ჰამბურგში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა სოფია გუბაიდულინა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი.
“მე რელიგიური ადამიანი ვარ და მუსიკაც მესმის როგორც რელიგია, ლამის პირდაპირი მნიშვნელობით; ანუ როგორც re-ligio – კავშირის აღდგენა ცხოვრებასა და აბსოლუტურ ფასეულობებს შორის. მუსიკა, როგორც „ცხოვრების ლეგატოს“ მუდმივი აღდგენა… რადგან ცხოვრება ყოველთვის ცდილობს გაანადგუროს ადამიანი, მან უნდა მოახერხოს და აღიდგინოს სულიერი მთლიანობა. ეს არის ჩემთვის მუსიკის შექმნის მთავარი აზრი და გარდა სულიერი აღდგენისა, სხვა მიზეზი არ არსებობს“.
ეს არის ფრაგმენტი უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთში აღიარებული კომპოზიტორის, სოფია გუბაიდულინას საგაზეთო ინტერვიუდან. როცა საბჭოთა ცენზურისგან შევიწროებისა და ფაქტობრივად, მისი მუსიკის აკრძალვიდან ათწლეულების შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში წავიდა.
გუბაიდულინა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეულად რელიგიური კომპოზიტორია. მუსიკის კრიტიკოსებმა მას „თანამედროვეობის ბახიც“ კი უწოდეს („სოფია გუბაიდულინას ნაწარმოებებში განფენილი ინტენსიური და დაძაბული სიჩუმე, ამაღელვებლად პასუხობს ბახის კონტრაპუნქტის ხელოვნებას“ – მარკ სტეინბერგი). შემთხვევითი არ არის, რომ თავისი ნაწარმოები „რეფლექსია თემაზე B-A-C-H“ (2002), სწორედ იოჰან სებასტიან ბახს მიუძღვნა.
კიდევ ერთი თავისებურება რაც გუბაიდულინას შემოქმედებაში იგრძნობა, ესაა დასავლური და აღმოსავლური მუსიკის და ხელოვნების გაერთიანების სურვილი. სულიერი იდეების გავლენითა და რწმენით მეშვეობით, ის მუსიკაში შემოქმედების აბსოლუტურ მნიშვნელობას ეძიებს.
სოფია გუბაიდულინა 1931 წლის 24 ოქტომბერს, კრისტოპოლში დაიბადა, ყაზანის მახლობად მდებარე პატარა ქალაქში. მშობლებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მუსიკასთან. მამა, ასგატ გუბაიდულინი, ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტის გეოდეზიის განყოფილებაში მუშაობდა, ხოლო დედა, ფედოსია ელხოვა, პედაგოგი იყო.
ყაზანის კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილების დამთავრების შემდეგ, 1954 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში, კომპოზიციის კლასში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიის ასპირანტურაში სწავლობდა. ამავე პერიოდში გაიცნო დიმიტრი შისტაკოვიჩი, რომელმაც ახალგაზრდა და ნიჭიერ კომპოზიტორს ასეთი სიტყვებით მიმართა – „გისურვებ, რომ შენს ნაპოვნ „არასწორ“ გზას გაჰყვე!“. 1962 წელს მიიღეს კომპოზიტორთა კავშირში და ამავე წელს შესრულდა მისი პირველი საავტორო კონცერტიც.
მალე პირველი აღიარებაც დაიმსახურა – პრიზი ახალგაზრდა კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსზე, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის დაწერილი კონცერტისათვის სახელწოდებით Allegro rustico. კომპოზიტორისათვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო „ხუთი ეტიუდი არფის, კონტრაბასისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის“ (1965), რომელშიც აშკარა გახდა მისი როგორც გამორჩეული ავტორის ინდივიდუალობა… და ფაქტობრივად, ამ პერიოდიდან იწყება მისი „სირთულეც“ და მუსიკის აკრძალვაც საკონცერტო ესტრადაზე.
კომპოზიტორის ინტერესი აღმოსავლური ფილოსოფიისა და რელოგიის მიმართ გამოიხატა კანტატებში „ღამე მემფისში“ (დაფუძნებული ძველი ეგვიპტური პოეზიის ტექსტებზე) და „რუბაიები“ (ჰაფეზ ასადის და ომარ ხაიამის ლექსების მიხედვით, 1968 და 1969).
70-იანი წლების დასაწყისში თანამშრომლობდა მოსკოვის ელექტრონული მუსიკის ექსპერიმენტულ სტუდიასთან, სადაც იმ დროს მუშაობდნენ ავანგარდისტი კომპოზიტორები – ედისონ დენისოვი და ალფრედ შნიტკე. გუბაიდულინამ აქ დაწერა თავისი პირველი ელექტრონული მუსიკით შთაგონებული წარმოებები, Vivente – non vivente, Living – Nonliving, სადაც გამოიყენა ახალი აკუსტიკური გამოცდილება. ამ დროის განმავლობაში მისი ნაწარმოებები ძალიან იშვიათად სრულდებიდა, ან სრულდებოდა მხოლოდ მუსიკოსთა ვიწრო წრისათვის.
1979 წელს კომპოზიტორთა საკავშირო ყრილობაზე, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ, ტიხონ ხრენნიკოვმა თავის მოხსენებაში შვიდი კომპოზიტორი „მავნეებად“ მოიხსენია: „გამხმარი ხეები უნდა მოიჭრას“ – განაცხადა მან და ეს სიტყვები ეხებოდა იყო სოფია გუბაიდულინაც. ფაქტობრივად, კომპოზიტორები (დენისოვი, შნიტკე, გუბაიდულინა, არტემიევი და სხვები) ეგზისტენციური და ფიზიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
მხსნელად გუბაიდულოინას კინომუსიკა მოევლინა, რადგან სწორედ მხატვრული ფილმებისა და მულტფილმებისათვის წერდა მუსიკას. მათ შორის ყველაზე ცნობილია მულტფილმი „მაუგლი“ და რეჟისორ როლან ბიკოვის საბავშვო ფილმი „საფრთხობელა“, სადაც მთავარ როლს 12 წლის კრისტინა ორბაკაიტე ასრულებს.
ამავე პერიოდში გუბაიდულინა წერს სოლოს აკორდეონისთვის De profundis („სიღრმიდან“), რომელიც მოგვიანებით ყველაზე ხშირად შესრულებული თანამედროვე ნაწარმოები გახდა ამ ინსტრუმენტისთვის მსოფლიოში. კომპოზიცია „ქრისტეს შვიდი სიტყვა“ ჩელოს, აკორდეონისა და სიმებიანი საკრავებისთის“ (1982) ასევე გამორჩეული იყო მუსიკალური აზროვნების სიღრმისა და ბგერათა სიკაშკაშის თვალსაზრისით. მაგრამ უკვე ნაწარმოების სათაურში გამოტანილი სიტყვა „ქრისტე“, ტაბუდადებული და ლამის მაგიური აღმოჩნდა საკონცერტო დარბაზებისთვის.
80-იანი წლების დასაწყისში სოფის გუბაიდულინა ქმნის სავიოლინო კონცერტს სახელწოდებით Offertorium
(„მსხვერპლშეწირვა), ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის იდეით. ის ჩაფიქრებული იყო უკვე საყოველთაოდ აღიარებული მევიოლინის, გიდონ კრემერისათვის, რომელშიც კომპოზიტორმა დაინახა „შემსრულებელი, რომელსაც შეუძლია მსხვერპლი გაიღოს მუსიკის სრულყოფილი ჟღერადობისა და შესრულებისთის“. არსებობს ერთგვარი დეტექტიური სიუჟეტით გამორჩეული თქმულება, რომ გერმანიის ფედეფრაციული რესპუბლიკის ელჩმა მოსკოვში, გუბაიდულინას ხელნაწერი პარტიტურა დიპლომატიური ფოსტით გააგზავნა დასავლეთ გერმანიაში, სადაც ის დაიბეჭდა. მოგვიანებით გიდონ კრემერმა ეს კონცერტი ვენაში უდიდესი წარმატებით შესარულა.
გორბაჩოვის პოლიტიკა და „პერესტროიკა“ გარდამტეხი აღმოჩნდა გუბაიდულინას ცხობვრებაში. 1985 წლიდან რამდენიმე წელიწადში, იგი მსოფლიო აღიარებას იძენს. 1988 წელს, აშშ-ში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ერთ-ერთი გაზეთი ასეთი სათაურით გამოვიდა: „დასავლეთი აღმოაჩენს სოფია გუბაიდულინას გენიას“. კომპოზიტორი უკვე პირადად ესწრებოდა მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, 1989 წელს იმოგზაურა იაპონიაში (ტოკიო და კობე), ლონდონში, ამსტერდამში, ვენაში… 1990 წელს მიიღო გერმანიის მთავრობის სტიპენდია და ქვეყანაში დარჩენის უფლება. 1992 წლიდან ის ჰამბურგის მახლობლად, პატარა ქალაქ აპენში დასახლდა, ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე…
1991 წელს ცოლად გაჰყვა პეტრე მეშჩანინოვს, მუსიკის თეორეტოკოსს, რომელთანაც მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა. სხვათა შორის, მეშჩანინოვის კონცეფციამ გავლენაც იქონია კომპოზიტორის შემდგომი ეტაპის ემოქმედებაზე. გუბაიდულინას თქმით, მან შეძლო აესრულებინა თავისი დიდი ხნის ოცნება, ეცხოვრა სრულ სიჩუმესა და მყუდროებაში.
რამდენიმე წელიწადში მისი მუსიკა თითქმის ყველა მსოფლიო მნიშვნელობის ორკესტრის რეპერტუარში დამკვიდრდა. მათ შორისა „დროის ფიგურები“ – სიმფონია დიდი ორკესტრისათვის და „მზის სიმღერა“ კამერული გუნდისა და პერკუსიისათვის, რომელიც სახელოვან ჩელისტს, მსტისლავ როსტროპოვიჩს მიუძღნა. ეს ნაწარმოები წმინდა ფრანსისკე ასიზელის ტექსტს ეყრდნობა და ქრისტიანული სულიერების შესაწავლისას სპეციალური სკოლების პროგრამაშიც შედის.
სოფია გუბაიდულინა ახალ ათასწლეულში, 2002 წელს ქმნის ალბათ, თავის ყველაზე მასშტაბურ ნაწარმოებს, ორატორიას -„იესო ქრისტეს ვნებანი იოანეს მიხედვით“, რომელიც ცხადია, გადაძახილია იოჰან სებასტიან ბახის „იოანეს ვნებებთან“. ამავე დროს, ეს არის კომპოზიტორის ერთგვარი opus summary, ანუ შემოქმედების შეჯამება; ბრწყინვალე მუსიკალური გონებით გაცისკროვნებული თეოლოგურ-მუსიკალური აქტი და ესთეტიკური შეხედულების კულმინაცია.