ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლა

დავით ზურაბიშვილი

პირადად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის მობრუნება პოლიტიკაში საკმაოდ მოულოდნელი იყო. არაერთ ეთერში ვთქვი მანამდე, რომ გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილი მობრუნდეს თუ რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ დაემუქრება მეთქი და ასეთი საფრთხეც თითქოს არ ჩანდა. ამიტომ ყველანაირი ლოგიკით ივანიშვილს ის კომფორტის ზონა, რაც არაფორმალური მმართველობით მოიწყო, როდესაც ძალაუფლება აბსოლუტურია, ხოლო პასუხისმგებლობა ნულოვანი, არაფრის დიდებით არ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ფაქტია დატოვა და მოვიდა.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რამდენიმე ვერსია მოვისმინე ბიძინას ლეგალიზაციის შესაძლო მიზეზების შესახებ, რომელთაგან არცერთს არ ვეთანხმები. ცხადია, თავად ბიძინას ვერსია, რომ მისი გუნდი ნამეტნავად მოძლიერდა, ოპოზიცია ფაქტობრივად არ ჰყავს და აქედან გამომდინარე წარმატებისგან თავბრუსხვევას და კორუფციული ურთიერთობების აღმოცენებას რომ არ ჰქონდეს ადგილი, საჭიროა თავად მოახდინოს ამის პრევენცია პოლიტიკაში ჩართვით, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია და სერიოზულ განხილვად არც  ღირს. რაც შეეხება სხვა ვერსიებს (რომელთა ავტორებს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან რამდენიმე მათგანი დამოუკიდებლად მივიდა ერთსა და იმავე აზრამდე და ვშიშობ, ვიღაც გამომრჩება), ჩემი აზრით მათი ლოგიკაც მოიკოჭლებს,  მაგრამ მცირე დროს მაინც დავუთმობ.

ვერსია 1. შიდაკლანური

ბიძინა მობრუნდა იმიტომ, რომ როგორც ჩანს პარტიის შიგნით ვიღაცვიღაცეები ზედმეტად მოძლიერდნენ და ზედმეტად გაუბერეს. შესაბამისად, საჭირო გახდა ივანიშვილის მხრიდან პირდაპირი მენეჯმენტის განხორციელება, რათა ჩანასახშივე აილაგმოს სახელისუფლო კლანების ფორმირება, რომელთა კონტროლიც დისტანციურად სულ უფრო და უფრო ძნელი იქნება და საბოლოო ჯამში შეუძლებელიც.

ამ ვერსიაში გარკვეული ლოგიკა არის. თუმცა, ჯერ ერთი რეალურად რომ არსებობდეს ბიძინას კონტროლიდან გასული  სახელისუფლო კლანების ჩამოყალიბების საფრთხე, ეს შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩენილიყო ქართული საზოგადოებისთვის. დაშვება იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს,  ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ვახტანგ გომელაურს, გიორგი ლილუაშვილს ან თუნდაც ოთარ ფარცხალაძეს რაიმე დამოუკიდებელი კლანური თამაშები აქვთ დაწყებული ბიძინას ნებართვის გარეშე, ვფიქრობ ფანტასტიკის სფერო უფროა. თანაც ჩვენ გვაქვს უკვე პრეცედენტი, პოლიტიკიდან ფორმალურად წასულმა ბიძინამ როგორ გაუშვა პრემიერობიდან ირაკლი ღარიბაშვილი და როგორ დაიფრინა მისი სანათესაო.  არანაირი პოლიტიკაში მობრუნება მას ამისთვის არ დაჭირვებია და რამე რომ იყოს, არც ახლა დაჭირდებოდა. მეორედ გაპრემიერებული ღარიბაშვილიც ასეთ შეცდომას, სავარაუდოდ, აღარ დაუშვებდა, სხვებზე რომ არაფერი ვთქვა. ამიტომაც მგონია შიდაკლანური დაჯგუფებების პრევენციის ვერსია არასწორი.

