ იმიტომ, რომ ბავშვს/მოზარდს გარკვეული სიბრაზე ან სირცხვილის განცდა აქვს, ან განცდა, რომ მისი არ ესმით, არ იღებენ და ა.შ., ის ცდილობს განდევნოს ეს მტანჯველი ემოციები და მაშინ შეიძლება მივიღოთ ე.წ. „უზრდელი“ ან „დაუმორჩილებელი“, ოპოზიციური ქცევები. თუ ბავშვსა და მოზარდს ემოციების მიღება და რეგულირება არ შეუძლია, შეიძლება შეეცადოს, რომ ეს შინაგანი ტკივილი „დაამარცხოს“ სხვადასხვა გზით – ნარკოტიკით, ალკოჰოლით, ქაოსური სექსით ან სხვა სარისკო და თვითდესტრუქციული ქმედებით, მაგ: თვითდაზიანებით და ა.შ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ „მიუღებელი“ ქცევების მიღმა ნამდვილი პრობლემის დანახვა და დახმარება.
– თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვის განვითარების პროცესზე გავლენას ახდენს ბიო- ფსიქო-სოციალური ფაქტორები. აქედან გამომდინარე, ყურადღება რომ გავამახვილოთ ოჯახში ჯანსაღი გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე.
– როდესაც ვსაუბრობთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე, პირველი შეტყობინება არის ის, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა: ხშირად ბავშვი აირეკლავს იმას, რაც მის გარშემო ხდება. ასე რომ, თუ გვინდა პრევენცია გავწიოთ ემოციური სირთულეების, ადიქციური ქცევის, ჯობია, საკუთარი თავით დავიწყოთ. მაგალითად, კვლევები ადასტურებს, რომ სკოლის ასაკის პრობლემური ბავშვებს ნახევარზე მეტის ოჯახში ფსიქიკური პრობლემის მქონე მოზრდილია. ფაქტობრივად, ძალიან ხშირად, ოჯახის წევრთა იმპულსურობა, აგრესიულობა თუ დეპრესიულობა, ბავშვის ემოციებსა და ქცევებზე აისახება. ამიტომაც, პირველ რიგში, მოწოდება არის: აღმზრდელებო, თავდაპირველად იზრუნეთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გააცნობიერეთ, რომ თქვენი შესაძლო არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობით შეიძლება, ზიანი მიაყენოთ თქვენს საყვარელ ადამიანს.
მეორე შეტყობინება კი სკოლებისთვისაა – სკოლა ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც პრევენციული პროგრამები შეიძლება წახალისდეს; სადაც მასწავლებელი შეამჩნევს და სწორი რეაგირება ექნება ექსტერნალიზებულ თუ ინტერნალიზებულ პრობლემებზე; სადაც შესაძლებელი იქნება ადრეული, ეფექტური ჩარევები მაგ: ბულინგის შესამცირებლად.
ასე რომ, ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის გარდა განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნისა და ემოციური გამოხატვის ხელშეწყობისა, ეს ორი გზავნილი მექნება – ერთი, რომ ოჯახის წიაღში თავად უფროსებმა/აღმზრდელებმა იზრუნონ საკუთარ ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. მეორე – სკოლებმა აიღონ ინიციატივა და ფსიქიკური ჯანმრთელობით ინფორმირებულები იყვნენ. მასწავლებლები იყვნენ კომპეტენტურნი, თუ როგორ იპოვონ პრობლემის მაჩვენებელი ნიშნები, მიხვდნენ, რომ ამ ბავშვსა და მოზარდს დახმარება სჭირდება და დაიცვან მათი ფსიქიკური კეთილდღეობა.
სტატია მომზადებულია „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის „ნივთიერებადამოკიდებულებისა და აზარტული თამაშების მავნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია სამიზნე მოსახლეობაში“ ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით. კომპონენტის განმახორციელებელია ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“.