გარდაიცვალა ლეგენდარული დიზაინრი პიერ კარდენი
მეოცე საუკუნის მოდის ერთ-ერთი უდიდესი რეფორმატორი, პიერ კარდენი პარიზში, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცნობილი ფრაზა – „ყველა იმსახურებს ცოტაოდენ სტილს მაინც… მიუხედვად იმისა, სად ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს და აქვს თუ არა ბანკში ანგარიში“, დღესაც არ კარგავს ფხიზელ და ირონიულ აქტუალობას.
70 წლიანი კარიერის განმავლობაში პიერ კარდენი მოდის სამყაროს შეუვალ ავტორიტეტად იქცა. ამავე დროს, მისი უცნაური და სარისკო იდეები მუდმივად განსჯისა და კამათის საგანი ხდებოდა. მისი ყოფილი ასისტენტი, თანამშრომელი და შემდგომში ასევე ცნობილი დიზაინერი, ჟან პოლ გოტიე ამბობდა: „მან მასწავლა როგორ შეიძლება ძველი და დანგრეული სკამიდან მოდური ქუდის გაკეთება“.
კარდენი ერთ-ერთი პირველია მოდის ინდუსტრიაში, რომელმაც ყველაფრის ბრენდად გადაქცევა მოხერხა – ტუალეტის ქაღალდებითა და ჰალსტუხებით დაწყებული, ქოლგებითა და მამკაცის წინდებით დამთავრებული. გასული საუკუნის 50-70-იანი წლები კარდენის შემოქმედებითი ინდუსტრიის ოქროს ხანაა, როცა მისი გავლენა მთელს მსოფლიოზე ვრცელდება. განსაკუთრებით ჩინეთზე, სადაც ავი ენების თქმით, კარდენის საფირმო ნიშანი სანიმუშოდ გააყალბეს, ხოლო მისმა ინდუსტრიამ არნახული მოგება ნახა. თუმცა ბედის ირონიით, მოდის სივრცის ამგვარმა „გაფართოებამ“ 90-იან წლებში მისი ბრენდის გაუფასურება გამოიწვია.
ცნობილ დიზაინერს ეს ფაქტი ნაკლებდ ადარდებდა. „მე არაფერი მაქვს დასამტკიცებელი, ჩემმა კაბებბმა ყველაფერი თავად დაამტკიცეს.“ – განაცხადა მან გამომცემლობა Women’s Wear Daily-ისთან ინტერვიუში.
პიერ კარდენი 1922 წელს ვენეციაში, მრავალშვილიან და ღარიბ იტალიურ ოჯახში დაიბადა. თავიდანვე შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით და შეუპოვრობით გამოირჩეოდა. სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე საფრანგეთის ქალაქ სენტ-ეტიენში. პარიზში უკვე ოკუპაციის შემდეგ, 1945 წელს ჩავიდა, სადაც სწავლობდა Paquin-ის მაღალი მოდის ატელიეში, ელზა სკიაპარელისთან და კრისტიან დიორთან ერთად.
1950 წელს საკუთარი ატელიე დაარსა, სადაც პირველად შეკერა ცნობილი წელში გამოყვანილი და ფართე ნაოჭიანი კაბა, რომელიც პიერ კარდენის სიმბოლოდ იქცა. როგორც ჩანს, მისმა მოულოდნელმა წარმატებამ თვით ცნობილი კოკო შანელიც კი გააღიაიზანა. „კოკო შანელს შეშურდა ჩემი… მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა, დამოუკიდებელი და ლამაზი ვიყავი საიმისოდ, რომ ვინმე გავლენიანისთვის მფარველობა მეთხოვა. თანაც მისი მოდის იმპერია ერთადერთი აღარ იყო ევროპაში“.
მალე კარდენმა მამაკაცის კოსტიუმების კოლექცია შექმნა, რომელიც არანაკლები მნიშვნელობითა და გავლენით გამოირჩეოდა მოდის სამყაროში. ასევე მალე აუღო ალღო სოციალურ ტენდენციებს და ალჟირის ომის დამთავრების შემდეგ, 1959 წელს შექმნა ახალი ხაზი, რაც უბრალო, ყოველდღიური, მაგრამ ხარისხინი სამოსის შექმნას გულისხმობდა. ამავე დროს ფრანგული მოდის ცნობილ Chambre Syndicale-სთან კონფლიქტის გამო დატოვა მაღალი მოდის ეს გაერთინება და საბოლოოდ გადაწყვიტა საკუთარი ბედი არავისთან და არასოდეს დაეკავშირებინა.
მისი ცნობილი ფრაზა: „რატომ უნდა ვიმუშავო მხოლოდ მდიდრებისთვის, როცა შემიძლია ქუჩაში გამვლელებისთვისაც შევკერო“, უკვე 60-იანი წლების სოციალური და პოლიტიკური ანარეკლია. როცა მოდა საბოლოოდ გასცდა სალონების ჩარჩოებს და ინდუსტრიის ნაწილად იქცა. უკვე 70-იან წლებში, ჩინეთის ათვისების შემდეგ, ჯერი საბჭოთა კავშირზეც მიდგა. ალბათ პიერ კარდენი ერთადერთი დასავლელი დიზაინრია, ვისაც საბჭოეთმა ასე ფართედ გუღო კარი.
ცნობილი მოცეკვავე, დიდი თეატრის სოლისტი, მაია პლისეცკაია კარდენისთვის მუზა და შთაგონების წყარო გახდა და რამდენიმე კოსტიუმიც შექმნა მისთვის. კერძოდ, მორის ბეჟარის საბლეტო სპექტაკლებში. მანამდე კი 60-იან წლებში, კარდენს რომანი ჰქონდა ცნობილ კინოვარსკვლავთან, ჟანა მოროსთან. მასთან იმოსებოდნენ ასევე საფრანგეთის პრეზიენტების – ჟორჟ პომპიდუსა და ჟაკ შირაკის მეუღლებიც…
2003 წელს ამერიკის ყველაზე ცნობილი მოდის ჟურნალების გამოკითხვით, პიერ კარდენი მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილ ბრენდებს შორის დაასახელეს. 2004 წელს უკვე ასაკოვანი დიზაინერი მოდის ინდუსტრიას ჩამოშორდა, რათა თავი კულტურულ-საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიეძღვნა.
2008 წელს ჩინეთმა პიერ კარდენს ახლადაშენებულ ოლიმპიურ სტადიონზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის გაფორმება დაუკვეთა, რაც წლების განმავლობაში ცნობილი დიზაინერის მიმართ დიდი პატივისცემის გამოხტულებას ნიშნავდა.