ამერიკას ისტორიაში ყველაზე უხუცესი პრეზიდენტი ჰყავს. 78 წლის ჯოზეფ ბაიდენს რთულ ეპოქაში უწევს პრეზიდენტობა. ორად გაყოფილი ამერიკა, ჯერ კიდევ მძვინვარე მასშტაბური ეპიდემია, გაძლიერებული ჩინეთი, ტრადიციული მეტოქე მოსკოვში, ნაციონალიზმის ტალღები ევროპაში, ტრამპის მიერ ჩამტვრეული ხიდები მსოფლიოს მასშტაბით, ირანი, გეოპოლიტიკური ძვრები სამხრეთ კავკასიაში – ეს იმ დილემათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბაიდენს ოვალურ ოფისში დახვდა.
სამაგიეროდ, ბაიდენს თეთრ სახლში მიჰყვება არნახულად მაღალი სახალხო ლეგიტიმაცია – არჩევნებში მიღებული 80 მილიონზე მეტი ხმა – და გამოცდილი გუნდი საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებებით.
სხვათა შორის, თავად ბაიდენსაც აქვს საგარეო პოლიტიკის კარიერული გამოცდილება – 1997-2009 წლებში, იგი აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იყო.
ახალ ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოზიციას 58 წლის ენტონი ბლინკენი ჩაიბარებს, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც მოღვაწეობა პრეზიდენტ კლინტონის საგარეო მრჩევლობით დაიწყო, შემდეგ კი ვიცე–პრეზიდენტ ბაიდენის უსაფრთხოების მრჩეველი, პრეზიდენტ ობამას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეც იყო.
ბაიდენის საგარეო პოლიტიკის კონტურებს გარკვეულწილად უკვე წარმოაჩენს სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე და მესამე თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ვინაობაც. სახელმწიფო მდივნის მოადგილეების თანამდებობებს ვენდი შერმანი, 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების მთავარი მომლაპარაკებელი და პუტინის კრიტიკით გამორჩეული ვიქტორია ნულანდი დაიკავებენ, რომელიც წარსულში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე იყო.
ეს არამარტო გამოცდილი, არამედ მკაფიოდ ანტირუსული პოლიტიკური გუნდია, რაც საქართველოსთვის კარგი სიახლეა. შემთხვევითობა არც ისაა, რომ CIA-ს დირექტორი ვილიამ ბერნსი იქნება, აშშ–ის ყოფილი ელჩი რუსეთში.
ტრამპის არასტაბილური წლები, რომლებსაც მისივე პირველი სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, მკაფიო გაუარესების პერიოდად აფასებს, არაპროგნოზირებადი ხასიათით გამოირჩეოდა. ამისგან განსხვავებით, ბაიდენის ადმინისტრაცია პროგნოზირებადი, გათვლადი, და რაციონალური იქნება. მართალია, ბაიდენ–ბლინკენის ტანდემს უპრეცედენტო პრობლემებზე მოუწევს პასუხების მოძიება, მაგრამ ამ პროცესში მათგან მოსალოდნელი არ იქნება აშშ–ის საგარეო პოლიტიკის ტრადიციული ჩარჩოების დატოვება.
ბაიდენს ნათლად აქვს დაფიქსირებული, რომ მისი უმთავრესი მიზანი იქნება არა ტრამპისეული „ამერიკა უპირველეს ყოვლისა!”, არამედ „ამერიკა დაბრუნდა!”. მისი გუნდიც ამერიკის დაბრუნების ჩინებული განსახიერებაა. წლების განმავლობაში, ბლინკენი და სალივანი ზუსტად ტრამპისეული იზოლაციონისტური მიდგომის ხმალამოღებული კრიტიკოსები იყვნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ტრამპის ფილოსოფია ხელს უწყობდა ამერიკის განმარტოებას, რაც მის მეტოქეებს ახალ შესაძლებლობებსა და სამოქმედო სივრცეს უქმნიდა.
პომპეოსგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფო მდივნობის მიუხედავად, პარადოქსულად, მაინც საშინაო პოლიტიკის ქმნილებად დარჩა, პარიზში გაზრდილი ენტონი ბლინკენი, რომელიც სახელგანთქმული ფრანკოფილია და უმწიკვლო ფრანგულით საუბრობს, პოლიტიკურ წრეებში „ევროპული ცნობიერების” მატარებელ ფიგურადაა ცნობილი.
მეტიც, ტონი ბლინკენი ინტერვენციონისტია – მას სწამს ამერიკის პროაქტიული ჩართულობის მსოფლიო პოლიტიკაში. ობამას პრეზიდენტობის დროს მან მხარი დაუჭირა სირიის კონფლიქტში უფრო პროაქტიურ ჩართულობას და აგრეთვე ლიბიაში სამხედრო ჩართულობას, რითაც მაშინ ბაიდენის ნების წინააღმდეგაც კი წავიდა.
ბლინკენს სწამს, რომ მსოფლიო პრობლემებზე პასუხი არა იზოლაცია, არამედ მულტილატერალიზმი, ანუ სახელმწიფოთა ერთობლივი მოქმედებაა. ამ ხედვის თანახმად, ამერიკამ უნდა იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოკავშირეების ჩართულობით და მათთან ერთად სხვადასხვა გლობალურ საკითხზე, იქნება ეს ჩინეთის თუ ირანის საკითხი, ტერორიზმის წინააღმდეგ, პანდემიის გადაჭრის თვალსაზრისით თუ კლიმატური ცვლილების დასარეგულირებულად.
ტრამპისათვის, მულტილატელისტური ეთიკა – ესე იგი, საერთო მიზნის ირგვლივ საერთაშორისო პარტნიორთა გაერთიანება – სრულიად უცხო იყო. მან ხელაღებით ჩაამტვრია საერთაშორისო ხიდები, როდესაც აშშ–მა დატოვა პარიზის კლიმატის ხელშეკრულება, ირანის ბირთვული ხელშეკრულება და ტრანსპაციფიკური ხელშეკრულება.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენი დაუყოვნებლივ დაიწყებს საერთაშორისო ფორმატებში ამერიკის წევრობის აღდგენის პროცესს. ინაუგურაციის დღესვე ბაიდენის პირველი საპრეზიდენტო აქტი სწორედ პარიზის კლიმატის ხელშეკრულებაში ამერიკის დაბრუნება იყო.
ტრამპის წლების შემდეგ, ამერიკის ერთერთი უმთავრესი ამოცანა დასავლეთ ევროპის ლიდერებთან, პირველ რიგში მერკელთან და მაკრონთან, ურთიერთობების აღდგენაა. ამას ბლინკენი კარგად შეძლებს, როგორც ევროპელებისთვის ამერიკელთა შორის ერთ–ერთი ყველაზე შინაური პერსონა და გულმხურვალე ინტერნაციონალისტი. როგორც მდივანი ბლინკენი 2016 წლის ინტერვიუში ამბობდა, „მარტივად თუ ვიტყვით, ამერიკელი ხალხისათვის მსოფლიო მაშინაა უფრო უსაფრთხო, როდესაც მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები გვყავს”. ასეთად კი ბლინკენი ევროპას აღიქვამს – მისი სიტყვებით, „სასიცოცხლოდ აუცილებელ პარტნიორს”.
თუმცა, ეს მარტივი ამოცანა არ იქნება. მართალია, დასავლეთ ევროპის ლიდერებისთვის გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწის გაპრეზიდენტება საზოგადოდ სასიამოვნო სიახლეა, მაგრამ მათ თავისი ელექტორალური საზრუნავიც აქვთ და მოუწევთ ყურადღება მიაქციონ საზოგადოებრივ განწყობებს. აქ კი საქმე ბევრად უფრო რთულადაა. როგორც„საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს” კვლევამ აჩვენა, ტრამპის წლებმა ევროპაში ამერიკის იმიჯი ფუნდამენტურად შეარყია. მართალია, უმეტესმა ევროპელმა გაიხარა ბაიდენის გამარჯვების გამო, მაგრამ ევროპელთა შეხედულებები ამერიკის თაობაზე მასობრივად შეცვლილია.
კვლევის თანახმად, ევროპელებს არ სწამთ, რომ ბაიდენი შეძლებს ამერიკა მსოფლიოს მართლაც წამყვან ლიდერობას დაუბრუნოს და რომ ევროპა ამერიკას შეიძლება დაეყრდნოს სტაბილურობის მოსაპოვებლად. ბევრი კი იმასაც ფიქრობს, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში ჩინეთი ამერიკას გადაუსწრებს, რა დროსაც მათ არ სურთ, რომ თავიანთი სახელმწიფოები ორი დიდი სუპერძალის ბრძოლაში ჩართული მხარე გამოდგეს. ბუნებრივია, ელექტორალური თვალსაზრისით, დასავლეთ ევროპის ლიდერებს მოუწევთ თავისი ქვეყნების უმრავლესობის აზრის გათვალისწინება, რაც ამერიკის მიერ ევროპის შემორიგებას გაართულებს.
ამის დასტურს რეალურ დროშიც ვხედავთ. ვაშინგტონის ოპოზიციის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა მაინც მოაწერა ხელი სავაჭრო ხელშეკრულებას ჩინეთთან, ხოლო გერმანია მაინც აგრძელებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობას. სენატში გამართული მოსმენისას, ბლინკენმა ხაზგასმით განაცხადა, რომ „მე მოწადინებული ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ხელი შევუშალო პროექტის დასრულებას”. საპასუხოდ, ანგელა მერკელმა რუსეთის საკითხის ბაიდენთან ერთად განხილვის სურვილი გამოხატა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის დაკავების მიუხედავად, „ჩემი ძირითადი სურვილი ჯერ არ შეცვლილა იმ დოზით, რაც მათქმევინებდა, რომ პროექტმა არ უნდა იარსებოს”.
ბაიდენი მოსკოვის მიმართ მყარ პოლიტიკას გაატარებს. მცირე ერთა სუვერენული უფლებები, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული თავისუფლება – ეს საკითხები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივად და ხმამაღლა იქნება დაცული. ბაიდენის კაბინეტსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში რუსეთისა და უკრაინის გამოცდილების მქონე და პუტინის კრიტიკით გამორჩეული ნულანდის და კენდალ–ტეილორის არსებობა ამის დასტური და კარგი წინაპირობაა.
ეს უკვე დადასტურდა ბაიდენისა და პუტინის პირველ სატელეფონო ზარის დროსაც, სადაც საუბარი იყო 2020 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე, უკრაინის სუვერენულობაზე და ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაზე.
რუსული დღის წესრიგში ბაიდენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გარდა, არაერთი გამოწვევა ელის, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, New START-ის (იარაღის შემცირების და შეზღუდვის ზომების შესახებ ხელშეკრულება) განახლება, რომელიც ბოლო მსხვილი ხელშეკრულებაა ორ დიდ ატომურ სახელმწიფოს შორის, ისევე როგორც ნავალნის საქმე და სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად გაძლიერებული რუსული და თურქული გავლენების საპირწონედ ამერიკული გავლენის გაძლიერება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონალური ლიდერები, ე. წ. „კავკასიური ექვსეულის” იდეაზეც საუბრობენ.
კიდევ ერთი გამოწვევა ირანი იქნება, რომელსაც დღეს ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ ნორმაზე 12-ჯერ უფრო მეტი გამდიდრებული ურანი აქვს. ტრამპის მიერ დაწესებული რადიკალური სანქციების შემდეგ, ბაიდენი აქაც საპირისპირო პოლიტიკის გატარებას მოიაზრებს. CNN-ისთვის სექტემბერში დაწერილ სტატიაში, ბაიდენი წერდა, რომ იგი თეირანს შეთავაზებს დიპლომატიურ გზას და „თუ ირანი დაუბრუნდება ბირთვული შეთანხმების მკაცრს მორჩილებას, აშშ ხელახლა შეუერთდება ბირთვულ ხელშეკრულებას, რაც იქნება შემდგომი მოლაპარაკების საწყისი ეტაპი”.
