ბავშვთა სიღარიბე რიცხვებში

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში ერთერთ მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე. წლების განმავლობაში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვთა სიღარიბე უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნისთვის. სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები წლიდან წლამდე რთულად აღწევენ თავს ამ ვითარებას და სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო რთულად გამოდიან ამ მდგომარეობიდან.

ერთერთი ბოლო კვლევა, რომელიც საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობაზე საგულისხმო მონაცემებს მოიცავს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა და მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა ქვია. კვლევა საქართველოში ბავშვთა კვებასთან, ნუტრიციულ სტატუსთან და ბავშვთა განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს

აღნიშნული კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარეს.

ბავშვთა ნუტრიციული სტატუსი

არსებობს ინდიკატორები, რომლებიც ნუტრიციული სტატუსის მდგომარეობას აფასებენ, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რამდენად სრულფასოვნად იკვებება ბავშვი. ეს არის ბავშვის სიმაღლე ასაკთან შეფარდებით, წონა ასაკთან და სიმაღლესთან შეფარდებით, ამ მონაცემებს ანტროფომეტრული გაზომვითა და აწონვით ვიღებთ. 5 წლამდე ასაკის ბავშვების ნუტრიციული სტატუსი სწორედ ამგვარად ფასდება.

კვლევის ფარგლებში შერჩეულ შინამეურნეობებში 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის წონა და სიმაღლე გაიზომა.

მონაცემების მიხედვით, საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6% ჭარბწონიანია, ბავშვების 1%-ს აღენიშნება წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა, 6% ზომიერად ან მკვეთრად ჩამორჩება სიმაღლეში, ხოლო ბავშვების 2%-ს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი.

ასაკობრივ ჭრილში მალნუტრიციის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბავშვების ყველაზე დიდი წილი (10%) ჭარბწონიანი, მათი ასაკი 12-17 თვემდე მერყეობს. ბავშვების 5%, რომლებსაც  წონის დეფიციტი და გამოფიტვა აღენიშნებათ, 0-5 თვის ასაკისანი არიან

ბავშვების სიმაღლეში ჩამორჩენის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია (8%) 24-35 თვის ასაკის ბავშვებში.

კვლევის მიხედვით, ბავშვის ნუტრიციული სტატუსი კავშირშია დედის განათლების დონესთან. კვლევაში ვკითხულობთ, რომ:

ანთროპომეტრული მალნუტრიცია ბავშვის დედის განათლების დონესთან უარყოფით კორელაციაშია.

სიმაღლეში ჩამორჩენა ყველაზე მაღალია, როდესაც დედას აქვს დაწყებითი ან არასრული საშუალო (საბაზო) განათლება (14%) და ყველაზე დაბალია, როდესაც დედას აქვს უმაღლესი განათლება (4%)”

მრავალკლასტერული კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ.

კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღებში სწავლა პირდაპირ კავშირშია დასახლების ტიპთან, ასაკთან და ოჯახის კეთილღეობასთან. კვლევაში ვკთხულობთ, რომ საბავშვო ბაღში სწავლასა და სიღარიბეს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ეს კავშირი არსებობს ასევე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების ნაწილში. ამ თვალსაზრისით ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის უთანასწორობა თვალიშასაცემია.

ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ კვლევაში ბავშვთა ადრეული განვითარებას აფასებს, პროცენტებში ასე გამოიყურება:

საბავშვო ბაღებში სწავლა დაკავშირებულია დასახლების ტიპთან, ასაკთან და კეთილდღეობასთან. იმ ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან, ქალაქის ტიპის დასახლებებში 16 პროცენტული პუნქტით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებთან შედარებით.

პირდაპირი კავშირი არსებობს საბავშვო ბაღში სწავლასა და სიღარიბეს შორის, უმდიდრეს ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან, 26 პროცენტული პუნქტით აღემატება უღარიბესი კვინტილის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კვლევის მიხედვით, 5 წლამდე ასაკის ბავშვები აქტიურად გამოიყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი უთანასწორობაა ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის.

5 წლამდე ასაკის ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტი ხნით იყენებს.  ელექტრონული მოწყობილობები ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გაცილებით აქტიურად გამოიყენება, ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებებში. ქალაქში 40%, ხოლო სოფლად 27%-ს უტოლდება.

5 წლამდე ასაკის ბავშვების 64% მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით თამაშობს, 94% – საოჯახო ნივთებით, მათ შორის სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით, ხოლო ბავშვების შედარებით მცირე პროცენტი – თვითნაკეთი სათამაშოებით (12%). ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი.

კვლევაში საუბარია ბავშვთა კვებაზეც, 6-23 თვის ასაკის ბავშვების ნახევარი საკვები პროდუქტების რეკომენდებული 8 ჯგუფიდან 5-ს იღებ.

მინიმალური კვების რაციონი გაცილებით მრავალფეროვანია ქალაქად, ნაკლებად მრავალფეროვანი – სოფლად. ქალაქად 53%, ხოლო სოფლად 45%-ს შეადგენს.

მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ბავშვებში (42%).

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თაკო უგულავა უახლესი კვლევის შედეგებზე საუბრისას ამბობს, რომ ბავშვთა ნუტრიციულ სტატუსს სიღარიბესთან პირდაპირ ვერ დავაკავშირებთ, თუ სახეზე არ გვაქვს, ე.წ. გამოფიტვა, რომელიც უკავშირდება კლინიკურ შიმშილსა და ავადმყოფობას. უგულავას თქმით, ბავშვთა ნუტრიციული სტატუსის უკან მხოლოდ ერთი მიზეზი არასოდეს დგას.

„ამ კუთხით კეთილდღეობის მაღალ საფეხურზე მყოფი ოჯახებიც სცოდავენ. ნუტრიციის კუთხით მათი ცოდნა, თუ როგორ აჭამონ შვილებს, მწირია”, – ამბობს თაკო უგულავა.

კითხვაზე – რაზე მეტყველებს ჭარბი წონა და წონის დეფიციტი ბავშვებში? – თაკო უგულავა ამბობს, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში საქმე გვაქვს ზედმეტი კალორიების მიღებასთან. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი დიდი რაოდენობის ნახშირწყლებს იღებს და კალორიები ასაკობრივ ნორმასთან შედარებით მოჭარბებულია.

„რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობის სიმცირეზე. არ შეიძლება ნუტრიცია განიხილო ფიზიკური აქტივობის გარეშე. ფიზიკური აქტივობა უნდა აკომპენსირებდეს იმას, რასაც ბავშვი ჭამს. თუ ბავშვი ნახშირწყლებით გაჯერებულ კალორაჟს იღებს და ფიზიკურად კი ნაკლებად აქტიურობს, ამას მივყავართ ჭარბ წონამდე. რაც შეეხება კვების დეფიციტს, აქ საკვების ნაკლებობა კი არ განიხილება, არამედ ნუტრიციული ღირებულების საკვების დეფიციტის ნაკლებობა, ანუ ბავშვი ვერ იღებს ვიტამინებით, რკინით გაჯერებულ საკვებს და ეს არ ნიშნავს კვების დეფიციტს”, – ამბობს თაკო უგულავა.

თაკო უგულავას დავუსვით შეკითხვები 2012 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებაც. კვლევა, რომელიც 2012 წელს ჩატარდა ბავშვებში და დედებში მალნუტრიციით გამოწვეულ ეროვნულ ზარალს აფასებდა.

შეფასების დოკუმენტში არის სავარაუდო სცენარი, რომელშიც მალნტურიციით განპირობებული ზარალის მასშტაბებია აღწერილი.

ამ კვლევაში საუბარია მალნტურიციით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ავადობის რისკებზე, ასევე გონებრივი თუ ფიზიკური უნარების დეფიციტის ზრდაზე, რაც დაკავშირებულია მალნტურიციის კონკრეტულ ინდიკატორებთან.

„უამრავი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფეხმძიმეებსა და ჩვილთა შორის ნუტრიციული დეფიციტი არსებობს, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ინდივიდის სოცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ ზემოქმედებს მის ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“, – ვკითხულობ unicef-ის კვლევაში.

2009 წლის ეროვნული ნუტრიციული კვლევის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნახევარ მილიონ მოქალაქეს – უმეტესად ბავშვებსა და ქალებს – მალნტურიციის რომელიმე ფორმა აღენიშნება. მოსახლეობის ნუტრიციული სტატუსი 8 ძირითადი ინდიკატორით იზომება.

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო მიგნება ბავშვების მალნტურიციით გამოწვეულ სიკვდილიანობას უკავშირდებოდა.

2012 წლის კვლევის მიგნებების მიხედვით, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 300 ბავშვი იღუპება დედის ანემიის, მცირე წონის, ფოლიუმის მჟავასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ანომალიებისა და სუბოპტიმალური ძუძუთი კვების გამო.

2012 წელს UNICEF სახელმწიფოს ეუბნებოდა, რომ მარტივი, ხელმისაწვდომი და ადვილად განსახორციელებელი ნუტრციული ინტერვენციების მეშვეობით შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ორგანიზაცია სახელმწიფოს სთავაზობდა დასაბუთებული და ნაცადი ნუტრიციული დანამატების ინტერვენციის დანერგვას.

ერთ-ერთი ასეთი ფართომასშტაბიანი ინტერვენცია რკინითა და ფოლიუმის მჟავით ფქვილის ფორტიფიკაცია იყო, ასევე დედების მიკრონუტიენტებით უზრუნველყოფა და ბავშვებისთვის საკვების ნუტრიციული სტატუსის გაუმჯობესება ვიტამინებისა და მიკროელემენტების მრალვაკომპონენტიანი დანამატებით.

