მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ დირიჟორს, ვალერი გერგიევს „ლა სკალაში“ პირდაპირ მოსთხოვეს რუსეთის ქმედების გამო უკრაინაში საკუთარი აზრი მკვეთრად გამოეთქვა, ჯერი ოპერის პრიმადონაზე – ანა ნეტრებკოზეც მიდგა.
როგორც ჩანს, საერთაშორისო მუსიკალურმა თეატრებმა – ნიუ–იორკის „მეტროპოლიტენ ოპერამ“, ბერლინის „დოიჩე ოპერამ“, ვენის „შტატსოპერამ“ და სხვებმა, რუს სოპრანოს, ანა ნეტრებკოს პირდაპირ მიუთითეს, რომ საკუთარი აზრი პირდაპირ დაეფიქსირებონა უკრაინაში ომის გამო…
პუტინის ერთგულმა პრიმადონამ სამი დღე იფიქრა და მეუღლესთან, ტენორ იუსიფ ეივაზოვთან ერთად საკუთარ ინსტაგრამზე ასეთი დიპლომატიური „სიბრძნე“ დაწერა:
”მე გარკვეული დრო მჭირდებოდა დასაფიქრებლად, რადგან ვფიქრობ, რომ სიტუაცია ზედმეტად სერიოზულია იმისთვის, რომ კომენტარის გაკეთება დაფიქრების გარეშე შევძლო…
პირველ რიგში, მე წინააღმდეგი ვარ ამ ომის; მე რუსი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში და მათი ტკივილი და ტანჯვა გულს მტკენს. მინდა ეს ომი დასრულდეს და ხალხმა მშვიდად იცხოვროს. ამის იმედი მაქვს და ვილოცებ…
თუმცა, მინდა დავამატო, რომ როცა არტისტებს, ან რომელიმე საზოგადო მოღვაწეს აიძულებენ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები საჯაროდ გამოთქვან და თავიანთი სამშობლო დაგმონ, ეს არასწორია. ეს უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი. მე არ ვარ პოლიტიკური პიროვნება და მე არ ვარ პოლიტიკის ექსპერტი! მე ვარ ხელოვანი და ჩემი მიზანი არაა პოლიტიკურ განხეთქილებებზე ვისაუბრო“…
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოში ცნობილი სოპრანო სოციალურ მედიაში პოსტს აქვეყნებს რუსეთ–უკრაინის ომის შესახებ. ანა ნეტრებკო 25 თებერვალს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში უნდა ჩასულიყო, მაგრამ იძულებული გახდა გაეუქმებინა კონცერტი პუბლიკის ზეწოლისა და პროტესტის გამო. მომღერალს პირდაპირ შეახსენეს პუტინთან კავშირები და სიახლოვე წლების განმავლობაში. ისტაგრამზე ქალბატონი ნეტრებკო საერთოდ არ ახსენებს პუტინს, თითქოს ომი უკრაინაში ვიღაც აბსტრაქტულმა ქვეყანამ გააჩაღა და არა რუსეთმა. თანაც იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანა უყვარს…
სინამდვილეში მშვენივრად იგრძობა, რომ ეს სტერილური, ვითომ ჰუმანისტური და აწონილ–დაწონილი პოსტი მხოლოდ სავალდებულო ხასიათისაა და მოსაჩვენებლადაა დაწერილი. სინამდვილეში კი პრიმადონა ნეტრებკოს მხოლოდ მომავალი კონცერტები და კარიერა აინტერესებს.
საოპერო მომღერლის შფოთვა შესაძლოა პირდაპირ უკავშირდება საკუთარი წარსულის „გათეთრებას“, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ის კრემლთან დაახლოებული პერსონაა; „კრემლის საოპერო დესანტი დასავლეთში“ (როგორც ერთ–ერთმა კრიტიკოსმა დაწერა), რომელიც მეუღლესთან ერთად, არასოდეს უარყოფდა ახლო კავშირებს ვლადიმერ პუტინთან.