კლასიკური მუსიკის მონაცემთა ბაზა – Bachtrack აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 87 წლის ცნობილი ესტონელი კომპოზიტორი, არვო პიარტი 2022 წელს ყველაზე პოპულარული ცოცხალი კომპოზიტორია მსოფლიოში.
Bachtrack ყოველწლიურად აგროვებს და აჯამებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც გვაჩვენებს რამდენჯერ შესრულდა თითოეული კომპოზიტორის ნაწარმოები საკონცერტო დარბაზებსა თუ ფილარმონიაში, ასევე – ინფორმაციას დირიჟორების, ორკესტრებისა და ყველაზე ხშირად შესრულებული ნაწარმოებების შესახებ. ცხადია, ეს მონაცემები ეხება კლასიკურ და არა საესტრადო მუსიკას, როკსა და ჯაზს.
მაშ ასე, Bachtrack –ის მიხედვით, 2022 წლის ცოცხალ კომპოზიტორთა ტოპათეული:
1. არვო პიარტი
2. ჯონ უილიამსი
3. ჯონ ადამსი
4. თომას ადესი
5. ფილიპ გლასი
6. იორგ ვიდმანი
7. სოფია გუბაიდულინა
8. ანა კლაინი
9. ვოლფგანგ რიმი
10. ჯეიმს მაკმილანი
აღსანიშნავია, რომ Backtrack-ის რეიტინგის მიხედვით, არვო პიარტი 2019 წელს მეორე იყო, პოპულარული ამერიკელი კომპოზიტორის, ჯონ უილიამსის შემდეგ. 2020-2021 წლებში Backtrack-ს არ გამოუქვეყნებია მონაცემები Covid-19 პანდემიის გამო, რადგან მსოფლიოში კონცერტების უმეტესობა გაუქმდა. ამავე მონაცემებით, ამერიკელი კომპოზიტორების – ჯონ უილიამსისა და ფილიპ გლასის საკონცერტო პოპულარობას 2022 წელსაც, გარკვეულწილად, განაპირობებდა კინომუსიკა, რადგან ისინი გაცილებით ხშირად თანამშრომლობენ ცნობილ კინოსტუდიებსა თუ კინორეჟისორებთან.
არვო პიარტი კი გაცილებით იშვიათად წერს მუსიკას კინოსათვის. 2002 წელს მან შექმნა მუსიკა გას ვან სენტის ფილმისთვის „ჯერი“ (მეტ დეიმონის მონაწილეობით), 2003 წელს – ტომ ტიკვერის ფილმისთვის „სამოთხე“ (მთავარ როლში ქეით ბლანშეტი) დაბოლოს, 2007 წელს თანამშრომლობდა ანდრეი ზვიაგინცევთან (ფილმში „განდევნა).
ესტონელი არვო პიარტის შემდეგ სიაში დომინირებენ ამერიკელი და დიდი ბრიტანელი კომპოზიტორები. ათეულში ორი ქალია – წარმოშობით რუსი სოფია გუბაიდულინა (მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპოზიტორი–ქალი, რომელიც 91 წლისაა და რომელიც დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს) და დიდი ბრიტანელი ანა კლაინი, რომელიც ათეულში ყველაზე ახალგაზრდაა (დაიბადა ლონდონში 1980 წლის 9 მარტს).
Backtrack-ის თანახმად, ზოგადად, მსოფლიოს კომპოზიტორთა ათეული (ყველაზე ხშირად შესრულებული ნაწარმოებები) ასე გამოიყურება: მოცარტი, ბეთჰოვენი, ბახი, ბრამსი, შუბერტი, შუმანი, რაველი, შოპენი, ჩაიკოვსკი, შტრაუსი.
სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს დაახლოებით 14 000 კონცერტი, 9000 საოპერო და თითქმის 4 თასი საცეკვაო სპექტაკლი გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საკონცერტო ღონისძიებების რაოდენობა დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლები იყო პანდემიამდე, კლასიკური მუსიკის სამყარო თანდათან მაინც უბრუნდება კრიზისამდელ დონეს.
კლასიკური მუსიკის ღონისძიებების მონაცემთა ბაზა ასევე მიუთითებს, რომ გენდერული თანასწორობა ცოცხალ კომპოზიტორებს შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სწორედ ამის დასტურია ათეულში ორი ქალი–კომპოზიტორის მოხვედრა. სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ქალი დირიჟორების პოზიცია 2022 წელს ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა წლებში. მაგალითად, 100 ყველაზე პოპულარულ დირიჟორთა შორის უკვე თორმეტი ქალია. მათ შორისაა, გასულ წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრისტინა პოსკა, რომელიც ასევე ესტონელია.
საინტერესოა, რომ 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე „დატვირთულ“ (ყველაზე ხშირად გამართული კონცერტი) დირიჟორთა სამეულში ორი ბალტიის ქვეყნებიდანაა – ესტონელი პაავო იარვი და ლატვიელი ანდრის ნელსონი. მესამე კი კანადელი დირიჟორი, იანიკ ნეზე–სეგენია.
არვო პიარტი:
დაიბადა 1935 წლის 11 სექტემბერს, ესტონეთის ქალაქ პაიდეში. ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში შექმნა თავისი პირველი სიმფონიური ნაწარმოები. დაამთავრა ტალინის კონსერვატორია კომპოზიციის განხრით. 60-იან წლებში მუშაობდა ხმის რეჟისორად ტალინის რადიოში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის მუსიკალურ სტილსა და აზროვნებაზე.
70-იან წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შუა საუკუნეების მუსიკის შესწავლას, ასევე – გრიგონული გალობის შესწავლას. ქმნის მუსიკას ძირითადად მინიმალისტური ხერხებით, რამაც გავლენა იქონია მის საკომპოზიციო სტილზე.
1982 წლიდან არვო პიარტი ცხოვრობს და მოღვაწეობს ვენასა და ბერლინში. დღემდე განაგრძობს მუსიკალურ ექსპერიმენტებს და პარალელურად წერს სასულიერო მუსიკას. მისი ყველაზე პოპულარული თუ საკონცერტო დარბაზებში შესრულებული ნაწარმოებებია: Fratres (1977), Spiegel im Spiegel (1978), Für Alina (1976).