ბინაზე მართვა, კარანტინი - სად და როგორ უმკურნალებენ კორონავირუსით ინფიცირებულებს

ალექსანდრე ქეშელაშვილი

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 2400-ზე მეტი პაციენტი ახლა მკურნალობს. შემთხვევების მატებასთან ერთად, პირველ რიგში, გაიზარდა კლინიკების რაოდენობაც, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ.

ზაფხულში კორონავირუსის მართვისა და მკურნალობის პროგრამაში 12 კლინიკა იყო ჩართული.  ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ახლა უკვე 35 კლინიკაა მობილიზებული.

„ამ კლინიკებში ჯამში მობილიზებულია 2522 საწოლი. საჭიროების შემთხვევაში საწოლების ან თავად კლინიკების დამატებაც მოხდება. ჯერჯერობით ასე ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გაზრდის პოტენციალიც გვაქვს“, – ამბობს ეკა ადამია „პუბლიკასთან“.

ჯანდაცვის სამინისტროს დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით, რომლითაც სამედიცინო სექტორი ხელმძღვანელობს, სექტემბრიდან პაციენტების ნაწილის საკარანტინო სივრცეებში გადაყვანაც დაიწყო.

საკარანტინო სივრცეებში მკურნალობისთვის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სასტუმროებში ადგილები გამოიყო და პაციენტების ნაწილის განთავსება დაიწყეს. ეკა ადამიას თქმით, 22 სექტემბრის მდგომარეობით სასტუმროებში 600-მდე პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

დაიწყო ბინაზე ადაპტირებული მოდელის ჩართვაც. Covid-ინფიცირებულთა ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჰქონდა შემუშავებული. თუმცა, როგორც ეკა ადამია „პუბლიკასთან“ განმარტავს, პროგრამა ბათუმში ახლახან ამუშავდა და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება სხვა რეგიონებიც ჩაერთოს.

მსუბუქ შემთხვევებს სტაციონარში აღარ გადაიყვანენ, თუმცა არა ყველას. ეს ეხება მხოლოდ იმ მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს, რომლებთანაც ავადმყოფობის გართულების რისკი ნაკლებია.

როგორ წყვეტენ მსუბუქია თუ არა პაციენტი? დაავადების მსუბუქი და მძიმე მიმდინარეობა:

ახლა რაც შეეხება თავად პაციენტის მდგომარეობას – რის მიხედვით აფასებენ ექიმები, მსუბუქია თუ არა ინფექციის მიმდინარეობა? პროტოკოლის მიხედვით მდგომარეობა შემდეგნაირად ფასდება:

COVID-19 შესაძლოა მიმდინარეობდეს ასიმპტომურად, მსუბუქად, საშუალოდ, მძიმედ ან კრიტიკულად მძიმედ.

მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას პაციენტებს არ უვითარდებათ პნევმონია და აქვთ მხოლოდ დაბალი ცხელება. მსუბუქ შემთხვევად ითვლება ზემო სასუნთქი გზების გაურთულებელი რესპირაციული ვირუსული ინფექცია.

ჯანდაცვის სამინისტროს შედგენილი გაიდლაინის მიხედვით, მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა: ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომებს შორის შესაძლოა იყოს დიარეა, გულისრევა ან პირღებინება.

გაიდლაინის მიხედვით, მსუბუქად მიმდინარე დაავადების დროს სიმპტომების გაჩენიდან საშუალოდ 20 დღეში პაციენტი უნდა გამოჯანმრთელდეს.

საშუალო მიმდინარეობა მოზარდებში ან მოზრდილებში გამოხატულია პნევმონიის კლინიკური ნიშნებით (ცხელება, ხველა, ქოშინი, სუნთქვის გახშირება), მაგრამ არა მძიმე პნევმონიით.

მძიმე მიმდინარეობისას ჩნდება პნევმონიის კლინიკური ნიშნები და დაავადება პროგრესირებს სწრაფად. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დროს ვითარდება ატიპიური პნევმონია.

