სტატია ციკლიდან – „ეროვნული ევროპულია”
რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დასრულების შემდეგ ქართველი ინტელექტუალებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი მუსლიმები მხარდაჭერის გარეშე არ დარჩენილიყვნენ. ამ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. გაზეთი „დროება” ხშირად წერდა აჭარაში კეთილსინდისიერი მოხელეების დანიშვნის აუცილებლობაზე. გაზეთი იმედოვნებდა, რომ რუსეთის იმპერიის მთავრობა თანამდებობებზე ისეთ ადამიანებს დანიშნავდა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ადგილობრივების სარწმუნოება და ადათ-წესები.
„მთავრობა უეჭველია მიიღებს მხედველობაში ამ ახალ შემოერთებულ ხალხთა ხასიათს, ჩვეულებას, სარწმუნოებას და სხვ. და ამის-და-გვარად მოიქცევა ამ მძიმე საქმის გადაწყვეტის დროს”.
სერგეი მესხი სტატიაში „ახალი მოვალეობა” შეეხო აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმების დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაციის საკითხს. მესხის აზრით, ამისთვის ბევრი საშუალება არსებობდა (ვაჭრობის განვითარება, მისვლა-მოსვლა და სხვა), თუმცა უმთავრესი მაინც განათლების გავრცელება, ქართული ენისა და ანბანის სწავლება იყო. სერგეი მესხი წერდა, რომ უფრო მეტი მასწავლებელი უნდა გამოზარდოს პედაგოგიურმა დაწესებულებებმა და უფრო მეტი წიგნი უნდა დაიბეჭდოს აჭარაში გასავრცელებლად, რათა ადგილობრივებს განათლების მიღება შესძლებოდათ.
„აუცილებლად საჭიროა, რომ ჩვენ არ შევეხოთ ახლად შეძენილ ქართველების სარწმუნოებას. ჩვენი ჰაზრი ეს არის, არათუ ძალდატანებით, ქადაგებითაც, ტკბილი სიტყვებითაც კი არ უნდა ვეცადოთ ჩვენ, განსაკუთრებით ამ თავით, მაჰმადიანი ქართველების გაქრისტიანებას, გამართლმადიდებლებას… სარწმუნოება სინდისის საქმეა ერთობ ფრთხილად უნდა შეეხოს იმას კაცი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ მაჰმადიანის სარწმუნოების კაცი გიდგია. არც ქადაგობა, არც რჩევა არ არის საჭირო ამ შემთხვევაში. სარწმუნოების განსხვავება არ დააბრკოლებს, არ დაუშლის ჩვენსა და იმათ ძმობასა და ერთობას…”.
სერგეი მესხი ჯერ კიდევ ომის მიმდინარეობის დროს ხშირად წერდა ქართველი მუსლიმების რწმენის ხელშეუხებლობაზე, მადლობით მოიხსენებდა იმ ჩინოსნებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ჰპირდებოდნენ, რომ იმის მიუხედავად, რომ ეს მხარე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდოდა, არავინ შეეხებოდა მათს სარწმუნოებას. მესხი ყველა ღონით ცდილობდა დაპირისპირებოდა მუჰაჯირობას.
მუჰაჯირობა მე-19 საუკუნეში, კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ოსმალეთის იმპერიაში, ძირითადად, იძულებითი გადასახლების მასობრივი პროცესი იყო. ის დაკავშირებული იყო რუსეთის დაპყრობით ომებთან. მუჰაჯირობა განსაკუთრებით შეეხო ჩრდილოკავკასიელებს. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, მუჰაჯირობა მიმდინარეობდა აფხაზეთსა და აჭარაშიც.
სერგეი მესხი მოუწოდებდა მუსლიმ ქართველებს, რომ არ დაეტოვებინათ საქართველო. მისთვის განსაკუთრებით სამწუხარო ის იყო, რომ ისევ ხელიდან ეცლებოდნენ, შორდებოდნენ დიდი ხნის განშორების შემდეგ ახლად შეძენილი ქართველები. სერგეი მესხი მოუწოდებდა რუსეთის იმპერიის მთავრობას და მის ჩინოსნებს, რომ ქართველი მუსლიმები მამა-პაპეული ადგილების დატოვებასა და უცხო ქვეყანაში გადასახლების გაუმართლებლობაში დაერწმუნებინა.
გაზეთი „დროება” მოუწოდებდა ახალგაზრდა პატიოსან ჩინოსნებს, ჩასულიყვნენ ბათუმის მაზრაში და იქ ემუშავათ, დაერწმუნებინათ ქართველი მუსლიმები, რომ დარჩენილიყვნენ სამშობლოში, თავიანთ სახლებში. მესხს სწამდა, რომ თუ რამემ შეიძლება არიოს საქმე აჭარაში, ეს რუსულ ადმინისტრაციაში გავრცელებული მექრთამეობა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება იქნებოდა.
„იქონიეთ ხალხთან საქმე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, თქვენის კეთილ-შობილურის, უანგარო მოქმედების წყალობით, გამაჰმადიანებული ქართველები კმაყოფილი დარჩებიან ჩვენის მთავრობისა, ნდობის თვალით შეგვხედვენ ჩვენ, იმათ მოძმე ქართველებს და აღარ იფიქრებენ ოსმალეთში გადასახლებას… და ამგვარი სამსახური ჩვენ შეგვინახავს ჩვენს მოძმეებს…“.
მესხი ამბობს, რომ გულისხმიერება და თანადგომა მუსლიმ ქართველებს გულს მოუბრუნებდა თავის სამშობლოში დარჩენისკენ.
ქართველი მუსლიმების ოსმალეთში გადასახლებას ილია ჭავჭავაძეც გამოეხმაურა. იგი იმ უვარგის ჩინოსნებს აკისრებდა პასუხისმგებლობას, ვინც აჭარლებს ეუბნებოდნენ, რომ აერჩიათ ან რუსეთის იმპერიაში სიკვდილი ან თურქეთში სიცოცხლე. ილია ჭავჭავაძე ამტკიცებდა, რომ ის ადამიანები უნდა დანიშნულიყვნენ ახლად შემოერთებულ რეგიონში, ვინც ქართული ენა იცოდა და ვინც იქ მცხოვრები ადამიანების ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებსა და მათ მსოფლმხედველობას იცნობდა, რათა მთავრობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ნდობა დამკვიდრებულიყო.
„ისე კარგად იციან ევროპიელებმა, რომელთაც კანონად მიღებული აქვთ, რომ თუ ენა არ იცის, კაცს ფეხსაც არ შეადგმევინებენ იმ ხალხში, საცა მოხელეობასა ჰნდომობს… ჩვენში კი სულ სხვასა ვხედავთ. აქ არამც თუ მოხელისაგან თხოულობენ, რომ აქაური ენები იცოდნენ, არამედ თითონ აქაურებისთვისაც კი ამოაკვეთინეს ფეხი აქაურს ენებს აქაურის სასწავლებლიდამ”.
ქართული პრესა მოუწოდებდა „რუსეთის ქართველების”, რომ უკეთ გასცნობოდნენ ქართველ მუსლიმებს, გაეგოთ მეტი მათს ჩვეულებებისა და ადათ-წესების შესახებ.
წერილში „ჩვენს მეცნიერებს”, სერგეი მესხმა გააკრიტიკა თანამედროვეები იმის გამო, რომ მეზობლად მცხოვრები მოძმე ქართველი მუსლიმების ყოველდღიურობა, საცხოვრებელი გარემო და ისტორია უცნობი იყო დანარჩენი საქართველოსთვის. ბუნებრივი თუ ადამიანის შექმნილი საოცრებებით მდიდარ მხარე, შეუსწავლელი რჩებოდა.
თუ როგორ მძაფრად განიცდიდნენ ქართველი ავტორები ქართველი მუსლიმების გაუცხოების მცდელობებს, კარგად ჩანს იაკობ გოგებაშვილის წერილში „კავკასიელი თურქები”, რომელიც პასუხობდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში” გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ბათუმელი და ქობულეთელი ქართველები თურქებად მოუხსენიებიათ.