ვერსია 2. სოციოლოგიური ანუ საარჩევნო

ამ ვერსიის თანახმად ბიძინა ივანიშვილის მობრუნება გაპირობებულია საარჩევნო მიზნებით. შიდა კვლევები არასახარბიელო სურათს აჩვენებს, მაჟორიტარებს ამ არჩევნებში ვეღარ დაეყრდნობა და ამიტომაც გამოვიდა ხელისუფლება ჯოკერს მისი სახით.

ეს მოსაზრება ვფიქრობ პირველზე უფრო ნაკლებ დამაჯერებელია, რადგან არცერთი კვლევა, არც საერთაშორისო ორგანიზაციების და არც  ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების დაკვეთით ჩატარებული, არ უჩვენებს ოცნების რეიტინგის ვარდნას და ოპოზიციის რეიტინგის ზრდას. პირიქით, ამ კვლევების მიხედვით ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ძალიან დიდი შანსია კვლავ ოცნების ერთპიროვნული მმართველობა გაფორმდეს. დაშვება იმისა, რომ ეს კვლევები უფრო პროსახელისუფლებო შედეგებს უჩვენებს, ვიდრე ოცნების შიდა კვლევა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. არც ოცნების ლიდერებს ეტყობოდათ რამე შეშფოთების მაგვარი ამ მხრივ და საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი იქადნებოდნენ. ჩემი აზრით სრულიად უსაფუძვლოდ, მაგრამ არცთუ არაგულწრფელად.

შედარებით დამაჯერებლად გამოიყურება ის ვერსია, რომ ოცნებას ამჯერად სჭირდება არა უბრალო, არამედ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვება, რათა საერთაშორისო თანამეგობრობასაც არ დარჩეს ეჭვი თუ ვინაა ამ ქვეყანაშიხაზეინი“, მაგრამ თუ ამ პირობიდან ამოვალთ, მაშინ გაუგებარია რა საჭირო იყო ბიძინას გამოჩენა ახლა, როცა არჩევნებამდე ცხრა თვეა დარჩენილი. ზემოაღნიშნული მიზნისთვის გაცილებით ეფექტური იქნებოდა ბიძინას მობრუნება არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, როცა მოლოდინების გაღვივება ისე მოესწრებოდა, რომ მათ ასრულებას არჩევნებამდე არავინ მოითხოვდა. ახლა კი რაც არჩევნებამდე არასახარბიელო მოხდება ხელისუფლებისთვის, ყველაფერზე უშუალოდ ივანიშვილი იქნება უკვე ფორმალურადაც პასუხისმგებელი, რაც მას არანაირად არ აწყობს. ის ხომ სწორედ ამგვარ პასუხისმგებლობას გაექცა წინა ორი წასვლის დროს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს ვერსიაც ვერ ხსნის ბიძინას მობრუნების რეალურ მიზეზებს,

ვერსია 3. პრორუსული

კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ჩემი აზრით უფრო კონსპირაციის თეორიაა, ვიდრე მომხდარი ფაქტის ანალიზი. კერძოდ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში რუსეთს ჰაერივით სჭირდება საქართველოში მისთვის სასურველი ხელისუფლების დარჩენა კიდევ ახალი ვადით, მით უმეტეს კანდიდატის სტატუსის ფონზე, აქედან გამომდინარე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებთან გარიგებას, რის შედეგადაც რუსებისგან წამოვა ბუნდოვანი მინიშნებები ტერიტორიული მთლიანობის თემაზე. ამაზე ააგებს ბიძინა საარჩევნო კამპანიას და დიდი ანგარიშით გამარჯვებაც გარანტირებული იქნება.

ეს ვერსია შესაძლოა დამაჯერებლად ჟღერდეს მათთვის, ვისთვისაც ბიძინას რუსობა (რუსეთზე დამოკიდებულება, მენტალური პრორუსობა თუ რუსეთის პირდაპირი აგენტობა) ეჭვმიუტანელი ფაქტია, მაგრამ აქ არის ორი მომენტი. ჯერ ერთი, როგორც წინა ვერსიის განხილვისას ითქვა, ამ ეტაპზე არანაირი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნების საქმე ცუდადაა და მას რაღაც განსაკუთრებული დახმარება ჭირდება არჩევნებში, მით უმეტეს რუსეთიდან. აქედან გამომდინარე გაუგებარია რაში უნდა დაჭირდეს რუსეთს სეპარატისტული რეგიონების მიმართ თავისი პოლიტიკის ასე რადიკალურად შეცვლა, თუნდაც ცრუ დაპირებების და ბუნდოვანი სიგნალების დონეზე, რაც სულაც არაა მარტივი ამბავი. ანუ, ხალხურად რომ ვთქვათ, ისედაც ბევრი პრობლემის გადამკიდე რუსეთმა რატომ უნდა აიტკიოს აუტკივარი თავი იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის? ერთადერთი, რის გამოც ეს შეიძლება თეორიულად დავუშვათ, არის მდგომარეობა, როცა რუსეთი ლამის დაშლის და დაქცევის პირასაა, რაც დღევანდელი მოცემულობით არ შეინიშნება და უკრაინასთან ომშიც სიტუაცია არ არის ახლა იმაზე უარესი რუსეთისთვის, როგორიც თუნდაც  კონტრშეტევის დაწყების წინ იყო.

უფრო მეტიც, თუნდაც მივიღოთ ის ლოგიკა, რომ რუსეთს საქმე საგანგაშოდ აქვს და ჰაერივით სჭირდება საქართველოსთვის კოჭის გაგორება, მაინც სრულიად გაუგებარია რა საჭიროა ამისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლეგალიზაცია? ბიძინას პოლიტიკაში მოსვლის გარეშე ვერ გაკეთდებოდა იგივე? ღარიბაშვილი და კობახიძე ვერ შეასრულებენ რუსეთთან ოფიციალური მომლაპარაკებლის ფუნქციას? არაოფიციალურად ხომ ეს ყველაფერი ისედაც ბიძინას მიეწერებოდა? ვფიქრობ ამის თაობაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ელემენტარული ნონსენსია პოლიტიკაში ბიძინას ფორმალური მობრუნების მიზეზი იყოს ის, რაც შეიძლება თავისუფლად გაკეთებულიყო მობრუნების გარეშე.

ჩემი ვერსია

ჩემი ღრმა რწმენით ბიძინას მობრუნება პოლიტიკაში მთლიანად გაპირობებულია არა შიდა, არამედ გარე ფაქტორებით.

ის, რომ საქართველოში სწორედ ბიძინა ივანიშვილი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ბიძინა განსაზღვრავს ხელისუფლების სტრატეგიას და ტაქტიკას  და არა ღარიბაშვილი, კობახიძე თუ პაპუაშვილი, იცის ყველამ: ამერიკამაც, ევროკავშირმაც, რუსეთმაც, ჩინეთმაც, ოპოზიციამაც და თავად ოცნების მომხრეებმაც. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, არის ტიპიური პოლიშინელის საიდუმლო. არჩევნებშიც ოცნების ამომრჩეველი ხმას აძლევს, უპირველეს ყოვლისა, ბიძინას და არა ვინმე სხვას.

ამერიკის შეერთებული შტატებში და ზოგადად დასავლეთშიც დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა სერიოზული პრობლემაა. თავის დროზე აშშ ელჩი კელი დეგნანი პრაქტიკულად გლობალური ომის პარტიის აგენტად შეირაცხა იმის გამო, რომ მან თურმე ბიძინას პოლიტიკაში მობრუნება მოთხოვა, რათა საქართველო ომში ჩაბმულიყო. ამ აბსურდს მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ერთხმად ამტკიცებდა.  სპეციალურად ახალი პოლიტიკური ჯგუფიც კი გამოჰყვეს ოცნების რიგებიდან ამგვარი რაღაცეების საძახებლადხალხის ძალისსახით. იხატებოდა სურათი, რომ ამერიკა ითხოვს ბიძინას მობრუნებას პოლიტიკაში, მაგრამ თავად ბიძინა ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

რა შეიცვალა ახლა? ჩემი აზრით აქ მთავარი ფაქტორია ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინაში ძირფესვიანად შეცვალა მანამდე არსებული მსოფლიო წესრიგი. თუკი ადრე რუსეთი დასავლეთის მიერ არ აღიქმებოდა სტრატეგიულ საფრთხედ და ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის ანტირუსული რიტორიკაც უფრო წარსული ტრავმებით გამოწვეულ კომპლექსად მიიჩნეოდა, ომის დაწყების შემდეგ  რუსეთდასავლეთის ურთიერთობა ფაქტობრივად უბრუნდება ცივი ომის ეპოქას, როდესაც მკაფიოდ იყო მონიშნული დასავლეთის და სსრკს გავლენის სფეროთა საზღვრები. ამ ვითარებაში დადგა სწორედ დღის წესრიგში ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღის საჭიროება. კერძოდ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ფორსირებული ინტეგრაცია ამ სივრცეში, რაც გამოიხატა გერმანიის კანცლერ შოლცის ფორმულით: „ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე.“

საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში სერიოზულადაა გაზრდილი. მხოლოდ საქართველოს ტრანზიტითაა შესაძლებელი ევროპისთვის აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან გაზის და ნავთობის მიწოდება რუსეთის გვერდის ავლით. სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამიტომაც დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ახალი ცივი ომის დროს იყოს ევროატლანტიკური სივრცის და არარუსსკი მირისნაწილი.

ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას აქვთ ძალიან რეალური ბერკეტები საიმისოდ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილზე  მოახდინონ შესაბამისი ზემოქმედება. ის, რომ ბოლო ორი წელი დასავლეთი მოთმინებით იტანდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლურ გამოხტომებს (სხვანაირად ვერ ვიტყვი. . .) და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მისცეს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მეტყველებს არა იმაზე, რომ ბიძინამ დასავლეთი დააშანტაჟა და რამე აიძულა, არამედ იმაზე, რომ დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დატოვება ევროატლანტიკურ სივრცეში, ხოლო კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ხელისუფლებაზე ბერკეტების ამოქმედების მეტ საშუალებას იძლევა.

მაგრამ კანდიდატობიდან შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდეთ, ამისთვის აუცილებელია ევროკავშირის წევრობის მინიმალურთან მიახლოებული რაღაც სტანდარტები მაინც იყოს დაცული. არაფორმალური ოლიგარქია კი სწორედ ის შემთხვევაა, რაც ამ მინიმალურ სტანდარტებისგან ძალზე შორსაა. იმავდროულად, ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში დასავლეთისთვის უკვე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ჩატარდება 2024-ის საპარლამენტო არჩევნები და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნების ორგანიზებასა და მენეჯმენტზე ფორმალურადაც პასუხისმგებელი იყოს  ქვეყნის რეალური მმართველი და არა რომელიმე მეისრე. ბიძინა ივანიშვილის მობრუნება პოლიტიკაში პარტიის საპატიო თავმჯდომარედ მთლად ბოლომდე არა (გაურკვეველია რა  კონკრეტული ფუნქცია და ვალდებულებები აქვს ამ პარტიულ თანამდებობას), მაგრამ რაღაც თვალსაზრისით მაინც ახდენს მისი ძალაუფლების ფორმალიზებას. ის ვერ იტყვის, მე მხოლოდ საპატიო თავმჯდომარე ვარ და რა მეკითხებაო ან რომც თქვას  ვინ დაუჯერებს?

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ბიძინა ივანიშვილს ძალიან სერიოზულად დაელაპარაკნენ  და ეს დალაპარაკება არ მოხდებოდა დიპლომატიური ფორმალობების დონეზე. მას დაელაპარაკებოდნენ იმ ენით, რომელიც მას კარგად ესმის და დაელაპარაკებოდა ის ხალხი, ვისთვისაც მას შეუძლებელია ანგარიში არ გაეწია. ბუნებრივია, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ვარაუდი, რომელიც ყველაფერს ლოგიკურად ხსნის და ალაგებს. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურად მობრუნების მთავარი მიზეზი არის სწორედ დასავლეთიდან მიღებული მკაფიო სიგნალი, რომელსაც შეგვიძლია ზეწოლა დავარქვათ, შეგვიძლია ზემოქმედება ან უფრო ნეიტრალური სახელიც, მაგრამ შედეგი ერთია: ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახადეს გაეკეთებინა ის, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო სულ ცოტა ხნის წინათ.

დიახ, ეს არის იძულებითი ნაბიჯი. ბიძინა ივანიშვილმა თვალნათლივ დაინახა, რომ ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ღიად გალაშქრება (თავისთვის დაიტოვონ არაფრისმთქმელი სტატუსი და ა..) მისთვის წამგებიანია. მარტის აქციების უპრეცედენტო მასშტაბს და ამ აქციებში ახალგაზრდა თაობის დომინირებას არაფორმალური მმართველი შეუძლებელია არ შეეშფოთებინა. კანდიდატის სტატუსის მიღებამ კი ერთგვარად ჩააცხრო ის კონფრონტაციული პათოსი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებასთან დაპირისპირება განიხილებოდა როგორც რუსულ ძალასთან ბრძოლა. ამ ვითარებაში  დაპირისპირების ახალი ტალღის აგორება დასავლეთთან უკვე კანდიდატის სტატუსის რანგში პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნებოდა, რადგან ამას თავად ოცნების ზომიერი და არაფაშისტი მომხრეებიც ვერ გაიგებდნენ. ხოლო საზოგადოებაში ეს გამოიწვევდა უკმაყოფილების მძლავრ აფეთქებას. რაც მთავარია, ამჯერად უკვე არც დასავლეთი იქნებოდა ძველებურად მომთმენი და შემწყნარებელი ივანიშვილის ტრიუკების მიმართ. ორმხრივ ზეწოლისთვის კი, როდესაც დასავლეთის მკაფიო პოზიცია უნისონშია ხალხის უკმაყოფილებასთან, საქართველოს ისტორიაში ვერცერთ ხელისუფლებას ვერ გაუძლია და ვერც გაუძლებს

რაც შეეხება რუსეთს, ვფიქრობ, ივანიშვილის პოლიტიკური ლეგალიზაცია რუსეთისთვისაც მისაღებია. მართალია, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთზე აუგს ვერ დააცდენინებ, მაგრამ მხოლოდან კარგი ან არაფერიტიპის რიტორიკა არა მგონია საკმარისი იყოს პუტინისთვის, რომელიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. რუსეთი ელის დასავლეთისგან გამიჯვნის რეალურ ქმედებებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი კი სრულიად საპირისპირო მიმართულების ფაქტია. არაფორმალური მმართველობა საშუალებას აძლევდა ბიძინას პუტინისთვის ეგზავნა სიგნალები, რომ თუ რამე რუსეთისთვის არასასურველი ხდება საქართველოში, ეს მისი ბრალი არაა და უსასრულოდ მოეხდინა აპელირება სააკაშვილის მიერ დატოვებულ ნაღმებზე, ამერიკის გავლენაზე, ვითომდა ურჩ მინისტრებზე და ა. ., რასაც პუტინი ან დაიჯერებდა ან არა, მაგრამ პოლიტიკისგან ფორმალური დისტანცირება ივანიშვილს მაინც მეტი მანევრის სივრცეს უტოვებდა პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენისთვის.  ოფიციალური მობრუნების შემდეგ კი მას ამგვარი მანევრის სივრცე აშკარად ეზღუდება და მოუწევს უფრო მკაფიო არჩევანის გაკეთება რუსეთსა და დასავლეთს შორის. 

ბოლოთქმა

კონკრეტულად რა ნაბიჯები მოჰყვება ამას საქართველოს ხელისუფლებისგან, მოხდება თუ არა უკვე მავნე ჩვევაში გადასული ანტიდასავლური რიტორიკის გადაწყობა და შესაბამისი საკადრო ცვლილებები, ამას ყველანი დავინახავთ უახლოეს მომავალში. პირადად მე ვფიქრობ, რომ მოხდება. არსებით ცვლილებებს არ ველი, უფრო ზედაპირულს და კოსმეტიკურს. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ამას მნიშვნელობა არა აქვს. აქვს და არცთუ მცირე, რადგან ამ შემთხვევაში უკვე ოპოზიციურ ძალებსაც მოუწევთ ხალხისთვის მნიშვნელოვან თემებსა და პრობლემებზე კონცენტრირება და არა  გაუთავებელი ხმაური და მძვინვარება იმაზე, რომ 2012 წელს ჩაესვენა მზე საქართველოსი და მას შემდეგ რუსეთი გვმართავს.

ესაა ჩემი, როგორც იტყვიან, ხედვა ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლაზე, ყოველ შემთხვევაში დღეს ეს ასე ჩანს. რას იფიქრებს ბიძინა ივანიშვილი ხვალ, ამის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან მისთვის პოლიტიკა მთლიანად დაიყვანება ძალაუფლების ტექნოლოგიამდე. სხვანაირი პოლიტიკა ბიძინამ არ იცის და ვერც წარმოუდგენია. ამიტომ ის გააკეთებს იმას, რასაც მოცემულ მომენტში ჩათვლის საჭიროდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის, ან, როგორც მინიმუმ, არ ჩათვლის ამ ძალაუფლების დამაზიანებლად. ზუსტად ამ პრინციპით მიუდგება ის არჩევნების ჩატარებასაც, თუმცა, აქაც არა მგონია იყოს სრული განუკითხაობა, რადგან კანდიდატის სტატუსის ქვეყანაში დასავლეთი არჩევნების პროცესს ბევრად უფრო გულდასმით და ყურადღებით ადევნებს ხოლმე თვალს.

პრობლემა აქ არის ერთი: პრაქტიკულად შეუძლებელია გათვალო რას ჩათვლის ბიძინა ივანიშვილი საფრთხედ და რას არა. მისი ძალაუფლების ტექნოლოგია, ესაა 80-იანების მიწურულის  რუსულ ბიზნესში ათვისებული ხერხები და მეთოდები, რომელთაც ის საკმაოდ ვირტუოზულად ფლობს, მაგრამ იმავდროულად ის არის სრულიად, მე ვიტყოდი, განსაცვიფრებლად არაკვალიფიციური საერთაშორისო ურთიერთობებში (როცა ზაზა შათირიშვილი წერდა, ამერიკას ხუთი ოჯახი მართავსო, დარწმუნებული ვარ, ბიძინას წარმოდგენებს აჟღერებდა). ეს ორი ფაქტორი კი ჯამურად გვაძლევს სრულიად არაპროგნოზირებად პერსპექტივას. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვი, დასავლეთის სადამკვირვებლო ფუნქცია საარჩევნო პროცესში ამჯერად გაცილებით ქმედითი იქნება, რაც ერთგვარი ფრთხილი ოპტიმიზმის საბაბს მაინც იძლევა.

ასე, რომ ვნახოთ.