20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატი დაასახელა. რეესტრის მიხედვით, კანდიდატთა დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის ბიზნესს ფლობს. „პუბლიკამ“ თავი მოუყარა ინფორმაციას ზოგიერთი მათგანის ბიზნესსაქმიანობის შესახებ. მათი ნაწილი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს და ხშირად იმარჯვებს კიდეც:
ბეჟან წაქაძე – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები
წაქაძე სხვა შპს-ებთან ერთად კომპანიების – „ჯდჯ პლაზა“, „შპს ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +“ და „ჯდჯ პალასი“ – მეწილეა. სწორედ „ჯდჯ პალასი“ აშენებდა სასტუმროს მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე. მშენებლობის დროს 2018 წელს კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 2018 წელს კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა და დამკვეთს ახალი გეოლოგიური კვლევის ჩატარება, კონსტრუქციული ნახაზებისა და შეფასების მომზადება დაევალა. გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად სამშენებლო პროცესი გაგრძელდა.
ბეჟან წაქაძე „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის“ 50%-იან წილის მფლობელიცაა. კომპანიამ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2016-2019 წლებში 7-ჯერ გაიმარჯვა, ჯამში კი უწყებისგან 111 ათას ლარზე მეტი მიიღო.
ბიზნესმენმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი შესწირა.
ზაალ (ზაზა) დუგლაძე – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები; გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები
ზაალ დუგლაძე არაერთი შპს-ს მეწილეა, რომელთა შორისაა „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, რომლის დირექტორიც და 23%-იანი წილის მფლობელიც თავად არის. ამავე კომპანიაში 23%-იან წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილიც. 2018 წელს კომპანიისგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღვინო ორჯერ შეისყიდა. უწყებამ ღვინის კომპანიას ჯამში 164 460 ლარი გადაუხადა.
ზაალ დუგლაძემ „ქართულ ოცნებას“ 2016-2020 წლებში ჯამში 115 ათასი ლარი შესწირა.
გიორგი ხოჯევანიშვილი – კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გამოკლებით)
გიორგი ხოჯევანიშვილი, დეკლარაციის მიხედვით, არაერთ შპს-ს ფლობს, რომელთა შორისაა შპს „გაზლენდი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ხოჯევანიშვილია. კომპანიამ 2013-2019 წლებში სახელმწიფო ტენდერებში 8-ჯერ გაიმარჯვა. ტენდერების ღირებულება ჯამში 137 417 ლარს შეადგენს.
ირაკლი ხახუბია – ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები
დეპუტატი ირაკლი ხახუბია შპს „აისბერგი 2-ის“ 25%-იანი წილის მფლობელია. კომპანია იმ 5 კომპანიას შორისაა, რომლებიც თევზჭერის ლიცენზიას ფლობენ. კომპანია თევზჭერის ლიცენზიის 24%-ის მფლობელია. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხახუბიამ 2019 წელს „აისბერგი 2-ის“ საქმიანობით 2 574 803 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ხახუბიას 2016 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „აისბერგი 2“ არ უხსენებია.
2019 წელს ის იმ 31 დეპუტატს შორის მოხვდა, რომლებიც არასწორად შევსებული ქონებრივი დეკლარაციის გამო დაჯარიმდნენ.
ხახუბიამ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 10 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს – 60 ათასი ლარი შესწირა.
ზაზა ლომინაძე – ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ექიმი ზაზა ლომინაძე კლინიკა „კლინიკა-ლჯ-ის“ 35%-იანი წილის მფლობელია. კლინიკამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და 20 516 ლარი მიიღო. ლომინაძე „ლჯ და კო – ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ 25%-იანი წილის და „ჭადრაკი ტვ-ის“ 40%-იანი წილის მფლობელიცაა.
ზაზა ლომინაძემ „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს 1000 ლარამდე თანხა შესწირა.
