“First we shape the cities, then they shape us”– Jan Gehl
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ანუ დაახლოებით 4 მილიარდი ადამიანი დღეს ქალაქებში ცხოვრობს. ქალაქს, როგორც სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჰაბს, არასდროს ჰქონია ამხელა გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. ამავდროულად, არც ჩვენი ცხოვრების სტილი, ქცევები და გადაწყვეტილებები ყოფილა ოდესმე ასე მნიშვნელოვანი ქალაქისთვის.
ბოლო ათწლეულების სწრაფმა ურბანიზაციამ სრულიად ახალი პრიზმიდან წარმოაჩინა თანამედროვე ქალაქების დინამიკა და მათი სწორი დაგეგმვისა და მდგრადი განვითარების აუცილებლობა. ტრანსფორმაციის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ, ურბანული ლანდშაფტის კონტურებს მოხაზავს და მილიონობით ადამიანის ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს.
როგორ ქალაქებში გვინდა ვიცხოვროთ მომავალ ათწლეულებში? რას ვაკეთებთ ან რას ვაშავებთ დღეს და როგორ აისახება ჩვენი აქტივობები გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ? – ეს კითხვები დღეს მთელ მსოფლიოში აქტუალურია და იმის მიხედვით, თუ როგორი ხელისუფლება და საზოგადოება ჰყავს და როგორი ეკონომიკა აქვს სხვადასხვა ქვეყანას, სიტუაცია და პერსპექტივებიც განსხვავებულია.
2015 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებმა მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის გეგმა, რომლის ერთ–ერთი თავი ურბანულ განვითარებას ეხება. გეგმის მიხედვით, უნდა გაძლიერდეს ქალაქების, როგორც განვითარების ძირითადი აქტორების როლი. ქალაქები უნდა გახდნენ უფრო მოქნილები ბუნებრივი კატასტროფების მიმართ და დაიცვან რთულ სიტუაციებში მყოფი პირები, ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ეკონომიკური ზარალი. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ქალაქებმა უნდა უზრუნველყონ წვდომა უსაფრთხო და ხელმისაწვდომ საცხოვრებელზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივ მწვანე სივრცეებზე. გეგმის განხორციელების წამყვანი დონორი ევროკავშირი და მისი ქვეყნებია, რომლის კონტრიბუციაც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარია და მთლიანი ინვესტიციის თითქმის ნახევარს შეადგენს.
ევროკავშირს, სადაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს უნდა გაერთიანება, ქალაქების ინტეგრირებული დაგეგმვის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ამიტომ, როცა ამ ქვეყნებში ახალი ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტები იგეგმება, აუცილებლად ითვალისწინებენ კულტურული მემკვიდრეობის, გარემოს დაცვის, სატრანსპორტო თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ კომპონენტების გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე. საქართველოში კი, სადაც ურბანული პრობლემები და ქალაქის მოწყობასთან დაკავშირებული გამოწვევები ძალიან მწვავეა, მსგავსი ურბანული დაგეგმარების პრაქტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ ყოფილა. აქ ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის განვითარება ბოლო 30 წელია, ჰოლისტიკური დაგეგმვის მეთოდების სრული უგულებელყოფით მიმდინარეობს. 90-იანი წლებიდან თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ლიბერალური ეკონომიკური დღის წესრიგის დანერგვამ ქალაქდაგეგმარებაზეც იქონია გავლენა. მასობრივმა პრივატიზაციამ, დერეგულაციებმა და ურბანული განვითარების მიმართ კომერციულმა მიდგომამ ქალაქი ბრძოლის ველად აქცია, სადაც მოგებაზე ორიენტირებული კერძო ინტერესები სოციალური კეთილდღეობისა და გარემოს მდგრადობის მოთხოვნებს ეჯახება. ამან ხელი შეუწყო ურბანული ქსოვილის ფრაგმენტულ და არათანმიმდევრულ განვითარებას, შედეგად კი ქალაქი მწვავე პრობლემების წინაშე დადგა როგორც არქიტექტურულ–ურბანული, ისე სოციალური და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით.
