ლექსო თორაძის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი არვო პიარტისა და ანტონინ დვორჟკის ნაწარმოებებით დასრულდა, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი მაესტრო – პაავო იარვი დირიჟორობდა.
როდესაც ესტონელი მაესტრო, პაავო იარვი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფესტივალის დახურვაზე პიარტის ცნობილ ნაწარმოებს – Cantus in Memoriam Benjamin Britten-ს დირიჟორობდა, ყველასათვის გასაგები იყო, რომ სინამდვილეში ეს დიდი ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძისა და ასევე, მისი მამის, კომპოზიტორ დავით თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი არტისტული, მუსიკალური და ადამიანური ჟესტი იყო…
პაავო იარვი და მამამისი, ცნობილი ესტონელი კომპოზიტორი და დირიჟორი, ნეემე იარვი (ამჟამად ის ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს) თორაძეების ოჯახთან დიდი ხანია მეგობრობენ. იმდენად, რომ სადირიჟორო პულტთან მდგარმა მაესტრომ კონცერტის დაწყებამდე მადლობა არა მხოლოდ ფესტივალის დამფუძნებელ ნინო თორაძეს გადაუხადა, არამედ საგანგებოდ ისაუბრა 2022 წელს გარდაცვლილი ცნობილი პიანისტის, ლექსო თორაძის მუსიკალური შემოქმედებისა და ტალანტის შესახებ.
გაიხსენა ის ბედნიერი დღეებიც, როდესაც ბავშვობაში მამასთან ერთად თბილისში თორაძეების ოჯახში ჩამოდიოდა სტუმრად: „იმდენად ახლობელი იყო ჩვენთვის ბატონი დავით თორაძე და მისი ოჯახი, რომ მას შინაურებისათვის გასაგებ სახელს, გუგულის ვეძახდით“.
ფესტივალის დახურვის საღამოს ორი ნაწარმოები შესრულდა: Cantus in Memoriam Benjamin Britten, რომელიც არვო პიარტმა 1977 წელს შექმნა და თანამედროვეობის ერთ–ერთი გამოჩენილი ბრიტანელი კომპოზიტორის, ბენჟამინ ბრიტენის გარდაცვალებას მიუძღვნა და ანტონინ დვორჟაკის სიმფონია N 9 („ახალი სამყაროდან“, მი მინორი, ოპ. 65), რომელიც ახალგაზრდული ორკესტრის, ალაბამას უნივერსიტეტისა (სადაც ლექსო თორაძე მუშაობდა და ასწავლიდა) და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა გაერთიანებული შემადგენლობით შეასრულეს.
მაესტრო იარვი მისთვის დამახასიათებელი მუსიკალური სიღრმით, ძუნწი ჟესტებით, მაგრამ შთამბეჭდავი ენერგეტიკით უძღვებოდა ორკესტრს, რომელმაც ფესტივალის დღეებში თავისი კონცერტებით მშვენიერი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მუსიკის მოყვარულებზე, ისე პროფესიონალ მუსიკოსებზე. არც ისაა შემთხვევითი, რომ ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი) ლექსო თორაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალის რეზიდენტ–ორკესტრი გახდა. ამდენად, ორკესტრს მომავალ წელსაც საპასუხისმგებლო მისია დაეკისრება.
ლექსო თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2023 წელს, მუსიკოსის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ დაარსდა. ეს იდეა ეკუთვნის სახელოვანი პიანისტის დას, ნინო თორაძეს, რომელმაც „თორაძის ფონდთან“ ერთად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ თანამშრომლობით, პირველი ფესტივალის გახსნა ლექსო თორაძის დაბადების დღეს, 30 მაისს დაამთხვია.
„ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხა ახალგაზრდების სტიპენდიებს მოხმარდება. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მათ განვითარებასა და მომავალს… ეს არის ის, რასაც მამაჩემი, კომპოზიტორი დავით თორაძე მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა. ეს ტრადიცია შემდეგ ლექსო თორაძემ გააგრძელა. მისი ყოფილი სტუდენტები მონაწილეობენ წლევანდელ ფესტივალში. ცხოვრების ბოლო 25 წელი ლექსომ სწორედ ახალგაზრდებს მიუძღვნა,“ – ამბობს ნინო თორაძე.
ფესტივალის დახურვის დღეს ორგანიზატორებმა – სამხატვრო ხელმძღვანელმა, პიანისტმა ედიშერ სავიცკიმ, დირექტორმა თიკა რუხაძემ და ფესტივალის დამფუძნებელმა და თორაძის ფონდის პრეზიდენტმა, ნინო თორაძემ – 10 ახალგაზრდა მუსიკოსს თორაძის ფონდის ერთწლიანი სტიპენდიის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს.
9 ივნისიდან 19 ივნისამდე ფესტივალი რამდენიმე საკონცერტო სივრცეში გადანაწილდა – კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში. კონცერტების სერიასთან ერთად გაიმართა ლექციები, მასტერკლასები და საინტერესო შეხვედრები. მოეწყო ლექსო თორაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი–ალბომის პრეზენტაცია, სახელწოდებით – „ლექსო“ (ავტორები თამარ ნასიძე და თამარ ქერეჭაშვილი).
13 ივნისს გამორჩეული კონცერტი გაიმართა კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც ცნობილმა პიანისტმა, ელისაბედ ლეონსკაიამ აკადემიური სიმშვიდითა და ერთგვარი „გამომშრალი“ პერფექციონიზმით შეასრულა ბეთჰოვენის საფორტეპიანო მუსიკის ალბათ ყველაზე მასშტაბური და მრავალგანზომილებიანი ნაწარმოებები, ბოლო სამი სონატა (N30, 31 და 32 – ოპუსი 109, 110, 111). აღსანიშნავია, რომ ლეონსაკია, რომელიც ამჟამად ვენაში ცხოვრობს, თბილისის კონსერვატორიის აღზრდილია.
გაცილებით მსუბუქი და იოლად „მოსანელებელი“ იყო ოპერისა და ბალეტის თეატრში 16 ივნისს გამართული კონცერტი. ყანჩელის მცირედ მჭმუნვარე და მაინც საამო რეფლექსიისა („ლანგერინგი“) და სტრავინსკის ექსპრესიული „ფასკუნჯის“ შემდეგ მოცარტის კონცერტი ვალტორნისათვის (სოლისტი მეთიუ მედოუზი) ელეგანტურად და საამოდ ჟღერდა, ხოლო ჟაკ იბერის კონცერტი ფლეიტისათვის ნოემი გიორმა ლამის ვირტუოზულ სავარჯიშოდ აქცია.
მოკლედ, ლექსო თორაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი თავისი მრავალფეროვანი კონცერტებით, მარათონითა და მასტერკლასებით, შთამბეჭდავ ემოციურ ნოტაზე დასრულდა: cantus in memoriam – ლექსო თორაძე; სიმღერა ხსოვნას!