იაკობ გოგებაშვილმა განმარტა, რომ ბათუმის ოლქში თურქები საერთოდ არ ცხოვრობდნენ. ისინი ქართველები იყვნენ. მას დასტურად მოიყვანა თანადროული გამოკვლევები, რომელთა მიხედვით, შავი ზღვის სანაპიროზე სამსუნიდან აფხაზეთის სანაპირომდე მეგრული შტოს ქართველები იყვნენ დასახლებული.
„კორესპონდენტები ერთმანეთში ურევენ რელიგიას და ეროვნებას და ყოფილ თურქეთის ქართველებს უწოდებს თურქებს, რომელთანაც მათ, გარდა რელიგიისა, არაფერი აქვთ საერთო”, – და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, ეს მცდარი აზრი არ გავრცელდეს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ამ მხარეს ნაკლებად იცნობს.
ქართველი ინტელექტუალები საქართველოს ამ ისტორიული ტერიტორიით რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ომამდეც იყვნენ დაინტერესებული. მაგალითად, 1875 წელს გაზეთ „დროების“ რუბრიკა „ოსმალოს საქართველო”, სადაც „რუსეთის საქართველოს” მცხოვრებლებს, „დროების” მკითხველებს აცნობს იქ მცხოვრები აჭარლების შესახებ.
„საუკუნოებს გაუვლია, რაც ეს ქვეყნები ოსმალოს დაუპყრია, რაც ოსმალო ცდილობს, რომ იქაური ქართველები გაეთათრებინა. მაგრამ დახეთ ქართველ ტომის სიმტკიცეს, – რჯულის მეტი, იმათ არა შეუცვლიათ რა… სამშობლო ენა, ხალხის ხასიათი, ჩვეულებანი, თითქმის ცრუ-მორწმუნეობაც და ცხოვრება, ისევ ძველი ქართველური აქვთ”.
ამ ამონარიდიდან ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი. 1870-იან წლებში, ქართველ ინტელექტუალებს ერის კონცეფცია სეკულარიზმის საფუძვლებზე აქვთ გააზრებული. ერის ფორმირებისთვის რელიგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მინიჭებული. წინ წამოწეულია ენის ფაქტორი და საერთო ისტორიის, მეხსიერების მნიშვნელობა.
სერგეი მესხი დანარჩენ საქართველოს აცნობს „ოსმალოს საქართველოს”, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს, სადაც მსგავსი თქმულებები და ტრადიციები აქვთ. განსაკუთრებით ხაზგასმულია თამარ მეფის ხსოვნა, რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა.
„ისინი ჩვენ ძმებათ გვთვლიან და ჩვენ კი იმათ ოსმალოებათ ვრაცხავთ, არ ვიცნობთ, არ გვინდა გავიცნოთ!.. ზნეობითი და სხვა ყოველგვარი მოვალეობა და ანგარიში მოითხოვს, რომ ჩვენც ისე ძმურათ ვუყურებდეთ იმათ, როგორც ისინი ჩვენ გვიყურებენ”, – სერგეი მესხი საყვედურობს ქართველებს, რომ დავიწყებული ჰყავთ ოსმალეთის იმპერიის საზღვებში მცხოვრები 200 000 ქართველი.
1870-იან წლებში ბალკანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები არ გამორჩენიათ ყურადღების მიღმა ქართველ ინტელექტუალებს. 1875 წელს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ოსმალეთის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა. როგორც ჩანს აჭარლებზეც ზეწოლას ახდენდნენ, რათა წასულიყვნენ ბალკანეთში საბრძოლველად. სერგეი მესხი 1875 წელს ამცნობს მკითხველებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოსმალეთის ჩინოსნები გააძლიერებენ „ოსმალოს საქართველოში” მცხოვრები ქართველებზე ზეწოლას, ქართველების მოვალეობა ის იქნებოდა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებოდნენ.