პანდემიის დროის თეატრი – სივრცეები, ვნებები, შესაძლებლობანი
პანდემიამ არამარტო უჩვეულო მდგომარეობაში ან, თუ გნებავთ, ეგზისტენციაში, გადაგვასახლა, არამედ ახალი და სასტიკი რეალობის წინაშეც დაგვაყენა. თეატრი, ისევე როგორც, ზოგადად, ხელოვნება, გასაგები დილემის წინაშე აღმოჩნდა – ისევ წარსულისადმი მიძღვნილი გლოვა მოეწყო „დაკარგული გროშების გამო“ (ბეთჰოვენის ადრეული საფორტეპიანო ოპუსის სახელოწდებაა), ან გაეთვალისწინებინა ახალი გარემოებები და პანდემიით შემოფარგლული, ანუ დაკარგული დრო ახლებურად აენაზღურებინა.
პირველი, რაც პანდემიის პირველ თვეებში თვალში საცემი იყო, ჩანაწერების მოზღვავებაა. რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად უხარისხო და ცუდად აღბეჭდილი სპექტაკლები დაგროვდა და აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდა სპექტაკლის მაღალ დონეზე, პროფესიულად გადაღების პრობლემა, რაც ცალკე პროფესიაა და რაც განსაკუთრებულ მომზადებას გულისხმობს.
პანდემიის პირობებში ტელეკომპანია „იმედმა“ ლაივრეჟიმში უჩვენა რუსთაველის თეატრის ცარიელ დარბაზში წარმოდგენილი და გადაღებული ორი სპექტაკლი. ორივე რობერტ სტურუას ბოლო ნამუშევარია – სემუელ ბეკეტის „თამაშის დასასრული“ და ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით დადგმული „ვანო და ნიკო“. თუმცა ეს უფრო პანდემიამდელი თეატრის გაცოცხლებისა თუ სუროგაციის მცდელობას ჰგავდა.
ვისაც პოლიტიკისა თუ სოციალური ქსელებიდან ვნებადაცლილი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ამბები აინტერესებს, ან ჯერ კიდევ აღელვებს, საით გადაიხარა მისი „თეატრალური ვექტორი”, ამისთვის კარგი მიზეზი მიეცა. მით უმეტეს, რომ „თამაშის დასასრული“ თებერვალში დაიდგა და თეატრმა სულ ორჯერ მოასწრო მისი წარმოდგენა. ამდენად, ათასობით მაყურებლისათვის ბეკეტის პესიმისტური, აპოკალიფსური და აბსურდული პიესა სატელევიზიო პრემიერას უფრო ჰგავდა. დამღლელი, პირქუში და ირონიული ინტონაციები, რეჟისორის სააზროვნო-სამეტყველო ენა, რომელიც კრიტიკოსებმა (და არამხოლოდ მათ) ლამის ზეპირად იციან, არაფერს ისეთს არ გვიყვებოდა, რაც აქამდე არ ვიცოდით ან არ გვინახავს.
აშკარაა, დროთა განმავლობაში სტურუას თეატრალური მითებიც ისევე გაცვდა, როგორც ოდესღაც, 70-იან წლებში სანიმუშოდ დაზეთილი, საბჭოთა, საყოველთაო და სახალხო „ჟიგული“. ფაქტობრივად, ჩვენ ვნახეთ რუსთაველის თეატრში მოწყობილი „ერთი კაცის მუზეუმი“, რომლის ექსპონატები ასევე ერთი მხატვრის ნამუშევრების მუდმივი ვარიაციაა! და ეს ცხადყოფს, რა ემართებათ მუდმივობით მოტყუებულ და ასევე მარადიულობით „წახალისებულ“ ხელოვანებს, რომლებიც დროის სარკეში მხოლოდ საკუთარ წარსულს ჭვრეტენ და ანარეკლებს ხედავენ.
