3 აპრილს Financial Times-მა გამოაქვეყნა ბუკერის პრემიის მფლობელი ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ესეი – „პანდემია პორტალია“. სექტემბერში გამოიცემა მწერლის ახალი წიგნი – „Azadi: Freedom. Fascism. Fiction“, რომელშიც ეს ტექსტიც შევა. ესეის თარგმანს „პუბლიკა“ გთავაზობთ:
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან?
ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას?
და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ?
მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა.
თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება.
სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი?
ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“
ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ.
ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ.
ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ.
დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ.
COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო.
შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული.
ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი.
ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ.
მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“.
საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ.
პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ.
გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა.
24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.
და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა.
კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი.
სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ.
იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ.
ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა.
მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა.
სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს.
რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ.
ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა.
როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ.
ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში.
მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა.
„იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან.
ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია.
შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული.
ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს.
ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ.
თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება.
დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა.
Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება.
დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა.
ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია.
მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ.
ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული.
რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ.
რაც არ უნდა იყოს, კორონამ მსოფლიო გააშეშა და ამას აქამდე ვერაფერი შეძლებდა. ჩვენი გონება კვლავ წინ და უკან მოძრაობს, „ნორმალურ“ ცხოვრებასთან დაბრუნებისკენ ისწრაფვის, ცდილობს, ჩვენი მომავალი ჩვენსავე წარსულს მიაკემსოს და უარს ამბობს ნახვრეტის დანახვაზე. მაგრამ ნახვრეტი არსებობს. და ამ საშინელი სასოწარკვეთის შუაგულში, ის გვაძლევს შესაძლებლობას, ხელახლა გავაანალიზოთ გამანადგურებელი მანქანა, რომელიც საკუთარი თავებისთვის ავაგეთ. არაფერი იქნება ნორმალურობასთან დაბრუნებაზე უარესი.
ისტორიულად პანდემიები ადამიანებს წარსულთან განშორებასა და განახლებულ სამყაროზე ფიქრს აიძულებდნენ. ესეც არ არის გამონაკლისი. ეს პორტალია, კარიბჭეა ერთიდან მეორე სამყაროში გადასასვლელად.
ჩვენ შეგვიძლია მასში შევიდეთ, თან შევათრიოთ ჩვენი მცდარი აზრებისა და ზიზღის ჩონჩხები, ჩვენი სიხარბე, ჩვენი საბანკო ანგარიშები და მკვდარი იდეები, ჩვენი მკვდარი მდინარეები და კვამლიანი ცა. ან შეგვიძლია მსუბუქად შევიდეთ, მცირე ბარგით, სხვანაირ მსოფლიოზე ფიქრისა და მისთვის ბრძოლისთვის გამზადებულნი.