ბრძოლა მიწებისთვის — კორუფციის 30 წელი ჯავახეთში

პუბლიკა
ავტორები: თამთა ჩხაიძე, ნინო აფაქიძე, ელის ბაქრაძე

ფოტო: თამთა ჩხაიძე, ნინო აფაქიძე

დრონი: ლევან ონიანი

ფილმი: ერმინე ვირაბიან

ჯავახეთში დიდ მიწებს მხოლოდ “ქართული ოცნების” შემომწირველები, ხელისუფლების წარმომადგენლები  და მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფები ფლობენ. რეგიონში, სადაც უთოვლო გარემო წელიწადში მხოლოდ 5 თვეა, გლეხისთვის მიწის დამუშავება  ხშირად ოჯახის გამოკვების ერთადერთი საშუალებაა.

პრივატიზაციის პერიოდში, სოფლის კოლმეურნეობის მფლობელობაში არსებული მიწები გავლენიანმა პირებმა მიისაკუთრეს. მსგავს პრაქტიკას აცოცხლებს სახელმწიფოს მიერ მიწის მხოლოდ აუქციონზე გაყიდვა ან იჯარით გაცემა, კვლავ გავლენიან პირებზე.

მიწის სიმწირე საყოველთაო სიღატაკეს იწვევს, რაც დემოგრაფიულ მონაცემებზეც აისახება. Ბოლო 7 წელიწადში რეგიონის მოსახლეობა 12 000 ადამიანით შემცირდა. სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კი 2012 წლიდან თითქმის გაორმაგდა. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. მიუხედავად  ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის და რეკრეაციული ზონების არსებობისა, ადგილობრივების უმრავლესობა თავს რუსეთში “ხოპანზე” [სეზონური სამუშაო] წასვლით ირჩენს.

მიწების განაწილების საკითხის საკვლევად ნინოწმინდის და ახალქალაქის სოფლები მოვიარეთ. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ჯავახეთის მცხოვრებლებს კვლავ აწუხებთ – მიწის, გზის, ბუნებრივი აირის არ ქონა, შეგრძნება, რომ რეგიონი დანარჩენი საქართველოსგან კვლავ მოწყვეტილი და გაუცხოებულია.