„ბრძანება კანონის დარღვევითაა გამოცემული" - „ხმა“ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფასის დაწესებაზე

ნათია ამირანაშვილი

მოძრაობა „ხმა“, რომელიც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე გადასახადის დაწესებას აპროტესტებს, ამტკიცებს, რომ ბრძანება, რომლითაც ფასები დადგინდა, კანონის დარღვევით არის მიღებული.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორისადმი მიწერილი ღია წერილიდან ვიგებთ, რომ სატარიფო სისტემა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის (ააიპ) დირექტორის ბრძანებით დაწესდა. მოძრაობა კი ამტკიცებს, რომ ააიპ-ის დირექტორი არ იყო უფლებამოსილი, მიეღო მსგავსი შინაარსის ბრძანება. შესაბამისად, ისინი ბრძანების არარად აღიარებას მოითხოვენ.

როგორ ასაბუთებს „ხმა“ საკუთარ პოზიციას:

მოძრაობა ამბობს, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლის წესი საჭიროებდა ნორმატიული აქტით მოწესრიგებას და არა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით [ბრძანებით], როგორც ამ შემთხვევაშია. მათივე განმარტებით, ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება კი, მუნიციპალურ დონეზე, საკრებულოს აქვს და არა მერიას ან მის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ-ის.

ისინი წერილში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმოწმებენ და აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ქონების არა მხოლოდ განკარგვის, არამედ მართვის წესების დადგენა. აღნიშნული კი ნორმატიული აქტით მოწესრიგებას საჭიროებს.

ღია წერილში ისინი ასევე მსჯელობენ, თუ რა გარემოებათა გამო ექცევა ბოტანიკური ბაღით სარგებლობისთვის ტარიფის დაწესება ნორმატიული აქტით მოსაწესრიგებელ საკითხთა რიცხვში. მათი არგუმენტაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.

„ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩოს თანახმად, არა თუ ააიპ-ის დირექტორი, არამედ პირდაპირი წესით არჩეული მერიც კი ვერ გამოსცემს ნორმატიულ აქტს, რადგან, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, არც მას გააჩნია ამგვარი უფლებამოსილება. დირექტორის უფლებამოსილება მხოლოდ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემითაა შემოფარგლული“, – ვკითხულობთ წერილში.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონზე დამოწმებით მოძრაობა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური აქტის სახით გამოცემა/მიღება და პირიქით.

რაც შეეხება მათ მოთხოვნას, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლში წერია, სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე არარად მიიჩნევა, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამავე მუხლის მიხედვით, გამომცემი ორგანო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს მსგავსი სამართლებრივი აქტი.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ამ ნორმაზე დაყრდნობით, „ხმა“ დირექტორისგან მოითხოვს, მიღებული ბრძანება საჯაროდ აღიაროს არარა აქტად და გააუქმოს ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძრაობა არც სასამართლოსადმი მიმართვას გამორიცხავს.

საინიციატივო ჯგუფმა „ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო“ და მოძრაობამ „ხმა“ ზუგდიდის საკრებულოში პეტიციაც შეიტანეს – ფასის დაწესების საკითხს წარმომადგენლობით ორგანოშიც განიხილავენ.

ბოტანიკური ბაღის დირექტორი შეკითხვებს კონკრეტულად არ პასუხობს

„პუბლიკა“ აღნიშნულ ბრალდებებზე საპასუხოდ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორს, ზვიად ქარჩავას დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ყველაფერი კანონის დაცვით აქვთ გაკეთებული და არცერთი მუხლი არ დაურღვევიათ. ჩვენს შეკითხვაზე – დაეკონკრეტებინა, თუ რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს და აქვს თუ არა არგუმენტი იურიდიული სახის შენიშვნებზე, პასუხის წერილობით გაცემა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, ორი დღის განმავლობაში მას შეკითხვებზე პასუხი არ მოუწერია და აღარც სატელეფონო ზარს პასუხობს.

„პუბლიკამ“ აღნიშნულ უწყებას ოფიციალური ფორმით – საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესითაც მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში დამატებით მასალას მოვამზადებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების შესახებ ბრძანება ააიპ-ის დირექტორმა გამოსცა, 28 იანვარს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის facebook-პოსტში აღნიშნულია, რომ ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისი სატარიფო განაკვეთი 2020 წლის მარტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მიიღო.

ქარჩავა ტელეკომპანია „ოდიშისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „ამის [ტარიფის დაწესების]  გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ და შემდეგ დამტკიცდა დირექტორის ბრძანებით, რომელიც შეთანხმებული იყო ზემდგომთან“.

„ხმა“ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არც საკრებულოს კომისია იყო უფლებამოსილი, მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება და რომ სატარიფო განაკვეთი საკრებულოს უნდა მიეღო შესაბამისი ნორმატიული აქტით.

„2020 წლის წარმოება იყო სხვა და შეხება არ აქვს მიმდინარე საკითხთან – ბაღში შესვლა 2022 წლიდან გაფასიანდა. ამას რომ თავი დავანებოთ, კიდევაც რომ მიეღო საკრებულოს კომისიას რამე, მაინც უკანონოა, რადგან თავად საკრებულოს უნდა მიეღო – თან ნორმატიული აქტით, ანუ დადგენილებით”, – ამბობს იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი.

მან ასევე გაგვიზიარა დოკუმენტი, სადაც საკრებულოს აპარატის უფროსი წერილობით ადასტურებს, რომ ტარიფების დაწესებაში საკრებულოს 2021-2022 წლებში მონაწილეობა არ მიუღია.


ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფებით სარგებლობა პირველი თებერვლიდან ამოქმედდა.

ფასიანი მომსახურებით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია შემოსავლის დამატებით მობილიზებას გეგმავს, რათა „ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურა უფრო განვითარდეს, იყოს მოვლილი და დაცული“.

ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული სატარიფო მიდგომა ქვეყანაში ბოტანიკური ბაღების სატარიფო მიდგომებთან შედარებით ყველაზე იაფია.

„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო“

„გააღეთ ბოტანიკურის ჭიშკარი!“, „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო!“ – ამ მოთხოვნით ზუგდიდში მოქალაქეები თითქმის ერთი თვეა, აქციებს მართავენ.

მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში შესვლა, დათვალიერება და მისით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განურჩევლად მათი ქონებრივი და სხვა მდგომარეობისა, უნდა იყოს უფასო.

„რეკრეაციული სივრცეების თვალსაზრისით, ზუგდიდი უნიკალური ადგილია. ზუგდიდის მთელი სარეკრეაციო ზონის დაახლოებით 90%-ს ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს. საქართველოს სხვა ქალაქებში ბოტანიკური ბაღების წილი ამ ქალაქების მთლიან სარეკრეაციო სივრცეში ამასთან მიახლოებულიც არაა. ამდენად, ამ სივრცეზე წვდომის შეზღუდვა ქალაქის თითქმის მთელ სარეკრეაციო სივრცეზე შეზღუდვას ნიშნავს. ამასთან, ბოტანიკური ბაღი არსად სხვაგან, სარეკრეაციოსთან ერთად, სოციალური და კულტურული ცხოვრების შუაგული არ არის“, – ნათქვამია საკრებულოსადმი მიწერილ პეტიციაში.

პეტიციის ავტორები ადგილობრივების სოციალურ მდგომარეობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ღიაობა, მასში შეუზღუდავი დაშვება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა – „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების 54%-ზე მეტს შეტანილი აქვს განაცხადი საარსებო შემწეობის მიღების თხოვნით”.

პირველი თებერვილდან ბაღში შესვლისას მოქმედებს შემდეგი ტარიფები:

  • საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი;
  • საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;
  • სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი;
  • ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი;
  • სამთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი;
  • ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი;
  • ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი;
  • ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი;
    სამთვიანი საოჯახო აბონემენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35ლარი;
  • პიკნიკი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი;
  • კემპინგი 1 ვიზიტორზე – 15 ლარი;
  • სადღესასწაულო, საქორწილო წინასწარ დაგეგმილი ფოტოსესია – 50 ლარი.