ამბავი ქუჩაში გამოსული თეატრისა...

დავით ბუხრიკიძე

 

  • …რა ელის „ახალ თეატრს“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ? 
  • უკავშირდება თუ არა მისი გათავისუფლება მსახიობთა აქტიურ მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ პოზიციას? 
  • ნიშნავდა თუ არა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრება რეალურად დასჯას, სწორედ მისი კოლეგების აქტიური პოლიტიკური პროტესტის გამო? 
  • ვინ მიიღო სინამდვილეში სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების გადაწყვეტილება, როდესაც მინისტრი თიკა რუხაძე ზუსტად იმ დროს პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა? 
  • ეს იყო მხოლოდ სამინისტროს დაგვიანებული რეაქცია, თუ ქოცხელისუფლების მიერ კარგა ხნის წინ მოფიქრებული გადაწყვეტილების აღსრულება? 
  • როგორ გაგრძელდება თეატრის შემდგომი ამბავი, როცა დასის წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ ისინი დავით დოიაშვილის გარდა სხვა სამხატვრო ხელმძღვანელს არ მიიღებენ? 
  • საინტერესოა, ვინმე თუ ჰყავს თავად სამინისტროს რეზერვში, რომელიც „ახალი თეატრის“ ხელმძღვანელობას მოინდომებდა?
  • და, ბოლოს, მიხეილ თუმანიშვილის თეატრალური მემკვიდრეობიდან შემორჩენილი წიგნის სათაური – „რეჟისორი თეატრიდან წავიდა“, გასცდება თუ არა საბოლოოდ „ახალი თეატრის სივრცეს და ზოგადად, თეატრალურ მოვლენების ფარგლებს?

ეს შეკითხვები, სინამდვილეში რიტორიკული აღარ არის, რადგან დიდი ხანია ყველაფერი ამგვარი დრამატული ფინალისკენ მიექანებოდა. სხვათა შორის, ამის შესახებ თავად რეჟისორი დავით დოიაშვილიც და თეატრის მსახიობებიც საუბრობენ. უბრალოდ, ზოგი ამას გაცილებით ადრე ელოდა და ზოგიც, თეატრის შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, რომელიც პარლამენტმა აპრილის ბოლოს უნდა განიხილოს. როგორც ცნობილია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ახალი კანონის მიხედვით შესაძლოა, სულაც საგადასახადო სამსახურიდან, ან იუსტიციის სამინისტროდან მოყვანილი ჩინოვნიკი გახდეს (როგორც მაგალითად, წულუკიანის მინისტრობის დროს მინისტრის მოადგილეები – ნიკოლოზ აზნაურაშვილი და კობა ხუბუნაია, რომლებიც მან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურიდან გადმოსხა).

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო… აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ – წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

თუმცა, რაც არ უნდა ამტკიცოს კულტურის სამინისტრომ, ან მინისტრის მოადგილემ, ბატონმა დავითულიანმა (სწორედ მან გააცნო მედიას ეს გადაწყვეტილება ხოლო თავად, დოიაშვილმა კი ამის შესახებ სოციალური ქსელებით შეიტყო), რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა, ფაქტობრივად ეს არის ხელისუფლების გზავნილი ყველა „ურჩისა და მეამბოხის“ მიმართ! 

საკმარისია თვალი გადაავლოთ ქართული ოცნების მიერ წახალისებულ საჯარო მოხელეების პროპაგანდისტულ მესიჯებს, ტროლებისა და სახელისუფლებო მედიების მიერ უნისონში გააქტიურებულ ბრალდებებს, რომ გასაგები გახდეს როგორ ქმნის ქოც-პროპაგანდა ახალი ამბების „გეშტალტს“; ანუ მთლიან სურათს ტყუილ-მართალი ნაწილების დროული და აქტიური „შეწებებით“..

