მკითხველებიცა და ლიტერატურათმცოდნენიც ძალზე ხშირად ადარებენ ერთმანეთს ამ ორ პერსონაჟს: ანა კარენინასა და მადამ ბოვარის; ავლებენ პარალელებს ამ გმირებს შორის; წერენ მათ კომპარატივისტულ (შედარებით) ანალიზს; ხაზს უსვამენ მათ შორის გამოკვეთილ მსგავსებებს; ყურადღებას ამახვილებენ სუიციდსა და თითქმის ერთნაირ ფინალზე. ალბათ, ცოტას თუ უკვლევია, რა განასხვავებთ ერთმანეთისაგან, რა მხრივ იჩენს თავს კონტრასტი მათ შორის.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფლობერს თავს დაესხნენ გავეშებული დოგმატიკოსები, რეაქციონერები, კათოლიციზმისა და ბურჟუაზიის დამქაშები, უნიათო და უგერგილო კრიტიკოსები, რელიგიური ფანატიკოსები და სასამართლოში უჩივლეს საზოგადოებრივი მორალის, სარწმუნოებისა და ზნე-ჩვეულებათა შეურაცხყოფის, უზნეობის, გახრწნილებისა და უწესობის პროპაგანდის, ცოლქმრული ღალატისა და ორგულობის შექების გამო. „Revue parisienne“-ში დაიბეჭდა ეს ნაწარმოები, ფლობერმა რომ კრძალვითა და რუდუნებით დაწერა; მისი ყველა ფრაზა ნატიფად გამოაქანდაკა; კვირები და თვეები შეალია თითოეული წინადადების სრულქმნას; ტიტანური შრომის, თეთრად გათენებული ღამეების, დაუსრულებელი ტანჯვა-წამების ფასად მიიყვანა საქმე ბოლომდე და დასვა წერტილი. ხელოვნების ესოდენ ბრწყინვალე ნიმუში უნიჭო კრიტიკოსების, მწერლუკანებისა და მჯღაბნელების საჯიჯგნი შეიქნა. ბრალი დასდეს არა მხოლოდ თვით ავტორს, არამედ გამომცემელსაც და სტამბასაც. ულმობელმა მწერალმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა მთელი ბურჟუაზია, მორალი, კლერიკალები, ტრადიციული ოჯახი, რელიგია, გაბატონებული სოციალური კლასი…
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას არ ახსოვს, მწერალ კაცს საკუთარ ქალ პერსონაჟთან გაეიგივებინოს თავი. ამ თვალსაზრისით, მართლაც გამონაკლისი იყო გუსტავ ფლობერი, რომელმაც „მადამ ბოვარის“ გამო გაჩაღებულ სასამართლო პროცესზე წარმოთქვა: „მადამ ბოვარი – ეს მე ვარ“.
მწერალი მამაკაცები, რომელთაც ქალთა დაუვიწყარი სახეები შექმნეს ლიტერატურის ისტორიაში, ყოველთვის ინარჩუნებდნენ ერთგვარ დისტანციას გმირი ქალებისაგან (გუსტავისგან განსხვავებით). მაგალითად, ბალზაკი ემიჯნება ჟიული დ’ეგლემონს, გმობს მის საქციელს, უწოდებს ზნედაცემულსა და გარყვნილს, მკაცრად განსჯის, თვით ქალის ემანსიპაციის იდეას მიიჩნევს გახრწნილებისა და ამორალურობის სინონიმად და ა.შ.. გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ანა კარენინას უთუოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟთა უკიდეგანო გალერეაში; ერთობ შთამბეჭდავი და მართლაც რომ დაუვიწყარი მხატვრული სახეა. მიუხედავად ამისა, ტოლსტოი ნამდვილად არაა „განსხეულებული“ მასში; ისეთი სიახლოვე და სოლიდარობა არ აკავშირებს თავის ქმნილებასთან, როგორიც ფლობერს ემასთან. ასე ვთქვათ, „დამკვირვებლის თვალით“ აღწერს თავის გმირ ქალს, ხშირად კილავს, აკრიტიკებს და ა.შ..
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტოლსტოი პატრიარქალური იდეოლოგიით განმსჭვალული ადამიანი იყო; მხარს უჭერდა ძლიერი, ტრადიციული ოჯახის იდეას; მიაჩნდა, რომ ცოლობა და დედობა წმინდათაწმინდა მოვალეობაა ქალისა. ამიტომაც, სულაც არაა გასაკვირი, რომ ქმრის ღალატისა და შვილის მიტოვების გამო დასაჯა ანა. დასაჯა არა საკუთარი, არა ქმრის, არა ვრონსკის ან სხვა პერსონაჟის, არამედ „ღვთის” ხელით, „ღვთიური განგების“ მეშვეობით. მისი იყო შურისგება და მანვე მიაგო.
მისგან განსხვავებით, ფლობერი მუდამ ამრეზით უყურებდა პატრიარქალურ ოჯახს; ნათლად წარმოაჩენდა მის სიმახინჯესა და სიბილწეს; ცხადად გვიჩვენებდა, რაოდენ უუფლებო, დაჩაგრული, ღირსებაშელახული და ხელფეხშეკრულია მონობის კირთებით დამძიმებული ქალი, საწყალობლად რომ გმინავს. ოდენ მტანჯველი უღელი და დაუმსხვრეველი ბორკილია ოჯახური ცხოვრება მისთვის.
ყოველივე ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ტოლსტოის სულაც არ ესახება ანა კარენინას ტრაგედია პატრიარქალური სამყაროს წინააღმდეგ ამხედრებულის, ჩაგრულისა და მსხვერპლის მარცხად; არ მიაჩნია იმ ქალის გულისმომკვლელ ფიასკოდ, ტოტალური მასკულინური ძალაუფლების წინაშე რომ მოეცარა ხელი. მისი აზრით, ანა კარენინას ტრაგედიის მიზეზი თავად ანა კარენინაა, ანუ თავისი საქციელით გამოუტანა განაჩენი თავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ანას დაცემისა და დაღუპვის პარალელურად გვიჩვენა ლევინისა და კიტის „ოჯახური ბედნიერება“, კიტის „აყვავება“ და „გაფურჩქნა“ ოჯახის წიაღში… ტოლსტოის ქალის იდეალად ესახება კიტი; მისი ადგილი ოჯახშია, ქმრისა და შვილების გვერდით, ხოლო ანა დასაჯა თავისუფლების წყურვილის, ოჯახის დანგრევისა და შვილის უარყოფის გამო.
ფლობერის რომანში სულ სხვაგვარადაა ყველაფერი: მწერალი არ ადანაშაულებს მადამ ბოვარის. მისი აზრით, ემას ღალატი გარდაუვალიც კი იყო ისეთ პატრიარქალურ, უფერულ და ბურჟუაზიულ გარემოში. ბოვარი ჭეშმარიტად დონ კიხოტესეული გმირია ფლობერისათვის; იდეალისტი და მგზნებარე გმირი, რომელიც შეეჩეხა მახინჯ, ყალბ, ფარისევლურ კანონებს, ქალის მჩაგვრელ წყობას.
ტოლსტოიმ ანას დასჯისა და დაცემის ფონზე გვიჩვენა ლევინისა და კიტის აღზევება, ფლობერს კი არ გამოუყენებია ასეთი კონტრასტი თავის რომანში იმის ნათლად საჩვენებლად, თუ როგორი უნდა იყოს ქალი და სად უნდა იპოვოს (უფრო სწორად, ეძებოს) ბედნიერება; არ დაუხატავს იდეალი, ანუ ის ქალი, რომლის ადგილიც ოჯახშია და რომელიც, რაც მთავარია, სრულყოფილებასა და შინაგან სისავსეს მიაღწევს ქმრისა და შვილების გვერდით.
უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ფლობერს ისე ურევდა გულს ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვებზე ფიქრი, რომ არც დაქორწინებულა და არც შვილები არ ჰყოლია. მისგან განსხვავებით, ტოლსტოის ცოლიც ჰყავდა და უამრავი კანონიერი და უკანონო შვილიც. ამგვარი დამოკიდებულება აისახა კიდეც მათ გმირებზე: ანა კარენინას შინაგანი კონფლიქტის მთავარი წყაროა შვილი, ემა ბოვარისათვის კი არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს ბავშვი, სრულიად გულგრილია მისდამი და იოტისოდენა სიყვარულსაც კი არ ამჟღავნებს. სამაგიეროდ, ანას გაგიჟებით უყვარს თავისი ბიჭუნა, დამნაშავედ გრძნობს თავს მის წინაშე, ნანობს, რომ მიატოვა, ცდილობს მის დაბრუნებას, ქმრისგან მალულად მონახულებას, სახლში შეპარვას, რამდენიმე წამით დახედვას, მალულად მოფერებას… ფლობერის გმირი სრულიად თავისუფალია ამგვარი სანტიმენტალობისაგან.
ტოლსტოის იდეოლოგიის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა მისი თხელტანიანი ნაწარმოები, „ოჯახური ბედნიერება”. ამ წიგნში ჩანს, როგორ იპოვის „ბედნიერებას” მთავარი პერსონაჟი, მაშა, ქმარ-შვილის გვერდით, მიუხედავად მრავალი ტკივილის, იმედგაცრუების, გაწბილების, უთანხმოების, შინაგანი სიცარიელის, სიყვარულის უკვალოდ გაქრობისა და საარაკო გრძნობის გაქარწყლებისა. ტოლსტოი ისევ და ისევ ოჯახში ტოვებს ქალს, როგორი გარემოც არ უნდა იყოს იქ. მისი მაშა ბედნიერებას აღმოაჩენს იმ უფერული, მშვიდი, აუმღვრეველი, მონოტონური, უსიყვარულო, უღიმღამო, რუხი ცხოვრების მორევში.
ასეთი ბედი ხვდა წილად ტოლსტოის კიდევ ერთ პერსონაჟს – უზრუნველ, უდარდელ, თავქარიან, გიჟმაჟ, მხიარულ, ხალისიან და ლაღ ნატაშა როსტოვას. ეს გოგონა იქცა მზრუნველ დედად, ერთგულ ცოლად და მატრონად, რომელსაც ჩაჰქრობია ოდინდელი სხივი, დაშრეტია ძველებური ცეცხლი და თვალთა ელვარება. მწერალი ტოვებს დარია ალექსანდროვნას, ანუ დოლის, მოღალატე ქმრის, სტივა ობლონსკის, გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ტანჯვაა ოჯახური ცხოვრებაც და შვილების გაჩენაც; ანას ბედს შენატრის, როცა იხსენებს თავის უსიხარულო და ბედკრულ ცხოვრებას, დაჯიჯგნილ კერტებს, დაუამებელ ტკივილს, ქმრის დაუსრულებელ ღალატს, თავის ჩაგვრასა და დაბრიყვებას. ხვდება, იმიტომ სძულს ყველას ანა, რომ არ დასჯერდა ყალბ ცხოვრებას, იბრძოლა ბედნიერებისათვის, მიჰყვა გულისხმას, სხვების თვალის ასახვევად არ ითამაშა ბედნიერი ცოლისა და დედის როლი და ყველაფერი გაიღო მსხვერპლად ყოვლის დამნაცრავი სიყვარულისათვის. დოლი აცნობიერებს, რომ სწორედ ეს ვერ აპატია ფარისეველმა ხალხმა კარენინას.
ტოლსტოისაგან განსხვავებით, ფლობერს არ დაუნდვია არც ერთი თავისი პერსონაჟი: ემას ქმარიც დაისაჯა და ორივე საყვარელიც (როდოლფი და ლეონი მეტისმეტად უსახური, გამოფიტული, უშინაარსო, ზერელე, სულმდაბალი, მორალურად გახრწნილი, შინაგანად დაცარიელებული ადამიანები არიან). სამაგიეროდ, ტოლსტოის ნამდვილ გმირებად მიაჩნია თავისი სხვა პერსონაჟები და გულუხვად დააჯილდოვა კიდეც ყოველივე იმით, რაც სანატრელი იყო მათთვის. ტოლსტოის აზრით, კარენინას ქმარი სულგრძელი და ზნეობრივად ამაღლებული პიროვნებაა – ალექსანდრ კარენინმა მოღალატე ცოლისა და მისი საყვარლის უკანონო შვილი შეივრდომა და ამგვარად გამოიჩინა „უზენაესი ჰუმანურობა და კეთილშობილება“. ტოლსტოის ანაზე ბევრად კარგ, კეთილსინდისიერ, უზადო ზნეობრივი პრინციპებითა და სამაგალითო მორალით გამორჩეულ ადამიანად ესახება ეს კაცი.
რაც შეეხება ფლობერს, ეს მწერალი არ განსჯის მადამ ბოვარის; არ გვთავაზობს მისი საქციელის მორალისტურ შეფასებას. მისი აზრით, ემას ღალატი გარდაუვალი აუცილებლობაც კი იყო იმ გარემოში. გუსტავს ეს ტრაგედია ნამდვილად მიაჩნია მახინჯ, ცრუ კანონებთან მებრძოლი ქალის მარცხად და სოციალურ დრამად.
მართალია, სიცოცხლე მოისწრაფეს ანა კარენინამ და მადამ ბოვარიმ და ფინალთა მსგავსებაც უთუოდ ქმნის იმის ილუზიას, რომ პერსონაჟები ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა, სხვადასხვა იყო სუიციდის მოტივი: ტოლსტოიმ გმირს თავადვე გამოატანინა განაჩენი საკუთარი თავისთვის, მადამ ბოვარი კი აუტანელმა გარემომ, ამაზრზენმა ბურჟუაზიამ, სულშემხუთავმა ატმოსფერომ, მახინჯმა, დაუწერელმა კანონებმა იმსხვერპლა.
რაც ყველაზე მთავარია, ტოლსტოიმ თავის პერსონაჟს მიაღებინა ყოველივე ის, რაც უნდოდა – კარენინა გაშორდა ქმარს; მიატოვა შვილი; საყვარელ მამაკაცთან ერთად მიჰყო ხელი ცხოვრებას დედაქალაქისგან შორს, ანუ მიაღწია იმას, რისკენაც ასე მიილტვოდა; იმას, რასაც მთელი არსებით ესწრაფოდა, მაგრამ მაინც ვერ ეღირსა ბედნიერებას, ვერ ეწია საწადელს, რადგან, ტოლსტოის აზრით, ქალის ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ ოჯახია.
მადამ ბოვარი სულ სხვაგვარი ფონით გამოირჩევა: ემას, ანასგან განსხვავებით, არ მიეცა ის, რასაც ყველაზე მეტად ნატრობდა ამქვეყნად; ვერ გაიქცა იმ კაცთან ერთად, რომელიც მთელი გულით უყვარდა; ვერ აიხდინა ოცნება; ვერ დაიწყო ახალი ცხოვრება. ოდენ დროებითი გასართობი იყო როდოლფისა და ლეონისათვის. ამ უკანასკნელთ არასოდეს ჰყვარებიათ ემა, ანას კი თავდავიწყებითა და გაგიჟებით ეტრფოდა ვრონსკი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანას ჰქონდა ყოველივე ის, რაზეც მადამ ბოვარი ოდენ ოცნებობდა. სწორედ რეალობასა და ოცნებას შორის წამოჭრილმა მკვეთრმა კონტრასტმა იმსხვერპლა ეს უკანასკნელი; სინამდვილისა და ფანტაზიის შეუხამებლობამ შეიწირა, ხოლო ანა დაიღუპა იმიტომ, რომ ბედნიერებას ეძებდა იქ, სადაც, პატრიარქალური ოჯახის მეხოტბე ტოლსტოის აზრით, არ უნდა მოეძებნა – ოჯახს მიღმა. ფლობერს მიაჩნია, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო, ემას ბედნიერება ეპოვა ოჯახში, რადგან ეს წარმონაქმნი საფუძველშივე საზარელი, გონჯი და გადაგვარებულია.
ორივე გმირის აღსასრული ჰგვრის კაეშანს მკითხველს, თუმცაღა, ფლობერმა ემას გარდაცვალებისთანავე დასვა წერტილი, ხოლო ტოლსტოიმ ანას სრული განადგურებისა და ტრაგიკული სიკვდილის აღწერის შემდეგ მთელი ერთი ნაწილი მიუძღვნა სხვა პერსონაჟთა ოჯახური ბედნიერების ასახვასა და იდილიური ყოფის ტილოს ხატვას.
ტოლსტოის აზრით, თავი დაიღუპა ქმრის მოღალატე და შვილის მიმტოვებელმა ქალმა, თვითონვე ჩაიგდო თავი გამოუვალ მდგომარეობაში, აჰყვა გრძნობას, გულისწადილს, მინებდა ვნებასა და აკრძალულ, საბედისწერო სიყვარულს; შეიყვარა ვრონსკიმ, მაგრამ ვერც ეს სიყვარული ვერ „შეირგო“ და ყოველივე ამან მიიყვანა გარდაუვალ აღსასრულამდე. ტოლსტოის რწმენით, შეუძლებელი იყო, სხვაგვარად დასრულებულიყო მისი ცხოვრება, რადგან საკუთარი თავის ჯალათად იქცა, როცა უარი თქვა ოჯახურ ბედნიერებაზე. ტოლსტოი შეუვალ მორალისტად, დიდაქტიკოსად და მსაჯულად გვევლინება ფინალში. არ ავლენს არავითარ ემპათიას, არ თანაუგრძნობს ანას, რადგან მიაჩნია, რომ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. სიკვდილი შეიქნა ანასა და ვრონსკის სიყვარულის დასაბამი (მატარებელმა ერთი კაცი გასრისა მათი პირველი შეხვედრისას) და ამიტომაც, დასასრულიც სიკვდილი უნდა იყოს. ტოლსტოის რწმენით, ანამ დაარღვია უზენაესი ზნეობრივი კანონი და უცილობლად უნდა ზღოს ამის გამო. მისი სიკვდილი, თვით ავტორის აზრით, მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია და სხვა არაფერი.