თაკო უგულავას ვკითხეთ – შეიცვალა თუ არა 2012 წლის შემდეგ მალნუტრიციით გამოწვეული ზარალის მასშტაბები? რაზე მეტყველებენ 2012 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევები ბავშვები ნუტრიციული სტატუსის თაობაზე?

თაკო უგულავას თქმით, უახლესი კვლევით რკინის დეფიციტი გაანალიზებულა, არ იციან ბავშვებში ანემია როგორია. მისი თქმით, 2012 წლის კვლევა, სადაც მალნუტრიციით გამოწვეული შესაძლო ზარალი იყო დათვლილი, სრულიად სხვა კვლევაა და ახალი კვლევის მონაცემებთან შედარება რთულია. ახალი მონაცემებისთვის საჭიროა იმავე დიზაინით ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც გვანახებს მალნუტრიციით გამოწვეულ ზიანს.

რაც შეეხება შეკითხვას – გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შეთავაზებული ღონისძიებებიდან რა გააკეთა სახელმწიფომ მალნუტრიციასთან ბრძოლისთვის? – თაკო უგულავამ გვიპასუხა, რომ ფქვილის ფორტიფიკაციის საკითხი არ გადაწყვეტილა და ერთადერთი, რაც შესრულდა არის ის, რომ ორსულებს სახელმწიფო უფასოდ აძლევს ფოლიუმის მჟავას, რკინის დეფიციტის დადგენის შემთხვევაში კი შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

„2015 წელს ჩატარდა საპილოტე პროგრამა, შეისყიდეს მიკროელემენტები, რომლებიც დარიგდა პატარა ბავშვებში. ამ პროგრამამ 1 წელი იარსება. ფქვილის ფორტიფიკაცია არ მომხდარა. ერთ-ერთი, რაც იმ 5 სტრატეგიიდან ჩაეშვა, ეს იყო ორსული ქალების რკინისა და ფოლიუმის მჟავით უზრუნველყოფა. ორსულებისთვის ფოლიუმი არის უფასო და თუ ორსულს ლაბორატორიულად რკინის დეფიციტი უდასტურდება, უფასოდ აძლევენ რკინის შემცველ მედიკამენტს. ფერიტინის ტესტი უტარდებათ და შემდეგ ინიშნება მედიკამენტი. ფერიტინის ტესტი პროგრამულად ჩაიდო ორსულთა მოვლაში და ყველას უტარდება”, – ამბობს თაკო უგულავა და აღნიშნავს, რომ ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, ორსულებმა ორსულობამდე მიიღონ ფოლიუმის მჟავა, თუმცა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სისუსტის გამო ძირითადად ანტენატალურ პერიოდში იწყებენ მიღებას, რაც გამოსავლის ეფექტურობის კუთხით სწორი არაა.

მისივე თქმით, უახლესი კვლევის მეორადი ანალიზის შემდეგ, სადაც უფრო დეტალურად ხდება რეგიონული, ასაკობრივი ჭრილის განხილვა, ორგანიზაცია რეკომენდაციებსაც შეიმუშავებს.

 

ბავშვთა სიღარიბე – 50, 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა 2017 წელს ჩაატარა, შედეგები კი 2018 წელს გახდა ცნობილი.

კვლევის მიხედვით, ბავშვები კვლავ უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე ზოგადად, მოსახლეობა ან პენსიონერები. სიღარიბის მაჩვენებლები ამ ბავშვებისთვის გაიზარდა თითოეული ზღვრისთვის.

2017 წელს (2015 წელთან შედარებით) უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები ქალაქად მცხოვრები ბავშვებისთვის გაიზარდა 5.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად 3.2 პროცენტული პუნქტით.

ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები ბავშვებისთვის გაიზარდა 7.7 პროცენტული პუნქტით ქალაქად, ხოლო – 1.3 პროცენტული პუნქტით სოფლად.

რაც შეეხება ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელს ბავშვებისთვის, ის გაიზარდა 8.1 პროცენტული პუნქტით ქალაქად და 3.2 პროცენტული პუნქტით სოფლად.

 

უკიდურესი სიღარიბე

უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება.

ეროვნულ დონეზე, შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 2017 წელს უკიდურეს სიღარიბეში 50, 000 ბავშვი ცხოვრობს.

ფარდობითი სიღარიბე

ფარდობითი სიღარიბის ზღვარი დადგენილია მედიანური მოხმარების 60%-ზე, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 177.1 ლარს შეესაბამება.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შინამეურნეობების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სოფლისა და ქალაქის დასახლებებს შორის სხვაობა დიდია (24.1% – 20.9%).

ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8%-დან 31.6%-მდე გაიზარდა.

საქართველოში, გაზრდილია ზოგადი სიღარიბის დონე: თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16.4%-ს შეადგენდა, 2017 წელს ის 19.6%-მდე გაიზარდა.

საქართველოში ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ შინამეურნეობების 19.6%, მოსახლეობის 21.7%, ბავშვების 27.6% და პენსიონერების 17.6% ცხოვრობს (ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება).

ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებებიც კი დაუკმაყოფილებელია.