გოჩა ენუქიძე – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები
გოჩა ენუქიძე 10-ზე მეტი კომპანიის მეწილეა. იგი შპს „იბერკომპანის“ 100%-იანი წილის ფლობელია. აღნიშნული კომპანია თავის მხრივ ფლობს კომპანიებს, რომლებიც აშენებენ ჰესებს, ეწევიან მეღვინეობასა და სამშენებლო ბიზნესს და ა.შ. „იბერკომპანი“ „კერა დეველოპმენტის“ 50%-იან წილსაც ფლობს. აღნიშნული კომპანიის მეორე ნახევრის მფლობელი „შპს არქია“. ენუქიძეს ეკუთვნის შპს „არქი თაუერის“ 25%-იანი წილიც. ცნობისთვის, „არქი“ სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა წერტილში ათობით კორპუსს აშენებს. „არქის“ რამდენიმე პროექტმა მოქალაქეების პროტესტიც გამოიწვია. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე დეპუტატი ივლიანე წულაიაა.
გოჩა ენუქიძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60 ათასი ლარი შესწირა; „ქართულ ოცნებას“ კი 2026-2017 წლებში – 105 ათასი ლარი; 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს – 60 ათასი ლარი.
გოჩა ენუქიძე ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატია. 2017 წელს მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევის ავტორები აცხადებდნენ, მილიონერი დეპუტატების სია დეკლარირებული ქონების დამუშავებისა და ქონების საბაზრო ფასის გამოთვლის შედეგად მიიღეს. უმდიდრეს დეპუტატთა სიაში გოჩა ენუქიძემ 5 მილიონი ლარით მე-9 ადგილი დაიკავა.
ამავე კვლევაში მოხვდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია.
ბექა ოდიშარია – მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები
ოდიშარია „მედიატორის“ მილიონერთა სიაში 12 მილიონი ლარით მე-3 ადგილზეა. დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლები, კომერციული და სამეურნეო ფართები, 3 ძვირადღირებული ავტომობილი, ათობით ფერწერული ტილო და ა.შ.
ის ფლობს, ასევე, ფასიან ქაღალდებს – სს ბათუმი ბულვარ საიდში (59 აქცია). 1 აქციის ნომინალური ღირებულება კი 12 900 დოლარია. ბექა ოდიშარიას დეკლარაციით ირკვევა, რომ მას გასული წლის განმავლობაში ფართის იჯარით აღებული აქვს 75 000 დოლარი. ასევე, 350 000 დოლარის ინვესტიციით, შარშან 105 992 ლარის შემოსავალი მიიღო.
2019 წლის დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება ფულის გასესხებით მიღებული შემოსავლები, თუმცა, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციას თუ შევხედავთ, დეპუტატმა 2016 წელს სესხად გასცა 170 000 დოლარი, საიდანაც სარგებლის სახით წლის განმავლობაში 24 724 დოლარი მიიღო. 2017 წლის 1 იანვარს ბექა ოდიშარიამ 2 წლის ვადით გაასესხა 270 000 დოლარი, თუმცა ახალ დეკლარაციაში ამ თანხის გასესხების შედეგად მიღებულ სარგებელზე არაფერი წერია.
ბექა ოდიაშარია ფლობს წილს ორ კომპანიაში – შპს „ანაბაზისი“ – 100% და შპს „ძველი დედაქალაქი“ – 10%.
საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, ბექა ოდიშარია იმ პარლამენტის წევრებს შორის მოხვდა, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდნენ.
ბექა ოდიშარიამ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 35 ათასი ლარი შესწირა; 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ – 40 ათასი ლარი; 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს – 60 ათასი ლარი.
ანტონ ობოლაშვილი – ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები
ანტონ ობოლაშვილი ფარმაცევტულ ბიზნესშია და ფლობს მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას „გლობალფარმი“. გარდა ამისა ობოლაშვილი წილებს ფლობს სხვა კომპანიებშიც: შპს „პარკლაინის“ – 60%; შპს „მესხეთი 2004“ – 100%; „ჯეომედიცინა“ – 35%.
ვასილ ჩიგოგიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები
ვასილ ჩიგოგიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 25%-იანი წილის მფლობელია. იგი ასევე ფლობს „თეატრები აპოლოს“ 10%-ს. სწორედ აღნიშნული კომპანიაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, საქართველოში ერთ-ერთი პირველი კინოთეატრის – „აპოლოს“ თანამესაკუთრე. შპს „თეატრები აპოლო“ შენობის უდიდეს ნაწილს – 2229 კვ. მ. ფართობს ფლობს. გარდა ამისა, ვასილ ჩიგოგიძე ათამდე სხვა კომპანიის წილის მფლობელია