ამის საპირისპიროდ უნდა აღინიშნოს, რომ ფლობერს არ შეუსრულებია ემას მორალური მსაჯულის როლი. ნაადრევად აღესრულა ბურჟუაზიული სიმახინჯის, კლერიკალური სიგონჯის, ფარისევლური ზნე-ჩვეულებებისა და მორალის მსხვერპლი, ოჯახისა და ულმობელი სინამდვილის მარწუხებში მომწყვდეული, გულანთებული იდეალისტი, დონ კიხოტეს გზის გამგრძელებელი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის დახშულ გარემოში აღიზარდა, შეინარჩუნა რწმენა იდეალისა; რომელიც გამუდმებით კითხულობდა რომანტიკულ ნაწარმოებებს, სარაინდო და კურტუაზულ რომანებს; ოცნებობდა წიგნებში აღწერილ, საოცნებო, წარმტაც ცხოვრებასა და მარადიულ სიყვარულზე; რომელსაც მკაცრი რეალობა ერთმანეთის მიყოლებით უმსხვრევდა რუდუნებითა და კრძალვით აგებულ ოცნების კოშკებს; რომელიც მიყრუებული პროვინციის ბინძურ, ბნელ შუკებშიაც კი დაუღალავად მისდევდა იმ სანუკვარ იდეალს, ჩაუქრობელ ვარსკვლავივით რომ უცისკროვნებდა უღიმღამო ყოველდღიურობას; არა და არ უსწორებდა თვალს სიმართლეს და პარიზული რომანების კითხვით ფრთაშესხმული, ცაში დაფრინავდა, ვიდრე მწარედ არ დაენარცხა სინამდვილის ნაპირს, რადგან სრულიად მოწყვეტილი იყო ამქვეყნიურ რეალობას და თავს აფარებდა ქიმერათა მომნუსხველ სამყაროს; ცდილობდა, პროვინციული სახლის უბრალო, არაფრით გამორჩეულ ოთახში მოეწყო ნამდვილი პარიზული ბუდუარი, დედაქალაქის ელვარება და ციალი შემოეტანა პირქუშ, ნაღვლიან სოფელში; ლამობდა ღვთისა და კაცისაგან მივიწყებული იონვილისა და ტოსტის დამშვენებას, წარმტაცად შეფერადებას; წარმოიდგენდა, რომ ბულონის ტყეში და შანზ-ელიზეზე დარონინებდა, როცა როდოლფთან ერთად სეირნობდა; ჰბაძავდა დედაქალაქელ, დახვეწილ ბანოვანებსა და დემიმონდენებს, მათ მიხრა-მოხრას, საუბრის მანერას; რუანის ძვირიან და მდიდრულ სასტუმროებში ხვდებოდა საყვარელს; ზღაპრულ ადგილებში უნიშნავდა პაემანს გულისსწორს; მეტად მაღალფარდოვნად, განსაცვიფრებლად ნატიფი ლექსიკით ელაპარაკებოდა მას, ვისთვისაც ოდენ ჟინის, ახირების, ავხორცი წადილის წყაროდ, წუთიერი გატაცების ობიექტად ქცეულიყო; არაფერს იშურებდა კაცისთვის, რომლისთვისაც უცნობი ხილი იყო ჭეშმარიტი ტრფობა, გრძნობა, რომანტიკა და სიყვარული; რომანტიკული ნაწარმოების გმირად წარმოესახა თავი, როცა ცრუპენტელა კაცი სიყვარულს უხსნიდა ხალხით გადაჭედილ ბაზრობაზე. მადამ ბოვარის ისტორია მისი გრძნობების ისტორიაა; მისი ამბავი ბურჟუაზიული ყოფის ამსახველი ის ნაღვლიანი მელოდრამაა, საუკუნო საგალობელს რომ უძღვნის ემას და ემას სადარ დონ კიხოტეებს, გამოუსწორებელ, გულმხურვალე იდეალისტებს.