ამერიკა გადამწყვეტი არჩევნის წინაშე დგას. სულ რამდენიმე თვეში დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა დაასახელოს და პირველად ქვეყნის ისტორიაში დიდი შანსია, ეს ნომინაცია სოციალისტმა მოიპოვოს. 78 წლის ვერმონტელი სენატორი, ბერნი სანდერსი გამოკითხვებში მუდმივად მოწინავე პოზიციებს იკავებს და ყველაზე გამორჩეული სახალხო კამპანია აქვს. ის ამერიკის კონგრესის ყველაზე სტაჟიანი დამოუკიდებელი წევრია. თუმცა, შტატების პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, კენჭს დემოკრატების კვოტით იყრის.
ბრუკლინში, ებრაელი იმიგრანტების ოჯახში დაბადებული ბერნი სანდერსი ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან იყო ჩართული სამოქალაქო უფლებებისა და მშრომელთა ინტერესებისთვის მებრძოლ კამპანიებში. ნიუ-იორკიდან ვერმონტში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, 1971 წელს ის ამერიკულ დემოკრატიულ სოციალისტურ პარტიას, Liberty Union Part-ს შეუერთდა და 80-იანი წლებიდან აქტიური პოლიტიკური კარიერა დაიწყო. 1981-89 წლებში სანდერსი სამჯერ აირჩიეს ბერლინგტონის მერად. 1991-დან 2007 წლამდე ის ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო, სადაც მუდმივად ამარცხებდა ოპონენტებს. 2007 წლიდან კი ვერმონტის სენატორია. მას „შესწორებების მეფესაც“ უწოდებენ – ბოლო 25 წლის განმავლობაში კონგრესში რესპუბლიკელების დომინირების პირობებშიც კი ყველაზე მეტი შესწორება კანონში სწორედ სანდერსის ინიციატივით იქნა შეტანილი.
ბერნი სანდერსი თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს და მთავარ ამოცანად უთანასწორობის შემცირებას და ყველასთვის ხელმისაწვდომი საბაზისო სოციალური სერვისების შექმნას ისახავს. ამისთვის ერთ-ერთ გზად ყველაზე მდიდარი ელიტისთვის დიდი გადასახადების დაწესებას მიიჩნევს. მისი ხედვა დიდწილად ემთხვევა 1930-იან წლებში ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ გატარებულ პოლიტიკას, თუმცა სანდერსი მისგან განსხვავებით ღიად უპირისპირდება უოლ სტრიტს და უფრო რადიკალური რეფორმების მომხრეა. ამერიკისთვის უცხო, მკვეთრად მემარცხენე იდეების მქონე სენატორი ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია, ვინც ღიად ამბობს, რომ სოციალისტია და თავის კამპანიას მშრომელთა კლასის ინტერესებზე აგებს. საყოველთაო ჯანდაცვა, სტუდენტური სესხების გაუქმება, უფასო უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, პროგრესული გადასახადები – ამ ყველაფერთან ერთად მისი კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ასევე კლიმატის ცვლილებისა და იმიგრაციის თემას და რასიზმის, ჰომოფობიის, სექსიზმისა და სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
ამ ეტაპზე დემოკრატიული პარტიის პრაიმერის მხოლოდ ორი კენჭისყრაა ჩატარებული. აიოვაში სანდერსმა დელეგატების ხმების 26.1 პროცენტი აიღო. მას 0.1 %-ით გაუსწრო საუთ-ბენდის (ინდიანა) მერმა, პიტ ბუტიჯეჯმა. თუმცა, პოპულარული ხმებით სანდერსმა მოუგო. ნიუ-ჰემპშირში მან დელეგატების 25 პროცენტით პირველი ადგილი დაიკავა და პოპულარული ხმებითაც ყველა კანდიდატს საგრძნობლად გაუსწრო.