ირანთან გამკლავების ერთი გზა ტრამპის დროს დადგენილი სანქციების შემსუბუქებაა. მაგრამ, ბაიდენმა შესაძლოა ეს სანქციები, პირიქით, სათავისოდ გამოიყენოს, როგორც ბერკეტი მოლაპარაკებაში, რის სანაცვლოდაც უფრო მეტის მიღება შეეძლება. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია – ირანის საკითხი მარტივად არ გადაიჭრება. სხვა თუ არაფერი, იანვრის დასაწყისში გავრცელებული ცნობა მოწმობს, რომ ირანი ენერგიულად აგრძელებს ბირთვულ იარაღზე მუშაობას.
ბაიდენმა კლიმატის საკითხი თავისი ადმინისტრაციის ერთ–ერთ უმთავრეს თემად აქცია. შემთხვევითი არ არის, რომ მან დანიშვნების პირველივე დღეს წარადგინა სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში. არც ისაა შემთხვევითობა, რომ კლიმატის მიმართულებით ლიდერად ბაიდენმა პირველი რანგის პოლიტიკოსი და დიპლომატი, არც მეტი და არც ნაკლები, ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დანიშნა. პირველად ისტორიაში, კლიმატურ საკითხებზე მომუშავე ადამიანი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში იქნება. როგორც ამ დანიშვნით, ასევე გაპრეზიდენტების პირველივე დღეს პარიზის ხელშეკრულებასთან დაბრუნებით, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ კლიმატის საკითხს საგარეო და საერთაშორისო მნიშვნელობისა და კალიბრის საკითხად განიხილავს, რითაც მიუთითებს ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ნებაზე კლიმატური პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით.
ამ ყველაფრის პარალელურად, ახალ ადმინსტრაციას მოუწევს ჩინეთის მზარდ გავლენასთან გამკლავება. ბაიდენს ჯერ კიდევ არ დაესრულებინა ინაუგურალური სიტყვა, როდესაც ჩინეთმა 28 ამერიკელი ყოფილი საჯარო მოხელის და მათი ოჯახების მიმართ სანქციები დააწესა. ერთი მხრივ, ეს მიმავალი ადამინისტრაციის ბრაზნარევი გაცილება იყო, მეორე მხრივ და უფრო მეტად კი, მომავალი ადმინისტრაციის გაფრთხილება. მაგრამ, ჩინეთი ცდება, რადგან მასთან მიმართებით მეტი განგრძობითობაა მოსალოდნელი, ვიდრე ცვლილება.
სენატში მოსმენისას, ბლინკენმა ნათლად დააფიქსირა, რომ ჩინეთთან მიმართებით „ტრამპის ძირითადი პრინციპი სწორი იყო. …იგი სწორი იყო, როდესაც ჩინეთის მიმართ მიდგომა გაამკაცრა”. ბლინკენი იზიარებს პომპეოს ბოლო გადაწყვეტილების ფილოსოფიასაც, რომლის თანახმად ჩინეთის მთავრობა უიგურთა წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს. თუმცა, ეს სავსებით არ ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ჩინურ პოლიტიკას ბრმად გააგრძელებს.
მაღალია იმის ალბათობა, რომ ბაიდენი ჩინეთის ახალ პოლიტიკას შექმნის, რომელიც არც ობამასა და არც ტრამპის პოლიტიკა არ იქნება, თუმცა, სრულყოფილი პოზიცია ჩინეთზე ჯერ კიდევ უცნობია. ამასობაში, ცხადია, რომ ბაიდენმა უნდა შეიმუშაოს ტრამპის პოლიტიკაზე უფრო თანმიმდევრული სტრატეგია ჩინეთის საკითხზე, რომელიც ამავე დროს ჩინეთს არ მისცემს კლიმატის საკითხით ვაჭრობის საშუალებას, სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემების გადაფარვის ხარჯზე.
ამერიკის საგარეო პოლიტიკა საიმედო და გამოცდილ ხელშია, რაც საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ინტერესებშია. ტრამპი დამარცხებულია, „ამერიკა დაბრუნდა”, თუმცა ტრამპის წლების შემდეგ ამერიკის სრულფასოვანი დაბრუნება უდავოდ წაიღებს გარკვეულ დროსა და სერიოზულ ძალისხმევას.