სამინისტროს ბრძანების გამოქვეყნებისთანავე, ხელისუფლების საინფორმაციო ველი და სოციალური ქსელები დაახლოებით ამგვარი მესიჯებით გაივსო – ყველამ თავისი საქმე პირნათლად უნდა აკეთოს;  მსახიობები ქუჩა-ქუჩა არ უნდა დარბოდნენ, ისინი სცენაზე უნდა იდგნენ; როცა სახელმწიფო გიხდის ხელფასს, შენი მოვალეობაა კანონს დაემორჩილო და ხმა არ ამოიღო; სხვების დავალებით და წაქეზებით სამშობლოს წინააღმდეგ არ უნდა გაილაშქრო; ეს მსახიობები არ არიან ახალი ვერიკო ანჯაფარიძეები და აკაკი ხორავები, ისინი უბრალოდ ჭინკებივით არიან მოდებული სცენას, ქუჩებს და არეულობა უნდათ…

ამ დროს, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ ბოლო ათწლეულია ცოცხალი მაგალითია, როგორ იქმნებოდა თეატრის ახალი ენა, ახალი სტილი მუდმივი ძიებით, შრომით, თვითგანახლების სურვილითა და ახალი დრამატურგიის გაცოცხლებით სცენაზე. ის თანდათან გახდა მრავალფეროვანიც და აქტიურიც, მუსიკალურიც და სოციალურიც, მოთხოვნადიც და ამავე დროს, ელიტარულიც, ტრადიციულიც და პროვოკაციულიც…

თეატრი სინამდვილეში, ყველა დროში პოლიტიკური და თანამედროვე ხელოვნებაა – ბერძნული თეატრიდან დაწყებული, მოლიერის მოხეტიალე დასით გაგრძელებული და შექსპირის “გლობუსითა“ თუ ფრანგული კლასიკური დრამებით გამყარებული. კიდევ უფრო მძაფრი, პოლიტიკური და აქტუალური გახდა მეოცე საუკუნის თეატრი, როდესაც ბერტოლდ ბრეხტის, ანტონინ არტოს, სამუილ ბეკეტის, ჰაინერ მიულერის, პეტერ ვაისის და სხვათა  ტექსტებმა რადიკალურად შეცვალეს თეატრის ენა, მნიშვნელობა და სათქმელი. 

„ჩვენ ვართ მსახიობთა გუნდი, რომელსაც სურს მოახდინოს არაძალადობრივი და ულამაზესი ანარქისტული რევოლუცია!… მაყურებელი ამბობს: დიახ, სამყარო საშინელ მდგომარეობაშია! ირგვლივ მუდმივი ომებია, პოლიტიკური, სოციალური კონფლიქტები თუ კატასტროფები. მაგრამ ვინ ვარ მე და სად ვართ ჩვენ; ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ სამყარო შევცვალოთ? ზუსტად იმისთვის, რომ ხალხს ამის გაგება და ძალა მივცეთ, ჩვენ ვაარსებთ „ცოცხალ თეატრს“…

ეს არის ფრაგმენტი გერმანიაში, პოლონელი ებრაელების ოჯახში დაბადებული მსახიობის, სახელოვანი რეჟისორის, ერვინ პისკატორის სტუდენტის, ჯუდიტ მალინას მანიფესტიდან. მან მეუღლესთან, ამერიკელ მხატვართან და პერფორმერთან, ჯულიან ბეკთან ერთად, 50-იან წლებში, ნიუ-იორკში რადიკალური პოლიტიკური თეატრალური დასი – The Living Theatre („ცოცხალი თეატრი“) დააარსა. 

ეს სრულიად ახალი და რადიკალური მიმართულების თეატრი იყო, რომელმაც ტრადიციული შენობებიდან სხვადასხვა სივრცეებში გადაინაცვლა – ავტობუსის მოსაცდელებში, მიტოვებულ შენობებში, სკვერებსა თუ მოედნებზე. ჯულიან ბეკი და ჯუდიტ მალინა პოლიტიკური და სოციალური რეალობის შესატყვის ტექსტებს თხზავდნენ და ამგვარი ფორმით საზოგადოებრივი თუ სოციალური იმპულსების გამოცოცხლებას ცდილობდნენ. 

„ცოცხალი თეატრი“ თავისი არსითა და კონცეფციით მიმართულია საზოგადოებაში ძალაუფლების გარდაქმნისაკენ. იერარქიული სისტემის ნგრევა და ჰორიზონტალური ურთიერთობების დამყარება აუდიტორიასთან, მისივე პრობლემების პროვოცირებით, „ლივინგ თეატრის“ ერთ-ერთ მთავარი იდეაა. „ლივინგ თეატრი“ ეწინააღმდეგებოდა ბროდვეის სპექტაკლების კომერციულ ხასიათს. ადგილისა და მოვლენების გათვალისწინებით დგამდა სოციალური თუ პოლიტიკური შინაარსის პერფორმანსს და მუდმივად მონაწილეობდა ნიუ-იორკში გამართულ დემონსტრაციებსა თუ საპროტესტო აქციებში.

ცხადია, „ლივინგ თეატრის“ მსგავსი  გამოცდილება ქართულ თეატრს ნაკლებად ჰქონდა, რადგან ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა სისტემაში არსებობდა და შესაძლებლობის ფარგლებში ქადაგებდა შექსპირის, მოლიერისა თუ კლდიაშვილის თანამედროვე ინტერპრეტაციებს. ამდენად, როდესაც მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“ (რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ის ჯერ კიდევ 2023 წელს დადგა) იანვრის საპროტესტო დღეებში ქუჩაში, თეატრის წინ გათამაშდა. მაყურებელი ფაქტობრივად, საპროტესტო მანიფესტისა და „ცოცხალი თეატრის“ ერთდროული მოწმე გახდა!

ეს იყო პოლიტიკური მესიჯებით, შთამბეჭდავი მოქალაქეობრივი პოზიციითა და სოციალური თეატრით შთაგონებული წარმოდგენა. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა და ტექსტი, რასაც ეყრდნობა ბასა ჯანიკაშვილის დრამატურგია და დავით დოიაშვილის რეჟისორული  აქცენტები, სრულიად ახალ, ცოცხალ და პოლიტიკურ ჟღერადობას იძენს. შეიძლება ითქვას, რომ ქუჩაში გამოსული „ახალი თეატრი“ თავისი გაბედულებითა და კონკრეტული მესიჯებით, წააგავდა სწორედ ჯულიან ბეკისა და ჯუდიტ მალინას „ცოცხალი თეატრის“ (The Living Theatre) სოციალურ და პოლიტიკურ განაცხადს.

ქვეყანაში შექმნილმა სოციალურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა,  კონკრეტულად კი თეატრის დასის წევრებისა და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებამ, აიძულა მსახიობები შენობიდან გარეთ გამოსულიყვნენ და საპროტესტო ფორმისთვის მიემართათ. პროპაგანდისტული მედიები და ტროლები კი ბოლომდე თავდაუზოგავად ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს „ახალი თეატრი“ ფონდმა „ქართუმ“ ააშენა, ან გაარემონტა. სინამდვილეში ის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი  თანხით დაფინანსდა, ანუ ჩვენი გადასახადებიდან. 

სწორედ მთლიანი სოციალურ-პოლიტიკურიო კონტექსტის გააზრებით არის გასაგები „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზანიც და ხელისუფლების სურვილიც – დაუმორჩილებელი, უკონტროლო, ფეთქებადსაშიში თეატრი და ხელოვნება ჩარჩოში მოაქციოს; სოციალურად და პოლიტიკურად უხიფათო გახადოს… და რადგან თავისუფალი მოქალაქის აზროვნების კონტროლი გაცილებით ძნელი და ძვირია, ამიტომ თავიდანვე სჯობს თეატრი მორჩილ და სასურველ რეალობაში მოაქციოს. ვინმე ურჩი საგანგებოდ დასაჯოს, რომ სხვებს თავისუფლების სურვილები გაუქრეთ!

და ბოლოს „ახალ თეატრში“ დადგმული მიშა ჩარკვიანის სპექტაკლის („ვკვდები, როგორც ქვეყანა“) ფინალით მსურს დავასრულო: სცენურ სივრცეში, დახრილ კედელზე ღვთისმშობლის მოზაიკის გიგანტური ვიდეოინსტალაციაა გამოსახული, რომლის ფონზე სასოწარკვეთილი ქალისა (ეკა დემეტრაძე) და დასახიჩრებული კაცის (კახა კინწურაშვილი) სხეულები ისივე აღიქმება, როგორც თავად გელათის მოზაიკაზე დალექილი უხილავი სინესტის კვალი. 

ბნელში ჩაძირული ეს ვიდეოფრესკა სინამდვილეში უფრო უარეს სიბნელეში ჩაძირული ქვეყნის პორტრეტია. სწორედ ამ სიბნელემ გამოიყვანა „ახალი თეატრი“ დარბაზიდან ქუჩაში და სწორედ ამიტომაა გადმოკიდებული თეატრის ფრონტონზე ამ სპექტაკლში მონაწილე ანდრო ჭიჭინაძის უზარმაზარი ფოტო წარწერით – „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს“! საბედნიეროდ, „ახალი თეატრის“ მსახიობთა და ახალი თაობის მრავალდღიანი საპროტესტო მარშები აღარ ცნობს შიშს, რადგან წარსულში დაბრუნება არ სურთ. ეს გამორიცხულია და დაუშვებელიც!