მძიმე შემთხვევების ნაწილში შესაძლოა განვითარდეს მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სხვადასხვა ორგანოს ან ორგანოების უკმარისობა და სხვ. ამ დაავადებათა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მისი მიმდინარეობა უკვე კრიტიკულად მძიმედ იწოდება.

„აღსანიშნავია, რომ მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებს შესაძლოა, აღენიშნებოდეთ ზომიერი ან დაბალი ცხელება ან ძალზე უმნიშვნელოდ გამოხატული ცხელებაც კი. მძიმედ მიმდინარე შემთხვევები გამოჯანმრთელდებიან სიმპტომების გაჩენიდან 3-6 კვირის ფარგლებში“, – ნათქვამია გაიდლაინში.

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, გრიპისა და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით, COVID-19, სასუნთქი სისტემის გარდა, იწვევს სისხლის შემდედებელი სისტემის, გულის, სისხლძარღვების, თირკმელების, ღვიძლის, ნერვული და სხვა ორგანოთა სისტემების მწვავე დაზიანებასაც.

რა შემთხვევაში გააგრძელებს პაციენტი საკარანტინო სივრცეში მკურნალობას?

კორონავირუსით ინფიცირებული კარანტინში თავიდანვე არ გადაჰყავთ. თავდაპირველი რეკომენდაციით, პაციენტებს კლინიკაში 1 კვირა უნდა გაეტარებინათ, მაგრამ, როგორც ეკა ადამია „პუბლიკასთან“ ამბობს, მოხდა ალგორითმის მოდიფიცრება და ახლა სასტუმროში პაციენტის გადაყვანაზე გადაწყვეტილებას ექიმი მისი მდგომარეობიდან გამომდინარე იღებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ დღეს გაატარებს მოქალაქე კლინიკაში.

„მთავარია, ჩატარდეს კლინიკური შეფასება, ყველა საჭირო კვლევა, რომლებიც პაციენტს სჭირდება. უნდა დადგინდეს, ხომ არ არის რაიმე დაავადების განვითარების, მდგომარეობის დამძიმების საფრთხე. ამ შეფასების შემდეგ, თუ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, არაა სიმპტომები და თანმხლები დაავადების საშიშროება, შესაძლებელია პაციენტი საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობისთვის გადავიდეს.

საკარანტინე სივრცეები აღჭურვილია სამედიცინო ბრიგადებით, რომლებიც აწარმოებენ 24-საათიან მონიტორინგს. ჩვენ საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით ამ ბრიგადებსაც დავამატებთ. ისინი აწარმოებენ მონიტორინგს და აფასებენ, ალგორითმის მიხედვით ხომ არ ექვემდებარებიან პაციენტები ხელახალ ჰოსპიტალიზებას“, – ამბობს ეკა ადამია „პუბლიკასთან“.

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, არც ისე მცირეა პაციენტების რიცხვი, რომელთაც სასტუმროებში შეეძლებათ მკურნალობის დასრულება.

იშვიათია სრულიად ასიმპტომური ინფექცია – დადებითი შემთხვევების 1%-ზე ნაკლები, თუმცა პაციენტების უმრავლესობაში მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა გვხვდება. მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%- ში, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს 15%-ში, ხოლო 5%-ში – კრიტიკულად მძიმედ.

რაც შეეხება მდგომარეობის გართულებას, დაავადების დამძიმება მსუბუქი/საშუალო სიმძიმის პაციენტთა 10-15%-ში აღინიშნება. მძიმე შემთხვევების დაახლოებით 15-20%-ში კი დაავადება კრიტიკულად მძიმე ფორმას იღებს.

თუმცა, პაციენტების ნაწილი, რომელთაც ვირუსული ინფექციის მსუბუქი ფორმა აქვთ, ბოლომდე კლინიკაში რჩებიან. ასეთი პაციენტები არიან არასრულწლოვნები და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები. ასევე ის ზრდასრულები, რომლებსაც თანმდევი, ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და შესაბამისად, მსუბუქი პაციენტების იმ ნაწილში ხვდებიან, რომლებთანაც დაავადების დამძიმების რისკი მაღალია.

რა თანამდევ ქრონიკულ დაავადებებს აქცევენ ყურადღებას?

პროტოკოლის მიხედვით, ექიმებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ისეთი თანხმლები დაავადებებების მიმართ, როგორებიცაა: ჰიპერტენზია, გულის დაავადებები, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ცერებროვასკულური დაავადებები, დიაბეტი, იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობა და ავთვისებიანი სიმსივნე. ეს თანმხლები დაავადებები „ასოცირდება უფრო მაღალ სიკვდილობასთან“.

როგორ შეიძლება სახლში მკურნალობა და რას გულისხმობს ის?

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებულ პროტოკოლშია აღნიშნული, ჯანმო რეკომენდაციას უწევს ლაბორატორიულად დადასტურებული ყველა შემთხვევის იზოლირებასა და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას.

მაგრამ კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გათვალისწინებით, შესაძლოა, ჰოსპიტლური სექტორი გადაიტვირთოს. ამ დროს ჩნდება იმის საჭიროებაც, რომ კორონავირუსული ინფექციის გარკვეული შემთხვევები ბინაზე იმართოს.

ბინაზე მკურნალობის შესაძლებლობა, გათვალისწინებულია მხოლოდ მსუბუქი პაციენტებისთვის, თუ მათზე ოჯახის წევრები სათანადო ზომების დაცვით იზრუნებენ.

როგორც ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია „პუბლიკასთან“ ამბობს, ჯერჯერობით ბინაზე მართვის პროგრამა დაიწყო ბათუმში. თუმცა, შესაძლოა ის სხვა რეგიონებშიც ამუშავდეს.

„პაციენტის წინასწარი შეფასებით, ონლაინკლინიკის ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ანამნეზის შეკრების, გამოკითხვის, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ წინასწარი გადაწყვეტილება მიიღონ ასეთი პაციენტის ბინაზე დატოვების შესახებ. შემდეგ ხდება მათი მონიტორინგი – პაციენტს პერიოდულად დაურეკავენ და სიმპტომების გართულების ან ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში დაუყონებლივ გადაიყვანენ კლინიკაში.

ოჯახის ექიმს აქვს რამდენიმე შესაძლებლობა – დატოვოს პაციენტი ბინაზე, სტაციონარში გადაყვანამდე მეთვალყურეობისთვის გადაიყვანოს საკარანტინო სივრცეში ან პირდაპირ გადაიყვანოს სტაციონარში“, – განმარტავს ეკა ადამია.

ბინაზე მართვის პროტოკოლი შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც პაციენტების მომვლელებმა უნდა დაიცვან, მათ შორის, ხელების ჰიგიენა, რესპირაციული ჰიგიენა, სათავსოების დასუფთავება, გადაადგილების შეზღუდვა სახლში და სხვ.

  • 1

  • 2(1)

  • 3

  • 4

  • 5

  • 6

  • 7

  • 8

  • 9

  • 10








  • 01
    /




ასევე, პროტოკოლით COVID-19-ით ინფიცირებული შესაძლო პაციენტი, მათ შორის, სამედიცინო პერსონალი ითვლება კონტაქტად და რეკომენდებულია, მათ ჯანმრთელობაზე დაკვირვება ბოლო კონტაქტიდან 14 დღის მანძილზე.

კორონავირუსის გამოვლენა და მკურნალობა – როგორია პროცესი

თუ გაქვთ ხველა, სიცხე, ფილტვების ანთების ნიშნები – ამ სიმპტომების გამოვლენასთან ერთად ეჭვი ჩნდება კორონავირუსით ინფიცირებაზე. განსაკუთრებით, თუკი იმ ადგილებში მოგზაურობის ისტორია გაქვთ, რომლებშიც კორონავირუსის შიდა გავრცელება მიმდინარეობს, ან ახლო კონტაქტი გქონდათ დადასტურებულ ან შესაძლო შემთხვევასთან.

მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც კი უნდა დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს. პროტოკოლის მიხედვით, ოჯახის ექიმმა პირველი კონსულტაცია ტრიაჟისთვის (დაავადებულთა, ე.წ. დახარისხებისთვის) დისტანციურად უნდა გაგიწიოთ.

