შრომის უსაფრთხოება, სოციალური პოლიტიკა, დასაქმება, ბავშვთა სიღარიბე | რა წერია ევროკომისიის ანგარიშში

პუბლიკა

ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

ევროკავშირის უმაღლესმა ორგანომ საქართველოზე 122-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც თითოეული სფეროს განვითარებისთვის ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული და მოცემულია რეკომენდაციები, რა რეფორმები უნდა გაატაროს ქვეყანამ იმისთვის, რომ  ევროკავშირის სტანდარტებს მაქსიმალურად დაუახლოვდეს.

ანგარიშში საუბარია საქართველოში არსებულ სოციალური დაცვის სისტემაზეც და შეფასებულია, ქვეყნის მიერ სისტემის გაუმჯობესების მხრივ გადადგმული ნაბიჯები.

ევროკომისია წერს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სოციალური, შრომითი და დასაქმების მიმართულებები და საჭიროა კონკრეტული რეფორმების განხორციელება და არსებული სტანდარტებისა და პრაქტიკის უფრო მეტად დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან. ასევე, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, მათ შორისაა, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცება, რომელიც მიზნად ისახავს შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებას.

ევროკომისია ამბობს იმასაც, რომ სოციალური დაცვის სისტემაში არის საკითხები, რომლებიც მოუგვარებელია და საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. კერძოდ, უმუშევრობის დაზღვევა/შეღავათი, გარდაცვალების გრანტი (ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება წევრის გარდაცვალების შემთხვევაში), წინასწარ საპენსიო შეღავათები. ასევე, მათი თქმით, ქართულ კანონმდებლობაში არაფერია ნათქვამი ე.წ. მოძრავი მუშაკის  (ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფიქსირებული სამუშაო ადგილი) საპენსიო უფლებებთან დაკავშირებით.

შრომითი სამართალი

როგორც ევროკომისია წერს, 2020 წლის შრომის კოდექსის რეფორმამ ქვეყანაში საგრძნობლად გააუმჯობესა შრომითი რეგულაციები, თუმცა, მათივე შეფასებით, რეფორმაში არის გარკვეული ხარვეზები ოჯახის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის მიმართულებით, კერძოდ, მამის დეკრეტული შვებულებისა და მოქნილი სამუშაო გრაფიკის კუთხით.

ასევე, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯერ არ მოუხდენია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ზოგიერთი კონვენციის რატიფიცირება, მათ შორისაა შრომის ინსპექტირების, პროფესიული შრომის უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და სამსახურში ძალადობა/შევიწროების საკითხები. მათივე ინფორმაციით, შრომის ინსპექტირებასთან დაკავშირებით საქართველო მუშაობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციის (მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ კონვენცია) რატიფიცირებაზე.

„2019 წლის ორგანული კანონი პროფესიული შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ, ძირითადად, ეფუძნება ევროკავშირის დირექტივებს. თუმცა, ის სრულად არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, რადგან ეხება მხოლოდ დამსაქმებლებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებს და ზღუდავს ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის შემთხვევების გამოვლენის/იდენტიფიკაციის შესაძლებლობას“, – წერია შეფასებაში.

ევროკომისია ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში გაძლიერდა შრომის ინსპექციის სამსახურის შესაძლებლობები – როგორც ინსტიტუციური, ისე ადამიანური რესურსები. თუმცა, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტი აქტივობები, რათა შენარჩუნდეს ინსპექტირების საქმიანობის მაღალი ხარისხი.

მათივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მცირდება სამუშაოზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა, საქართველოში ფატალური უბედური შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი იმაზე მაღალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.

ანგარიშში საუბარია სოციალურ დიალოგზეც, ევროკომისია აღნიშნავს, რომ  ქვეყანაში კოლექტიური ხელშეკრულებები შეზღუდულია. მათი თქმით, კოლექტიური ხელშეკრულებები, ძირითადად, გაფორმებულია კომპანიის ან საწარმოს დონეზე და გაფორმებულია მხოლოდ ერთი დარგობრივი კოლექტიური ხელშეკრულება. ევროკომისიის შეფასებით, სოციალურ პარტნიორებს ესაჭიროებათ შესაძლებლობების ამაღლების აქტივობები, რათა მოხდეს ეფექტური სოციალური დიალოგი.

დასაქმება და უმუშევრობა

როგორც ევროკომისიის ანგარიშში წერია, დასაქმებასთან დაკავშირებით, საქართველოში არსებობს პოლიტიკის ორი ძირითადი დოკუმენტი: კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ და შრომისა და დასაქმების 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებისა და საჯარო სამსახურებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის საკითხების მოსაგვარებლად ქვეყანამ გარკვეული ძალისხმევა გაიღო.

ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკური მაჩვენებლებიც, რომლებიც საქართველოში არსებული უმუშევრობის დონეს აღწერს. მათი თქმით, 2022 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 17.3% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.3%-ით ნაკლებია, თუმცა 2023 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 18%-მდე გაიზარდა. მამაკაცებში უმუშევრობის დონე (19.3%)  უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში (14.6%). ქალთა დასაქმების მაჩვენებელი კვლავ გაცილებით დაბალია (35.4%), ვიდრე მამაკაცების (51.7%).

ევროკომისიის შეფასებით, გამოწვევად რჩება არაფორმალური დასაქმება, რომელშიც მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედია ჩართული (28.4%). არაფორმალურ სექტორშიც უფრო მეტი მამაკაცია დასაქმებული (33.4%), ვიდრე ქალი (22.5%). ევროკომისია ასევე წერს, რომ 15-29  წლის ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს განათლება და უმუშევრები არიან, მაღალია და ყურადღებას საჭიროებს.

სოციალური დაცვა და ინკლუზია

ევროკომისია წერს, რომ 2023 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2023-2030 წლების სამოქმედო გეგმა მიიღო, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებასა და დეინსტიტუციონალიზაციას. მათი შეფასებით, ამით დაიწყო სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ინსტიტუციურიდან სათემო ზრუნვაზე გადასვლის პროცესი.

„2022 წელს სოციალური დაცვის პროგრამებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5.7% დაიხარჯა, 2021 წელს კი – 6.4%. 2023 წელს გაიზარდა საყოველთაო პენსია. 2021 წელს მოსახლეობის 17.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა“, – წერია ანგარიშში.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საჭიროა გაძლიერდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს, დაგეგმონ სოციალური სერვისები და შესაძლებლობები.

ბავშვთა  უფლებები

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა ბავშვის უფლებების შესახებ და „პროგრესი ამ სფეროში მიღწეულია“. მიიჩნევენ, რომ საქართველომ უნდა იზრუნოს ბავშვთა მიმართ „მგრძნობიარე“ სოციალური სისტემის განვითარებაზე იმ მიზნით, რომ შეამციროს ბავშვთა სიღარიბე და ასევე, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინკლუზიის ხელშემწყობი სერვისები, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე.

ანგარიშში მოყვანილია UNICEF-ის 2023 წლის კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბავშვების 37.8% მატერიალურ დანაკლისს განიცდის.

„ბოლო წლებში მთავრობამ „არსებითად“ გაზარდა ბავშვის შემწეობის ოდენობა, თუმცა შემწეობით მხოლოდ 16 წლამდე ასაკის ბავშვები სარგებლობენ და ღარიბი ოჯახების თითქმის ნახევარი (47%) არ სარგებლობს პროგრამით იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, ისინი სიღარიბის ზღვარს ზემოთ არიან“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს აკლია ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის ეროვნული სტრატეგია. თუმცა, მათივე შეფასებით, მთავრობამ გადადგა ნაბიჯები რელიგიური საცხოვრებელი დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციისთვის და ფიქრობენ, რომ საჭიროა დამატებითი ზომები პანსიონატებში სათანადო სტანდარტების არარსებობის აღმოსაფხვრელად.

თანასწორობა და დისკრიმინაცია

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო სამუშაო ადგილზე თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებსაც ეხება და წერს, რომ საქართველოს კანონმდებლობა დისკრიმინაციის ყველა ფორმას კრძალავს. რაც შეეხება, დასაქმებასა და სოციალურ პოლიტიკაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხს, ევროკომისია წერს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში ამ მხრივ არსებობს დებულებები.

შეფასებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ მთავრობამ 2023 წლის 1 იანვრიდან გაზარდა დეკრეტული შვებულებისა და ბავშვის შვილად აყვანის დახმარება 1000-დან 2000 ლარამდე. ასევე, საშუალო სკოლის მასწავლებლებს დეკრეტული შვებულების დროს ხელფასის 100%-ით მიღება შეუძლიათ.

რა ძირითად რეკომენდაციებს გასცემს ევროკომისია სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის?

ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით, მომავალ წელს საქართველომ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  • პროფესიული შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა უნდა გაუთანაბრდეს ევროკავშირის სტანდარტებს;
  • საქართველომ უნდა მიიღოს და უზრუნველყოს ყოვლისმომცველი და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბება, მათ შორის, უმუშევრობის დაზღვევის შემოღება და მინიმალური საშემოსავლო შეღავათები. ასევე, ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ დიალოგს და ჩაერთოს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ფართო დისკუსიაში;
  • უნდა მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირება და განხორციელება, განსაკუთრებით, შრომის ინსპექციის მიმართულებით.