რამდენიმე თვის წინ „ურბანული კვლევების ცენტრმა“ ახალი კვლევა -„მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევები“ წარმოადგინა, რომელიც, ძირითადად, ცირკის ტერიტორიიდან რესპუბლიკის მოედნამდე განხორციელებულ ან დაგეგმილ პროექტებს შეეხებოდა. პროექტების შესწავლისას დადგინდა, რომ მათი დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ზოგიერთი მათგანი არ ითვალისწინებს ასევე გენგეგმით დადგენილ პრინციპებს. გარდა ამისა, სისტემური ხასიათი აქვს ქიაჩელისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ისტორიულად გაუნაშენიანებელი მწვანე არეალის ათვისებასაც.
ახალი, ჯერ განუხორციელებელი პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური და დიდი რისკის შემცველი გმირთა მოედანთან, „ლაგუნა ვერესა“ და აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობაა. ფონდ „ქართუს“ ინიციატივით, აქ ორი 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენი უნდა აშენდეს, სადაც მულტიფუნქციური კომპლექსი მოეწყობა. პროექტს საკრებულომ მხარი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, პირველი განხილვისას დაუჭირა, დეკემბრის ბოლოს კი უკვე დაამტკიცა კიდეც.
ურბანისტების უმეტესობა პროექტს ეწინააღმდეგება და საამისოდ არაერთი მიზეზი აქვთ. მათი აზრით, ამ ადგილზე მსგავსი განაშენიანება საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო სისტემას, ქალაქის ისტორიულ ლანდშაფტს და ტერასული განაშენიანების სისტემას. გარდა ამისა, სარისკოა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კომპლექსების მშენებლობასთან დაკავშირებული რისკი სათანადოდ არ შეუსწავლიათ და შეუფასებიათ. მით უმეტეს, ტერიტორია ახლოსაა ვერეს ხეობასთან, სადაც 2015 წელს წყალდიდობის გამო ტრაგედია მოხდა და კონკრეტულად ეს ადგილიც დაიტბორა.
„ლაგუნა ვერესა“ და აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიას ათეული წლების განმავლობაში სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, რაც აქ მშენებლობებს კრძალავდა. ეს არც 2019 წელს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებისას შეცვლილა, თუმცა ბიზნესინტერესის გაჩენის შემდეგ, იანვარში აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიას სტატუსი მოუხსნეს და ის ყველაზე მაღალი ინტენსივობის ზონით – საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა-2-ით შეცვალეს.
ურბანისტი და არქიტექტორი, ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ ეს არეალი მთლიანად მოწყვეტილია ქალაქურ სისტემებსა და სტრუქტურებს და იქ კიდევ დამატებითი სიმძლავრის ჩამატება აღარ შეიძლება. მისივე შეფასებით, ამ ადგილზე თავის დროზეც არ იყო მიზანშეწონილი ისეთი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა, მაგალითად, ცირკი, „ლაგუნა ვერეს“ აუზი თუ 11-სართულიანი სახლი:
„ეს არის მკვდარი ადგილი, დღემდე ეს არის მხოლოდ სატრანსპორტო კვანძი და მეტი არაფერი. ქალაქის თვალსაზრისით ვერ ცოცხლობს ეს ტერიტორია, შეუძლებელია, აქ ადამიანი მოხვდეს ინდივიდუალური ტრანსპორტის გარეშე. როგორც კი ახვალთ კოსტავას ქუჩით ვერაზე, იქ უკვე საზოგადოებრივი სივრცეები, ქუჩები და პარკებია; ახვალთ ვაკეში და იქაც ყველაფერი გამართული და მოწესრიგებულია, იგივე ხდება სხვა მიმდებარე ქუჩებზეც: პეკინზე, თამარ მეფის გამზირსა და აღმაშენებელზე. მათ შორის არის ეს ჩავარდნილი ადგილი, რომელიც სრულიად უიმედოა. აქ ნებისმიერი რამის დამატება კიდევ უფრო გაამძაფრებს პრობლემებს, პირველ რიგში სატრანსპორტო თვალსაზრისით. შემთხვევითი არაა, რომ მიწათსარგებლობის გეგმამ აქ დანიშნა მთლიანად სარეკრეაციო სივრცე.“
მეორე წელია, საუბარი მიდის მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებაზე ელბაქიძის დაღმართზეც, საქანელას ქუჩაზე, რომლის ინიციატორიც კომპანია „სილქნეტია“. ურბანისტი და არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი, რომელიც კვლევის ერთ–ერთი ავტორია, ამბობს, რომ „ლაგუნა ვერესა“ და ელბაქიძის დაღმართზე დაგეგმილი პროექტები განხორციელების შემთხვევაში ლანდშაფტის, მორფოლოგიისა და განაშენიანების სტრუქტურის რღვევას გამოიწვევს:
„თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით–გეგმარებით სტრუქტურას თავისი პრინციპი აქვს. მაგალითად, მტკვარსა და მთაწმინდის ქედს შორის განაშენიანება ტერასებად არის განვითარებული – პირველი დონე არ ფარავს მეორეს, მეორე – მესამეს. ეს იერარქიულობა ყველგან დაცულია და კულმინაციას ქმნის მთაწმინდის ქედი. ამ ახალი პროექტების შემთხვევაში ეს პრინციპი და სტრუქტურა ირღვევა და ეს საგანგაშოა.“
თბილისში უკვე ისედაც დიდი ხანია, პრობლემურია ისტორიულად ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელის სახეცვლილება, გაუნაშენიანებელი ადგილების განაშენიანება და პანორამული ხედების რღვევა. მაგალითად, მთაწმინდიდან ან სანაპირო ზოლის რამდენიმე ადგილიდან კარგად ჩანს რუსთაველისა და თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე ტრადიციული ლანდშაფტიდან და არქიტექტურიდან სრულიად ამოვარდნილი სასტუმრო „ბილტმორის“ შენობა და „პანორამა თბილისის“ პროექტები, მათ შორის უკვე გახსნილი სასტუმრო „პარაგრაფი“ ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე. ეს ნაგებობები აზიანებს რუსთაველის გამზირის ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს და ისტორიულ პანორამულ ხედებს, მათ არც განსაკუთრებული სოციალური ან კულტურული დატვირთვა აქვთ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყოს და კომპრომისზე წასვლა ღირდეს. ახალი პროექტების განხორციელებისას ზოგჯერ ძველი, ისტორიული ნაგებობებიც ზიანდება ან იერსახე ეცვლება. მაგალითად, „ბილტმორის“ აშენებამდე, 2007 წელს კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა საბჭოთა არქიტექტურის ერთ–ერთ გამორჩეულ ნიმუშს ქალაქში – 1938 წელს აშენებულ ე.წ. იმელის შენობას (მარქსის, ენგელსისა და ლენინის ინსტიტუტი), რომელიც სტატუსის შეცვლიდან რამდენიმე დღეში გაიყიდა კიდეც. ამ ამბავს მაშინ ურბანისტებისა და არქიტექტორების დიდი პროტესტი მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. შენობის ნაწილის რეკონსტრუქციის შემდეგ რამდენიმე წელიწადში აქ სასტუმრო აშენდა, რომლის ექსტერიერიცა და ინტერიერიც აბსოლუტურად უკონტექსტოა და არ ჯდება როგორც იმელის შენობის, ისე, ზოგადად, რუსთაველის გამზირის ესთეტიკაში. მშენებლობის დროს თითქმის განადგურდა შენობის უკანა ნაწილი, გადაკეთდა და „გარემონტდა“ უნიკალური მრგვალი ფორმის დარბაზი, რომელსაც იშვიათი კულტურული და არქიტექტორული ღირებულება ჰქონდა და ამასთანავე, 1995 წელს აქ დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს. 2011 წელს, პროტესტის მიუხედავად, ნაწილობრივ დაანგრიეს კონსტრუქტივიზმის სტილში ნაგები ყოფილი „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობა, რომელსაც 2007 წლამდე ასევე ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ამ ადგილზე სავაჭრო ცენტრი „მერანი“ განთავსდა ახალი იერსახით და არაფრით გამორჩეული ვიზუალით. 2008 წელს გაიყიდა თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე „უნივერმაღი თბილისი“, რომელიც მთლიანად დაინგრა და მის ადგილზე „გალერეა თბილისი“ აშენდა. მართალია, შენობას განსაკუთრებული ღირებულება ან ძეგლის სტატუსი არ ჰქონია, მაგრამ 1975 წელს აშენებული ნაგებობა გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის საინტერესო ნიმუში იყო. მაღალი, მასიური სვეტებით შექმნილი კოლონადა ქუჩისა და შიდა ეზოს შორის გარდამავალი სივრცის ფორმირებას უწყობდა ხელს და გაცილებით მეტად ესადაგებოდა სივრცესა და არქიტექტურას თავისუფლების მოედანზე, ვიდრე დღევანდელი შენობა.
ცალკე საკითხია ისტორიული, ძეგლის სტატუსის მქონე შენობების გაყიდვა და შემდეგ მათი წლობით გაურკვეველი ბედი. მაგალითად, 2002 წელს გაიყიდა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე გამორჩეული არქიტექტურის მქონე ნაგებობა, უძველესი კინოთეატრი „აპოლო“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა 20 წელზე მეტია, უფუნქციოდ დგას და დღეს ისევ იყიდება. 2019 წელს გაიყიდა ძეგლის სტატუსის მქონე კინო „რუსთაველის“ შენობაც. ის თბილისში ერთ–ერთი ბოლო კინოთეატრი იყო, რომელსაც გახსნიდან ფუნქცია არ შეუცვლია და არც დახურულა. ამ შენობის მომავალიც, ისევე როგორც „ აპოლოსი“, ჯერ ისევ გაურკვეველია.
თუ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში თბილისში განხორციელებულ ურბანულ და არქიტექტორულ პროექტებს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ხშირ შემთხვევაში მთავარი წარმმართველი პრინციპი იყო არა ქალაქის მდგრადი განვითარება ან მოსახლეობისთვის კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა, არამედ მსხვილბიუჯეტიანი, პროექტებით ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმდიდრის ვიწრო ჯგუფის ხელში აკუმულირება.
ზურაბ ბაქრაძე, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთხელ გაუპროტესტებია მსგავსი ინიციატივები, ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, ქალაქის განაშენიანების მთავარი იმპულსი არის ანგარება და ამას ვერცერთი ხელისუფლება ვერ ან არ აღუდგა წინ:
„ჩრდილოვანი ეკონომიკა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო ჩვენთან გავრცელებული. ცენტრალიზებული მმართველობისა და სიმკაცრის მიუხედავად, გარკვეული ეროვნული თავისებურებები მაინც არსებობდა. საქართველოში ეს წესრიგი ყოველთვის უფრო დაბალ დონეზე იყო, ვიდრე რუსეთში და კიდევ უფრო დაბალზე, ვიდრე ბალტიისპირეთში. ეს სისუსტე ქალაქგანვითარებაშიც არსებობდა, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელი იყო, ითრგუნებოდა სახელმწიფო რეგულაციებით და კონტროლით. როგორც კი სისტემა შეიცვალა, ამ იმპულსებს ბოლომდე მიეცა გასაქანი. შევარდნაძის დროიდან დაწყებული სააკაშვილით გაგრძელებული და ახლა უკვე ივანიშვილით დამთავრებული ანგარება გახდა ერთადერთი წარმმართველი ძალა ქალაქგანვითარებაში, ისევე როგორც მთელ ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“
ბაქრაძის თქმით, დღეს საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ტანდემი იმხელა ძალაუფლებად ჩამოყალიბდა, რომ ქალაქის განვითარებაში ხშირად გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ისინი ამბობენ. შედეგად, როცა საქმე ამ ელიტებსა და მათ ბიზნესს ეხება, კანონები, კოდექსები და გენგეგმაც კი, საბოლოო ჯამში მაინც მათ სურვილებს ერგება. ასე მოხდა „პანორამა თბილისის“ შემთხვევაში და იგივე იგეგმება „ლაგუნა ვერეზე“, ელბაქიძესა თუ სხვა ადგილებზე დაგეგმილი სადავო პროექტების შემთხვევებშიც. როგორც ჩანს, მსხვილი კაპიტალის პირისპირ რეფორმები ყოველგვარ ძალას კარგავს, კანონები კი ფორმალობად იქცევა.
„2019 წელს მიღებული გენგეგმა, არაერთი ნაკლის მიუხედავად, მაგრამ დადებითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, მან ქალაქს განაშენიანების კონტური შემოავლო, ანუ ამ ხაზის გარეთ განაშენიანება არ უნდა გავრცელებულიყო და ექსტენსიური ზრდა უნდა შეჩერებულიყო. თუმცა, როგორც კი მიიღეს გენგეგმა, მაშინვე დაარღვიეს ეს დადგენილი ხაზი. აქედანაც ჩანს, რომ არსებითად ეს ელიტები არ არიან დაინტერესებულები აღნიშნული კანონების შესრულებით და ალბათ, ისინი უფრო ევროკავშირის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გამო მიიღეს. თუმცა ეს დირექტივებიც თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, რადგან იქნებ ამ ზეწოლით მაინც გახდეს როგორმე დროთა განმავლობაში ქართული ქალაქგანვითარება უფრო ადამიანური“. – ამბობს ზურა ბაქრაძე.
პრობლემაა ისიც, რომ მსგავსი პროექტები და ინვესტიციები, ძირითადად, ისევ ინვესტორებისა და ელიტების შემოსავალზე აისახება ხოლმე დადებითად და მოქალაქეების უმრავლესობისთვის ეკონომიკურ მდგომარეობას თითქმის არ ცვლის. ანუ, მხოლოდ მატერიალური სარგებლის თვალსაზრისითაც რომ მივუდგეთ, მოსახლეობისთვის მაინც არ არის მომგებიანი. ბაქრაძის შეფასებით, ქალაქგანვითარების ეს მიდგომა, რომ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რითაც ფული იშოვება და რომ ინვესტორი არის წმინდა ადამიანი, ქმნის იმ რეალობას, რასაც დღეს ქალაქში ვხედავთ:
„დღეს ჩვენთან მერიის არქიტექტურული სამსახური ინვესტორების სერვისცენტრად არის ქცეული. ის ემსახურება ინვესტორებს“.
ზურა ბაქრაძეც და ნანო ზაზანაშვილიც ფიქრობენ, რომ ბოლო წლების ყველაზე პოზიტიური ცვლილება ქალაქში ახალი სატრანსპორტო რეფორმაა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, მისი რაოდენობის გაზრდას და ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას გულისხმობს, თუმცა ეს რეფორმა წინააღმდეგობაში მოდის ქალაქის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების ქაოსურ პოლიტიკასთან და სერიოზულ რისკს ქმნის, რომ წარუმატებლად დასრულდება:
„უსისტემო განვითარება და სიმჭიდროვის რადიკალური ზრდა, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში, საფრთხეს უქმნის იმ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელსაც მუნიციპალიტეტი მიმართავს და რომელიც შინაარსობრივად ძალიან სწორია. სანაპირო ზოლს აქვს გამჭოლი ფუნქცია – ის აკავშირებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს. მსგავსი კავშირები აუცილებლად სჭირდება ქალაქებს, მით უმეტეს თბილისისნაირ რთული რელიეფის მქონეს. ჩვენ არ გვაქვს შემოვლითი გზა, ამიტომ ამ არეალში მანქანების ნაკად ის კლება მოსალოდნელი არ არის. თუ აქ განაშენიანება გაჩნდება, უნდა შეიცვალოს ქუჩის დიზაინიც, გაკეთდეს შეხვევა–მოხვევის ზოლები. ეს ამცირებს ამ მაგისტრალის გამტარუნარიანობას და სატრანსპორტო თვალსაზრისით, სრულიად სხვაგვარ დიზაინს მოითხოვს.“ – ამბობს ნანო ზაზანაშვილი.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც კვლევის დროს გამოიკვეთა, გამწვანებაა. კვლევამ აჩვენა, რომ სისტემური ხასიათი აქვს სარეკრეაციო ზონების ფრაგმენტაციას ან მათ ჩანაცვლებას სამშენებლო ზონებით, რაც გენგეგმის პრინციპებს ეწინააღმდეგება. გენგეგმა მოიცავს სანაპირო ზოლების გამწვანებას, დაცვასა და განვითარებას, პარალელურად კი, ქალაქში არსებული სარეკრეაციო სისტემების შენარჩუნებას. ნანო ზაზანაშვილი აღნიშნავს, რომ ქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთზე გადაბმული სარეკრეაციო სივრცეების არსებობას. მით უმეტეს, ასეთი ზონების გაძლიერებისა და განვითარების პოტენციალი თბილისში არსებობს, მაგრამ ამაზე მუშაობის ნაცვლად, ხდება მათი ფრაგმენტაცია, რაც მომავალში კიდევ უფრო გაართულებს საქმეს.
„სარეკრეაციო ზონა მხოლოდ საქალაქო პარკს არ გულისხმობს, მწვანე ზონა შეიძლება იყოს ქალაქის სხვადასხვა არეალში შემორჩენილი გამწვანებული ადგილები, რომლებიც პარკისთვის არ გამოიყენება, მაგრამ კლიმატური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. დღეს, როდესაც ევროპულ ქალაქებში მუდმივად ფიქრობენ კლიმატის ცვლილების პირობებში გასატარებელ სტრატეგიებზე, ფიქრობენ, როგორ შეამცირონ ქალაქების უარყოფითი ზეგავლენა კლიმატსა და გარემოზე, როგორ შექმნან ისეთი ურბანული სივრცე, რომელიც ნაკლებად საზიანო იქნება ადამიანებისთვის მომავალში, ჩვენ ერთჯერადი გადაწყვეტილებებით ვხელმძღვანელობთ. გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა ამ მიმართულებით არ არსებობს.“ – ამბობს ნანო ზაზანაშვილი.
მწვანე ზონის სამშენებლო ზონით ჩანაცვლების კლასიკური მაგალითია ლისი და მისი შემოგარენი. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიის კვლევის დროს ამ ადგილზე მშენებლობა დროებით შეჩერდა. კვლევის დასრულების შემდეგ გაიცა რეკომენდაცია, რომ მხოლოდ პირველ ზონაში შეიძლებოდა განაშენიანება, უკან კი, ჩრდილოეთ ნაწილში მხოლოდ პარკები და მწვანე ზონები უნდა მოწყობილიყო, მაგრამ გადაწყვეტილება მალევე გააუქმეს და მშენებლობის ნებართვები გასცეს. ნანო ზაზანაშვილი ამბობს, რომ ესეც წინააღმდეგობაში მოდის სატრანსპორტო პოლიტიკასთან, რადგან ლისი იქნება ავტომანქანაზე დამოკიდებული განაშენიანება. გარდა ამისა, აქ ინტენსიური განაშენიანება პრობლემურია სხვა მხრივაც:
„ლისის ლანდშაფტი შესანიშნავი იყო, თავისი წოდორეთისკენ მიმავალი ორი ქედით; ასეთი ლანდშაფტები მაცოცხლებელია დიდი ქალაქებისთვის და ახლა ამას აფუჭებენ. გახდიან სუბურბანულ, უვარგის ადგილად. ინვესტორებმა ქალაქში გაუსაძლისი გახადეს ცხოვრება, შემდეგ კი იქ გაიქცნენ და ახლა იქ აფუჭებენ საქმეს.“ – ამბობს ზურაბ ბაქრაძე. ის ფიქრობს, რომ სიტუაციის შესაცვლელად მოსახლეობის უფრო აქტიური ჩართულობა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მეტი მუშაობაა საჭირო. სწორედ მათ უნდა მოსთხოვონ ყოველ ჯერზე ხელმძღვანელობას სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა და დაპირებების შესრულება. ის გერმანიის გამოცდილებასაც გვიზიარებს, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა და სადაც ასევე იყო საზოგადოებრივი და ბიზნესინტერესების ჭიდილის მომსწრე.
„რა თქმა უნდა, ანგარებიანი, ბრჭყალებიანი ხალხი იქაც არსებობს და იქაც ცდილობს ქალაქის მმართველობის მოსყიდვას, მაგრამ მათ ოპონენტად ჰყავს აქტიური მოქალაქეები, საზოგადოებრივი ბაზისი, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელებს ამას არ გააკეთებინებს. ევროპაში მსგავსი ბრძოლების ძალიან დიდი ტრადიცია აქვთ, ამიტომ ეს ბაზისი იქ ბევრად ქმედითი და ძლიერია. მოქალაქეების ერთობა ძლიერია. ინვესტორი და მისი ფული შეიძლება გამოიყენო სწორი მიმართულებით წასასვლელად, მაგრამ მხოლოდ მის ჭკუაზე თუ ივლი, მიიღებ იმას, რაც ჩვენთან ხდება. შენარჩუნებადი ქალაქგანახლება – ეს სჭირდება დღეს ქალაქებს, რომ სახე შეინარჩუნონ და თან განვითარდნენ. ამ მიმართულებით მიდის გერმანიის ქალაქგანვითარებაც 80-იანი წლებიდან.“.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოშიც არაერთი საზოგადოებრივი მოძრაობა და გაერთიანება შეიქმნა, რომლებიც სხვადასხვა ინიციატივას აპროტესტებდნენ და ქალაქის განვითარების არასწორ გზებს ეწინააღმდეგებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ამან შედეგიც გამოიღო და საზოგადოების გამარჯვებით დამთავრდა. მაგალითად, რამდენიმეწლიანი პროტესტის შემდეგ, 2016 წელს, „ICOMOS საქართველომ“(ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნულმა კომიტეტმა) შეიმუშავა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ეს ადგილი რეაბილიტაციის პროცესში ავთენტურ სახეს შეინარჩუნებდა და პროექტი თავდაპირველი სახით აღარ განხორციელდებოდა. კიდევ ერთი გამარჯვება იყო ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების წინააღმდეგ რვაწლიანი ბრძოლა, რომლის შედეგადაც 2019 წელს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა, თუმცა თბილისში მაინც განხორციელდა სხვა არაერთი მსხვილი პროექტი, რომელსაც ასევე თან სდევდა პროტესტი. ზურა ბაქრაძე გამოსავალს ცნობიერების ამაღლებასა და იმ ადამიანთა წრის გაფართოებაში ხედავს, რომელთაც ეს საკითხები აინტერესებთ და აღელვებთ. მისი აზრით, აუცილებელია, მოქალაქეებმა კარგად გაიაზრონ, ქალაქგეგმარებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობა და გააცნობიერონ თავიანთი ძალა, რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ გადაწყვეტილების მიმღებებზე, თუ გაერთიანდებიან და იბრძოლებენ. ის ბერლინის ერთ მაგალითს იხსენებს, 2008 წელს ქალაქში ტემპელჰოფის აეროპორტის დახურვის შემდეგ რომ მოხდა.
„ქალაქის მმართველობას ჰქონდა გეგმა ამ ტერიტორიის ნაწილის განაშენიანების, ნაწილის კი მწვანე ზონად დატოვების შესახებ. ამას მოჰყვა დიდი პროტესტი – მოსახლეობას უნდოდა, რომ ეს მთლიანად რეკრეაციული ზონა ყოფილიყო. პროტესტი იმდენად აქტიური იყო, რომ საბოლოოდ ჩაატარეს პლებისციტი და ხალხმა გაიმარჯვა. ქალაქის მმართველობამ აღიარა ეს გამარჯვება თავისი გეგმების საწინააღმდეგოდ – ტემპელჰოფი მთლიანად რეკრეაციულ ზონად დარჩა. საზოგადოებას დიდი ძალა აქვს. მთავარია შემართება, შინაგანი სიმტკიცე და რწმენა, რომ მე ვარ ის, ვინც წყვეტს. ეს ჩვენთან ნაკლებია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.“ –ამბობს ზურა ბაქრაძე.
შეიცვლება თუ არა მიდგომა და გაფართოვდება თუ არა ურბანული სამოქალაქო აქტივიზმი, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთული სათქმელია, თუმცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ საქართველოს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებს და ამავდროულად, პრივილეგიებსაც აძლევს, ეს ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის. ამ პერსპექტივის უგულებელყოფა კი, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველასთვის წამგებიანი იქნება, მათ შორის ბიზნეს და პოლიტიკური ელიტებისთვისაც.