ოჯახის ექიმი შეაფასებს, არის თუ არა საჭირო პაციენტთან პირისპირ კონსულტაცია და გასცემს რეკომენდაციებს. მაგალითად, ინტენსიური ხველისა და მაღალი ტემპერატურის დროს უნდა გირჩიოთ, დარჩეთ სახლში, თუნდაც თავს ცუდად არ გრძნობდეთ.

თუკი, ოჯახის ექიმმა მიიჩნია, რომ არ გაქვთ კორონავირუსის სიმპტომები, თქვენი მდგომარეობის მართვა დისტანციურადაც შეიძლება გაგრძელდეს. კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში კი მდგომარეობას შეაფასებს.

თუკი, თქვენი მდგომარეობა მძიმეა, ოჯახის ექიმი ურეკავს 112-ს და ატყობინებს მათ, რომ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევაა და საჭიროა თქვენი კლინიკაში გადაყვანა.

თუკი, სიმპტომები ჰგავს Covid-19-ს, მაგრამ თავს კარგად გრძნობთ, ექიმი წყვეტს, საჭიროა თუ არა თქვენი მასთან ვიზიტი, თუ შესაძლებელია ურთიერთობის დისტანციურად გაგრძელება.

კლინიკაში ვიზიტისას, პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებულებმა იზოლირებულ ოთახში ან მოსაცდელ სივრცეში უნდა მოიცადონ, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს მათთან კონტაქტი. თუ ამის საშუალება არ არის, შესაძლოა თქვენ საკუთარ მანქანაში ან გარეთ, სხვებთან დისტანციის დაცვით მოცდა გთხოვონ.

ოჯახის ექიმი თქვენი გასინჯვის შემდეგ გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა გქონდეთ Covid-19 და უნდა გაიკეთოთ თუ არა ტესტი კორონავირუსზე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, თქვენ იზოლაციაში რჩებით და თუკი კორონავირუსი დაგიდასტურდებათ, ამის შესახებ გაცნობებენ. რადგან ბათუმის გარდა, ბინაზე მართვის პროგრამა ჯერჯერობით არ ამუშავებულა, თუ ბათუმში არ იმყოფებით ნებისმიერ შემთხვევაში Covid-19-ის მიმღებ კლინიკაში გადაგიყვანენ. ხოლო თუ ბათუმში ხართ, მაშინ შეაფასებენ, რამდენად გაქვთ სახლში მკურნალობის საშუალება.

კლინიკაში გადაყვანის შემდეგ პაციენტებს უკეთდებათ ანალიზები, რომლის ალგორითმიც ასევე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დამტკიცებული და ექიმი ამოწმებს მდგომარეობას. თუკი, თქვენი სიმპტომები მსუბუქია, არ გაქვთ თანმხლები დაავადებები და სრულწლოვანი ხართ, ოღონდ არაუმეტეს 65 წლისა, შესაძლოა მკურნალობა სასტუმროში გააგრძელოთ, სხვა შემთხვევაში კი გამოჯანრმთელებამდე კლინიკაში დარჩებით.

კლინიკური მკურნალობის ზოგადი რეკომენდაციებიც პროტოკოლით არის გაწერილი, მათ შორის, ანტისხეულებით მკურნალობა, „სისხლის გაწმენდა“, ანტიკოაგულაციური თერაპია და ანტივირუსული მკურნალობა. დასახელებულია მედიკამენტები, რომელთაც სხვადასხვა კვლევით ეფექტიანობის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, მათ შორის რემდესივირი და პლაქვენილი. თუმცა ყველა ამ რეკომენდაციას ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად იყენებენ.

„COVID-19-ს ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებები, რომელთაგან ბევრი რამ ჯერჯერობით კარგად შესწავლილი არ არის და ამავე დროს სხვადასხვა პაციენტში შესაძლებელია დაავადებას განსხვავებული მიმდინარეობა და გართულებები ჰქონდეს, ამიტომ თითოეული პაციენტის შემთხვევაში მკურნალობის საკითხი ინდივიდუალური მიდგომით უნდა გადაწყდეს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს შედგენილ გაიდლაინში.