რამდენად განხორციელებადია სანდერსის ამერიკული ოცნება და რა შანსები აქვს მას პრაიმერიზე თუ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში, ამ თემაზე ამერიკელ მწერალს, ჟურნალისტსა და ისტორიკოსს, ერიკ ლის ვესაუბრეთ. ის 2016 წლიდან არის ჩართული სანდერსის საარჩევნო კამპანიაში და რადგან წლებია ბრიტანეთში ცხოვრობს, ლონდონის მხარდამჭერთა ჯგუფის „London for Bernie”-ის ორგანიზატორია. ერიკ ლი 1970-იანი წლებიდან ამერიკული პროფკავშირების წევრი და დემოკრატიული სოციალისტური მოძრაობის აქტივისტია. მას საქართველოსთანაც დიდი ხნის ისტორია აკავშირებს. 2018 წელს, 30-წლიანი კვლევის შემდეგ მან საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე წიგნი დაწერა („ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921“). რამდენიმე თვის წინ კი ახალი წიგნი დაასრულა, რომელიც ასევე ქართველებს, ამჯერად 1945 წლის ტექსელის აჯანყებას ეხება.
ამერიკის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებისთვის ბერნი სანდერსი ცოტა უჩვეულო მოვლენაა. აქ დიდად არასდროს მოსწონდათ დიდი მთავრობა, სოციალურ პროგრამები და ევროპული ტიპის კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა. თუმცა, ბოლო წლებში ეს იცვლება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. რა გადააფასეს ამერიკელებმა და რამ გახადა ბერნის იდეები ასეთი აქტუალური?
ბევრი განმსაზღვრელი ფაქტორია. ჩვენ ახლა გვყავს ახალგაზრდების თაობა, რომელსაც არ ახსოვს ცივი ომი. შესაბამისად, მათ არ მიუღიათ მესიჯი, რომ სოციალიზმი ბოროტებაა. მეორე, 2008 წლის ფინანსური კრიზისი – ეს ნამდვილი შოკი იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ისინი ვერ შოულობდნენ სამსახურს, ვერ იხდიდნენ უნივერსიტეტის ფულს, ვერ ყიდულობდნენ სახლს. ყველა ასპექტში ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიდრე წინა თაობებს. უთანასწორობა სულ უფრო მზარდი და თვალშისაცემი გახდა. ამ ყველაფერმა განაპირობა მათი სოციალიზმის იდეებით დაინტერესება.
მე 1970-იანი წლებიდან ვიყავი ჩართული ამერიკის სოციალისტურ მოძრაობაში და მახსოვს, ერთი პერიოდი განვიხილავდით, ხომ არ გვეცადა და დაგვესახელებინა ჩვენი წარმომადგენელი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს. იმ დროს ამ ნაბიჯს არ ექნებოდა სერიოზული გავლენა. მაშინ სიტყვა „სოციალისტსაც“ კი ვერ გამოიყენებდი. ჩვენ ვიყენებდით, მაგრამ ვიცოდით, რომ „ცუდი“ სიტყვა იყო. სხვათა შორის, ეს თქვენს რეგიონშიც აქტუალურია დღეს. ადამიანებს ხშირად არასწორად ესმით რაღაცები. ამერიკელი ახალგაზრდები ასე აღარ ფიქრობენ. ისინი შთაგონებული არიან ბერნის პერსონით და მას საბჭოთა კომუნიზმთან არ აიგივებენ. ის მუდმივად იყენებს ტერმინს „დემოკრატული სოციალიზმი“, პირველ რიგში დემოკრატიაზე აკეთებს აქცენტს. საუბრობს დანიაზე, სკანდინავიურ მოდელზე და მთელი თავისი კამპანიით ნათლად აჩვენებს, რომ სხვა ტიპის სოციალისტია და არა ავტორიტარი. დღეს ბერნი სანდერსი აღმოჩნდა ძალიან სწორ დროს, სწორ ადგილზე და ზუსტად ის ადამიანია, ვინც წინ უნდა წამოწიოს ეს თემები.
დემოკრატი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მას მხარს არ უჭერს. განსაკუთრებით ცენტრისტი ლიბერალები. ამბობენ, რომ ის რადიკალია და ტრამპთან შანსი არ აქვს. თუმცა, ამის მიღმა ხშირად სხვა მიზეზი დგას. მათ გავლენისა და ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ, რაც პირდაპირ კავშირშია უოლ სტრიტთან. როგორ ბერნი ამბობს ხოლმე, ისტაბლიშმენტი ნერვიულობას იწყებს და ეს მეინსტრიმ მედიის ნაწილშიც კარგად ჩანს. შესაძლებელია ამან გავლენა იქონიოს გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე?
ეს ძველი, კლინტონის დროინდელი ტაქტიკაა. რა თქმა უნდა, ძალიან უნდათ გააჩერონ, მაგრამ ამას ვეღარ იზამენ. ეს ქმნის გარკვეულ სკეპტიციზმს, მე შევხვედრივარ ამომრჩევლებს, რომელთაც მოსწონთ ბერნი, მაგრამ ფიქრობენ, რომ ზედმეტად მემარცეხენეა ამერიკისთვის და არარეალისტურად ეჩვენებათ მისი გამარჯვება. თუმცა, გამოკითხვები სხვა რამეს ამბობს. ძნელი დასაჯერებელია, რომ სოციალისტია ამერიკაში ყველაზე ძლიერი კანდიდატი, მაგრამ ასეა. 4 წლის წინაც მას მეტი შანსი ჰქონდა ტრამპთან, ვიდრე ჰილარის.
პრაიმერის დაწყებამდე ყველა ელოდებოდა, რომ ლიდერი ჯო ბაიდენი იქნებოდა და მასზე ამყარებდნენ იმედებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მისი შედეგები. ის ტოპ-სამეულშიც კი ვერ მოხვდა აიოვასა და ნიუ-ჰემპშირში და ტრამპს როგორ მოუგებს? მგონია, რომ ბაიდენი პოლიტიკურად დამთავრებულია. დემოკრატების არჩევანი, სავარაუდოდ, იქნება ბუტიჯეჯს, უორენსა და სანდერსს შორის. სანდერსი ჯერჯერობით ყველაზე ძლიერია.
ბევრი ამბობს, რომ ისტაბლიშმენტის ნაწილს ურჩევნია, ისევ რასისტი და სექსისტი მილიარდერი იყოს პრეზიდენტი, ვიდრე სოციალისტი, რომელიც პირდაპირ მათ პრივილეგიებს შეეხება. ალბათ ძალისხმევას არ დაიშურებენ მის შესაჩერებლად.
დიახ, ნამდვილად ეგრეა, მაგრამ ამერიკული სისტემა არაა ასეთი მარტივი, რომ მილიონობით ამომრჩეველს ხელი შეუშალო არჩევნის გაკეთებაში. ყველა ხრიკს მიმართავენ, ყველა შანსს გამოიყენებენ, მედიასაც, სუპერდელეგატებსაც, მაგრამ ყველაფერი მალე გასაჯაროვდება და არ გამოუვათ. ისტაბლიშმენტს არ უნდოდა რუზველტი და მიიღეს რუზველტი, არ უნდოდათ ობამა, მაგრამ მიიღეს ობამა. ისინი მიიღებენ ბერნის, თუ ის ხმების უმრავლესობას აიღებს.
ამ ეტაპზე მილიარდებისგან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს ბუტიჯეჯს. აიოვასა და ნიუ-ჰემპშირში ბერნისთან ერთად ისიც ლიდერობს. შესაძლებელია ის გახდეს სანდერსის მთავარი კონკურენტი პრაიმერიში?
ბუტიჯეჯი აიოვაში ისედაც ერთ-ერთი ლიდერი იყო და ველოდებოდით, რომ ბევრ ხმას აიღებდა. აიოვა თეთრკანიანების შტატია ცენტრალურ დასავლეთში, თავადაც ასეთივე შტატიდანაა და აქ ნამდვილად ჰქონდა შანსი. ნიუ-ჰემპშირში მეორე ადგილზე გავიდა და ესეც მოსალოდნელი იყო. მაგრამ არა მგონია, სხვა შტატებშიც მსგავსი შედეგები მიიღოს. მას ნულოვანი მხარდაჭერა აქვს შავკანიანებში და ლათინურ ამერიკელებში. მას აქვს უოლ სტრიტის მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტი ექნება, თუ ბაიდენი თამაშიდან გავა. მთელი რესურსი მასზე გადმოვა. მაგრამ ის არ არის კანდიდატი, ვისზეც დიდ იმედებს დავამყარებდი. ბუტიჯეჯს არასდროს მოუგია არჩევნები საუთ-ბენდის გარეთ. ტრამპი მას ბოლოს მოუღებს და ხალხმა ეს იცის.
იანვრის მონაცემებით ბერნიმ 25 000 000$ შემოწირულობა მოაგროვა მხოლოდ „გრასრუთ“ მოძრაობით. ძალიან აქტიურ და მასშტაბურ ონლაინკამპანიას აწარმოებს. რა არის ის ნოუჰაუ, რასაც ის ამ ყველაფრისთვის იყენებს?
2016 წელს ბერნიმ ავტობიოგარფიული წიგნი დაწერა – “Our Revolution”. როცა კითხვა დავიწყე, მეგონა, რომ ძირითადად მის იდეებსა და ხედვებზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ყველაზე მეტს იმაზე წერს, როგორ იბრძოდა და როგორ იგებდა არჩევნებს. ეს არის ადამიანი, ვისაც 1980 წლიდან თითქმის ყველა არჩევნები მოგებული აქვს. მას კამპანიის წარმოების ფენომენალური ნიჭი აქვს და ძირითადად აღწევს კიდეც სასურველ მიზანს. ბერნი სათავისოდ იყენებს იმ ფაქტს, რომ მის უკან დიდი ფული არ დგას. 2016 წელს მან ჰილარი კლინტონს პრობლემები შეუქმნა, როდესაც მსხვილი შემომწირველებისგან იღებდა თანხებს. ყოველთვის, როცა ჰილარი „გოლდმან საქსთან“ ან სხვა მსხვილ კომპანიებთან მართავდა შეხვედრას, ბერნი ამას ამომრჩეველთან შეხვედრისას საჯაროდ აცხადებდა. მან ფინანსების ნაკლებობა უპირატესობად აქცია. მისი კამპანიის დონაცია საშუალოდ 27 დოლარი იყო, ახლა კიდევ უფრო ნაკლებია, მაგრამ შემომწირველთა რიცხვი იზრდება და მთლიანობაში მაინც სოლიდურ თანხას აგროვებს. თუ ამომრჩეველთა რაოდენობას შევხედავთ, ბერნის უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს. როდესაც კამპანიას მთლიანად სოციალურ კლასზე აგებ, თავისთავად უფრო მასშტაბური აუდიტორია გყავს, რადგან ღარიბი და საშუალო კლასის ამომრჩევლები გაცილებით მეტი არიან ამერიკაში, ვიდრე მდიდრები.
ის პრეზიდენტობისთვის მებრძოლი პირველი კანდიდატია ამერიკის ისტორიაში, ვინც აქტიურად იყენებს კამპანიაში ტერმინს „მშრომელთა კლასი“. რამდენად იმუშავა ასეთმა პოზიციონირებამ და მისი საჯარო გამოსვლების დამაჯერებლობამ საზოგადოებაზე?
მე ბრიტანეთში ვცხოვრობ და აქ ყველა საუბრობს მშრომელთა კლასზე. მაგრამ ამერიკაში ამ ორ სიტყვას ერთად თითქმის არასდროს იყენებდნენ საჯარო პოლიტიკაში. აკრძალულივით იყო. ამერიკაში ყველა საშუალო კლასად მიიჩნეოდა, თითქოს ეს უფრო მოტივატორია, არავის უნდა იყოს აღქმული, მშრომელ კლასად. მაგრამ ბერნიმ ეს დამოკიდებულებაც შეცვალა. ის სიმართლეს ამბობს და ესა ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გიჟდებიან მასზე ახალგაზრდები. აიოვას კოკუსის ღამეს ლონდონში ბერნის ძმასთან, ლარი სანდერსთან ერთად ვიყავი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. ერთ-ერთი კითხვა, რაც ლარის დაუსვეს, იყო -როგორ შეიცვალა ბერნი წლების განმავლობაში და როგორ განვითარდა მისი კარიერა. ვფიქრობდით ამაზე და მივხვდით, რომ არც არაფერი შეცვლილა. ბერნი იგივეა, რაც 60-იანებში იყო, იგივე ხედვა აქვს და იმავე პოლიტიკას აკეთებს. ძალიან თანმიმდევრული და პატიოსანია, რაც იშვიათი მოვლენაა პოლიტიკაში და ძალიან დასაფასებელია. ამას ყველა ხედავს, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა მას.
რა არის მისი სუსტი მხარეები და რისკები ამ კამპანიაში?
სისუსტე ალბათ ისაა, რომ მას პარტია არ უდგას უკან. ამერიკული სისტემა ამის საშუალებას არ იძლევა. ის დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს და ამავე პარტიიდან ბევრი უპირისპირდება. კონგრესში მას ძირითადად რესპუბლიკელები ან მემარჯვენე და ცენტრისტი დემოკრატები ჰყავს. ვისურვებდი, რომ ბევრად მეტი ადამიანი იყოს ისეთი, როგორიც, მაგალითად, ალესანდრია ოკაზიო-კორტესია. მთავარ გამოწვევად პოლიტიკური მხარდაჭერის ნაკლებობა მიმაჩნია.
რას ფიქრობთ დემოკრატიული პარტიის მემარცხენე მიმართულებით წასვლაზე? ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მემარცხენე ჩანს ასპარეზზე. ელიზაბეთ უორენსაც არაერთ საკითხში სანდერსის მსგავსი ხედვა აქვს. ელოდებით თუ არა მომავალში ამ ტენდენციის კიდევ უფრო გაძლიერებას?
ეს ცვლილება დიდწილად 2016 წლის კამპანიის დამსახურებაა. მაშინ კლინტონი დაუპირისპირდა საათში 15 დოლარიან მინიმუმ ხელფასს, ასეთი მარტივ საბაზისო რაღაცას. ასევე მწვანე ახალ შეთანხმებასა და საყოველთაო ჯანდაცვას – ყველაზე აქტუალურ საკითხებს. დღეს ბუტიჯეჯიც კი, რომელიც დემოკრატებში ყველაზე მემარჯვენე კანდიდატია, ნაწილობრივ იზიარებს ამ იდეებს. ბერნიმ მთელი დისკურსი და დისკუსია წაიყვანა მარცხნივ. მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, მან ეს გააკეთა.
ბერნის კამპანიის ცენტრალური თემები ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და განათლებაა. რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემები ამერიკაში და იქნება თუ არა გადამწყვეტი არჩევნის გაკეთებისას?
ჯანდაცვა ამერიკელების უდიდესი პრობლემაა. მე დიდხანს ვიცხოვრე იქ და სრული სიგიჟეა. დღესაც მეგობრები და ახლობლები მეუბნებიან, რომ წარმოუდგენელი რაოდენობის თანხის გაღება უწევთ სერვისების მისაღებად. საკმარისია სერიოზული დაავადება დაგემართოს და იმ მომენტში არ გქონდეს კერძო დაზღვევა და სამსახური, ყველაფერს კარგავ. ამერიკელებს ორმაგად ეშინიათ ავადმყოფობის, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი კოტრდება ამის გამო და ეს ნამდვილად ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. საყოველთაო ჯანდაცვა ყველაფერთან ერთად უფრო ხარჯთეფექტურიცაა, რასაც არაერთი კვლევა აჩვენებს. რაც შეეხება სტუდენტურ სესხებს, აქაც უამრავ ახალგაზრდას ექმნება სერიოზული ფინანსური პრობლემა. ბერნი ამბობს, რომ უნდა არსებობდეს საჯარო უნივერსიტეტები, სადაც ადამიანები უფასოდ ისწავლიან. ეს შესაძლებელი იყო მისი სტუდენტობისას, დედაჩემისგანაც ვიცი ეს, ადრე ასე ვცხოვრობდით და მერე რატომღაც უარყვეს ეს სისტემა. ახლა დროა, უკან დავბრუნდეთ. ასე რომ, ეს საკითხები ნამდვილად აღელვებს ამერიკელებს და ბერნის იდეები სულაც არ არის რადიკალური. ასე მუშაობს ეს სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში. თავად ის ცოტა უფრო რადიკალია, მაგრამ კამპანია ნამდვილად არ არის რადიკალური.
რომელი შტატები იქნება ყველაზე რთული მისთვის?
უახლოეს პერიოდში ნევადა და სამხრეთ კაროლინა. წესით, ამ შტატებში ბაიდენს ჰქონდა ყველაზე მეტი შანსი, მაგრამ მისი რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, სამხრეთ კაროლინას პრაიმერიზე საერთოდ იქნება თუ არა კანდიდატი, საკითხავია. თუ აღარ იქნება, მაშინ მისი შავკანიანი ამომრჩევლები და თეთრ მშრომელთა კლასი ბერნის მისცემს ხმას. უმეტესობას, ვისაც აქ ბაიდენი მოსწონს, ბერნიც მოსწონს. იმედი გვაქვს, ნევადაშიც კარგი შედეგები გვექნება. შემდეგ იქნება სუპერ სამშაბათი 14 შტატში. აქედან გადამწყვეტია ტექსასი და კალიფორნია. მას დიდი შანსი აქვს კალიფირნიაში, ბევრად უსწრებს ყველას და ჩვენდა გასაკვირად, კარგი შედეგები აქვს ტექსასშიც. თუ კალიფორნიას მოიგებს და სხვა კანდიდატები 15 პროცენტზე ნაკლებს აიღებენ, დელეგატების ხმები მასთან წავა და ასეთ შემთხვევაში სულ რამდენიმე კვირაში მიიღებს ნომინაციას.
სოციალური საკითხებთან ერთად ბერნი აქტიურად საუბრობს ლგბტ უფლებებზე, აბორტის უფლებაზე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, იარაღის კონტროლზე და იმიგრაციის რეფორმაზე – ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი კონსერვატორია. ექნება მას მხარდაჭერა კონსერვატორულ შტატებში, მხოლოდ ეკონომიკური საკითხების ხარჯზე?
საინტერესო შეკითხვაა, მაგრამ არ მგონია ამან ხელი შეუშალოს. ისტორიას თუ გადავხედავთ, ვერმონტი საკმაოდ კონსერვატორული, ძირითადად თეთრკანიანების შტატია, უმეტესად არაურბანული არეალებით. 80-იან წლებამდე ეს საერთოდ რესპუბლიკური შტატი იყო. თუმცა, ეს დემოკრატი სოციალისტი ებრაელი ბრუკლინიდან აქ ჯერ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქის მერი გახდა, შემდეგ კი შტატის სენატორი. წინა ჯერზე, 2016-ში ის უფრო მეტად სოციალ-დემოკრატიულ საკითხებზე იყო კონცეტრირებული და ნაკლებ დროს უთმობდა სხვა თემებს, მაგრამ ახლა ეს ტაქტიკა შეცვალა და სწორადაც მოიქცა. მან ღიად განაცხადა – შესაძლოა თეთრკანიანი ასაკიანი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი ამომრჩევლები არ არიან ასეთები და მე მაღელვებს ეს საკითხები.
მის ირგვლივ ვხედავთ ფერადკანიან ადამიანებს, მუსლიმებს და სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებს. კლასის პოლიტიკის დაცვასთან ერთად აღნიშნულ საკითხებზეც ხშირად საუბრობს და პირიქით, მგონია, რომ ამით უფრო იგებს.
თუ ბერნი მიიღებს ნომინაციას, რაზე უნდა მოახდინოს მან ფოკუსირება ტრამპთან დაპირისპირებისას? ტრამპი ამბობს, რომ ეკონომიკას დიდი აღმავლობა აქვს, რომ ეკონომიკური ბუმია ქვეყანაში. GDP იზრდება და უმუშევრობა მცირდება. ბოლო state of the union-ის მიმართვაში სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი. რა იქნება ის, რაც ბერნისთვის ხმის მიცემას გადააწყვეტინებს ამომრჩეველს?
ბერნის უპირატესობა ის არის, რომ მისი კამპანია სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნაზეა დაფუძნებული. ტრამპი კი არის რასისტი, ქსენოფობი, სექსისტი და ულტრამემარჯვენე. მისი პარტიის წევრების უმეტესობაც აცნობიერებს, რომ არ არის კარგი ადამიანი. ისინიც კი, ვინც მას ხმა მისცეს, ახლა იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი. ის კორუმპირებული და საშიში პრეზიდენტია. ჩვენ პრაქტიკულად კრიმინალი გვყავს თეთრ სახლში. მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია, რადგან ტრამპი მათ შეჰპირდა კონკრეტულ რაღაცებს, რაც არ შეასრულა. ამის ნაცვლად მან რასისტული, ისლამოფობური და ანტიიმიგრაციული კამპანია დაიწყო, რადგან ფიქრობს, რომ ეს იმუშავებს ამერიკელ მემარჯვენეებში. ეკონომიკური წინსვლა და სამუშაო ადგილების შექმნა რეალურად ბევრს ვერაფერს ცვლის მშრომელთა კლასისთვის. სწორედ ამიტომ, სანდერსის სოლიდარობის მესიჯი ყველა ამ ადამიანის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. მას ყველა ჩაგრული და იმედგაცრუებული ადამიანისთვის აქვს რეალური პასუხები და ეს იქნება მისი უპირატესობა. ბერნიმ პირველ რიგში ტრამპიზმი უნდა დაამარცხოს. ეს გამარჯვების ერთადერთი გზაა.
თუ ის მართლაც გახდება პრეზიდენტი, რამდენად რეალისტურია, რომ ის გეგმები განახორციელოს, რომლებზეც საუბრობს? მოახერხებს წინააღმდეგობა გაუწიოს მილიარდელთა კლასს და უოლ სტრიტს პრივილეგიები დაათმობინოს? იქნება თუ არა ამისთვის საკმარისი ხალხის მხარდაჭერა?
ადვილი არაფერია და ბერნიმ ეს ძალიან კარგად იცის. ის კარგი ლიდერი და ორგანიზატორია, ამაში ტრამპს ჰგავს. ტრამპს გაპრეზიდენტების მერეც არ შეუწყვეტია კამპანია და ბერნიც ამას იზამს. მისი სლოგანია “Not me. Us” („მე არა. ჩვენ“). ეს ნიშნავს, რომ თუ ის კონგრესში კანონმდებლობას ვერ გაიტანს, წავა, ყველა შტატს მოივლის, მასობრივ შეხვედრებს მოაწყობს მოქალაქეებთან და მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფებს კონგრესს, რომ მხარი დაუჭირონ. იმედი გვაქვს, კონგრესიც ცოტა უკეთესი იქნება, უფრო მემარცხენე და უფრო დემოკრატიული. ის გამოიყენებს მასების ძალასა და გავლენას პატარა მდიდარი ჯგუფების წინააღდეგ. ეს ადრეც მომხდარა ამერიკაში. რუზველტმაც იგივე სცადა 1930-იანებში და მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვა, იმიტომ, რომ მასობრივი მხარდაჭერა ჰქონდა. იმედი გვაქვს, ბერნი მის საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
და ბოლო შეკითხვა, რაც საქართველოში განსაკუთრებით აინტერესებთ ხოლმე ამერიკის არჩევნების დროს – მართალია, სანდერსის კამპანია ძირითადად შიდა პოლიტიკაზეა ფოკუსირებული, მაგრამ თუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, განსაკუთრებით რუსეთთან დაკავშირებით?
რადიკალ მემარცხენეების ნაწილისგან განსხვავებით ის არ აძლევს ინტერვიუებს Russia Today-ის, არ აქვს სიმპათიები პუტინის მიმართ და არ მიიჩნევს მას ანტიიმპერიალისტურ გმირად. მას აქვს ტრადიციული მემარცხენე დემოკრატების მიდგომა – სკეპტიკური და კრიტიკული რუსეთის პოლიტიკის მიმართ. სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან პირველ რიგში უამრავი საკითხი ქვეყნის შიგნით არის გადასაწყვეტი.