თუმცა ასე დაემართა ბევრ მასზე უარეს თუ მასზე უკეთეს რეჟისორს. მაგალითად, ლუკა რონკონის, რომლის სანაქებო-საოპერო პერფექციონიზმი დროთა განმავლობაში მომაბეზრებელ და ერთფეროვან სანახაობად გადაიქცა; თავის დროზე ელვარე ლევ დოდინს, რომელმაც ჩეხოვის „უმამობაში” აშენებული აუზის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თითქმის ყველა სპექტაკლში ისევ აუზები და ჭყუმპალობა უნდა ყოფილიყო; ბერლინის „შაუბიუნეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, 70-80-იანი წლების ბრწყინვალე რეჟისორს, პეტერ შტაინს, რომლის „სამი და“ ლამის ჩეხოვის ინტერპრეტაციის სახელმძღვანელოს ჰგავდა; მოსკოვის სახელოვანი „ტაგანკის” თეატრის დამფუძნებელსა და მესაიდუმლეს, იური ლუბიმოვს, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, საბჭოთა დისიდენტურ წარსულს თავი ვერაფრით დააღწია…
პანდემიის გამო „გაჩერებული დროის“ თეატრი პირველ რიგში ახალ სივრცესა და შესაძლებლობებს გულისხმობს. მაყურებელს აღარ აინტერესებს, რა ხდება მოოქროვილ-აკადემიურ სცენებზე; რა მოხდება ახალი შექსპირის პიესებში, ან მოლიერის მიზანთროპი შეძლებს თუ არა გაადამიანურებას. მას სურს, დაინახოს არა წარუშლელი და აკადემიური თეატრალური ხატების კვალი, ან ამ ხატებთან მებრძოლების შურისმაძიებლური სურვილები (შვარცის ნაცნობი „დრაკონის“ სიუჟეტით), არამედ ახალი, ცოცხალი, ნევროზული, მტკივნეული პროცესი. მას სურს, საკუთარი ნერვებით შეიგრძნოს „შიშველი თეატრი“, როგორც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში „დურუჯით“ კურთხეული ახალგაზრდა რეჟისორი, საბა ასლამაზიშვილი, რომელმაც პეტერ ვაისისა და შექსპირის პიესების შემდეგ (ილიაუნის თეატრი) სარდაფებს, კლუბებსა და ბოლოს საბურთალოს სასაფლაოს მიაშურა.
ჯერ იყო „ქართული პიესა 2019-ის” გამარჯვებული ავტორის, ანა-მარია გურგენიშვილის პიესა „ბიოციდი“, რომელიც საბა ასლამაზიშვილმა 2020 წლის იანვარში კლუბ „U-ban-ში“ დადგა. ახალი თეატრალური კომპანია „Lizard“ („ხვლიკი“) თავის მაყურებელს სწორად გათვლილ და ინტეგრირებულ გარემოში ხედავს. „ბიოციდი“ ესაა პიესა, რომლის მოქმედება სწორედ კლუბში ხდება და შესაბამისად, „სცენური“ გარემოსა და ამბის შერწყმა ის მთავარი და ეფექტური იარაღია, რომლითაც რეჟისორს მაყურებლის დაინტერესება-დატყვევება სურს. შესაბამისად, უმთავრესი მიზანიც – ბიოციდი (Biocidum), როგორც მკვლელი, რომელიც სპობს ყოველგვარ ცოცხალს, ამ ხერხით მიღწეულია. წარმოდგენა ბიოთი გაბრუებულ და კომპლექსებისგან გათავისუფლებულ თაობაზე შეთხზულ და მიზანში ზუსტად სროლის სავარჯიშოს წააგავდა.
ვარჯიში გაგრძელდა პანდემიის დროსაც, უკვე საბურთალოს სასაფლაოზე. მზის ჩასვლის შემდეგ, შუა ივლისში რეჟისორმა კიდევ ერთი ექსპერიმენტული სივრცე მონიშნა და სპექტაკლი (იქნებ სავარჯიშო დრამა, ექსპერიმენტი, პერფორმანსი, „შიშველი თეატრის“ ნიმუში?!) სახელწოდებით „ფერიცვალებულნი“ გვიჩვენა. საბურთალოს სასაფლაოს ბოლოში, გადათხრილ და მოსწორებულ მიწას შორის ჩვენ ვნახეთ და ვუსმინეთ „ბიოციდის“ თაობის აღსარებას უკვე მკვლელობის თემაზე (ტექსტის ავტორები ია კელერმანი და საბა ასლამაზიშვილი).
რეჟისორმა გარემო ისევ ზუსტად გამოიყენა და სასაფლაოზე, მოკლული ახალგაზრდის ბიუსტთან შეკრებილი მეგობრების (მსახიობები: გივიკო ბარათაშვილი, ანიკო შურღაია, ლადო ვაშაკიძე, ლუკა ახალაძე, გიორგი მიქაძე) კოლექტიური პორტრეტები შექმნა. რეჟისორმა ზუსტად გამოკვეთა ამბივალენტური და ახალი თაობისთვის გასაგები გზავნილებიც – გაქცევა თუ დარჩენა, აღსარება თუ გაჩუმება, ნახევართამაში თუ ნახევარტრაგედია, ეგოიზმი თუ საერთოობის მნიშვნელობა. ფინალში ყველა გარბის, ზოგი საკუთარ, გამოღვიძებულ სინდისთან შესარიგებლად და ზოგიც პირიქით – ამ მკვლელობისგან რაც შეიძლება შორს, ტკივილიანი წარსულის დასავიწყებლად.
სპექტაკლი „ფერიცვალებულნი“ ღია ცის ქვეშ, ახალი რეგულაციების გათვალისწინებით დაიდგა, ხოლო პიესა სპეციალურად ამ პროექტისთვის, საბურთალოს სასაფლაოს სივრცის გათვალისწინებით დაიწერა.
ახალი დროის მსახვრალი ხელი შეეხო სამეფო უბნის თეატრსაც. თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ექვსმა ავტორმა (თემო რეხვიაშვილი, დავით ხორბალაძე, ვალერი ოთხოზორია, ანა სანაია, ვალერი გოგოლაძე, თაკო შუკაკიძე) სამი მსახიობის დახმარებით (მაგდა ლებანიძე, ქეთა შათირიშვილი, სოსო ხვედელიძე) ლამის ცხრასაათიანი მარათონი შესთავაზა მაყურებელს. თეატრის ფოიეში გათამაშებულ სცენებს გარედან, შუშის კედლით იზოლირებულნი ადევნებთ თვალს, თუმცა ხმის გამაძლიერებლის გარეშეც გესმით, რომ „იქ დრამაა“ (სწორედ ასე ეწოდება წარმოდგენას).
თუ გამძლეობას გამოიჩენდით და ცხრა საათის განმავლობაში ქუჩიდან დააკვირდებოდით იზოლაციაში გამომწყვდეული სხეულების ამაო ოხშივარს, მაშინ მათი ამბოხი, ღელვა, სისუტე, სიგიჟე და ამაოება რაღაცით მაინც გახდებოდა გასაგები. თუ დააკვირდებოდით „დრამატულად განვითარებული მოვლენების“ სიცხადეს (ერთგვარი ირონიაც იკითხება ამ სიტყვებში და შესაბამისად, პერფორმანსშიც), გაიაზრებდით ჰეგელისეული ტერმინის – „დრამატული კოლიზიის“ მნიშვნელობას. ამაზე პროგრამაში ზუსტი და ირონიული მინიშნებაცაა.
„იქ დრამაა“ უფრო მანიფესტივით ჟღერს, ვიდრე ეს წარმოდგენას შეესატყვისება. თუმცა გულისხმობს ყოველდღიურ მოვლენებს, ამბებს, მოვლენებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო და სადღაც, სივრცესა და დროში იკვეთებიან. ცალკე მადლობა და მეტიც, განსაკუთრებული პრიზი ეკუთვნით მსახიობებს, რომლებმაც წარმოუდგენელი ინტენსივობის სამუშაო და განცდები შეუხამეს ერთმანეთს.
კიდევ ერთი უცნაური და საჯარო სივრცე აითვისა თეატრმა პანდემიის პერიოდში. ესაა ბათუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრის წინ მდებარე სკვერი, სადაც ამავე თეატრის მახიობებისა და კიდევ სხვათა დახმარებით რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა ნინია ხარატიშვილის პიესა „ელექტრას ომი“ დადგა.
რამდენადაც ანტიკური ტრაგედია უნივერსალური თეატრალური თხრობისა და ფორმის ძიების საშუალებას იძლევა, ყოველი ახალი პიესა თუ მითის ინტერპრეტაცია, მაყურებლის გასაგებ ინტერესს აღძრავს. როდესაც ორი წლით ადრე ექსპერიმენტული სულისკვეთებითა და ზრახვებით დაარსებულ „ახალი დრამის ფესტივალზე” ლაშა ბუღაძის პიესა “ანტიმედეა” გურამ მაცხონაშვილის ინტერპრეტაციით ვნახეთ, უფრო გასაგები გახდა ის იმპულსები, რომლებიც ყოველი ახალი ტექსტის შესაძლებლობას უკავშირდებოდა. და აი, კიდევ ერთი ანტიკური მითი, ამჯერად ელექტრას შესახებ, რომელიც რეჟისორმა ისევ მოულოდნელ და ერთი შეხედვით პარადოქსულ გარემოში – მოდის სამყაროსა და პოდიუმზე მოაქცია.
ელექტრა (მეგი კობალაძე), რომელსაც „ბალენსიაგას“ შავი კაბა აცვია, წერილს აგზავნის კოსმოსში, სადაც ანტიკური დრამა ტრანსფორმირდება ნინია ხარატიშვილის თანამედროვე ტექსტად: „მე და შენ ყველაფერს გავაჩუქებთ და პატარა ქოხს ავაშენებთ იმ კლდესთან, სადაც ბავშვობაში გვითამაშია. ის ადგილი ჩვენთვის შემოვინახე, ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ჩემს მკლავებს მოგცემ, რომ იბრძოლო. ჩემს თვალებს, რომ შეიცნო. ჩემს პირს, რომ ილაპარაკო. ფეხებს მოგცემ სარბენად და ტუჩებს საკოცნელად – თუ თვითონ ვეღარ შეძლებ. ყველაფერს მოგცემ, ოღონდ დაბრუნდი, ორესტე, დამიბრუნდი“.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლისთვის მუსიკა ერეკლე დეისაძემ დაწერა. მასში ასევე მონაწილეობენ: ლია აბულაძე (კლიტემნესტრა), გიორგი ყორღანაშვილი (ორესტე), დიმიტრი მელია (ეგისთე), ანანო იაშვილი (ქრიზოთემისი).
ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრისთვის პანდემიის პირობებში ახალი სივრცის მოძებნა არც რთული ყოფილა და არც პირველი. ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, 2018 წელს, ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, უკვე დანგრევის პირას მყოფი თეატრის დასმა (არადა, ის 2015 წელს გაიხნა!) ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის ყოფილი შენობის ეზოში წარმოადგინა დავით ხორბალაძისა და მიშა ჩარკვიანის ერთობლივი სპექტაკლი – „მკვდარი ქალაქები“, რომელიც დოკუმენტური თეატრისა და სოციალური პერფორმანსის ერთგვარი ნაზავია. წარმოდგენა, რომელიც შედარებით მცირე რაოდენობის მაყურებელზეა გათვლილი, ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: შეგვახსენებს თეატრის უმთავრეს დანიშნულებას, ილაპარაკოს აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე, გვახსენებს ასევე, მის თანამედროვე ენას, ზუსტ და სოციალურ აქცენტებს და, რაც მთავარია, ყოველგვარი პათეტიკისა და ყალბი პატრიოტიზმის გარეშე გვესაუბრება.
ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, სადაც მაშინ „მკვდარი ქალაქები“ გათამაშდა, სტალინისტური არქიტექტურის „დიდებულ და ნგრეულ ნაშთს“ უფრო წააგავდა. ამაზე უკეთესსა და აფსურდულს ორგანიზატორები, ალბათ, ვერც მოიფიქრებდნენ. რადგან ქუჩაში დარჩენილი ფოთის თეატრი თავისი აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციით უფრო მნიშვნელოვანი და საშიში აღმოჩნდა, ვიდრე გიგანტურ და უკვე სარემონტო შენობას შეფარებული…
სულ რამდენიმე დღის წინ, თეატრის დასმა სპექტაკლი ღია სივრცის გამოცდილებით ისევ გაიხსენა და უკვე უშუალოდ, ფოთის თეატრის წინ, დროებით გაუქმებული სკვერისა და შადრევნის მიდამოებში წარმოადგინა „მკვდარი ქალაქები“. მაყურებელი მას სოციალური დისტანციის გათვალისწინებით დაესწრო. იმედია ეს წარმოდგენა-პერფორმანსი ქალაქის ხელმძღვანელობას ისევ დააფიქრებს თეატრის მნიშვნელობაზე და უსასრულოდ გაწელილი რემონტი გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.