„ბავშვი სკოლაში ცუდად როცა ხდება, პირველი კითხვაა - არ გიჭამია, ხო?“ - ინტერვიუები სკოლებიდან

პუბლიკა

„ბავშვი სკოლაში ცუდად როცა ხდება, მასწავლებლის პირველი კითხვაა  – არ გიჭამია, ხო? ეგრევე მიუთითებენ საჭმელზე. თათბირზე ვთქვი, მოდით ეს კითხვა არ დავსვათ, ისედაც ვიცით  და რატომ დავაფიქსირებინოთ? გოგო წაიქცა  და ვუთხარი: ჩაი უნდა დავლიო,  მოდი, ფუნთუშა და ღვეზელი მაქვს და ერთად ვჭამოთ. ასე როგორც კი ვუთხარი, მოვიდა  და ჭამა. მაგრამ თუ ვკითხავთ: უჭმელი ხარ და მაგიტომ ხარ ცუდად? არ შეჭამს. უჭმელი ვინცაა და ფულიც არ აქვს, ისინი დაგიმალავენ.” (სოფლად მდებარე სკოლის მასწავლებელი)

 

„სახლში წავა და საჭმელი არ დახვდება, შეიძლება, მშობელიც არ დახვდეს. მოსწავლეთა 70 პროცენტს ერთი მშობელი ჰყავს ადგილზე, ალბათ. ბებია-პაპას ანაბარა არიან. კვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ინტერესი გაუჩნდება, რომ მივიდეს სკოლაში და მშიერი არ იქნება. გამოიკვებება ერთჯერადად მაინც, ორჯერადად თუ იქნა, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. მაგრამ ერთჯერადად დანაყრდება ბავშვი და მუცელი მტკივა, კუჭი მტკივაო და გული მერევაო აღარ იქნება.“ (ქალაქში მდებარე  სკოლის მასწავლებელი)

 

„ვერ ვეუბნებით, რომ დარჩი, ვიცი, რომ მშიერია და ცუდად არ გახდეს.  იყო ასეთი შემთხვევა, დილას ადრე მოვიდა, ნაჭამი არ ჰქონდა და მერე შეუძლოდ ვარო.  აღმოჩნდა, არაფერი ჰქონდა ნაჭამი, 6-მდე უნდა ყოფილიყო სკოლაში. კვება ამას შეცვლის მოსწავლეებისთვის.” (სოფლად მდებარე სკოლის მაწავლებელი)

 

„მოძრაობა ხმა“ მასწავლებელთა გამოკითხვის  შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია თუ რას ჰყვებიან მასწავლებლები სკოლებში მოსწავლეთა შიმშილის შესახებ, აღწერენ თუ რა გავლენას ახდენს ეს სასწვალო პროცესზე და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს უფასო სასკოლო კვლებას სასკოლო საზოგადოებისათვის. გამოკითხვის შედეგები ეყრდნობა 2017-2021 წლებში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალური ათეულის წევრი 27 მასწავლებლის სიღრმისეული ინტერვიუებიდან და ფოკუს-ჯგუფებიდან მიღებულ ინფორმაციას.

რა აჩვენა კვლევამ

გამოკითხვის მონაწილე პედაგოგები ინტერვიუებში ყურადღებას ამახვილებენ, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონია, საჯარო სკოლებში კი ბევრი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეა: „ასევე ბევრია ისეთი მოსწავლე, რომლის ყოფა სოციალურად დაუცველის სტატუსს შეესაბამება, მაგრამ ასეთი სტატუსი არ აქვს. ამ მოსწავლეებს ხელი არ მიუწვდებათ საკვებზე, სამოსზე, სასწავლო მასალასა და სწავლისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.“

მასწავლებლები საუბრობენ იმ ნიშნების შესახებ, რომლებიც, მათი გამოცდილებით, მიუთითებს, რომ მოსწავლეს შია. მათი თქმით, ასეთ დროს მოსწავლეები ჩივიან თავისა და მუცლის ტკივილს, დაღლილობას, უხასიათოდ არიან, გაფანტული აქვთ ყურადღება და/ან უჭირთ კონცენტრაცია. საყურადღებოა, რომ თითქმის ყველა მასწავლებელი იხსენებს ან საკუთარ, ან კოლეგის გამოცდილებას, როდესაც სკოლაში მოსწავლე შიმშილისგან ცუდად გახდა. მასწავლებელთა დაკვირვებით, მოსწავლეები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ შიმშილისგან არიან შეუძლოდ; ხან კი რცხვენიათ აღიარება, რომ შიათ.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, არსებული კვებითი გამოცდილებები განსხვავდება რეგიონების, სკოლების და მათი ინფრასტრუქტურის მიხედვით. გამოიკვეთა, რომ გავრცელებული პრაქტიკაა სკოლაში ფულის ან საკვების ტარება. პედაგოგთა თქმით, ორივე შემთხვევაში ძალიან თვალხილულია, რომ ბევრ მოსწავლეს ვერც ერთი მოაქვს და ვერც მეორე; ან მოაქვს ისეთი საკვები, რომლის ჭამაც რცხვენია. უხერხულობა იქმნება იმ შემთხვევებში, როდესაც მოსწავლეებს არაერთგვაროვანი საკვები მოაქვთ. აღინიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში გამოწვევაა, ერთი მხრივ, არავინ დარჩეს მშიერი, მეორე მხრივ, საკვები არ გახდეს მოსწავლეებს შორის კონფლიქტისა და ჩაგვრის მიზეზი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგადად, მასწავლებელთა უმეტესობა თანხმდება არსებული პრობლემის გადასაჭრელად ინდივიდუალური პრაქტიკების არასაკმარისობაზე. კვლევის მონაწილეთა დიდი ნაწილი სკოლაში „უფასო კვების” გაჩენას სასკოლო განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვან სიკეთედ მიიჩნევს. პედაგოგთა ნაწილი „უფასო კვებასთან” შედარებით უპირატესობას „იაფიან კვებას“ ან „ვაუჩერს” ანიჭებს; მათი თქმით, ეს გაზრდის სამართლიანობას და ხელმისაწვდომობას. მასწავლებელთა თქმით, მოსწავლეთა ერთად კვების პრაქტიკა დადებითად აისახება კლასის მიკროკლიმატზე და მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „მოძრაობა ხმამ“ სკოლეში ბავშვთა უფასო კვების მოთხოვნით კამპანია 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო. მოთხოვნიდან რამდენიმე დღეში უფასო სასკოლო კვება მუნიციპალური არჩევნების ერთ-ერთი თემა გახდა. კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების დაწყების პირობა დადო; ხელისუფლება ამბობდა, რომ უკვე მუშაობდა ამაზე. აქვე ნათქვამია, რომ არჩევნებიდან ერთი წლის თავზე მთავრობას ასეთი პროგრამა არ დაუწყია და, როგორც ჩანს, გეგმაშიც არ აქვს: საქართველოს მთავრობის (2022) ახლახანს დამტკიცებული სტრატეგია უფასო სასკოლო კვების დაწყებას, სულ მცირე, 2022-2024 წლებში არ მოიაზრებს.

კვლევის შესახებ

კვლევის მიზანია, შეისწავლოს მასწავლებელთა დამოკიდებულება არსებული სასკოლო კვების, მოსწავლეების შიმშილის, სასწავლო პროცესზე მოსწავლეთა შიმშილის გავლენისა და მოსწავლეების უფასო სასკოლო კვების მიმართ.

გამოკითხვისთვის შეირჩნენ 2017-2021 წლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალური ათეულის მასწავლებლები, რომელთა შორის არიან სხვადასხვა საგნის, სკოლის, გამოცდილების და სტატუსის მქონე პედაგოგები.

გამოყენებულია სიღრმისეული ინტერვიუს და ფოკუს-ჯგუფის მეთოდები.  საველე სამუშაოები განხორციელდა 2021 წლის დეკემბერში. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 14 სიღრმისეული ინტერვიუ და 2 ფოკუს-ჯგუფი. კვლევაში მონაწილეობა სულ 27-მა მასწავლებლმა მიიღო – საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებმა, მათ შორის, მაღალმთიანი და ეთნიკურად მრავალფეროვანი დასახლებებიდან.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კვლევის შეზღუდვად, შესაძლოა, ჩაითვალოს ის, რომ გამოყენებული შერჩევის პრინციპიდან გამომდინარე არის ალბათობა, გარკვეული ხედვები და პოზიციები ვერ ასახულიყო ამ დოკუმენტში.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. 

***********

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით „ინტენსიური მუშაობა გრძელდება.“

როგორც 3 აგვისტოს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფრმაციაშია ნათქვამი, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. თუმცა სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს კონკრეტული ვადების შესახებ, თუ როდიდან ან რა ფორმით იგეგმება სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა.